შოუბიზნესი

როგორ „გაზარდეს“ ერთმანეთი ნია წივწივაძემ და ნიკუშა ჭანტურიამ და სად აღნიშნეს მათ სიყვარულის ათი წლის იუბილე

№27

ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:00

ნია წივწივაძე
დაკოპირებულია

„მის საქართველო“ ნია წივწივაძე და ფეხბურთელი ნიკუშა ჭანტურია ურთიერთობის ათი წლის იუბილეს აღნიშნავენ. ამ ხნის განმავლობაში მათ ცხოვრებაში ბევრი რამ მოხდა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნია და ნიკუშა ტყუპების მშობლები გახდნენ.

ნია წივწივაძე: მე და ნიკუშამ ერთმანეთი ათი წლის წინ გავიცანით. მაშინ 20-21 წლისები ვიყავით, დღევანდელი გადმოსახედიდან – ძალიან პატარები. წელს გადავწყვიტეთ, ამ თარიღის აღსანიშნავად, სამოგზაუროდ ისეთ ქვეყანაში წავსულიყავით, სადაც ყოველთვის ძალიან გვინდოდა – იტალიაში. ეს ჩვენთვის სიმბოლური იყო, იმიტომ, რომ პირველად, როგორც წყვილმა, იტალიაში ვიმოგზაურეთ. რამდენიმე დღე ერთად, მარტოებმა, კარგად დავისვენეთ. ზოგადად, ერთად მოგზაურობა გვიყვარს, კარგად შეთანხმებული წყვილი ვართ. არცერთს არაფერი არ გვეზარება, ყველაფერზე ვთანხმდებით და ყველგან მივდივართ, სადაც გვინდა. მოგზაურობის დროს ეს დიდი კომფორტია და მიხარია, რომ ამ მხრივაც ძალიან გაგვიმართლა.

ამჯერადაც ასე იყო, თან, რადგან ეს მოგზაურობა სიმბოლურ დატვირთვას ატარებდა, ძალიან გვიხაროდა, თუმცა, თან, ნახევარი გული აქ დაგვრჩა – ჩვენს ორ შვილთან.

– ორი შვილი გყავთ, რაც ძალიან დიდი ცვლილებაა თქვენს ცხოვრებაში. კიდევ რა მოიტანა ამ ათმა წელმა თქვენს ურთიერთობაში?

– ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ მოხდა, მათ შორის ჩვენს კარიერაშიც. თუნდაც ის, რომ ნიკუშამ ფეხბურთელის კარიერას თავი დაანება და მისთვის სხვა ცხოვრება დაიწყო. ძალიან რთული ნაბიჯი გადადგა. მეც ამ პერიოდში გავხდი „მის საქართველო“, ეს მისი მოთხოვნა და რჩევა იყო, ბოლომდე გვერდით მედგა, რომ მე ამ კონკურსზე გავსულიყავი. ერთად გავიზარდეთ და რჩევებითა და გვერდში დგომით ერთმანეთიც გავზარდეთ. შენი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მომენტებში, ალბათ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ საყვარელი ადამიანი გვერდით გიდგას და არც რთულ და არც ბედნიერ მომენტებში მარტო არ ხარ, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.

– როგორი გავლენა მოახდინეთ ერთმანეთზე, როგორ შეცვალეთ ერთმანეთი?

– როცა შევხვდით, პატარები ვიყავით, ახალი დაწყებული გვქონდა დამოუკიდებელი ცხოვრება. მაგალითად, მე, ცოტა მორიდებული ვიყავი, მიჭირდა ნაბიჯის გადადგმა, ინიციატივის გამოჩენა პროფესიულ-სამსახურეობრივი კუთხით. როცა პარტნიორი გაჯერებს, რომ აუცილებლად უნდა სცადო, რომ გამოგივა, ამას ძალიან დიდი ძალა აქვს. როგორც უკვე ვთქვი, ასე იყო „მის საქართველოზეც“. მეორე მხრივ, როდესაც ნიკუშას რთული პერიოდი ჰქონდა, რადგან ტრავმების გამო უჭირდა ფეხბურთის თამაში, მე ვფიქრობ, ალბათ, ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ჩემმა სიტყვამაც შეასრულა. ვუთხარი, რომ დრო იყო, თავი დაენებებინა, გვიან დანებებას და გვიან სხვა საქმის დაწყებას, ჯობდა, იმ მომენტში დაესრულებინა კარიერა და ახალი ცხოვრება, სწავლა და საქმე დაეწყო, ხუთი წლის შემდეგ შეიძლება ეს ცოტა გვიანი ყოფილიყო. მგონია, რომ ასეთ დროს გვერდით გჭირდება ადამიანი, ვინც მხარს დაგიჭერს. კი, შეიძლება, შენც იცოდე, როგორ ჯობს, მაგრამ საჭიროა ის, ვინც დაგეთანხმება, რომ სწორ გზას ადგახარ.

– დღეს როგორ იხსენებთ დასაწყისს?

– სიმართლე რომ გითხრათ, არ მახსოვს პერიოდი, როცა არ ვიცნობდი, როცა ერთად არ ვიყავით. ეს ათი წელი ძალიან დიდი დროა. თან, იმასაც ხომ გააჩნია, რა ეტაპზე გაიცნობთ ერთმანეთს. ჩვენ ისეთ ასაკში შევხვდით და იმდენი რამ გამოვიარეთ ერთად, თითქოს, აღარ მახსოვს, რომ 17-18 წლის ასაკში მის გარეშე ვიყავი და საერთოდ არ ვიცნობდი.

საწყისი ეტაპი ძალიან კარგად მახსენდება: მოწონება, გაპრანჭვის მომენტები და არ შემჩნევაც (იცინის). მერე იყო სიურპრიზები, საჩუქრები, თუნდაც, რომ იხსენებს, პირველად რომ ყვავილები გამომიგზავნა, როგორ არჩევდა, რადგან პირველად უგზავნიდა თაიგულს გოგოს. მერე ურთიერთობაში სწავლობ ადამიანს, ხვდები რა გაუხარდება, მაგრამ პირველი, ანუ, გაცნობის ეტაპიც, ძალიან სასიამოვნო და საინტერესო იყო.

– დღეს უკვე ბევრი საზრუნავი გაქვთ, მაგრამ რაღაც დოზით მაინც თუ შეინარჩუნეთ რომანტიკული მომენტები, თავისი სიურპრიზებით?

– ორი შვილის ფონზე ცოტა რთულია ამაზე ფიქრი, დღის ბოლოს ისეთი დაღლილები ვართ, 9-10 საათზე უკვე გვძინავს (იცინის). ამაზე გვეცინებოდა, დასასვენებლადაც რომ ვიყავით, იქაც ათ საათზე უკვე გვეძინა და დილით 6-ზე ვდგებოდით. მიჩვეულია ჩვენი ორგანიზმი (იცინის). სიურპრიზებიც არის, მაგალითად, ნიკუშას მეორე წელია, ძალიან უყვარს დედის დღესთან დაკავშირებით სიურპრიზების გაკეთება. განსაკუთრებულად მოსწონს, ამ დღეს რომ მილოცავს და სხვა შემთხვევაშიც. თუმცა, მე ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ბავშვების გახარებაზე გიჟდება, ყველაზე მნიშვნელოვანი ეს მგონია. იქიდან გამომდინარე, რომ შვილები ჯერ ძალიან პატარები არიან, ბუნებრივია, რომ მსგავსი მომენტები ჩვენს ურთიერთობაში ძველებური სიხშირით ვეღარ არის, მაგრამ წამოიზრდებიან და ამის დროც მოვა. ახლა 24 საათი რომ ბავშვებზე ხარ ორიენტირებული, ძილის გარდა, არაფერი გინდა (იცინის).

– წერდი, რა მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა თქვენს ცხოვრებაში ამ ათი წლის განმავლობაში და ერთ-ერთი სახლის შეძენა იყო. როგორ ზრუნავდით ერთად მომავალზე, სანამ ოჯახი გახდებოდით?

– ზოგადად, ჩვენს ურთიერთობაში ყველაზე მეტად ეგ მეამაყება, ყველაფერს ერთად ვაკეთებთ. ის, რომ ნიკუშა წავიდეს, სახლი იყიდოს, მე ველოდო, როდის გააკეთებს ამას და მერე ფინანსურადაც მხოლოდ მას მივანდო ყველაფერი, ასეთი რამ არ ყოფილა და დღემდე ასე მოვდივართ, ოჯახი ვართ და ყველაფერში ერთად ვართ. ასე იყო მაშინაც, როცა სახლი ვიყიდეთ. ორი წელი იყო გასული, რაც შეყვარებულები ვიყავით, გადავწყვიტეთ, საცხოვრებლად ერთად გადავსულიყავით. დაახლოებით, ერთი წელი ვეძებდით სახლს. ისე მოხდა, რომ ამ პერიოდში ჩინეთში ვიყავი კონკურსზე.

დამირეკა და მითხრა, ძალიან კარგი სახლი ვნახეო. ვუთხარი, ჩამოვალ და ერთადაც ვნახოთ-მეთქი. მეორე დღეს დამირეკა და მითხრა, ვერ მოვითმინე და ვიყიდე, უკვე იყიდებოდა და ვეღარ დაგელოდე, არ გეწყინოსო (იცინის). სადაც მთელი ბავშვობა გავატარე, იმ ადგილთან ძალიან ახლოს იყიდა, შენს საყვარელ ადგილს არ მოსწყდებიო. მე ძალიან მიყვარს ის უბანი და ზოგადად ადგილებს ძალიან ვეჩვევი. ამიტომ, ძალიან გამიხარდა. შემდეგ ერთად შევძელით ის, რომ დღეს უკვე ეს სახლი ყოველგვარი ფინანსური ვალდებულების გარეშე ჩვენია და სამომავლოდ, მასზე ასჯერ დიდი სახლიც რომ შევიძინოთ, ამ სახლს ყოველთვის სიმბოლური დატვირთვა ექნება, რომელიც მუდამ ძალიან გვეყვარება. იმედი გვაქვს, ბოლომდე ჩვენი იქნება და გაყიდვა არასდროს დაგვჭირდება. მინდა, ბოლომდე ვუყურო, საიდან დავიწყეთ. ჩვენი სახლი დიდი არ არის, წყვილისთვის გათვლილი პირველი სახლია, მაგრამ ყველაზე დიდი ბედნიერების მომტანია და ამიტომაც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.

– დიალოგის, ყველაფრის განხილვისა და კარგი კომუნიკაციის უნარი გვაქვსო, აღნიშნავდი.

– ეს მარტო წყვილს კი არა, მეგობრებს შორისაც ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ რამე გწყინს და ამას არ ამბობ, მერე ეს გროვდება და შეიძლება, წლების ურთიერთობა გაფუჭდეს. ეს წყვილში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ადამიანთან ერთად რომ ცხოვრობ და მთელ დღეს ერთად ატარებ, კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია. მეცინება ხოლმე, მაგრამ შეყვარებულები რომ მუდმივად მესიჯობენ საწყის ეტაპზე, ჩვენ ახლაც ასე ვართ. საღამოს, როცა ბავშვებს ვაძინებთ და სახლში სიმშვიდეა, სანამ თვითონაც დავიძინებთ, ერთმანეთს ყველაფერს ვუყვებით და ყველაფერს განვიხილავთ, ვგეგმავთ. ამის გარეშე ვერ წარმომიდგენია. თან, მე ძალიან მიყვარს სხვადასხვა ინფორმაციის მოსმენა. მერე რა, რომ სხვადასხვა სამსახურები გვაქვს, მომწონს, როცა თავისი საქმეების შესახებ მიყვება და მგონია, რომ მასაც იგივე დამოკიდებულება აქვს. თუ ეს ინტერესი არ არის, მაშინ ალბათ, აღარც გრძნობაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა