შოუბიზნესი

როგორ გახდა მარიამ კახელიშვილი კონკურს Studentsvision-ის მომავალი წლის ჟიურის წევრი და რის გამო აიღო მან სასცენო სამწლიანი ტაიმაუტი

№22

ავტორი: ნონა დათეშიძე 11:00 07.06, 2022 წელი

მარიამ კახელიშილი
დაკოპირებულია

მომღერალმა მარიამ კახელიშვილმა თავისი განსაკუთრებული ხმის ტემბრით, მანერებითა და ვიზუალით საზოგადოებას თავი 14 წლის ასაკში მუსიკალური კონკურსიდან დაამახსოვრა. თუმცა, ბოლო პერიოდია, ტაიმაუტი აიღო და დაახლოებით, სამი წელია, სცენას ჩამოშორდა. როგორც თავად ამბობს, ერთადერთი ადამიანი, ვინც ამ ხნის განმავლობაში მისით დაინტერესდა, მომღერალი სტეფანეა, რომელმაც თავის ბენდში მიიწვია და ახლახან ჩატარებულ კონცერტზე მარიამი კვლავ ვიხილეთ სცენაზე. სამი წელი, ანუ ტაიმაუტის პერიოდი კი, როგორც მარიამი ამბობს, სწავლას მოანდომა და საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე – Studentsvision 2022 პირველი ადგილი დაიკავა.

მარიამ კახელიშვილი: საერთაშორისო კონკურსი Studentsvision 2016 წლიდან ტარდება ბაქოში, რომელშიც ახალგაზრდა მომღერლები მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნიდან. 2020 წლიდან ველოდებოდი მონაწილეობის მიღებას, გაგზავნილი მქონდა მონაცემები და ვიდეოჩანაწერები, მაგრამ, სამწუხაროდ, პანდემიის გამო გადაიდო და დისტანციურად ჩატარდა. უარს ვერ ვიტყოდი, რადგან სხვა დროს უკვე აღარ მომეცემოდა საშუალება, რადგან კონკურსის პრინციპია – თუ ერთხელ მიიღებ მონაწილეობას, მეორედ აღარ გაქვს უფლება. ათი კონკურსანტი იღებდა სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობას და სამი საპრიზო ადგილი იყო. კონკურსს ჰყავს ჟიური ყველა ქვეყნიდან და ქულებს ისინი წერენ.

– ვინ იყო ჩვენი ქვეყნიდან კონკურსის ჟიურის წევრი? ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი წელს პირველად იღებდა მონაწილეობას?

– ჩვენი ქვეყნიდან ჟიურის წევრი გახლდათ სალომე ტეტიაშვილი. 2017 წელს პირველად მიიღო მონაწილეობა მარიამ აკობიამ და გაიმარჯვა. შემდეგ იყო სალომე და მერე – მე. ისინი ბაქოში იყვნენ ჩასულები, თუმცა, მე პანდემიის გამო ვერ წავედი, დისტანციურად მომიწია კონკურსში მონაწილეობა. თუმცა, როგორც გამარჯვებული, გაისად მე ვიქნები ჟიურის წევრი და როგორც საქართველოს წარმომადგენელს, ბაქოში მომიწევს ჩასვლა. მოკლედ, ვინც იმარჯვებს, შემდეგ ის ხდება თავისი ქვეყნის ჟიურის წევრი. ამ კონკურსის შესახებ რომ მითხრეს, გადავწყვიტე, მონაწილეობა მიმეღო, რადგან ჩემთვის ეს კიდევ ერთი სიახლე იქნებოდა, თან, კარგი პროექტია და საინტერესო.

– ანუ, ეს შენთვის გამოწვევა და საკუთარი თავის გამოცდა იყო?

– არც ერთი და არც მეორე. უბრალოდ, მქონდა სურვილი, მიმეღო მონაწილეობა და კიდევ უფრო მეტად წარმატებული ვყოფილიყავი. მინდოდა, ჩემს ცხოვრებაში კიდევ ერთი წარმატება ყოფილიყო და ასეც მოხდა.

– თავდაჯერებული ამბობ, რომ დარწმუნებული იყავი, ეს შენს ცხოვრებაში კიდევ ერთი წარმატება იქნებოდა. ანუ, მიუხედავად ძლიერი კონკურენციისა, გამარჯვების იმედი თავიდანვე გქონდა?

– დარწმუნებული არ ვიყავი, მაგრამ მიუხედავად მაღალი კონკურენციისა, მქონდა იმედი, აუცილებლად მივაღწევდი წარმატებას და ჩემი იმედები გამართლდა.

– გამარჯვებულისთვის რა პრიზია დაწესებული, რა გადმოგცეს?

– პრიზები ჩემამდე ჯერ არ მოსულა (იცინის). პრიზებია ჯილდო, დიპლომი და საჩუქრები, რომელსაც ბაქოდან საქართველოში ჩამომიტანენ. მიუხედავად ამისა, ჩემთვის მთავარი ჯილდო და საჩუქარი პირველი ადგილია, რომელიც მე მხვდა წილად.

– მარიამ, საზოგადოებამ 14 წლის ასაკში, სწორედ კონკურსიდან გაგიცნო და შეგიყვარა. ამის შემდეგ არაერთ კონკურსში მიიღე მონაწილეობა, თუმცა არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა. ფიქრობ, რომ საქართველოს კონკურსებზე ბედი არ გწყალობს?

– ვერ ვიტყოდი საქართველოში, კონკურსებზე ბედი მწყალობს-მეთქი. ბოლოს ძალიან ნაწყენი ვიყავი და არცერთ ტელევიზიაში, არანაირ გადაცემაში არ მინდოდა საუბარი. ბოლო ჩემი კონკურსი იყო „საქართველოს ვარსკვლავი“, სადაც მონაწილეობა მივიღე და პირველივე ლაივ შოუ დავტოვე. ეს ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის. ძალიან მეწყინა.

– როგორც მახსოვს, საბავშვო „ევროვიზიაზეც“ იყავი.

– დიახ, 2010 წელს, საბავშვო „ევროვიზიაზე“ გახლდით და მეოთხე ადგილი დავიკავე. გიგა კუხიანიძეს ამაში დიდი წვლილი მიუძღვის. გიგა ჩემი პროდიუსერი იყო და ამ ადამიანს უდიდესი როლი აქვს ჩემს წარმატებაში. არ დამავიწყდება, როგორ მომკიდა ხელი და თქვა: ეს ბავშვი მე უნდა გავხადო წარმატებულიო. დიდი მადლობა მას ამისთვის.

– ბოლო სამი წელია, არსად გამოჩენილხარ, თუ არ ჩავთვლით, გურამ შეროზიასთან ერთად გადაღებულ კლიპს. ეს პერიოდი სად იყავი?

– დაახლოებით სამი წელია, რაც არსად ვჩანდი. დაკავებული ვიყავი საკუთარ თავზე მუშაობით და სწავლით. მინდოდა, ცოტა ხანი დამესვენა და სხვა რაღაცები მეკეთებინა, წყენა რომ გადამეტანა. ბავშვობიდან მიზანსწრაფული და შრომისმოყვარე ვარ, მიყვარს სიმღერა და სცენა და თავს არ ვზოგავდი. მწყინდა, რომ ეს შრომა და ნიჭიერება არ დამიფასდა. ამ სამი წლის განმავლობაში სასიმღერო კარიერას დროებით ჩამოვშორდი. ინტერიერის დიზაინი მაინტერესებდა და ეს სფერო შევისწავლე, კურსები გავიარე. ასევე, დავამთავრე უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი.

– ამ სამ წელში გარეგნულად საკმაოდ შეცვლილი ხარ. კარგად გამოიყურები. რამდენი კილოგრამი დაიკელი, ეს დიეტების შედეგია თუ ვარჯიშის დამსახურება?

– ჭამა ძალიან მიყვარს, გურმანი ვარ. დიეტებს ადრე ვიცავდი, თუმცა ბოლო წლებია, დიეტაზე არ ვყოფილვარ. „ნიჭიერში“ რომ გამოვედი, პუტკუნა ვიყავი. იმდენად ვიყავი მუსიკით გატაცებული, არ მაკომპლექსებდა, არ მახსენდებოდა, რა მეცვა, როგორ გამოვიყურებოდი... ვფიქრობდი მხოლოდ სიმღერაზე. ეკრანზე რომ დავინახე ჩემი თავი, დიეტის დაწყება გადავწყვიტე. ფაქტობრივად, მშიერი დავდიოდი. იმ პერიოდში ბარში ვმღეროდი და კონცერტზე, სიმღერის დროს ცუდად გავხდი. მაშინ ვთქვი: ასეთ დიეტას აღარასოდეს დავიცავ-მეთქი და, შვიდი წელია, ვარჯიშით მივაღწიე შედეგს და წონას ვინარჩუნებ. ყველა მეკითხება: რა შეცვლილი ხარ, კარგ ფორმაში ხარ, რა გაიკეთეო? (იცინის) ძირითადად, ჰგონიათ ტუჩები დავიბერე. არადა, ვინც მიცნობს, იცის, რომ ბავშვობიდან ამ მოცულობისა და ფორმის ტუჩი მაქვს. უბრალოდ, რომ გავხდი და ასაკი მომემატა, სახის ნაკვთები და ფორმები გამოიკვეთა. თან, დიდი ხანი რომ არ ვჩანდი, ყველას ის პატარა გოგო ვახსოვარ და ვგონივარ. რომ ვამბობ 26 წლის ვარ-მეთქი, უკვირთ (იცინის). ასე რომ, სამი წლის მერე შეცვლილი მარიამი გამოვჩნდი და პირველივე წარმატებაც მოვიპოვე კონკურსზე. ძალიან მინდა ალბომის, სიმღერების ჩაწერა, კლიპის გადაღება, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ჩემი ფინანსები არ სწვდება. ამ სამი წლის განმავლობაში ჩემთვის არავის დაურეკავს, არავინ დაინტერესებულა. ძალიან მწყდება გული, რომ დამივიწყეს. არც სატელევიზიო მუსიკალურ პროექტებში დაუძახიათ და არც კონცერტებზე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი