შოუბიზნესი

როგორ გახდა ლევან ლელაშვილი ოთხდიპლომიანი მძღოლი და რა გზა გაიარა მან ტელევიზიიდან მაკლერობამდე

№14

ავტორი: ნონა დათეშიძე 11:00 13.04, 2021 წელი

ლევან ლელაშვილი
დაკოპირებულია

დიდი ხნის განშორების შემდეგ ლევან ლელაშვილი კვლავ დადგა გადასაღებ მოედანზე და სერიალში – „იდეალური დედა“ – სახასიათო როლიც მოირგო. მიუხედავად წარმატებული წლებისა, ცნობადობისა და ხალხის სიყვარულისა, მის ცხოვრებაში არაერთხელ დადგა საკმაოდ რთული პერიოდი, თუმცა ლევანს არასოდეს დაუყრია ფარ-ხმალი და ყოველთვის ეძებდა ამ სიტუაციებიდან გამოსვლის ხერხებს.

– ლევან, რა იყო შენი პირველი სამსახური და თუ გახსოვს, პირველი ხელფასი რამდენი აიღე?

– 1986 წელს „გეპეიში“ დავამთავრე კავშირგაბმულობის ფაკულტეტი. მაშინ კურსდამთავრებულებს სხვადასხვა კომპანიაში ანაწილებდნენ. მეც, როგორც „გეპეიდამთავრებული“ ინჟინერი, საპროექტო ინსტიტუტში – „გიპროსვიაზში“ გამამწესეს. ეს ჩემი პირველი სამსახური იყო – მიწისქვეშა კომუნიკაციებს ვაპროექტებდი. 120 მანეთი მქონდა ხელფასი. პარალელურად, შემოქმედებით მუშაობას ვეწეოდი, „გეპეის“ თეატრ „მოდი ნახეში“, სადაც მქონდა სპექტაკლები და გასტროლები. ამიტომ, სამსახურიდან გაპარვა და რეპეტიციებზე დასწრება მიწევდა. კი ვიპარებოდი სამსახურიდან, მაგრამ ხელფასს ვიღებდი. მიხვდნენ, უფრო შემოქმედებითი კაცი რომ ვიყავი, ვიდრე ინჟინერი და მე და ჩემს მეგობარ კოლეგას კლუბი ჩაგვაბარეს, სადაც საზეიმო ღონისძიებებს ვატარებდით, თავისი სკეტჩებითა და მუსიკალური ნომრებით. მოკლედ, ასე „ვაპრავებდი“ ჩემს ხელფასს. 1992 წელს იქიდან წამოვედი და დავიწყეთ ბიჭებმა „პა-სეანსის“ კეთება. არ დამავიწყდება, გორბაჩოვმა რომ გახსნა საბჭოთა კავშირის საზღვრები, 1986 წელს, გერმანიიდან ჩამოვიდა თეატრის მსოფლიო მოყვარულთა თავმჯდომარე ზიგფილდი, რომელმაც ამხელა საბჭოთა კავშირიდან გერმანიაში მხოლოდ ერთი სპექტაკლი წაიღო და ეს იყო „მოდი ნახეს“ სპექტაკლი, გაბრიაძის „უცხო ჩიტი“, ანუ ჩვენ წაგვიყვანა. გერმანიაშიც გაგვიმართლა, შეგვამჩნიეს და ამას მოჰყვა მიწვევები ინგლისის, ამერიკის, იაპონიის, ფინეთის ფესტივალებზე. მოკლედ, 1994 წლამდე, წელიწადიში სამჯერ გვიწევდა უცხოეთში წასვლა, სულ გამარჯვებულები ჩამოვდიოდით და გრან-პრი ჩამოგვქონდა. ამის მერე, მანსანკანის „შერეკილებშიც“ ვთამაშობდი და 1988 წელს ჩემპიონები გავხდით. ასე რომ, ჩემპიონიც ვარ (იცინის).

– პირველები იყავით, ვინც იუმორისტულად, მაგრამ ხმამაღლა დაიწყეთ საუბარი ტელევიზიიდან და შეეხეთ ეკონომიკურ პრობლემებს, ძველბიჭობას, პოლიტიკურ კრიზისს და ასე შემდეგ. ამის გამო პრობლემა არ შეგქმნიათ?

– გეთანხმებით, პირველები ვიყავით, ვინც ქვეყანაში შექმნილ პრობლემებზე ან, თუნდაც, „ძველ ბიჭებზე“ სატირულ-იუმორისტულ სტილში ვსაუბრობდით, თუმცა, ამის გამო არასოდეს არ შეგვქმნია პრობლემა და არც ცენზურა შეგვხებია. „ძველ ბიჭებთან“ ვქეიფობდით კიდეც და კასეტებსაც გვთხოვდნენ. ასევე, უხაროდა ჩვენთან ქეიფი მაშინდელ სახელმწიფო მოხელეებსაც და სამხედროებსაც.

– მიუხედავად ამხელა სიყვარულისა და წარმატებისა, გადაცემა დაიხურა, რუბრიკები გაუქმდა, ტელევიზიიდან წამოხვედი. შენს ცხოვრებაში დადგა საკმაოდ რთული პერიოდი და ამის გამო, თვითდასაქმებულიც გახდი – მაკლერობას ვგულისხმობ. საიდან გაგიჩნდა იდეა, რომ ამ სფეროში მოგესინჯა ძალები?

– კი, ასეა. ტელევიზიიდან წამოსულს არაერთი რთული და გაჭირვებული პერიოდის გადალახვა მომიწია. ბოლო რამდენიმე წელია, თვითდასაქმებული გავხდი, მაკლერობაში ვცადე ბედი. ადრე სარეკლამო სამსახურში ვმუშაობდი, თანამშრომელს დასჭირდა ბინის გაყიდვა, დავეხმარე და გამომივიდა. თან, გაყიდული თანხიდან პროცენტიც შემხვდა და ვთქვი: რა მაგარი ყოფილა ეს საქმე-მეთქი (იცინის). ახლა ბინებზე – ნაკლებად, უფრო კომერციულ ფართებსა და მიწებზე ვმუშაობ. მყიდველებს ონლაინ ვეკონტაქტებოდი, მერე შეხვედრაზე რომ მივიდოდი და მიცნობდნენ, გაოცებული მიყურებდნენ: აუ, შენ ხარო? (იცინის) ახლა სერიალში ვარ დაკავებული, თუმცა თავისუფალ დროს მაკლერობას ვუთმობ და კომერციისთვის ვიყენებ.

– სერიალზე – „იდეალური დედა“ – უნდა მეკითხა და დამასწარი. როგორ მოხვდი ამ გუნდში და რა რეაქცია გქონდა, როცა დიდი ხნის განშორების შემდეგ კვლავ კამერის წინ დადექი?

– რომ დამიძახეს სერიალში, ძალიან გამიხარდა. სულ მენატრებოდა ახალგაზრდული შემართება, კამერის წინ დგომა და იმის განცდა, რომ კიდევ საჭირო ვარ. სერიალი ახალგაზრდულია, მართალია, მე ახალგაზრდა არ ვარ, მაგრამ დირექტორის მძღოლი ვარ, ძველი თაობის, ხმაურიანი, ენთუზიაზმით აღსავსე კაცი. მომწონს ჩემი როლი ამ სერიალში. „კაკ აბიჩნა“, მძღოლებს ორი დიპლომი აქვთ, მე კი – „გეპეის“, თეატრის, „პა-სეანსის“, „კავეენის“ და ასე რომ, გადავუჯოკრე სხვებს და ოთხდიპლომიანი მძღოლი ვარ. (იცინის).

– რას ფიქრობ, როგორი იყო შენი განვლილი გზა ინჟინრობიდან მძღოლობამდე, როგორ მოხვედი დღევანდელობამდე? და თუ ნანობ რამეს?

– რასაკვირველია, იყო სირთულეები, მაგრამ, ახლა რომ ვიხსენებ, არ იყო ჩემი განვლილი გზა რთული. წარმოიდგინეთ, 1986 წლიდან 2000 წლამდე, სულ გამართლებაში ვიყავი, გადაულახავი პრობლემა არ არსებობდა, იღბალიც მიღიმოდა. „მოდი ნახეს“ უამრავი გრან-პრის მფლობელი და „შერეკილების“ ჩემპიონი ვიყავი, მერე, „პა-სეანსის“ წარმატებული მსახიობი და ახლა კი მძღოლი გავხდი (იცინის). 2008 წელს ყველაზე დიდი დარტყმა მომაყენა ეკონომიურმა მდგომარეობამ, როცა ბინის ასაშენებლად სამშენებლო კომპანიაში ფული შევიტანე. ეგრეთ წოდებული, პირადი სესხების ამერიკული „პირამიდა“ ჩამოიშალა. ის ბინა ახლაც არ აშენებულა, ვალს კი ახლაც ვიხდი. ყველაფერზე მეტად კი იმას ვნანობ, რომ ჩემს თვითგანვითარებას დიდი დრო არ დავუთმე, კიდევ ბევრი უნდა მესწავლა, თუნდაც ხელობა, განვვითარებულიყავი სხვა მიმართულებით. ისე ვიყავი მიჩვეული წარმატებას, გამართლებასა და „ზურგის ქარის“ შებერვას, რომ მეგონა, სულ იქნებოდა და ამაზე არ მიფიქრია. ახლა კი, როცა „ზურგის ქარი“ ჩადგა, ამაზე ფიქრი გვიანია. რომ მეგონა, მარჯვნივ წასვლა იყო სწორი, თურმე მარცხნივ უნდა წავსულიყავი და ცხოვრების გზებში გავიბლანდე.

– ყველა კიჭათი გიცნობს და შენი ნამდვილი სახელი, დამეთანხმე, ბევრმა არ იცის. ვინ შეგარქვა ეს ზედმეტსახელი?

– პარალელური ჯგუფელი მყავდა – ნანა მიქავა. ქუჩაში ჯგუფელებთან ერთად მოვდიოდი და რომ დამინახა, დამიძახა: უი, კიჭაო. რატომ კიჭა-მეთქი და ძმისშვილი მყავს პატარა, იმასაც კიჭას ვეძახით და შენც კიჭას დაგარქმევო და ამის მერე, დეკანიც და პრორექტორიც კი კიჭას მეძახდნენ (იცინის). ბევრი დღემდე ასე მეძახის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი