შოუბიზნესი

როგორ დაუკავშირა ეკატერინე გოგლიძემ ჟურნალისტიკა და მუსიკა ერთმანეთს და როგორ დაიწყო მან BBC-ზე, CNN-სა და „ფორბსში“ მუშაობა

№7

ავტორი: ეთო ხურციძე 11:00 23.02, 2021 წელი

ეკატერინე გოგლიძე
დაკოპირებულია

ქართველმა მუსიკოსმა, ეკატერინე გოგლიძემ უცხოეთის მუსიკალური ბაზარი ჯერ კიდევ წლების წინ დაიპყრო. მისი სიმღერებით ინტერესდებოდნენ საფრანგეთის, ამერიკის, ინგლისის, კვიპროსის, შვეიცარიის რადიოები. გარდა ამისა, მომღერლის არაერთი სიმღერა BBC-ის რადიოარხებზეც გავიდა.

მაშინ ეკა ინგლისში, კემბრიჯის კოლეჯში საერთაშორისო ურთიერთობებზე სწავლობდა. ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ მაგისტრატურა ჟურნალისტიკის მიმართულებით გააგრძელა, მუშაობა დაიწყო „ფორბსში“, CNN-ში, „როიტერში“... პარალელურად ჰყავდა ბენდი და წერდა სიმღერებს. საბოლოოდ მოახერხა, რომ ჟურნალისტიკა და მუსიკა ერთმანეთთან დაეკავშირებინა. პანდემიის დროს საქართველოში ჩამოვიდა და ახალ სიმღერაზე კლიპი გადაიღო, რომელსაც მალე მსოფლიო იხილავს.

ეკატერინე გოგლიძე: ბაკალავრის დამთავრების შემდეგ City University London journalism school-ის მაგისტრატურაში ჟურნალისტიკაზე ჩავაბარე. პარალელურად მყავდა ჩემი ბენდი, ვწერდი სიმღერებს და ვუკრავდი, მაგრამ ერთი ძალიან საინტერესო შემთხვევა მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რის შემდეგაც მუსიკა და ჟურნალსიტიკა ერთმანეთს დავუკავშირე. ყოველ წელს ჟურნალისტიკის სამყაროში ტარდება ძალიან დიდი კონფერენცია News Xchange conference. სტუდენტებს შორის ჩაატარეს კონკურსი და რამდენიმე სტუდენტი კონფერენციაზე მიიწვიეს. იმ პერიოდში მუსიკაზე ვიყავი გადართული, ბევრს ვმუშაობდი და იმეილს არ ვამოწმებდი ხოლმე. ერთ კვირა დღესაც, უბრალოდ, გავხსენი და ორი კვირის წინ გამოგზავნილი წერილი დამხვდა – კონფერენციაზე წასასვლელ სტუდენტებს შორის ვიყავი. კონფერენციამდე მხოლოდ ერთი დღე იყო დარჩენილი. იქიდან გამომდინარე, რომ პასუხი დროულად არ დავაბრუნე, სიაში აღარ ვიყავი. კონფერენცია ედინგბურგში ტარდებოდა, მაინც ვიყიდე გასამგზავრებელი ბილეთები და დავრეკე ორგანიზატორებთან. ავუხსენი მიზეზი, რის გამოც დავაგვიანე იმეილზე პასუხი და დასასწრები ბილეთები მაჩუქეს. ისე წავედი, არც წამიკითხავს, პროგრამაში რა ეწერა. პანელს 1 000 კაცი ესწრებოდა. ერთი პანელი იყო ყველაზე დიდი, რომელიც BBC-ის წამყვანს მიჰყავდა სტივ ბენონთან ერთად, რომელიც იმ პერიოდში ტრამპის მთავარი მრჩეველი გახლდათ. დაწყებამდე ხუთი წუთით ადრე პანელის პროდიუსერთან მივედი და ვთხოვე, ორი წუთი მოეცათ ჩემთვის, რათა საუბრის დასრულების შემდეგ კითხვა დამესვა. ჩემდა გასაკვირად დამთანხმდენენ და საუბრის ბოლოს გამოაცხადეს ჩემი სახელი. კონფერენციას ესწრებოდნენ BBC-ის, CNN-ის პრეზიდენტებიი და ყველა დიდი კომპანია. დავსვი შეკითხვა, რომელიც ეხებოდა ტრამპის პოლიტიკას და რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა, თითქმის ყველა დამსწრე მიკრავდა ტაშს. ამ ყველაფრის შემდეგ CNN-ის ვიცე-პრეზიდენტი მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ლონდონში, როცა ჩავიდოდი, მათ ოფისში მვსულიყავი. საბოლოო ჯამში, „როიტერმა“ „ფორბსმა“ და CNN-მა მომცა ოთხი ინტერნატურა, რამაც ჩემს პროფესიაში დიდი გამოცდილება შემძინა.

– მუსიკასთან როგორ დააკავშირე ეს ყველაფერი?

– გავიარე ეს ინტერნატურები და CNN-ის ვიცე-დირექტორთან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. არაერთ პროექტზე ვმუშაობდი მასთან. შარშან ზაფხულში საქართველოში ვიყავი და ეს ვიცე-პრეზიდეტი მწერს, რომ მისი იაპონელი მეგობარი ჩამოდიოდა საქართველოში და მთხოვდა ბიზნესშეხვედრაზე წავყოლოდი. შეხვედრის შემდეგ ამ ადამიანს რესტორანში გავუმასპინძლდი და იქ ვახსენე, რომ ჟურნალისტიკის გარდა, მუსიკოსიც ვიყავი. აღმოჩნდა, რომ ეს კაცი, წლების წინ, MTV Japan-ის უფროსი ყოფილა. მითხრა, რომ აინტერესებდა ჩემი მუსიკა და მთხოვა მისთვის გადამეგზავნა. გადის ერთი თვე და მწერს მისი მეგობარი, შეიძლებოდა თუ არა მასთან მემუშავა სიმღერაზე. ეს ადამიანი გახლდათ Sony Music Japan’s-ის პროდიუსერი. ინგლისის ვიზის მოპოვება ყველამ იცის რა სირთულეებთან არის დაკავშირებული, როცა გავგზავნე აპლიკაცია ამ Sony Music Japan’s-ის პროდიუსერმა გამიწია დიდი რეკომენდაცია. თავისუფლად შემიძლია, ვთქვა, რომ ჟურნალსიტიკის ნაცნობობა დამეხმარა ინგლისის ვიზის მიღებაში და შარშან ამ დროს მუსიკისთვის „გამონაკლისი ტალანტის ვიზა“ მომცეს.

– ახალი სიმღერა ჩაწერე და ვიდეორგოლი საქართველოში გადაიღე. როდის შეძლებს შენი მსმენელი მის ნახვას?

– ეს სიმღერა 2019 წელს ჩავწერე და მან ბევრი კარგი ნაცნობი შემძინა. ინგლისში ძალიან მოეწონათ და მალე პოპულარულიც გახდა. პანდემიის გამო, აპრილის მერე საქართველოში ვარ – რთულ პერიოდში მაინც ოჯახთან ყოფნა ვარჩიე. ამიტომ აქ გადავიღე კლიპი. მერე გავუგზავნე ჩემს მენეჯერს. მან ძალიან გავლენიან პროდიუსერს – Tommaso Colliva-ს გაუგზავნა, რომელმაც 2012 წელს ჯგუფ Muse-ს გაუკეთა ალბომი, რის შემდეგაც მათ „გრემის“ მოპოვება შეძლეს. ამ ადამიანსაც მოეწონა ჩემი სიმღერა და ჩემთან მუშაობის სურვილი გამოთქვა. საბოლოო ჯამში, კლიპი მზადაა და მალე იხილავენ მუსიკის მოყვარულები.

– ტექსტის ავტორი თავად ხარ? რას უმღერი?

– ტექსტი, მუსიკა, არანჟირება – ყველაფერი ჩემი გაკეთებულია, მათ შორის, მონტაჟიც – ჟურნალისტიკიდან გამომდინარე არ გამჭირვებია. 2019 წელს, სანამ ინგლისში წავიდოდი ძაღლი მომიკვდა – 12 წლის იყო. ეს ძალიან მოულოდნელი იყო ჩემს ცხოვრებაში და რამდენიმე თვე განცდებში ვიყავი. იმდენად მიყვარდა და ჩემი ყოველდღიური ცხოვრების იმდენად დიდი ნაწილი იყო, მინდოდა, მის სამახსოვროდ რამე გამეკეთებინა და ეს სიმღერა მასზეა.

– მგონი, საქართველოში ამდენი ხნით დიდი ხანია, არ ყოფილხარ, როგორ შეეჩვიე აქაურობას და აპირებ ინგლისში დაბრუნებას?

– ძალიან კარგად მივეჩვიე, უმეტესი დრო ლეჩხუმში გავატარე, სახლში ჯდომას იქ წასვლა ვარჩიე. რა თქმა უნდა, ლონდონში ისევ დავბრუნდები. იქ მაქვს სამსახური, ამ ეტაპზე „ფორბსში“ ვმუშაობ, თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ მუსიკის გამო ჟურნალისტიკისთვის დიდი დრო არც მრჩება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი