შოუბიზნესი

როგორ დაიწყო გიორგი მეგრელიშვილმა ყველაფერი თავიდან ამერიკაში და რამ შეცვალა მისი ცხოვრება

№48

ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00 05.12, 2022 წელი

გიორგი მეგრელიშვილი
დაკოპირებულია

მსახიობმა გიორგი მეგრელიშვილმა ოცნების ასასრულებლად ცხოვრებისა და საქმიანობის გაგრძელება ამერიკაში გადაწყვიტა.

გიორგი მეგრელიშვილი: ძალიან დიდი ბედნიერება მოხდა ჩემს თავს – მწვანე ბარათი მოვიგე. აქამდე ვერ ვამბობდი ამის შესახებ. მწვანე ბარათის მოგება არ ნიშნავს, რომ იმ წუთიდან შეგიძლია, ამერიკაში იცხოვრო. ბევრი პროცედურაა გასავლელი და რადგან მე ბოლო დროს ძალიან პრაგმატული ადამიანი გავხდი, სანამ საზღვარი არ გადავლახე და ჩემი მწვანე ბარათით ამერიკაში არ შემოვედი, მანამდე არაფერი მითქვამს.

ეს არ არის ჩემი ამერიკაში ცხოვრების პირველი შემთხვევა. რამდენჯერმე აქამდეც ვცადე, რამდენიმე თვით, მაგრამ როდესაც ეს არ ხდება ოფიციალურად, ძალიან რთულია აქ ფეხი მოიკიდო. შემოვევლე ემიგრანტებს, ცხოვრობენ და შრომობენ, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმა ძალიან გამიჭირდა, რადგან ჩემს პროფესიაზე ვარ ორიენტირებული და მინდოდა, აქაც ჩემი საქმე მეკეთებინა.

ახლა ფილადელფიაში ჩამოვედი, აქ იწყება ჩემი ემიგრანტული ცხოვრება, რადგან აქ ახლობლები მყავს. აქამდე სადაც ჩავსულვარ, ყველგან ფილმთან ან მსახიობობასთან დაკავშირებულ სხვა ამბების გამო და მინდა, აქაც ასე მოხდეს. ერთი თვე ვცხოვრობდი ლოს-ანჯელესში, ჩემი სცენარების წარდგენა მქონდა „კინოფროდაქშენებთან“ – მინდა, ახლაც გავაგრძელო აქტიურად საქმიანობა, როგორც რეჟისორმა და როგორც მსახიობმა.

თავიდან რომ ჩამოვედი, კარგად აეწყო საქმეები და ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ამისთვის ოფიციალური სახე მიმეცა. ჩემმა ნინიკომ შეავსო საბუთები, ასე რომ მისი ჯადოსნური ხელების დამსახურებაა ის, რომ მე დღეს აქ ვარ.

– დიდი ხანი ცდილობდით მწვანე ბარათის მოგებას?

– არა, ეს პირველი მცდელობაა. ერთი წლის წინ ვთქვით, მოდი, ვცადოთო და აი, ასე მოხდა. ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ, რომ ვფიქრობ, ეს ქვეყანა ყველა ადამიანს აძლევს საშუალებას, აკეთოს ის, რაც უნდა. მთავარია, მოინდომო. შორიდან ასე ჩანს, თუმცა, ახლა უკვე ვიცი, რომ აქ ძალიან ბევრი სირთულე გხვდება.

– მაინც ძალიან იღბლიანი ადამიანი ყოფილხართ, რადგან ასე მარტივად მოიპოვეთ რთულად მოსაპოვებელი უფლება.

– მე არ ვარ ჩემს ქვეყანაზე გაბუტული ან ნაწყენი, მაგრამ შეიძლება, ჩვენს ქვეყანაში იყო წარმატებული, მაგრამ არა ფინანსურად ძლიერი. აქ ამის შესაძლებლობა არის. ჯერ, როგორც ემიგრანტი სამსახურს ვეძებ. ეს ჩვეულებრივი მომენტია, შემოსავლის წყარო უნდა გავიჩინო. ეს მომენტი აქ ჩამოსულმა ყველა ემიგრანტმა უნდა გადალახოს და ამისთვის მზად ვარ. ახლა შევავსე აპლიკაცია სუპერმარკეტში მუშაობის დასაწყებად. ვნახოთ. ამის არც მრცხვენია და არც მერიდება. გასავლელი ეტაპია. თუმცა, პერსპექტივაში სხვა რამ მინდა, ის, რაც ჩემი პროფესიაა. აქ ამ პროფესიით ისეთი აქტიური რომ ვიყო, როგორც საქართველოში ვარ, დამიჯერეთ, ძალიან მაგრად ვიქნებოდი ფინანსურ დონეზე. ვეცდები, აქაც ასე მოხდეს, თუმცა, იმასაც ვხვდები, რომ ძალიან რთულია.

ახლა ლიზი ყენიასთან ვარ, ერთად კარგი სამომავლო გეგმა გვაქვს, გვინდა ფილმი გადავიღოთ.

– ოჯახთან ერთად წახვედით?

– არა. ოჯახი თებერვალში ჩამოვა. არ ვიცი, დარჩებიან თუ არა, მაგრამ საზღვარი უნდა გადმოკვეთონ. თავიდან მხოლოდ ეიფორია იყო და ახლა ეს სიშორე და დისტანცია ყველასთვის რთულია. სიმართლე გითხრათ, როცა გავიგე, რომ მწვანე ბარათი მოვიგე, არ მჯეროდა. პრაგმატულები ვართ და მოთმინებით ველოდით ყველა ბიუროკრატიული საკითხის მოგვარებას. რომ იგებ, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ეტაპს წარმატებით გადალახავ, თუმცა 50 პროცენტით აღწევ მიზანს და ეს, რა თქმა უნდა, დიდი სიხარულის მიზეზია. ბევრჯერ გამმართლებია ცხოვრებაში და ეს კიდევ ერთი ძალიან დიდი გამართლებაა.

– ლიზა ყენია ახსენეთ. ვინ არიან ის ქართველები, ვის გარემოცვაშიც აპირებთ მუშაობას და ცხოვრებას?

– მხოლოდ იმ ხალხთან ერთად ვაპირებ მუშაობას, ვინც ჩემი პროფესიით არის დაინტერესებული. აქ არის ჩემი მეგობარი გიორგი ბაისონაშვილი, რომელსაც კინოინდუსტრიაში თავისი წვლილის შეტანა უნდა. შეიძლება, შევიკრათ კარგი გუნდი და ამერიკელებთან ერთად გავაკეთოთ პროექტები. ეს არის ჩვენი გეგმა.

– სიხარულთან ერთად, განშორების სევდა არ გაწუხებთ?

– ამაზე საუბარი არ გვინდა, თორემ შეიძლება, გაგრძელება ვეღარ შევძლო. ეს ურთულესია. ადამიანები სხვა ქვეყნებში ძალიან რთულ გზას გადიან და ჩემი ნება რომ იყოს, ემიგრანტებს მართლა ძეგლს დავუდგამდი. სულიერად იმდენად მძიმეა, ვერც გადმოვცემ. ახლა ყველაზე მეტად ორი რამ მეხმარება, ჩემი ოჯახის ფოტო და ვარჯიში. გიჟურად ჟღერს, მაგრამ სანამ სამსახურს დავიწყებ, დრო მაქვს და ფიზიკურად ძალიან აქტიური ვარ, ბევრს ვვარჯიშობ და ეს ძალიან მეხმარება ამ სირთულესთან გამკლავებაში.მეხმარება ჩემი ხასიათიც. რადგან ეს მოხდა, ესე იგი, ასე უნდა იყოს. ერთი მხრივ, ბედნიერებაა, მეორე მხრივ – სირთულე და რთულად თუ მარტივად, უნდა გადავლახო. ექვსი თვე და ერთი დღე აუცილებლად აქ უნდა ვიყო. მერე თუ ვერ შევძლებ... თუმცა, არც მინდა, ამაზე ვიფიქრო. უნდა შევეჭიდო ახალ გზას. აქ ხომ ექვსი თვისთვის არ ჩამოვსულვარ, აქ ხომ სამომავლო გეგმებმა მომიყვანა.

– საქართველოში ყველა გცნობთ, უყვარხართ და უცებ, ამერიკაში რომ ყველა ცივი სახით გიყურებთ, ეს როგორ მოქმედებს?

– არა, არა. ბარში, ქუჩაში, მარკეტში, მაჩერებენ და მეუბნებიან, ძალიან კარგად გამოიყურები და მსახიობი ხომ არ ხარო?! სიმართლეს გეუბნებით, არ გეგონოთ, ვიგონებ (იცინის). განსაკუთრებით სუსტი სქესის წარმომადგენლები და იმედია, ჩემი ნინიკო ამაზე არ იეჭვიანებს. უკვე ბევრჯერ მოხდა ასე. აქ რომ ჩამოვედი, ლოს-ანჯელესში ფლორუან ზეილერის ფილმის, The son-ის ძალიან სერიოზულ, დახურულ ჩვენებაზე მიგვიწვიეს. იქ თავად ამერიკის გილდიის პროდიუსერებმა დამპატიჟეს. ეს იყო ყველაზე ბედნიერი წამები ამერიკაში ჩამოსვლის შემდეგ და ამიტომაც, ძალიან მინდა, აქაურ კინოსამყაროში ფეხი მოვიკიდო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი