შოუბიზნესი

როგორ დააწყებინა ოთო ნემსაძეს მუშაობა ცოლმა და როდის ეგონა სოფო მეძმარიაშვილს, რომ აღარავის სჭირდებოდა

№24

ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:00 21.06, 2021 წელი

ოთო ნემსაძე
დაკოპირებულია

პანდემიის დროს, მომღერალმა ოთო ნემსაძემ და მისმა მეუღლემ, სოფო მეძმარიაშვილმა, ახალი პროფესიები შეითავსეს და მუშაობა სადაზღვევო აგენტებად დაიწყეს.

ოთო ნემსაძე: როდესაც შემოსავალი არ გაქვს, რაღაც უნდა გააკეთო, რომ მდგომარეობა შეცვალო. საერთოდ, მიმაჩნია, რომ ამ ქვეყანაში ყველამ რაღაც უნდა ვაკეთოთ, რომ როგორმე უკეთესობისკენ წავიდეთ. ვიცი, სამსახურის შოვნა ჭირს, მაგრამ ისიც კარგად ვიცი, რომ დაბალშემოსავლიანი სამსახურის შოვნა ყველას შეგვიძლია. კარგია, თუ ყველას კარგი ხელფასი გვექნება, მაგრამ რაღაცებზე უარი არ უნდა ვთქვათ. თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული ამ ქვეყნის წარმატება და რაც უფრო მეტი ადამიანი ვიმუშავებთ, შესაბამისად, მეტს გავაკეთებთ და მით უფრო კარგი მომავალი გვექნება. წუწუნა კაცი არასდროს ვყოფილვარ. სასმელი და საჭმელი არ მიჭირს, უბრალოდ, პანდემიის დროს სახლში ჯდომა ჩემთვის ნამეტანი აღმოჩნდა და ეს მე და სოფოს სადღაც უნდა დაგვემთავრებინა. დროებით მაინც, თუმცა, არავინ იცის, როდემდე, მუშაობა საქართველოს სადაზღვევო ჯგუფში დავიწყეთ.

სოფო მეძმარიაშვილი: მე და ოთო ხელოვნებას ვემსახურებით და გაჩერება, თუნდაც დროებით, სასიამოვნო ვერასდროს იქნება. ხელოვანი ადამიანები საკუთარი საქმით, შემოსავლის გარდა, სულიერად ვიკვებებით. თეატრიც დაიხურა, სცენაც და მე და ოთოს, უბრალოდ; აღარ შეგვეძლო სახლში ჯდომა. გადავწყვიტე, მეგობრისთვის მიმემართა დახმარების სათხოვნელად და ასე დავიწყეთ მუშაობა სადაზღვევო აგენტებად. აღმოჩნდა, რომ ძალიან კარგად გამოგვდის. იმის მიუხედავად, რომ მე თეატრი გამიხსნეს, ამ სამსახურისთვის თავის დანებებას არ ვაპირებ. პარალელურად ვაგრძელებ აქ მუშაობას და ყველანაირად მიწყობენ ხელს, რომ თეატრსაც არ მოვაკლდე.

– პირველი შენ იყავი, ვინც ამ სფეროში მოსინჯა შესაძლებლობები და მერე ქმარიც დაასაქმე, არა?

– კი, ქმარი დავასაქმე (იცინის). პრინციპში, ორივემ ერთად დავიწყეთ მუშაობა. დილით ერთად ვდგებით, მივდივართ სამსახურში, ვმუშაობთ და სახლშიც ერთად ვბრუნდებით. თუმცა, პირველმა მე გადავდგი ეს ნაბიჯი.

– ოთო ხუმრობდა, სოფომ ჩამიწყოო...

– ორივეს „ჩაგვიწყვეს“ (იცინის). ოთო, გარდა იმისა, რომ მომღერალია, მისი რეალური პროფესია ზუსტად ის საქმეა, რაზეც ახლა მუშაობს. ასე რომ, „ჩაწყობა“ არ სჭირდებოდა (იცინის). ჩემთვის იყო სრულიად უცხო ხილი, თორემ ოთოს ძალიან დიდი ცოდნა აქვს. გამოცდილება არ ჰქონდა და ახლა ესეც შეიძინა. სხვათა შორის, მეც არაჩვეულებრივად ავუღე ალღო. ადამიანებთან ახლო კონტაქტის თვალსაზრისით, ჩემს პროფესიასთანაც ახლოსაა.

ოთო: მე სცენა მჭირდება, ამის გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ არ გამოვრიცხავ ამ საქმის კეთებაც გავაგრძელო, რადგან თავს ამ გარემოშიც ძალიან კარგად ვგრძნობ. ცუდ საქმეს არ ვაკეთებ, ადამიანებს ვეხმარები. შეიძლება, აქაც დავრჩე, მაგრამ მუსიკას რომ თავს ვერასდროს დავანებებ, ეგ ზუსტად ვიცი.

– ერთმანეთთან კონკურენცია გქონიათ გაჩაღებული...

– კონკურენციაც გვაქვს, მაგრამ რომელმაც არ უნდა ვაჩვენოთ უკეთესი შედეგი, მაინც ჩვენი ოჯახის ბიუჯეტში შემოდის.

სოფო: ასე რომ, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი დავაზღვევთ მეტს (იცინის).

ოთო: სამსახურში შიდა კონკურენციაა და სხვებთან ერთად სოფოც ჩემი კონკურენტია, მაგრამ მაინც საერთო მიზნები გვაქვს. ჯერჯერობით სოფო უკეთესი ტემპით მიდის (იცინის).

– როგორი რეაქციები აქვთ ამ ამპლუაში თქვენი ხილვისას?

– მართლა ყველას ძალიან გაუხარდა. თანამშრომლებზე კიდევ უფრო მეტად კლიენტებს ვახარებთ. ზოგი მეუბნება, თუ შეიძლება, პირბადე მოიხსენითო – რომ დარწმუნდეს მე ვარ (იცინის). სულაც არ მგონია, რომ ამაში რამე გასაკვირია. პატარა ქვეყანა ვართ და ყველას მოვუწოდებ, რაღაც ვაკეთოთ, ოდნავი წინსვლა მაინც რომ გვქონდეს.

– პოპულარობა ხელს მიშლისო, თქვი.

– არის ადამიანების კატეგორია, რომელიც ფიქრობს, რომ „ეღადავებიან“ ან „ფეიქია“ და ვიღაც ჩემი სახელით სარგებლობს. ზოგს ხუმრობა ჰგონია. თუმცა, ძირითადად, პირიქითაა. გამომდინარე იქიდან, რომ პოპულარული ადამიანი ვარ, უფრო მეტად მენდობიან და მათთან კომუნიკაცია მიმარტივდება.

– სანამ ამ ნაბიჯს გადადგამდი, ფიქრობდი, რომ ეს შენი საქმე არ იყო?

– მსგავსი რამ არ მახასიათებს. თოხი და ბარიც მჭერია ხელში და კიდევ ბევრი რამ მიკეთებია იმისთვის, რომ რაღაც თანხა გამომემუშავებინა. რა თქმა უნდა, ჩემი მთავარი საქმე მუსიკაა, მაგრამ სულაც არ ვთვლი, რომ სხვა რამის კეთება არ შემიძლია. ჩვენ თვითონ თუ არ გავაკეთებთ არაფერს, რას დავუტოვეთ მომავალს – გაუბედურებულ საქართელოს?! ეს რომ არ მოხდეს, რაღაც უნდა შევქმნათ და ამაში სამარცხვინო არაფერია.

სოფო: მეც არ მქონია მსგავსი ფიქრი. პირიქით, ახალი საქმე დავიწყე, ახალი ადამიანები გავიცანი და ცხოვრება კიდევ უფრო გავიფერადე. როდესაც სპექტაკლები აღარ გვქონდა, ძალიან გამიჭირდა. დილით ვიღვიძებდი და არსად მიმეჩქარებოდა, აღარც რეპეტიცია იყო, აღარც სპექტაკლი და მივხვდი, რომ აღარსად მელოდნენ, თითქოს აღარავის ვჭირდებოდი. თუმცა, სცენა რომ არ გახსნილიყო და მთელი ცხოვრება სადაზღვევო აგენტი ვყოფილიყავი, ძალიან გამიჭირდებოდა. პარასკევს და შაბათს უკვე სპექტაკლები მაქვს და ვხედავ, რომ მაყურებელისგან ძალიან დიდი მოთხოვნაა. ამხელა პაუზის შემდეგ სცენაზე პირველად რომ დავდექი, შემეშინდა და დავფიქრდი, ახლა რა უნდა ვქნა, ყველაფერი დამავიწყდა-მეთქი. თუმცა რამდენიმე წამში დავიბრუნე ძველი სოფო.

– ოჯახურ ურთიერთობაში რა მოიტანა ბევრმა თავისუფალმა დრომ?

ოთო: ორივე ისეთ პროფესიაში ვართ, რომ არასდროს გვქონია პერიოდი, როცა ერთმანეთს ნაკლებ დროს ვუთმობდით. ხან მე ვარ სოფოს რეპეტიციებზე, ხან სოფო – ჩემსაზე. ახლა სამსახურშიც ერთად ვართ. პანდემიის დროს სახლშიც ერთად ვიჯექით და ამიტომ განშორებების გამო დისკომფორტი არ გვიგრძნია. პანდემიას ჩვენს ურთიერთობაში არაფერი შეუცვლია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი