შოუბიზნესი

როგორ დააიმედა მძიმე მდგომარეობაში მყოფი ცუცა კაპანაძე გარდაცვლილმა დედამ და ვისზე იძია შური მან სამწლიანი „სიურპრიზებისთვის“

№11

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 22.03, 2023 წელი

ცუცა კაპანაძე
დაკოპირებულია

ცუცა კაპანაძე მოგვიყვება, როგორი იყო მისი ამერიკული რვა მარტი, როგორ აღნიშნავს დღემდე განსაკუთრებულად დედის დღეს და რა ბედნიერი მოგონებები აკავშირებს ამ დღესასწაულებთან.

ცუცა კაპანაძე: ცოტა მოგვიანებით, მაგრამ მაინც ყველა ქალბატონს ვულოცავ 8 მარტს. მამაკაცებს კი ვეტყვი, რომ მანდილოსნები მხოლოდ ამ დღეს არ უნდა გაგახსენდეთ, ქალს ყოველდღე უნდა მიართვა თუნდაც ერთი კონა ია ან ერთი ვარდი. ეს მას ძალიან გაულამაზებს ცხოვრებას და ყველაფერი კარგისთვის მისცემს სტიმულს. მერე თვითონ მამაკაცები დატკბებიან ნასიამოვნები ქალებით და სახლში კოპებშეყრილი მეუღლის ნაცვლად, გაღიმებული ქალი დახვდებათ (იცინის).

– დედასთან განსაკუთრებული ურთიერთობის შესახებ არაერთხელ გისაუბრიათ და დედის დღეს დღემდე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებთ.

– ჩემი დედიკო ძალიან ახალგაზრდა, 61 წლის ასაკში წავიდა. დედის დღეს ყოველთვის ვუნთებ სანთელს და თაიგულსაც ვყიდულობ, ასევე, მისი გარდაცვალების დღესაც. დედა 14 თებერვალს გარდაიცვალა, მამა – 12 თებერვალს და ეს თვე, სიმართლე გითხრათ, ძალიან არ მიყვარს. მოძღვარი სულ გვეუბნება, რომ გარდაცვლილი დედისა და მამის სურათს უნდა ვესაუბროთ. მაგრამ მე ამის საოცარი შიში მაქვს. არ ვიცი, რის გამო მეშინია, მაგრამ ვერ ვესაუბრები. ჩემს საძინებელში უფლის სალოცავი კუთხე მაქვს, იქ მიდევს ჩემი მშობლების სურათები და სანთელს რომ ავანთებ, შევხედავ ხოლმე, მაგრამ საუბარი არ შემიძლია. გულში ვამბობ, ძალიან მომენატრეთ-მეთქი.

– მათი გარდაცვალების შემდეგ, სიზმარში ან ცხადში, მათთან განსაკუთრებული კონტაქტი თუ გიგრძნიათ?

– ჩემი მშობლები ხშირად არ მესიზმრებიან, მაგრამ როდესაც რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მაქვს მისაღები და ამის გაკეთება მიჭირს, მაშინ მესიზმრება დედა ან მამა. კოვიდი რომ დაიწყო, დასაწყისშივე შემხვდა და ერთი თვე სიკვდილს ვებრძოდი. ძალიან ცუდად გადავიტანე. თმა სულ გამცვივდა, 11 კილოგრამი დავიკელი. კატასტროფულად ცუდად ვიყავი. მაშინ დამესიზმრა დედაჩემი და მითხრა, რა შორს ხარ, დედიკოო. თითქოს ვიღაც ხელს მიჭერდა და მამხნევებდა, ნუ გეშინიაო. მერე, რომ გავიღვიძე, მივხვდი, რომ თურმე, მე ვუჭერდი ხელს საკუთარ თავს. ეს სიზმარი ჩემთვის დიდი იმედი იყო. 40 მქონდა ტემპერატურა, მერე მალე დამიწია. ფილადელფიაში ერთი ქართველი ექიმია – ნინო მეტრეველი, მან გადამარჩინა, სულ ხაზზე ვყავდი. თავიდან ვერ მივხვდი, რა მჭირდა. კუჭი ამტკივდა საშინლად, ფეხზე ვერ ვდგებოდი, წნევას ვერ ვიგდებდი, ხან რაზე ვიფიქრე, ხან – რაზე, როცა ნინომ მითხრა, კოვიდი გაქვს და სუსტ წერტილებზე გირტყამსო, გამიჭირდა დაჯერება, მაგრამ სიმართლე აღმოჩნდა. ამ გოგომ და დედაჩემმა გადამარჩინეს.

– დღეს დედის დღე უფრო სევდიანია ხოლმე თუ მაინც ბედნიერებითაა სავსე და კარგი მოგონებებით გაჯერებული?

– ორივე ერთად. უფრო მეტად – ბედნიერი. ჩემი ძმისშვილები დედიკოები არიან. შვილები ჰყავთ და მათი შვილებით ვხარობ. დედობა უფლის უდიდესი საჩუქარია. ახლა ჩემს ძმისშვილს გოგონა შეეძინა, დედაჩემის სახელი – ელენე დაარქვა და უბედნიერესი ვარ. მართალია, მე არ მყავს შვილი, მაგრამ ისინი ხომ მყვანან?!

– ამის გამო საკუთარ თავზე არ ბრაზდებით ხოლმე?

– კი, ხანდახან ვბრაზდები, მაგრამ უკვე აზრი აღარ აქვს და აღარ მინდა, ამის გამო ვინერვიულო. რა შეიცვლება. დღეს უამრავი საშუალება არსებობს და თუ შვილი გინდა, გეყოლება, მაგრამ ჩემს ასაკში ნამდვილად არ გადავდგამ ამ ნაბიჯს. არც უმაგისობას ვგრძნობ, ძმისშვილები, ძმის შვილიშვილები მყავს და უამრავი ბავშვი – სტუდიაში. ხომ გაგიგიათ, მასწავლებელი ზოგჯერ უშვილო, მაგრამ ათასი ბავშვის მშობელიო.

– რვა მარტს, საჩუქრებსა და კარგად გასახსენებელ ამბებს დავუბრუნდეთ და ბედნიერი მოგონებებიც გავუზიაროთ ჩვენს მკითხველს.

– სკოლაში რომ ვსწავლობდით, თებერვალში გოგონები ბიჭებს ვჩუქნიდით საჩუქრებს და მარტში მათგან საპასუხო საჩუქრებს ველოდით (იცინის). მახსოვს, მეცხრე კლასში ვიყავით და 8 მარტს ჩემთან შვიკრიბეთ 15 გოგო. რა თქმა უნდა, თებერვალში ბიჭებს საჩუქრები გავუკეთეთ – სუნამოები ვაჩუქეთ და ველოდით, რომ ჩვენც იმავეს გვაჩუქებდნენ. ჩემს ახალგაზრდობაში ყველაზე კარგი სუნამო იყო „კლიმა“, „ბიტ მოჟეტ“, „მოჟეტ ბიტ“... ასე გამოიყურებოდა ყველაზე პოპულარული სუნამოების ჩამონათვალი და ვზივართ ახლა ჩვენ და განვიხილავთ – თუ „კლიმას“ ვერ გვიყიდიან, რადგან ძალიან ძვირია, იქნებ, „ბიტ მოჟეტ“ ან „მოჟეტ ბიტ“, მაინც მოგვიტანონ პატარა ფლაკონითო. მოკლედ, მოვიდნენ დაპატიჟებული ბიჭებიც. მოვიდნენ და მოგვიტანეს ამ 15 გოგოს სხვადასხვა ფერის ფუმფულა ვირები. წარმოგიდგენიათ?! მოიტანეს ეს ვირები, შემოყარეს ოთახში და ჰა, გოგოებო, ვირებიო, მოგვაძახეს. ისე გავბრაზდით გოგოები ამ ვირებზე, სახლში აღარ ვუშვებდით, მაგრამ ფანჯრიდან შემოვიდნენ (იცინის). მეორე დღეს სკოლაში მივუტანეთ ეს ვირები და ვკითხეთ, რა დავაშავეთ, რატომ მოგვიტანეთ ეს ვირები, რა, ვირები ვართო? არა, ვირები არ ხართ, მაგრამ „გრძელ ვირს“ ხომ ვთამაშობთ ყოველ დილით და რა მოხდა, კაი გასახსენებელი გვექნებაო. იცით, რა არის „გრძელი ვირი“?

– არა, რა იგულისხმეს?

– ბიჭები იყვნენ წაკუზულები, გოგოები გავიქცეოდით და ზურგზე შევახტებოდით ხოლმე. უფრო სწორად, ბიჭები თამაშობდნენ გრძელ ვირს და მერე გოგონებსაც გვინდოდა, რომ გავქცეულიყავით და შევხტომოდით. ახლა რომ ვინმეს ზურგზე შეახტე, ხომ წარმოგიდგენიათ რა მოხდება, მაგრამ მაშინ არ იყო ასეთი დამოკიდებულება. ისეთი ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან და ისეთი პატივისცემა, ვინ გაბედავდა რამეს ცუდი გაგებით, მაგრამ მაინც მიკვირს, რატომ ვთამაშობდით ხოლმე ამ გრძელ ვირს. არადა, ისეთი სიხარულით გავიქცეოდით და შევახტებოდით ხოლმე ამ ბიჭებს (იცინის).

ბაღში ერთ ბიჭს ვუყვარდი. მერე ეს ბიჭი ჩემი პარალელური კლასელი გახდა. ბაღში რომ მივიდოდი, გამოექანებოდა და მეუბნებოდა: ოი, შენთვის საჩუქარი მაქვს, საჩუქარი მაქვს, მოდი, მოდიო. წავიდოდი, აბა, სადა გაქვს, რა გაქვს-მეთქი. მე კიდევ ისეთი ქაჯი ვიყავი, ბიჭებზე უარესი, რა გამაჩერებდა. მიმიყვანდა ამოთხრილ ორმოსთან, თუთის ხესთან ახლოს. ჩემს ეზოში ბევრი თუთის ხე იყო და სულ ფუტკრები და ბზიკები ესია. დაიჭერდა ხოლმე ეს ამ ბზიკებს და ფუტკრებს, ჩასვამდა იმ ორმოში, დააფარებდა ზედ თუთის ფოთოლს, მე რომ მივიდოდი, თავს ახდიდა და ეს გაგიჟებული ბზიკები და ფუტკრები დამესეოდნენ. სულ დაკბენილი და დასიებული ვიყავი ხოლმე. სამი წლის განმავლობაში ასე მიკეთებდა სიურპრიზებს (იცინის). თვითონ ბაყაყის ეშინოდა, მე – არა. სკოლაში რომ წავედით, ბაყაყი დავიჭირე, ასანთის კოლოფში ჩავსვი და ჩანთაში ჩავუდე. რა იცოდა შიგნით რა იყო, ჩვეულებრივი ასანთის ღერები ეგონა. რომ გახსნა და იქედან ბაყაყი ამოხტა, სად ჩანთა იყო, სად წიგნები და სად თვითონ, კაცმა არ იცის (იცინის). კინაღამ მომკლა დედამისმა, რატომ შემიშინე შვილიო (იცინის). ასე გადავუხადე სამაგიერო.

ბავშვობაში ვალში არავის ვრჩებოდი. ახლა არ ვიღებ ხმას თორემ... (იცინის). გურამ დოჩანაშვილს აქვს არაჩვეულებრივი სიტყვები: ადამიანებთან დააწესე ზღვარი, ნუ იქნები ზედმეტად გულუბრყვილო, ზედმეტად თბილი და მოკრძალებული, თორემ ზედმეტად გატკენენ გულსო, ჰოდა, რაც გავიზარდე, ვცდილობ, ასე მოვიქცე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი