შოუბიზნესი

როგორ ჩაერთო ეთერში ქეთი ქარდავა უკბილოდ და რატომ უწევდა მას ოთხი დღე საპირფარეშოში ჭამა

№40

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 11.10, 2021 წელი

ქეთევან ქარდავა
დაკოპირებულია

ჟურნალისტ ქეთი ქარდავასთვის ექსტრემალურ სიტუაციებსა და ყურადღების ცენტრში ყოფნა ახალი ამბავი ნამდვილად არ არის, თუმცა იმან, რაც ბოლო პერიოდში მოხდა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

ქეთი ქარდავა: გადაღებაზე ვიყავი ბერლინში. კიბეებზე ჩამოვდიოდი და აღმოჩნდა, რომ ბოლო საფეხური ისეთი მყარი არ იყო, როგორიც მეგონა. ფეხი წამოვკარი და მთელი ძალით დავეცი. უცებ ვხედავ, სულ სისხლიანი ვარ. სახეზე ხელი რომ მოვისვი, მივხვდი, რომ ერთი კბილიც აღარ მქონდა მთელი. პირველივე წამებში გავაცნობიერე, რომ სასწრაფოდ ზომები უნდა მიმეღო. დასაკარგი დრო არ მქონდა, მივლინებას ვერ გავაცდენდი. თბილისში სისხლიანი პირით წამოსვლა ვერ გავბედე და ბერლინში დავიწყე ექიმის ძებნა, თან როგორ – „გუგლში“ ჩავწერე: სახის საუკეთესო პლასტიკური ქირურგი. რამდენიმე ვარიანტს შორის, სანდომიანი გამოხედვის წყალობით, ერთ-ერთზე შევაჩერე არჩევანი და დავრეკე. ათი დღე ვერ მიგიღებთო, მეუბნებიან და მე ვუხსნი: ან ახლა, ან არასდროს. ასეთია ჩემი მდგომარეობა-მეთქი. გამიმართლა, შევიდნენ ჩემს მდგომარეობაში და ერთ საათში დამიბარეს. პირბადეს ელვისებური სისწრაფით ვიცვლიდი, წამებში მისისხლიანდებოდა და რომ შევედი, გამოცვლა ვერ მოვასწარი, ამიტომ მაშინვე მიხვდნენ, რომ მე მივედი (იცინის). ექიმი მართლა სანდომიანი აღმოჩნდა, კონსილიუმი შეიკრიბა, დამსვეს და მეუბნებიან, მოიხსენი პირბადეო. 25 წუთი უარზე ვიყავი, მრცხვენია-მეთქი. ექიმი მეუბნება, ევროპის ტრავმის ასოციაციაში პრეზიდენტი ვიყავი და რა უნდა მანახო ისეთი, რომ გამაკვირვო. თუ არ მაჩვენებ, ვერ დაგეხმარები, მაშინ წადიო. ადგა და ოთახიდან გადის. შიშისგან ამაკანკალა, ძლივს მოვიხსენი პირბადე და ყველამ ერთხმად შესძახა, ო, ღმერთო ჩემოო (იცინის). შეამოწმა ჩემი მდგომარეობა და მითხრა, ყველა კბილი ამოსაღებია, წინააღმდეგ შემთხვევაში თავში წავა ინფექცია, შეიძლება, ისეთი რამ მოხდეს, რომ მერე კბილი საერთოდ ვეღარ ჩაგისვათო. ერთადერთი რამ ვუთხარი, ხვალ კბილები ხომ მექნება-მეთქი?! მოიცა, ჯერ ამოვიღოთო, ისეთი სახით მითხრა, მივხვდვი, რომ მეორე დღეს კბილები ვერაფრით ვერ მექნებოდა. ოთხი საათი მიდიოდა პროცესი, კბილები ამომიღო, ხელოვნური ძვალი ჩამიდგა და ბოლოს მითხრა, ძალიან გაგიმართლა, მე რომ მიპოვე.

– კბილების ჩასმა გამორიცხული იყო?

– ისეთი მდგომარეობა გაქვს, დღეს დედამიწის ზურგზე ვერავინ შეძლებს შენთვის კბილების ჩასმას, მაგრამ, რაც მთავარია, საფრთხე აღარ გემუქრება, მშვიდად იყავიო. პირი ნაკერების ძაფებით მქონდა სავსე, თუმცა, აგონიაში მყოფი ტკივილსაც ვერ ვგრძნობდი, მაგრამ სასტუმროში რომ დავბრუნდი ძალიან ცუდად გავხდი, ფიზიკურად თუ ფსიქოლოგიურად, ძალიან მიჭირდა, მაგრამ ყველანაირი კრიზისიდან მალე გამოვდივარ ხოლმე. თან, ექიმმა მითხრა, ისეთი ლამაზი კბილები გექნება, როგორიც არავისო და იმ მომენტში „დაინახე პოზიტივი“ ვიყავი (იცინის). ღამე არანორმალური ტკივილები დამეწყო და დილით რომ გავიღვიძე, სამი თავი მქონდა. ისეთი გასიებული ვიყავი, რომ ჩამოვედი შვილმა ვერ მიცნო და მითხრა, დედა პირბადე გაიკეთეო, ძალიან შეეშინდა. რამდენიმე დღეში ჩამისვეს კბილები და გადავწყვიტე, რომ სხვა ცვლილებების დროც იყო: თმა ერთ სანტიმეტრზე დავიყვანე, გადავიღებე, ტატუ გავიკეთე და მოკლედ, სრული რესტარტი მაქვს (იცინის). უკბილომ გავაშუქე პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი, ისე, რომ არავის არაფერი გაუგია. ეს იყო ნამდვილი „ჩელენჯი“. გადაღებამდე წავედი ბრიუსელის „ისი-პარიში“, სადაც ჯერ შეშინდნენ, მაგრამ მერე ამირჩიეს სპეციალური გრიმი, რომელმაც იმ დონეზე დაფარა ჩემი მდგომარეობა, ლამის მეც დავიჯერე, რომ სახეზე არაფერი მჭირდა. ვიზიტის დღეებში მთელი დღე პირბადით ვიყავი, მადლობა კორონავირუსს! (იცინის) პირბადეში ახლა გასაკვირი არაფერია, მაგრამ მგონი, დედამიწის ზურგზე არ ყოფილა ეთერში უკბილო ჟურნალისტის ჩართვა და უკბილო ჟურნალისტს, ალბათ, არსად გაუხმოვანებია ტექსტი (იცინის). წინა დღეს ბევრი ვივარჯიშე, რომ არავის არაფერი შეემჩნია, თუმცა, მგონია, რომ მე ნებისმიერს შევამჩნევდი ამ მდგომარეობას. ჩემი ოპერატორის გარდა არავინ არაფერი იცოდა და ისიც ხელს მიწყობდა კადრებით. თითოეული ჩართვა და ხმის დადება, ომის ტოლფასი იყო. ყველაზე მძიმე იყო სადილის და ყავის დრო. ყველა ერთად ვიყავით, ხან ყავაზე მეპატიჟებოდნენ, ხან ჩაიზე, ხან საჭმელზე, მაგრამ გავიძახოდი: „დიეტაზე ვარ, კუჭი მაწუხებს“ და ყველა რომ თვალს მიეფარებოდა, ჩუმად გავიდოდი, ბრინჯისა და ხაჭოს ყველაზე უგემურ სალათას ავიღებდი, საპირფარეშოში შევდიოდი და ვჭამდი, რომ არავის დავენახე. საპირფარეშოში ვჭამე ოთხი დღე და იქვე ვაყოლებდი ყავას (იცინის).

– გადავიდეთ მეორე ამბავზე, რომელიც გახარიას ნარკოტესტს უკავშირდება, რასაც შენი მისამართით ძალიან დიდი ბულინგი მოჰყვა...

– ამ პროფესიაში ყოფნის გადაწყვეტილება ძალიან ბევრი წლის წინ მივიღე და თავიდანვე ვიცოდი აქ არსებული სირთულეების შესახებ. ყველაფრისთვის მზად ვიყავი. 2008 წელს ერთადერთი და პირველი ჟურნალისტი ვიყავი, ვინც ევროპაში უნდა წამოსულიყო ოფიციალური კორესპონდენტის სტატუსით, მაშინ ასაკითაც აღარ ვიყავი პატარა და კიდევ ერთხელ კარგად გავიაზრე, რომ შესაძლოა, ჩემი გაკეთებული რეპორტაჟი ყველას არ მოსწონებოდა. იმიტომ არა, რომ მე რამეს დავაკლებდი, უბრალოდ, ეს ასეა. ეს არის განსაკუთრებული პოზიცია, აქაურობის მიმართ ინტერესი დიდია და ბუნებრივია, რომ გამადიდებელი ლუპით დააკვირდებოდნენ ყველას, ვინც არ უნდა ყოფილიყო ჩემს პოზიციაზე. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ მსგავსი შემთხვევები ჩემთვის მოულოდნელია, მაგრამ ჟურნალისტსაც აქვს გრძნობები, ჰყავს ოჯახი და მეგობრები, რომლებიც ამ ყველაფერს კითხულობენ, ბრაზდებიან და დარდობენ.

ჩემდამი ეს დამოკიდებულება ტელევიზიის ცვლილებით დაიწყო. მანამდე მსგავსი შემთხვევა არ მქონია. მე გააზრებულად მივიღე გადაწყვეტილება „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ „იმედზე“ გადასვლის შესახებ, რომელსაც ნამდვილად არ ვნანობ და პირიქით, მადლობელი ვარ ამ არხის, რომ მაძლევს ჩემს სფეროში მუშაობის საშუალებას, რასაც მგონია, რომ ბევრზე უკეთესად ვაკეთებ. ჩვენ სულ ვამბობთ, რომ ჟურნალისტებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა აუცილებელია. ჟურნალისტი უნდა იყოს დამოუკიდებელი და მას არავინ უნდა მიაყენოს შეურაცხყოფა, მაგრამ ახლა მგონია, რომ ორმაგ სტანდარტებთან გვაქვს საქმე. ერთმა ნაწილმა აუცილებლად უნდა აბულინგოს მეორე და ამათ პასუხი არ უნდა თქვან? ნაწილისთვის ყველაფერი შეიძლება და მეორე ნაწილისთვის არა? ჩემთვის ყველა ერთია და გარემოც ყველასთვის ერთი და მისაღები უნდა იყოს. მაშინ, მოდი, ყველა, ვისი ნამუშევარიც არ მოგვეწონება, გავკიცხოთ, ბოძზე გავაკრათ და ჩავქოლოთ. მგონია, იმ დღეს თბილისში რომ ვყოფილიყავი და ქუჩაში ვინმეს დავენახე, ქვას ჩამარტყავდა.

– რეალურად, ვინც ქეთის აკრიტიკებდა, სხვა შემთხვევაში შეიძლება, იმ ჟურნალისტების დამცველი იყოს, რომლებიც საქართველოში იმავეს გაცილებით მწვავედ აკეთებენ. გამოვიდა, რომ საქართველოში „მოსულა“ და ევროპაში არა?

– ეგეც და კიდევ რამდენიმე მომენტია: აი, რა დაემართა ქარდავას, როგორ დაეცა მისი პროფესიონალიზმი, „იმედის“ კრიტიკა; ქარდავა გახარიას შარდით დარბის ვენაში ექიმებთან... მათაც იციან, რომ ეს ყველაფერი სისხლის ანალიზით კეთდება, მაგრამ მეტი სიმძაფრისა და დაკნინებისთვის ასე იყო საჭირო.

ვერ იპოვით ჩემს ვერცერთ სიუჟეტს, სადაც ჩემი პოზიცია ან მიკერძოებული დამოკიდებულება გამოჩნდება, რაც ქართულ ტელევიზიებში დღეს ძალიან მოხშირდა. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, ნარკოტესტის პასუხი ყოფილმა პრემიერმა და ამჟამინდელმა თბილისის მერობის კანდიდატმა, „ფეისბუკზე“ გამოაქვეყნა და გაჩნდა კითხვები. აქ საქმე ისაა, რომ ექიმი, რომელიც ტესტს ხელს აწერს, არის ნევროლოგი, რომლის სპეციალობაც არის მეხსიერების დემენცია, ქცევითი პრობლემები, ძილის დარღვევა, დეპრესია და ასე შემდეგ. მათ აქცენტი გააკეთეს პაციენტისა და ექიმის ურთიერთობის კონფიდენციალურობაზე. დიდი მადლობა, მეგობრებო, მეც ვიცი, რომ ეს ასეა, მაგრამ მე არ დამისვამს კითხვა, არის თუ არა ნარკომანი გიორგი გახარია. ამ ადამიანს მხოლოდ ის ვკითხე, თქვენ ნახეთ ეს პაციენტი და თქვენ ჩაატარეთ თუ არა ეს ტესტი-მეთქი. მე მას კონფიდენციალურობის დარღვევას არ ვთხოვდი. რამდენად იყო მისი საქმე ამ ანალიზის ჩატარება, რადგან ის სხვა პროფესიის იყო – მხოლოდ და მხოლოდ ეს იყო ჩემი კითხვა.

– როგორია ევროპული სტანდარტები და რეალობა?

– ევროპაში ბევრი რამ არის სხვანაირად, აქ ჩემს ბევრ კოლეგას არ აქვს სოციალური ქსელები, იმიტომ, რომ არ არიან მზად მსგავსი სიტუაციისთვის. ჩვენი კოლეგები ბევრ რამეს ითვალისწინებენ მასალაზე მუშაობისას, მაგრამ როდესაც ინტერესი მაღალია, ბევრი ჟურნალისტი მინახავს ვინმეზე გაკიდებული. საქართველოზე აღარ მაქვს საუბარი, ყოველდღე ვხედავთ, ვინ ვის დასდევს. გასაგებია პოლიტიკოსის ვალდებულება და ჟურნალისტის თავისუფლებაც, მაგრამ ექიმზე გაკიდებაც მინახავს, სასულიერო პირზეც და კიდევ ბევრი რამ მინახავს ქართული ტელევიზიით, ისეთებიც, რომ გამკვირვებია, მაგრამ თუკი ინტერესი ჩნდება, პასუხებია საჭირო. თუკი კითხვა არსებობს, ის უნდა დაისვას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი