შოუბიზნესი

როგორ ანებივრებს მარიამ მამისმედიშვილი მეუღლეს და ვისთვის უნდა იყოს ის მუდმივად ფორმაში

№11

ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00 20.03, 2023 წელი

მარიამ მამისმედიშვილი
დაკოპირებულია

მომღერალი მარიამ მამისმედიშვილი ჩვეული აქტიურობით განაგრძობს კარიერას. სირთულეების მიუხედავად, არასდროს ნებდება და სასურველი მიზნის მისაღწევად ბევრს შრომობს, რაც საკუთარ მსმენელთან განსაკუთრებით აახლოებს.

მარიამ მამისმედიშვილი: „ბრავო რეკორდსში“ ჩავწერე მაიკო კაჭკაჭიშვილის სიმღერა, რომლის ტელეპრემიერაც მალე შედგება. ასევე, ვწერ დუეტს ბუმბერაზ რომა რცხილაძესთან. მივიღე შემოთავაზება სოლო კონცერტის თაობაზე. უკვე ვიწყებ ამისთვის მზადებას და არცთუ ისე შორეულ მომავალში შემოგთავაზებთ. მე და ჩემი მეუღლე, ანუ მე და ჩემი პროდიუსერი, ნელ-ნელა ვიწყებთ შესაბამის რეპერტუარზე ზრუნვას და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.

– ძალიან აქტიური ხარ, დროს არ კარგავ და სიახლეებიც სულ გაქვს.

– ჩვენს სფეროში ფეხის მოკიდება რთულია, ამას წლები სჭირდება. თავიდან უამრავი დაბრკოლებაა, ბევრი არ დაგიდგება გვერდით. ცდილობენ, დისტანცირდნენ, მანამ, სანამ შედგები, შემდეგ უკვე შენითაც კი იკვალავ გზას. ამ პროცესში ბევრი გულისწყვეტაა. „ახალია, გუშინ გამოჩნდა და...“ – პირველ ნაბიჯებს ეს დამოკიდებულება ახლავს და რთულია, ადამიანებს დაუმტკიცო, რომ შენ შეგიძლია. ამიტომ არ უნდა გაჩერდე. ერთი კარი დაიკეტება, მეორეში უნდა შეხვიდე. ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერი უნდა იყო. არაერთხელ მიტირია ღამღამობით, ვნერვიულობდი, რისთვის ვწვალობ-მეთქი, მაგრამ მეუღლე, რომელსაც ამ სფეროში დიდი გამოცდილება აქვს, სულ მაფრთხილებდა, ამ სამყაროში რომ შედიხარ, ამისთვისაც მზად უნდა იყოო. რაღაცები დროში გაიწელა, მაგრამ ღვთის წყალობით, კეთილი ადამიანებიც შემხვდნენ, რომლებიც პოპულარობამდე დამიდგნენ გვერდში და ზემოთ ასვლაში დამეხმარნენ. როცა მასალა კარგი ხარ, არ უნდა დაიკარგო. კარგი სიმღერა, ვოკალი, გარეგნობა – ყველაფერი ერთად საუკეთესო ტანდემს ქმნის და მერე აუცილებლად ბევრი უნდა იშრომო რეალიზებისთვის.

– ალბათ, მეუღლე არ გაძლევს გაჩერების უფლებას, ცრემლიან თუ სხვა მძიმე მომენტში.

– ასეა, მეუღლე მაძლიერებს და მარწმუნებს, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია, რომ ეს სირთულეები იმ გზის ნაწილია, რომელიც მე უნდა გავიარო. მთავარია, ამ გზაზე მყარად ვიდგე, სწორი ხაზი ავირჩიო და მას არ გადავუხვიო. რისიც გწამს, ის აუცილებლად ხდება. ერთხელ და ორჯერ არ გამოგივა? არ უნდა დანებდე! შეიძლება, ზუსტად ერთი ნაბიჯი გაკლდეს სასურველი შედეგის მიღწევამდე და მაშინ თქვა, რომ აღარ შეგიძლია და ფარ-ხმალი დაყარო. არადა, ასე ცოტაა გამარჯვებამდე. ამიტომ არ უნდა გაჩერდე, უკან არ უნდა დაიხიო. არც ის უნდა დაგავიწყდეს, რომ ყველას ვერ მოეწონები, შენ შენი უნდა აკეთო, იყო ის, რაც ხარ და არავის მიბაძო. თუ ვინმეს არ მოეწონები, ეს მისი პრობლემაა. მთავარია, თავდაჯერებულება გქონდეს. დღეს თუ არ გამოგდის საუკეთესოდ, ხვალ გამოგივა.

– გარეგნობაზეც განსაკუთრებულად ზრუნავ?

– კი, ვიზუალზე ვზრუნავ. მნიშვნელობა არ აქვს, ეკრანზე გამოვჩნდები თუ არა, სარკეში რომ ჩავიხედავ, ჩემი თავი უნდა მომეწონოს. ეს მაბედნიერებს და როცა მე ბედნიერი ვარ, მერე გარშემომყოფებსაც ვაბედნიერებ. თუ კარგად ვერ გამოვიყურები ან რამდენიმე კილოგრამი მაქვს მომატებული, დეპრესიაში ვვარდები. ვცდილობ, მაშინვე თავს შემოვუძახო, ვიწყებ ვარჯიშს, გავრბივარ კოსმეტოლოგთან პროცედურებზე, თმას ვიღებავ და ასე შემდეგ (იცინის). სულაც სახლში რომ ვიყო, მაღაზიაშიც არ ჩავალ მოუწესრიგებელი. მე, პირველ რიგში, საკუთარ თავს ვცემ პატივს, შემდეგ სხვას.

– ურთიერთობის საწყის ეტაპზე საყვარელი ადამიანებისთვის განსაკუთრებულად ვიპრანჭებით. მეუღლესთან მიმართებით წლების შემდეგაც ასეა?

– სხვათა შორის, ერთადერთი, ვისაც ვეპრანჭები, ჩემი თავია. ის, ვისთვისაც მინდა, საუკეთესოდ გამოვიყურებოდე, საკუთარი მეა. ვთქვათ, ჩავიცვი რაღაც, რაც ჩემს მეუღლეს მოსწონს, მაგრამ მე – არა, გამორიცხულია, დავიტოვო. მე თუ არ მომწონს, თავს კომფორტულად ვერ ვიგრძნობ. ასე იყო შეყვარებულობის დროსაც. თუმცა, ჩემს მეუღლეს რომ ჰკითხოთ, გეტყვით, რომ მოუწესრიგებელი არ ვახსოვარ. სახლშიც ასე ვარ, ჩემი წიკები მაქვს (იცინის). ნივთებს თავის ადგილს რომ მივუჩენ, მერე ოდნავ შეცვლილი თუ მომეჩვენება, უკვე დისკომფორტს განვიცდი. გარშემო ყველაფერი მოწესრიგებული უნდა იყოს, რომ თავი კარგად ვიგრძნო. თუ ყველაფერი წესრიგშია, განწყობაც კარგი მაქვს და ეს განწყობა გადაეცემა ჩემს მეუღლესაც (იცინის). ამიტომ ვცდილობთ, ყველა წესი დავიცვათ, რომ ყველა ბედნიერი ვიყოთ (იცინის). რა ვქნა, შეიძლება, უცნაურია, მაგრამ პირველ რიგში, საკუთარ თავს ვეპრანჭები. სხვის მოსაწონად არ ვიცვამ ლამაზად და არც ვწესრიგდები.

– როგორ ზრუნავ ვიზუალზე?

– გენეტიკაც მეხმარება, გამხდარი ვარ, მაგრამ თუ ღამე ჭამას მოვუმატე, რამდენიმე კილოგრამი „გამირბის“. ასეთ დროს ვცდილობ, ვივარჯიშო. ბავშვთან და მუდმივ რეპეტიციებთან ერთად ეს ყოველთვის არ გამომდის, მაგრამ როცა საჭიროა, მაშინ ვახერხებ. ვცდილობ, ტკბილს და ცომეულს მოვერიდო. ბევრი ხილი და დიდი რაოდენობით წყალი ძალიან მეხმარება. ვიზუალზე როგორც არ უნდა ვიზრუნოთ, შინაგანადაც თუ მოწესრიგებულები არ ვიქნებით, სასურველი შედეგი არ გვექნება.

– სტილს რის მიხედვით ირჩევ?

– ხასიათის მიხედვით. ჩემი ჩაცმულობა მთლიანად ჩემს ხასიათს გამოხატავს. მოდის ტენდენციების მიუხედავად, არ მიყვარს ძალიან მკვეთრი ფერები. მინიმალიზმი მიზიდავს, კლასიკური სამოსი მიყვარს. სპორტულად რომ ვიცვამ, იქაც აუცილებლად ვურევ კლასიკურ ელემენტებს. ამბობენ, რომ კარგი გემოვნება მაქვს და კარგად ვიცვამ.

– სამოსის შერჩევისას ფასს რამდენად აქცევ ყურადღებას?

– ტანსაცმელს იშვიათად ვყიდულობ. მირჩევნია, იშვიათად ვიყიდო და ხარისხიანი, ვიდრე ხშირად და უხარისხო. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, თუ ყოველ საღამოს სხვადასხვა სამოსი მჭირდება, ბევრის და უხარისხოს შეძენას, მირჩევნია ხარისხიანი ვიქირავო. გასაგებია, რაც უფრო ნაკლები ღირს ესა თუ ის რამე, მისი ყიდვა უფრო მოსახერხებელია, მაგრამ იმდენად მალე ფუჭდება, რომ მოგებული მაშინ ხარ, როცა ძვირს იხდი. ტანსაცმელი იქნება, აქსესუარი თუ სამკაული, ხარისხი ყველაფერში მნიშვნელოვანია. არ არსებობს ხარისხიანი და იაფი. ყველაფერი კარგი ძვირია.

– მეუღლე სიურპრიზებით თუ განებივებს?

– სიურპრიზებსაც მიწყობს, მაგრამ იშვიათად, ძირითადად, შეთანხმებულად მივდივართ და ვიძენთ ხოლმე, რაც გვჭირდება. რომანტიკული არის, მაგრამ გარკვეულწილად და ისიც ჩემი წყალობით (იცინის). საერთოდ, ქალწულები ძალიან რეალისტები არიან, რომანტიზმი და ცაში ფრენა უფრო მე მახასიათებს, მე ზოდიაქოთი სასწორი ვარ. ბევრი ლამაზი საღამო მომიწყვია მეუღლისთვის, ვახშამზე დამიპატიჟებია და საჩუქრებიც მიჩუქებია.

– ჩაცმულობასთან დაკავშირებით რამეს აპროტესტებს?

– არაფერი აქვს გასაპროტესტებელი, ამ ბოლო დროს ჩემი გარდერობის 80 პროცენტი შარვალი და პიჯაკია, დანარჩენი კი – კაბები გადაღებებისთვის, თუმცა, ბექა თვითონ არ არის ასეთი ტიპაჟი. საერთოდ, მე ვფიქრობ, რომ ქალი ზედმეტი გამომწვეობისა და „შეხსნილობების“ გარეშეც შეიძლება, იყოს ძალიან ლამაზი, მიმზიდველი და სასურველი. ალბათ, შეხედულებები ასაკთან ერთად იცვლება. ადრე ვფიქრობდი, რომ თუ სამოსში ფეხი ჩანდა, ქალი უფრო ლამაზი იყო, ახლა მგონია, რომ შეიძლება, დაფარული გქონდეს სხეული, მაგრამ მის სილუეტს ისე გაუსვა ხაზი კლასიკურ სამოსში, რომ დაფარულთან ერთად ბევრად უფრო სასურველი და ლამაზი იყო, ვიდრე მოშიშვლებული ფეხით.

P.S. ყდაზე გამოყენებული ფოტო ეკუთვნის Omo Studio-ს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი