შოუბიზნესი

როგორ აიცილა მაიკო ჭაფოძემ კრიზისული პერიოდი მეუღლესთან ურთიერთობაში და როგორ ასწრებს ის ყველაფერს ერთად

№18

ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:00 09.05, 2022 წელი

მაიკო ჭაფოძე
დაკოპირებულია

ჟურნალისტი მაიკო ჭაფოძე წარმატებულ პროფესიულ საქმიანობასთან ერთად, ოჯახურ პასუხისმგებლობებსაც არაჩვეულებრივად ართმევს თავს და ფიქრობს, თუ ადამიანი მოინდომებს, საკუთარ თავსაც დაუთმობს საკმარის დროს, მეუღლესა და შვილსაც არ მოაკლებს მზრუნველობას და არც პროფესიული განვითარება დარჩება ყურადღების მიღმა.

მაიკო ჭაფოძე: ოჯახური ცხოვრება საოცრად სასიამოვნოა. გათხოვებამდეც ოჯახთან ერთად ვცხოვრობდი და ვიცოდი მისი მნიშვნელობა, მაგრამ საკუთარი ოჯახი კიდევ სხვა განზომილება ყოფილა. მით უმეტეს, როცა შვილი გყავს. სირთულეები ჩემსა და დათოს ურთიერთობაშიც იყო, მაგრამ ისეთი არაფერი, რომ ვერ გავმკლავებოდით. პირიქით, სირთულეებმა ჩვენი ურთიერთობა გააძლიერა, ზუკამ კი დააგვირგვინა ჩვენი სიყვარულის ამბავი.

– როგორი დედაა მაიკო?

– ამბობენ, რომ კარგი. სულ ვფიქრობ, რა არის მისთვის საჭირო, სამსახურიდან მოვდივართ თუ არა, მაშინვე ზუკა მიგვყავს სასეირნოდ, მაქსიმალურად ვცდილობთ, დღეში რამდენიმე საათი მე და დათომ ზუკასთან ერთად გავატაროთ. დაღლილები ვიქნებით თუ თავი გვტკივა, ამას არ აქვს მნიშვნელობა. გვინდა დავტკბეთ მისით. ტელევიზიას დიდი დრო სჭირდება და შეიძლება, ზუკას, რაღაც დოზით, დედის დეფიციტი აქვს, მაგრამ ვცდილობ, ეს პრობლემა არ იყოს. მე რომ სამსახურში მივდივარ, მაშინ ზუკას სძინავს, როცა იღვიძებს, ჩემი ეთერიც დასასრულს უახლოვდება და ეკრანზე მიყურებს. ეთერის დასრულებისთანავე სახლში მოვდივარ და შუადღემდე, მის დაძინებამდე ერთად ვართ. ის რომ იძინებს, მე ისევ სამსახურში მივდივარ და საღამოს რომ ვბრუნდები, როგორც უკვე ვთქვი, მე და დათოს სასეირნოდ მიგვყავს. ვცდილობთ, დაძინებამდე დრო მისთვის და სამივესთვის სასიამოვნოდ გავატაროთ.

– როცა პატარები ჩნდებიან, ქმრები წუხან ხოლმე, რომ ცოლები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ...

– არა მგონია, ასე იყოს (იცინის). დათოს ჯერ არ დაუწუწუნია. შეიძლება, ოდნავ წამოიწუწუნოს, მაგრამ დიდად არა, იმიტომ, რომ მაქსიმალურად ვანაწილებ ყურადღებას ორივეზე, სულ ერთად ვართ.

– თვითონ დარჩა ისეთი ყურადღებიანი, როგორიც შეყვარებულობის დროს იყო? მგონი, ყველამ იცის, მაშინ როგორ სიურპრიზებს გიკეთებდა...

– სხვათა შორის, კი. რომანტიკული არის და ეს ბოლომდე შეინარჩუნა. მზრუნველი და ყურადღებიანია, დღემდე მანებივრებს. ბოლოს, სამ მარტს მომიწყო სიურპრიზი. რომანტიკული ვახშამი მაჩუქა კახეთის ერთ-ერთ რესტორანში და ერთად არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ. სხვათა შორის, მეც მიყვარს მისი გახარება. მაგრამ მე უფრო სხვანაირი სიურპრიზები მახასიათებს. საყიდლებზე რომ მივდივარ, ვუყიდი სუნამოს, რომელიც მას უყვარს, ვიცი, როგორი მაისური, საათი ან კეპი მოეწონება და ისეთს ვაჩუქებ. მე უფრო პრაქტიკული საჩუქრები მიყვარს.

– როგორ შეცვალა ზუკამ თქვენი ურთიერთობა?

– ზღვა ბედნიერება შემოიტანა ჩვენს ურთიერთობაში. მიუხედავად იმისა, რომ პანდემია დაგვემთხვა, არ გვქონდა მეგობრებთან ხშირი ურთიერთობა, მართლა გულწრფელად ვამბობ, ვერც ვხვდები, ამხელა დრო ასე სწრაფად როგორ გავიდა. ზუკა უკვე ორწლინახევრისაა. ამ პერიოდში უფრო დავუახლოვდით ერთმანეთს. ამ პერიოდმა უფრო გაგვზარდა, ერთმანეთი სხვა კუთხით დაგვანახვა. დღემდე ყველაფერი იდეალურად არის. კრიზისული პერიოდები ჯერ არ გვქონია და იმედი მაქვს, არც გვექნება. ეს, ალბათ, იმის დამსახურებაც არის, რომ ზუკას დაბადებიდან სამ თვეში მე სამსახურში გავედი. დათოც სულ მუშაობდა. როცა რამდენიმე თვე სახლში ზიხარ, თავის მოვლა გიჭირს, ხელი გაქვს ჩაქნეული და მარტო ბავშვზე ხარ გადართული. მე მგონია, რომ ადამიანზე ეს არც თუ ისე კარგად მოქმედებს, თუმცა ზუსტად ვერ ვიტყვი. ჩვენ ცხოვრება ჩვეული რიტმით გავაგრძელეთ, უბრალოდ, ჩვენი სიყვარულის ძალიან დიდი ნაყოფი დაგვემატა. საღამოს სახლში რომ მოვდივართ, ერთმანეთიც გვენატრება, ზუკაც და ერთად, რაც შეიძლება, კარგ დროს ვატარებთ. მთელი ეს პერიოდი რომ სახლში ვმჯდარიყავი და მუშაობა არ გამეგრძელებინა, შეიძლება, ჭკუიდან გადავსულიყავი, ამას გულწრფელად ვამბობ. ალბათ, აგრესია მექნებოდა, მილიარდჯერ დავურეკავდი დათოს კითხვით – სად იყო და როდის მოვიდოდა. ახლა მუშაობაში დრო ისე სწრაფად გადის, ვერც ვხვდები.

– ოჯახის გოგოობა რამდენად გამოგდის? დილის ეთერიდან გამომდინარე, დღის საუზმისა და სადილების მზადებით დაწყება წარმოუდგენელი იქნება.

– სხვათა შორის, მეუბნებიან, რომ ძალიან კარგი მზარეული ვარ. რა კერძსაც ვამზადებ, ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ დილა საუზმის მომზადებით იწყება. ეს პერიოდი დედა არის ჩემთან და ძალიან მეხმარება. გვერდზე სადარბაზოში ცხოვრობს ჩემი დედამთილი და ისიც მეხმარება.

– დედამთილთან და სიდედრთან ურთიერთობები, როგორც ვხვდები, კარგად აეწყო...

– დათო სიდედრთან ერთად უკვე ორწელიწად-ნახევარია, ცხოვრობს და ძალიან მეგობრული ურთიერთობა აქვთ. პატივს სცემენ ერთმანეთს, დედაჩემი სულ გვეხმარება, სადმე წასვლა რომ გვინდა, ყველანაირად ხელს გვიწყობს. დედამთილთან ვდაქალობ, მეგობრები ვართ. „ნატო დეიდას“ ვეძახი, ტელეფონშიც ასე მყავს ჩაწერილი და ყველას ეღიმება ხოლმე, როცა ნატო დეიდა რეკავს. თავიდან რომ გავიცანი, ნატო ვერ დავუძახე, შეყვარებულობის პერიოდში დეიდათი მივმართავდი და მას შემდეგ შემორჩა დეიდად. თვითონ სულ მეუბნება, ნატო დამიძახეო, მაგრამ ჩემთვის ასე უფრო კომფორტულია და ისიც იღებს.

– ჩვეული ფორმის დაბრუნება როგორ მოახერხე?

– არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოდუნდე და საკუთარ წონას უნდა დაუბრუნდე. ორსულობის დროსვე უნდა გაუფრთხილდე თავს და ყველაფრის ნება არ უნდა მისცე. მე კი ასეთი მიდგომა მქონდა: ორსულად ვარ და მეპატიება, ორსულად ვარ და მჭირდება. ჩემი და დათოს ბრალია. დათოც ძალიან დამფოფინებდა თავს და რაც მომინდებოდა, ყველაფერს ყიდულობდა ჩემთვის. თავს არაფერს ვუკრძალავდი და ორსულობის დროს 35 კილოგრამი მოვიმატე. არადა, იმ დროს რომ დამეწყო ზრუნვა და თავისთვის ზედმეტის უფლება არ მიმეცა, მერე ერთბაშად დიდი ძალისხმევის გამოჩენა არ დამჭირდებოდა. მშობიარობის შემდეგ, ჩვეული ფორმის დასაბრუნებლად, სულაც არ არის საჭირო დარბაზში იარო. დღეს ციფრული სამყარო ისეა განვითარებული, იმდენნაირი ვარჯიში არსებობს დღეებზე გათვლილი, რომ სახლშიც მიაღწევთ შედეგს. დღეში 15-20 წუთის საკუთარი თავისთვის დათმობა და ვარჯიში არ უნდა დაგვეზაროს. მშობიარობის შემდეგ, პირველივე დღეს უნდა აკრძალოთ ცომეული, ცხიმი და ტკბილეული. ეს ლაქტაციას, რა თქმა უნდა, არ ეხება. მე ეს პერიოდი არ გამივლია, ამიტომ მკაცრ დიეტებს მივმართე და ორ კვირაში 7 კილოგრამი დავიკელი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი