შოუბიზნესი

როგორ აღმოჩნდა სოფო გორელაშვილი ყოფილი ქმრის საყვარლის როლზე და რა შესძინა მას დიდ ვარსკვლავებთან თანამშრომლობამ

№20

ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00 23.05, 2022 წელი

სოფო გორელაშვილი
დაკოპირებულია

მსახიობი სოფო გორელაშვილი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს ახალ სერიალში – „სიყვარულს მიღმა“, რომელიც „საზოგადოებრივ არხზე“ გადის.

სოფო გორელაშვილი: ბოლო პერიოდში, ცოტა ხნით საქართველოში არ ვიყავი და რომ დავბრუნდი, სულ სხვა გეზი მქონდა აღებული, მაგრამ ამ პერსონაჟთან დაკავშირებით დამირეკეს და სპონტანურად აღმოვჩნდი სერიალში – „სიყვარულს მიღმა“. სერიალზე ან ფილმზე მუშაობა გეგმაში არ მქონდა, მაგრამ ახლა კმაყოფილი ვარ. სერიალში რეალობას მიახლოებული პერსონაჟები არიან და ჩემი პერსონაჟი – ანა ქალების იმ კატეგორიას მიეკუთვნება, ვინც არ იცის, რა უნდა ცხოვრებაში. თავიდან ძლიერი და მტკიცე ჩანდა, მაგრამ სინამდვილეში, საკმაოდ არეული და მერყევი აღმოჩნდა. ბედნიერების ძიებაშია, რაც ბუნებრივია, მაგრამ ღალატი ღალატია, ამას ვერ გაამართლებ. თუმცა, შეიძლება, ახსნა და ამიტომ, ძალიან ვცდილობ, ანამ მაყურებლისგან თანაგრძნობა მიიღოს და არა გაუთავებელი ლანძღვა (იცინის). იგივე რომ კაც პერსონაჟს გაეკეთებინა, ბევრად მეტი თანაგრძნობა მოჰყვებოდა ან სულაც იუმორით შეხედავდნენ, მაგრამ ქალის ღალატის მიმართ პროტესტი დიდია. თუ ვაპროტესტებთ, მაშინ ორივე უნდა გავაპროტესტოთ – ქალისაც და კაცისაც, რადგან ღალატი ღალატია. თუმცა, ვხვდები, რომ ანა, ასე თუ ისე, მაინც გალანძღული იქნება და მეცოდება (იცინის). მას იდეალური ქმარი ჰყავს და როგორ შეიძლება, ასეთ კაცს უღალატო, როგორი უმადური გოგოა – ეს დამოკიდებულება იგრძნობა. არადა, შეიძლება, ზუსტად ეს იდეალურობა არ სჭირდება ანას, უფრო სიღრმისეულ ურთიერთობას ეძებს. რა ვქნა, მე მიყვარდება ხოლმე ჩემი პერსონაჟები და ყოველთვის გიჟივით ვცდილობ, დავიცვა (იცინის).

– სხვა ქვეყანაში ვიყავი ბოლო პერიოდშიო. რასთან დაკავშირებით?

– გერმანიაში ვიყავი რაღაც პერიოდი, შვილიც იქ მყავდა და რაღაცებს ვსაქმიანობდი, თუმცა ამაზე დეტალურად საუბარი არ მინდა. ასე იყო „თესეას“ გადაღებების დროსაც და ჩამოვდიოდი ხოლმე. მერე დავბრუნდი, მაგრამ ვიფიქრე, რადგან მსახიობის პროფესია საკმაოდ დაბალანაზღაურებადია, სხვა გეზს ავიღებ, სხვა პროფესიასაც დავიმატებ-მეთქი. მინდოდა, რაღაც მესწავლა, სხვა კუთხით გამომეცადა თავი, მაგრამ მაინც შემომიტყუეს ამ სერიალში (იცინის). ძალიან მყავდა მომართული საკუთარი თავი, მაგრამ ვინ გაცადა (იცინის).

– როგორ გახდი მსახიობი, როგორი იყო პირველი ნაბიჯები?

– ჩემთვის არ იყო ერთი ცხოვრება საინტერესო, მინდოდა, ბევრი მეცხოვრა და ამისთვის მსახიობობა ყველაზე შესაფერისი პროფესია აღმოჩნდა (იცინის). ოჯახის მოთხოვნით, თავიდან სხვაგან ჩავაბარე და ერთი წლის შემდეგ გადმოვედი თეატრალურში. გამიმართლა და როგორც კი უნივერსიტეტი დავამთავრე, მთავარ როლზე მოვხვდი რუსულ-უკრაინულ-ბელარუსულ პროექტში. უკრაინასა და ბელარუსში ვცხოვრობდი. ნამდვილ ვარსკვლავებთან მომიწია თანამშრომლობა, ქოლგით რომ დაგყვება ტიპი, არ გაცივდეო, კვების რაციონს გიდგენენ და თან გყვებიან, ისეთ გარემოში ვმუშაობდი და არც კი მჯეროდა. საოცარი გამოცდილება მივიღე, ძალიან გავიზარდე. ვნახე, როგორ აფასებდნენ მსახიობს, მის მუშაობას და ეს ჩემში არანორმალურ პასუხისმგებლობას იწვევდა. ბევრს ვმუშაობდი საკუთარ თავზე, შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაკეთებდი. შაბათ-კვირას რომ დამჭირდებოდა თბილისში ჩამოსვლა, უსიტყვოდ ამიღებდნენ ბილეთს და მიშვებდნენ, ყველაფერს ითვალისწინებდნენ. ძალიან დიდ ვარსკვლავებთან ურთიერთობამ, ხომ, საოცრად ბევრი მასწავლა. მოკლედ, ფინანსური თუ პროფესიონალური თვალსაზრისით, უდიდესი კომფორტი და ძალიან მაღალი დონე იყო.

– დაბრუნება არ გაგიჭირდა?

– თავიდან – ძალიან. ამის შემდეგ აქ რომ გადაღებაზე გავიყინე და გავითოშე, მივხვდი, რომ ჩვენთან სულ სხვა რეალობა იყო და სრული შოკი მქონდა (იცინის). სინამდვილეში, ჩვენთან ყველანი კარგები არიან, მაგრამ მუშაობის ისეთი კულტურა არ გვაქვს, როგორიც მათ. მქონდა შემოთავაზება, ისევ იქ გამეგრძელებინა, მაგრამ ბავშვს ვერ დავტოვებდი. თან, აგენტები რუსები იყვნენ, მაშინ საცხოვრებლად იქ უნდა გადავსულიყავი და ამას ვერ გავაკეთებდი.

– შეიძლება, სხვა მასშტაბებია, მაგრამ აქაც საკმაოდ აქტიური ხარ. ამ სერიალამდე ერთ-ერთი მთავარი როლი გქონდა „თესეაში“, რომელსაც საკმაოდ კარგი შეფასებები მოჰყვა.

– რომ დავბრუნდი, ნელ-ნელა მოვერგე აქაურობას. დაიწყო „მზარეულები“, სადაც ასევე მთავარი როლი მქონდა და წელიწად-ნახევარი მთელი გუნდი ერთ ოჯახად ვცხოვრობდით და ის დრო ფანტასტიკურად მახსენდება. შემდეგ იყო „ჩცდ“, საიდანაც „თესეაში“ გადმომიყვანეს და ახლა ვარ სერიალში – „სიყვარულს მიღმა“. ყველგან გემრიელი და დატვირთული როლები მქონდა, რაც ჩემთვის ძალიან კარგია.

– შვილზეც ვიკითხავ – როგორი დედა ხარ?

– მკაცრი ვარ. მე და საბა ძალიან ვმეგობრობთ, მაგრამ მაქვს მოთხოვნები, რომელიც აუცილებლად შესრულებული უნდა იყოს. ჩემი მოთხოვნები, სტანდარტულად, სწავლასა და დროის სწორად გადანაწილებას ეხება. სხვა მხრივ, შვილს ძალიან თავისუფლად ვზრდი და ისიც მზრდის. უკვე ბევრს ვსწავლობ მისგან და ამაყი ვარ ჩემი შვილით. აქტიური, დამოუკიდებელი და თავისუფალი ბავშვია. შეთანხმებებიც გვაქვს – სადმე ერთად თუ მივდივართ, ტანსაცმელს ჩემთან ერთად არჩევს. თუ მეგობრებთან ერთად მიდის, გამომდინარე იქიდან, რომ სკეიტერია, მისი ვიზუალიც შესაბამისია. დრედები, სკეიტი და სრული თავისუფლება, რაც უნდა, იმას იცვამს და იხურავს. ხშირად მე თვითონ ვეკითხები ხოლმე რჩევებს. სხვათა შორის, ერთად ვუყურებთ სერიალს და რაღაცებს განვიხილავთ.

– თვითონ თუ ამაყობს დედით, როგორც მსახიობით?

– ამით მე და საბა ძალიან ვგავართ ერთმანეთს. სადმე რომ მკითხავენ, ვაიმე, თქვენ ის ხართ? ვწითლდები და არ ვიცი, რა გავაკეთო, ვიღიმი და სადღაც, სივრცეში ვიყურები (იცინის). ეს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში მაგდებს. საბაც ასეა. ერთხელ სკოლაში რომ მივაკითხე, ბავშვები გამოიქცნენ, ზოგი კედელს მიეჯახა, ზოგი ძირს დავარდა, ძალიან აჟიტირდნენ, სავარაუდოდ, უყურებენ ამ სერიალს და ამ დროს, მე და საბა, ორივე ზუსტად ერთნაირად ვიდექით და სად წავსულიყავით, არ ვიცოდით (იცინის). ამაყად გავლა ან სიხარული, ვაიმე, დედაჩემის მიმართ როგორ სიყვარულს გამოხატავენო კი არა, ორივე საოცრად უხერხულად ვგრძნობდით თავს (იცინის). მოკლედ, მე და ჩემი შვილი ცოტა უცნაურები ვართ (იცინის). შეფასებას რაც შეეხება, ჩემ მიმართ საკმაოდ კრიტიკულია. ძალიან მამხნევებს, მაგრამ თუ რომელიმე სცენა არ მოეწონა, მომიბრუნდება და მეუბნება, ეს რა უბედურებააო? (იცინის).

– საბას მამასთან – მსახიობ როლანდ ოქროპირიძესთან ოჯახური ურთიერთობა დასრულდა, მაგრამ როგორც ვიცი, მეგობრობთ.

– ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. თავიდან ასე არ ყოფილა. მარტივად არ ხდება, დრო არის საჭირო, რომ რაღაცები „გადახარშო“. მაგრამ ბოლო სამი წელია, საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. რჩევა იქნება, დახმარება თუ სხვა საჭიროება, ერთმანეთის გვერდით ვართ. სასაცილო ამბის გაზიარება, ერთად გართობა, დარეკვა, მოკითხვა, გასეირნება ჩვენთვის ძალიან ჩვეულებრივი ამბავია. „თესეაში“ საყვარლების როლებიც ვითამაშეთ. ისეთი ჯანსაღი ურთიერთობა გვაქვს, ბევრს რომ შეშურდება (იცინის). თავიდან ჩვენც არ გვეგონა, რომ ასე იქნებოდა, მაგრამ ახლა ერთმანეთისთვის ისევ ოჯახის წევრები ვართ, დედამისთანაც ძალიან ვმეგობრობ და ერთი დიდი ოჯახივით გამოვდივართ.

– ყოფილი მეუღლის საყვარლის როლს რომ გთავაზობენ, ალბათ, ეს ცხოვრებისეული კომედიაა.

– (იცინის) არ ვიცი, შეიძლება, შეგნებულადაც გააკეთეს, მაგრამ ამაზე მართლა ძალიან ბევრი ვიცინეთ და გადაღებებზეც ძალიან ვხალისობდით. საბაც შოკში იყო, ვერ გავიგე, თუ ასე კარგად ხართ, მაშინ რატომ დაშორდითო (იცინის).

– მეორედ აღარ დაქორწინებულხარ...

– ჯერჯერობით არ შევეხები ჩემს პირად ცხოვრებას. ეს თემა მომავლისთვის დავიტოვოთ (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი