შოუბიზნესი

როგორ აღმოჩნდა მარი დუა ნამდვილ „ჰოლივუდში“ და რის გამო მოხვდა ის ამერიკული ჟურნალის გარეკანზე

№32

ავტორი: ქეთი მოდებაძე 23:00 15.08, 2022 წელი

მარი დუა
დაკოპირებულია

ამერიკაში მარი დუა დამწყები ქართველი არტისტია, რომელიც მცირე თუ ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებებით საკუთარ თავს თავდაჯერებულობას მატებს და გზა, რომელიც საქართველოში უკვე გაიარა, მომხმარებლებიც შეიძინა და უამრავი გულშემატკივარი გაიჩინა, უნდა ახლა ამერიკულ რეალობადაც აქციოს.

მარი დუა: საქართველოში ჩემი ბრენდი მაქვს სახელწოდებით – Keli stones. ვმუშაობთ ნატურალურ ქვებზე და ვამზადებთ ხელნაკეთ სამკაულებს. გარდა ამისა, 2016 წელს შევქმენი პირველი მინერალების ქართულენოვანი ენციკლოპედია, რომელიც მოიცავს სრულ ინფორმაციას მინერალურ ქვებზე. მანამდე, ქართულ ენაზე მხოლოდ ხუთ-ექვს ქვაზე იძებნებოდა ინფორმაცია. ახლა ნებისმიერი ქვა რომ „დაგუგლოთ“, ჩემს სტატიებს ამოგიგდებთ. ამან ძალიან შეუწყო ხელი ჩემი ბრენდის ზრდას და მუშაობა გავაორმაგეთ.

– რატომ გადაწყვიტე ამერიკაში წასვლა?

– ამასობაში საქართველოში რამდენიმე გამოფენა ჩავატარე. ჩვენ მაღაზია არ გვაქვს, რადგან ვცდილობთ, ხარჯები მინიმუმამდე დავიყვანოთ, რომ სამკაულები ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. ვმუშაობთ ონლაინ გაყიდვებზე და პერიოდულად ვაკეთებდი გამოფენებსაც. ერთ-ერთმა ასეთმა გამოფენამ ამერიკული გამოფენის ყურადღება მიიქცია. სამკაულები მოეწონათ და რომ გაიგეს, ამდენი ნაშრომი მქონდა ენციკლოპედიაზე, ძალიან დაინტერესდნენ. მოკლედ, არიზონიდან მივიღე მოწვევა. იქ წელიწადში ორჯერ ატარებენ ყველაზე ცნობილ მინერალების გამოფენას, რაც ჩემთვის ნამდვილად საინტერესო იყო. ამ დროს, როგორც დიზაინერი, მე უკვე ვმუშაობდი საკუთარ კოლექციაზე. მივხვდი, რომ ჩემი კარიერისთვის ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა და გადავწყვიტე, წამოვსულიყავი. ჩამოვედი არიზონაში, გამოფენამ კარგად ჩაიარა, მერე კიდევ მივიღე გარკვეული შემოთავაზებები და მოკლედ, აქ შემოვრჩი. შემდეგ გადავწყვიტე, საქმიანობა ლოს-ანჯელესში გამეგრძელებინა. საერთო ჯამში, თითქმის ოთხი წელია, აქ ვარ.

– როგორი აღმოჩნდა ამერიკული რეალობა?

– პირველ რამდენიმე თვეს არა უშავდა. ვმუშაობდი შემოთავაზებაზე, რომლის გამოც აქ წამოვედი, მაგრამ შანსები, რომელიც ახალ ჩამოსულს მქონდა, ნელ-ნელა გაქრა. მომიწია საკუთარ თავთან მარტო დარჩენა და იმ გზის გავლა, რომელსაც ემიგრანტები გადიან. აქ ერთადერთ ადამიანს ვიცნობდი, რომელიც ჩამოსვლისას აეროპორტში დამხვდა, სასტუმროში მომიყვანა და მას შემდეგ არ შევხვედრივარ. რეალური პრობლემების წინაშე აღმოვჩნდი და დავიწყე იმის კეთება, რაც შემეძლო და რის საშუალებასაც აქაურობა იმ მომენტში მაძლევდა – ეს იყო მაღაზიაში მუშაობა. რვა თვე ვმუშაობდი სიგარეტების მაღაზიაში, 12-14 საათი დღეში, კვირაში ექვსი დღე და საერთოდ დამავიწყდა, რისთვის ვიყავი აქ ჩამოსული. მხოლოდ ქირის, საკვებისა და გზის ფულს ვაგროვებდი. მე რამდენიმე სფეროში მქონდა განათლება, დიზაინერობის გარდა, გრაფიკოსი ვარ, ტრიდე ანიმაციაში ძალიან კარგად ვერკვევი, მაგრამ, როცა ვცდილობდი, ამ სფეროში დამეწყო მუშაობა, რადგან ჩემს რეზიუმეში ნახსენებიც არ იყო ამერიკული გამოცდილება, ყურადღებას არავინ მაქცევდა. გაოცებულები მეკითხებოდნენ, სად არის ან რა არის თბილისი? ამიტომ აქ სხვადასხვანაირი გამოცდილების დაგროვებისთვის ბევრი შრომა დამჭირდა. მოლშიც ვიდექი და ძაღლის საჭმელს ვყიდდი. ჩემი პროფესიისგან ძალიან შორის ვიყავი. ვაკეთებდი იმას, რისი გაკეთებაც მიწევდა. ნელ-ნელა მოვაგროვე გამოცდილება, რეზიუმეში რამდენიმე ამერიკული კომპანიის დასახელება გაჩნდა და აქაურ ცნობილ ბრენდთან თანამშრომლობის არაჩვეულებრივი შანსი მომეცა, მაგრამ დაიწყო პანდემია და ეს ბრენდი საერთოდ დაიხურა.

– ამ დროს გამოჩნდა ქალბატონი, ვინც დააფასა შენი ნამუშევარი და დიდი სტიმული მოგცა.

– როდესაც დღეში 12 საათი, კვირაში 6 დღეს მაღაზიაში მუშაობ და მზის შუქს ვერ ხედავ, ყველანაირი მოტივაცია ქრება. იმ მომენტში აღარც კი მახსოვდა, აქ რისთვის ჩამოვედი და საერთოდ რა მინდოდა. ერთ დღესაც მაღაზიაში შუახნის ქალბატონი შემოვიდა. უკვე საღამო იყო, მაღაზია მალე უნდა დამეკეტა. ნივთები შეიძინა და შემომხედა. გულზე საქართველოში ჩემ მიერ დამზადებული მინანქრის გულსაკიდი მეკეთა. ბოლო ნივთი იყო, რომელიც არ გაიყიდა. მკითხა, სად იყიდეო?! როცა ვუთხარი, რომ თვითონ დავამზადე, გაკვირვებულმა შემომხედა, თუ ასეთ სამკაულებს ამზადებ, სიგარეტების მაღაზიაში რა გინდაო? თან, ეს მაღაზია საკმაოდ ცუდ უბანში იყო. ავუხსენი, ახალი ჩამოსული ვარ და ელემენტარული თანხისთვის ვმუშაობ. რიგი მიზეზების გამო ამ სფეროში არავის ავყავარ და იმდენი ფულიც არ მაქვს, რომ ჩემი საქმე წამოვიწყო-მეთქი. მკითხა, რამდენად მომყიდი ამ სამკაულსო. ვუთხარი, ასეთ ნივთებს საქართველოში 100-150 დოლარად გავყიდდი-მეთქი. არაფერი უთქვამს, იქვე მაღაზიაში, ბანკომატთან მივიდა, თანხა გამოიტანა და მომაწოდა. არც დამითვლია, პირდაპირ ჯიბეში ჩავიდე და გულსაკიდის მოხსნა დავიწყე. გამაჩერა, არ მინდა, დაიტოვე, უბრალოდ; არასდროს დაგავიწყდეს, რის გამო ჩამოხვედი ამ ქვეყანაშიო და წავიდა. კარში გადიოდა, მადლობა რომ მივაძახე. ჯიბიდან თანხა ამოვიღე და რომ გადავითვალე, 500 დოლარი იყო. გაოგნებული ვიდექი.

ეს იყო პირველი სტიმული ჩემთვის. დავფიქრდი, საერთოდ რისთვის ვხარჯავ დროს? დავიწყე თანხის აქტიურად შეგროვება, უკეთესი სამსახურის ძებნა და ის მაღაზია თვე-ნახევარში დავტოვე. ამის შემდეგ დიდ ბრენდთან მუშაობის შანსი გამიჩნდა, მაგრამ კოვიდმა უკან დამხია. თუმცა, ჩემი საქმის კეთება არ შემიწყვეტია, რადგან მიხვდი, რომ ამ ქვეყანაში ამას ფასი ჰქონდა. აქ სამსახურის გარეშე რთულია. ვმუშაობდი, თანხას ვაგროვებდი, მასალას ვყიდულობდი და კოლექციებს ვქმნიდი. შეიძლება, ფეხსაცმელი არ მეყიდა და თანხა მასალაში დამებანდებინა. ბოლო 7-8 თვეა, ამ შრომამ შედეგი გამოიღო.

– რა შედეგებს ვგულისხმობ?

– ამჟამად აქ ოფიციალურად აღარ ვმუშაობ. ძირითადად, ქართულ კოლექციაზე ვმუშაობ და საბედნიეროდ, ჩემი ბრენდის გაზრდას აქედანაც ვახერხებ. ათი წელია, უამრავი ადამიანი მომყვება და მხოლოდ იმიტომ, რომ ამერიკაში წამოვედი, ყველაფერს თავს ვერ დავანებებდი. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩემი ოჯახის ხუთი წევრი ავიყვანე სამსახურში. ეს ჩემთვის დიდი წინსვლა იყო. ბრენდი სწრაფად იზრდება და მეტი ადამიანიც ინტერესდება. ვამზადებ კოლექციებს და საქართველოში ვაგზავნი. აქ კი მარტის თვეში მქონდა ჩემი პირველი კოლექციის დებიუტი, რომელიც ჟურნალმაც გააშუქა. ისე გამიმართლა, რომ ჩემი სამკაულებით ჟურნალის ყდაზე მოვხვდი.

– ასე როგორ დაუახლოვდი საკუთარ ოცნებას?

– ქართულ კოლექციებზე სულ ვმუშაობდი. პარალელურად, ვცდილობდი სხვა ტიპის, ამერიკისთვის უფრო ეპატაჟური სამკაული შემექმნა. მეტად ძვირი მასალებით ბევრად გამომწვევ და თვალში რომ მოგხვდება, ისეთ სამკაულებზე ვმუშაობდი. გადავწყვიტე, სოციალური ქსელისთვის ფოტოსესია გამეკეთებინა. ლოს-ანჯელესში იმიტომ გადმოვედი, რომ აქ შოუბიზნესი და დიზაინური განხრა, ძალიან აქტუალურია. ჩემი იდეით საკმაოდ ბევრ ადამიანს დავუკავშირდი. ფოტოსესიის დაფინანსება საკმაოდ ძვირი ჯდება, რასაც ფიზიკურად ვერ გავწვდებოდი. მთელი თანხა ძვირ მატერიალებში ჩავდე. ამიტომ ვისაც მივწერე, ვეუბნებოდი, რომ მოდელიც მე ვიქნებოდი, გარდერობიც ჩემი მექნებოდა და ორივესთვის მისაღებ კოლაბორაციას გავაკეთებდით. არაერთი უარი მივიღე, მაგრამ ბოლოს, ერთი ძალიან ნიჭიერი ფოტოგრაფი გამომეხმაურა – ძალიან მომწონს შენი სამკაულები, შენი გარეგნობა და მოდი, გავაკეთოთო. გადაღება „ჰოლივუდში“, ერთ-ერთ მაღალსართულიან შენობაში იყო. მე-19 სართულზე სულ სტუდიები იყო განლაგებული და ყველგან გადაღებები მიმდინარეობდა. ეს ნამდვილი „ჰოლივუდი“ იყო, აბსოლუტური შოკი მივიღე (იცინის). სამოდელო გამოცდილება არ მქონდა, მაგრამ „იუთუბიდან“ ვცდილობდი, პოზირება მესწავლა, რომ გამოუცდელობა არ შეემჩნიათ. შევეცადე, პროფესიონალურად მოვქცეულიყავი, მაგრამ არაფერი ვიცოდი (იცინის). იქ საოცრად პროფესიონალური გარემო დამხვდა, სრული გუნდით. ჩემი ინტერესები მაქსიმალურად გაითვალისწინეს, რამდენიმე საათი ვიღებდით. ერთი თვის შემდეგ ფოტოგრაფმა გამომიგზავნა ფოტოები და მითხრა, წინააღმდეგი ხომ არ იქნები, ეს ფოტოები ერთ-ერთ ჟურნალში რომ გავგზავნოო და სიხარულით დავთანხმდი. მალე მომწერა, ვერ წარმოიდგენ, ჩვენი კოლაბორაცია ყდაზე მოხვდაო. შედეგი რომ ვნახე, მთელი ჩემი ახლობლები შამპანურებს ვსვამდით (იცინის). ელექტრონული ვერსია კიდევ სხვა არის, სანამ დაბეჭდილი ვარიანტი არ ვნახე, არ დავიჯერე, რომ ეს ყველაფერი რეალური იყო. როგორც შემდეგ გავიგე, ამ ჟურნალისთვის დამწყები არტისტები განსაკუთრებით საინტერესოა.

– რას ნიშნავს ეს შენთვის?

– არტისტს, ალბათ, ყოველთვის გაქვს შინაგანი ბჭობა – მართლა არტისტი ხარ თუ არა. იგონებ, ილუზიებში ცხოვრობ და თავს იტყუებ თუ რეალობაა. ეს ჩემთვის ნიშნავს, რომ ამდენი ხანი ილუზიებში არ მიცხოვრია და თუ გავაგრძელებ და ჩემს ხელოვნებას დიდ დროს დავუთმობ, ის აუცილებლად სადღაც წამიყვანს. ეს არ არის მხოლოდ მატერიალური მოგება, გაცილებით მეტია – საკუთარი თავის რწმენაა. მჯერა, რომ თუ მოვინდომებ, მოვახერხებ კიდეც.

– ამერიკაში საკუთარი სამკაულების რეალიზების გზები თუ იპოვე?

– ამ კოლექციის ნაწილი უკვე გავყიდე. მინდა, ვებსაიტი შევქმნა, სადაც ჩემი კოლექციები დაიდება, მაგრამ ეს ჯერ ვერ მოვახერხე და ამ მომენტისთვის ადგილობრივ ბუტიკებთან ვთანამშრომლობ. ეს შეიძლება, განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ ვხედავ, რომ მეტის გაკეთებაც შეიძლება და ვიმედოვნებ, რომ ასეც იქნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი