შოუბიზნესი

როდის უწევს ნინო ყიფშიძეს კალათბურთელ გოგონებთან სიმკაცრის გამოჩენა და როგორ გაანებივრეს ისინი ქართველმა ემიგრანტებმა

№32

ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:00 15.08, 2022 წელი

ანა ნამგალაძე
დაკოპირებულია

საქართველოს 18 წლამდე გოგონათა საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონია. ნინო ყიფშიძის და ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის ფინალურ მატჩში მალტა დამაჯერებელი სხვაობით 37:61 დაამარცხა.

ანა ნამგალაძე (კაპიტანი): მთელი გუნდი ძალიან ამაყები ვართ ამ გამარჯვების გამო. როდესაც საქართველოს სახელით გამოდიხარ, როდესაც მაისურზე საკუთარი ქვეყნის დროშას ხედავ, არჩევანი არ გაქვს, გამარჯვებისთვის ბოლომდე უნდა დაიხარჯო. ჩემი აზრით, ჩვენმა გუნდმა ეს შეძლო, მაქსიმუმი გავაკეთეთ არა მხოლოდ იმიტომ, რომ მოგება გვინდოდა, იმიტომ, რომ საქართველო გვესახელებინა. სასწაული ემოციები ახლდა ამ პროცესს. მთელი ტურნირის განმავლობაში ქვეჯგუფის ლიდერები ვიყავით, ნახევარფინალამდე ძალიან მარტივად მივედით. ყველაზე დაძაბული თამაში სწორედ ნახევარფინალში ალბანეთთან გვქონდა. ყველაფერი ბოლო წამებში გადაწყდა და ორქულიანი სხვაობით მოვიგეთ. ფინალში კი დავამტკიცეთ, რომ შეგვეძლო ამ ტურნირის ღირსეულად დამთავრება. 37:61 – ამ ანგარიშით რომ იგებ ფინალს, ეს ნიშნავს, რომ მართლა ყველას აჯობე. ეს იყო 18 -წლამდელთა ჩემპიონატი, C დევიზიონი და ამ მოგებით შანსი გვეძლევა, რომ მომავალ წელს B დივიზიონში ვიასპარეზოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა. გოგონებმა ბოლოს 2016 წელს მოიგეს ჩემპიონატი. მას შემდეგ საპრიზო ადგილებზე გავსულვართ, მაგრამ არ მოგვიგია და ამდენი წლის შემდეგ პირველად მოვიპოვეთ ასეთი გამარჯვება.

– ეს მიღწევა ქალთა კალათბურთის პოპულარიზებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თვითონ როგორ დაინტერესდით კალათბურთით და თუ იყო სკეპტიკური დამოკიდებულება, იქიდან გამომდინარე, რომ კარგი შედეგები წლების განმავლობაში არ გვქონდა?

– სპორტის მასწავლებლის რჩევით, ჩემი უფროსი და დაინტერესდა კალათბურთით. მისმა ტრენერმა რომ მნახა, მეც მითხრა, არ მოგწონს კალათბურთი? მოდი, ვცადოთო. ვცადე და მივხვდი, რომ ამ საქმის კეთება ძალიან მსიამოვნებდა. ქალთა კალათბურთი, განსაკუთრებით იმ პერიოდში, საერთოდ არ იყო პოპულარული. გოგონები ბიჭებთან ერთად ვვარჯიშობდით. დღეს რამდენიმე ქალთა გუნდი არსებობს, სადაც გოგონებს შესაბამისი ყურადღება ექცევათ. რამდენიმე წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი წინსვლა გვაქვს. თუმცა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ არსებობს ქალთა ეროვნული ნაკრები და ამ გამარჯვებას შედეგად შეიძლება, ახლო მომავალში მისი ჩამოყალიბებაც მოჰყვეს.

როცა კალათბურთის თამაში დავიწყე, გარშემო საკმაოდ სკეპტიკური განწყობა იყო. სკოლაში მასწავლებლებისგან და საერთოდ, ყველასგან მესმოდა, რა უნდათ გოგონებს კალათბურთშიო, მაგრამ წლები რომ გადიოდა და შედეგს ვდებდით, ყველას დამოკიდებულება უკეთესობისკენ შეიცვალა. ახლა ზუსტად ეს ადამიანები არიან ჩვენი გულშემატკივრები. გვილოცავენ და მადლობებს გვიხდიან. საერთოდ, თავიდან ასეა. ფიქრობენ, რომ არაფერს წარმოადგენ, მაგრამ რამეს რომ მიაღწიო, ამისთვის შრომა არის საჭირო.

– 16 წლის ასაკში კალათბურთსა და სკოლას შორის როგორ ახერხებთ ყურადღების განაწილებას?

– ძალიან რთულია ორი საქმის ერთად კეთება. იყო პერიოდი, როცა ერთ დროს მქონდა სკოლაც და ვარჯიშიც და არ ვიცოდი, რა მექნა, არჩევანი უნდა გამეკეთებინა, არადა, არცერთის გაცდენა არ მომიტანდა სარგებელს. სიმართლე გითხრათ, პანდემია დამეხმარა. ჩემთვის ონლაინ რეჟიმში სწავლა ბევრად მარტივი იყო, რადგან სკოლაში მისვლა აღარ მიწევდა, რაც დროს მაზოგვინებდა. სკოლის დამთავრების შემდეგ, მინდა, პროგრამირება ვისწავლო და სპორტშიც დავრჩე. ჩემი სამშობლოს სახელით თამაში ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ამისთვის ბევრ რამეს გავწირავ.

– გუნდის კაპიტანი ხართ, ესე იგი, დიდი პასუხისმგებლობა გაქვთ. რთულია?

– ჩემთვის ეს საკმაოდ მოულოდნელი იყო. ძალიან საპასუხისმგებლო ვალდებულებაა. თუ გუნდი შეკრული არ არის, ეს შედეგზე აუცილებლად აისახება. ვეცადე, ყველასთან ძალიან გულწრფელი ვყოფილიყავი და ჩემი სიტყვებით თანაგუნდელებისთვის მოტივაცია მიმეცა. თითოეულმა ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი ჩავდეთ და საბედნიეროდ, შედეგიც კარგი მივიღეთ. როცა კაპიტანი ხარ, გაქვს ვალდებულება, მთელი გუნდის იმედი და ძალა იყო. გასვლამდე ყველას იმას ვეუბნებოდი, თუ ფიქრობ, რომ ბოლომდე ვერ იყენებ საკუთარ შესაძლებლობებს, თუ რწმენა ან ძალა გჭირდება, დაიხედე მაისურზე და ნახე რა გაწერია, შეხედე შენს დროშას და გააკეთე ის, რასაც შენი სამშობლოსთვის გააკეთებდი! ეს სიტყვები გვაძლებინებდა მთელი ტურნირის განმავლობაში და ყველაფრით ძალიან ამაყი ვარ. იმედია, ეს წარმატება, იმის საწინდარი გახდება, რომ ყურადღება გაიზრდება ქალთა კალათბურთის მიმართ დაინტერესების თუ მხარდაჭერის მხრივ.

ნინო ყიფშიძე (მწვრთნელი): ამ გამარჯვების შემდეგ ბავშვები იმდენად ბედნიერები იყვნენ, 24 საათი თასთან ჩახუტებულებმა იმგზავრეს და ისე ჩამოვიდნენ თბილისში (იცინის). ეს სამწვრთნელო შტაბისთვისაც ძალიან დიდი სიხარულია. ამხელა შედეგს რომ მივაღწიეთ, უცებ ვერც აღვიქვით.

აქედან ძლიერი მუხტით, მართლა გამარჯვებისთვის წავედით. ვიცოდით, რომ ჩემპიონები უნდა გავმხდარიყავით. სხვა საპრიზო ადგილებს არ ვაღიარებდით და ღმერთის წყალობით და ჩვენი შრომით, შედეგს მივაღწიეთ. ნახევარფინალი საკმაოდ რთული იყო. ბავშვებმა ფინალისთვის თავგანწირვით იბრძოლეს და უკვე ფინალში, ღირსეულად და ძალიან დიდი სხვაობით გაიმარჯვეს. ბევრმა არ იცის, რომ ამ გოგონებს სამი წლის განმავლობაში საერთოდ არ უთამაშიათ, რადგან პანდემიის გამო საქართველოში თამაშები არ ტარდებოდა.

– ამ პირობებში როგორ მოახერხეს ფორმის შენარჩუნება?

– ყოველდღე ვვარჯიშობდით. უტრანსპორტობის დროსაც მწვრთნელები და ქალთა განყოფილების უფროსი სამი მანქანით ვაკითხავდით ბავშვებს, მიგვყავდა დარბაზში და ვვარჯიშობდით. შარშან ევროპის ჩემპიონატზე წასასვლელად რომ ვემზადებოდით, ღამით, 12 საათზე დაგვიდასტურდა გუნდში კოვიდი და დავრჩით. ეს ძალიან მძიმე იყო მათთვის. დარწმუნებულები ვიყავით, რომ მოვიგებდით. თუმცა, ამასაც გავუმკლავდით. ვიღაცამ შეიძლება, თქვას, იტყუებიანო, მაგრამ მართლა არ გვქონდა ნათამაშები და ამის მიუხედავად, ბავშვები ძალიან კარგ ფორმაში იყვნენ. გოგონების ნაწილმა წელს ბულგარეთში ითამაშა ორი ამხანაგური თამაში, თორემ დანარჩენები, მოედანზე სათამაშოდ ამ ჩემპიონატზე გამოვიდნენ პირველად.

– ბიჭების მწვრთნელები საკმაოდ მკაცრ ღონისძიებებს მიმართავენ ხოლმე მათ დასამორჩილებლად, რადგან მიიჩნევა, რომ ისინი უფრო რთულად დასამორჩილებლები არიან. როგორია რეალობა?

– ბიჭების მწვრთნელები ვართ მეც და ზვიადიც და სიმართლე გითხრათ, გოგონები უფრო თბილები არიან, მაგრამ ბევრად უფრო ცუღლტებიც, ვიდრე ბიჭები (იცინის). უყვართ, რომ უცინი და რომ გაუცინებ, მერე უკვე მწვრთნელი მოთაფლული ჰგონიათ და გვიწევს, ცოტა სიმკაცრე გამოვიჩინოთ, რომ თავის ადგილს დაუბრუნდნენ (იცინის). 16 და 18 წლამდე ასაკის გოგონები არიან და ეს ბუნებრივია. მათთვის მუდმივად საჭიროა პასუხისმგებლობის შეხსენება ქვეყნის წინაშე, არ უნდა დაავიწყდეთ, რომ საქართველოს წარმოადგენენ, რომ სამშობლოს სახელი წმიდაა და მისთვის თავი უნდა გაწირონ. ყველასთან ერთნაირიც ვერ იქნები. შედეგს რომ მიაღწიო, ზოგს მოფერება სჭირდება, ზოგს – ჩხუბი. გასართობად ერთად მივდივართ და პრობლემა არაფერზე გვაქვს. საკმაოდ ჯიუტები არიან, გარდატეხის ასაკი აქვთ და შესაბამისად, რთული ხასიათი. ხშირად გვიწევს საუბარი, ზოგჯერ – ჩხუბიც, მოფერებაც. ეს ჩვენი სამუშაო პროცესია, თუმცა ყველაფერი ნორმის ფარგლებშია.

– მათ თაყვანისმცემლებთან არ გიწევთ „გამკლავება“?

– თაყვანისმცმელები, რა თქმა უნდა, ჰყავთ, მაგრამ ამ საკითხში ცოტა მკაცრი ვარ (იცინის). თუ მთელი ყურადღება მაგაზე გადადის, ის ბავშვი ასრულებს სპორტულ კარიერას, რადგან მთავარზე მობილიზებას ვერ ახდენს. რა თქმა უნდა, უნდა უყვარდეთ, აკრძალვით ვერავის ვერაფერს ავუკრძალავ, ესეც არ არის სწორი, მაგრამ ყველაფერს თავისი ადგილი უნდა მიუჩინონ – სიყვარულსაც, სწავლსაც, სპორტსაც და ერთმანეთს ხელი არ უნდა შეუშალონ. მაგრამ, სიმართლე რომ ვთქვა, თუ არჩევანზე იქნება საქმე, მე მირჩევნია, სანამ კარიერის აწყობაზე არიან ორიენტირებული, შეყვარებულები არ ჰყავდეთ (იცინის).

– როგორია თქვენი თავგადასავლები და გართობა, როცა ასეთ წარმატებას აღწევთ?

– ანდორაში ხუთი ქართული ოჯახი ცხოვრობს. აქედან ერთ-ერთმა გაიგო, რომ თამაშებზე ვიყავით ჩასული და საგულშემატკივროდ მოვიდნენ. ამ ოჯახებმა და განსაკუთრებით, თაკო გელაშვილმა ძალიან გაგვილამაზეს იქ ყოფნა. უცხო ქვეყანაში შენი გულშემატკივარი რომ გყავს, ეს სულ სხვა არის. გასართობ ცენტრში ბავშვებს დღესასწაული მოუწყვეს და მათთან ერთად მწვრთნელებიც არაჩვეულებრივად გავერთეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი