შოუბიზნესი

როდის გადაწყვიტა მრავალშვილიანი დედობა სალომე ჩიტაძემ და რა ურთიერთობა აქვს მას ძმასთან

№41

ავტორი: ნონა დათეშიძე 16:00 18.10, 2021 წელი

სალომე ჩიტაძე
დაკოპირებულია

3 სექტემბერს, 20 წლის ასაკში, მომღერალი სალომე ჩიტაძე უსაყვარლესი ბიჭუნას, მიქაელის დედა გახდა. მართალია, პატარა რვათვიანი და მცირე წონის დაიბადა, თუმცა – ჯანმრთელი. ერთი თვის განმავლობაში კი საკმაოდ მოიმატა და გაპუტკუნდა. როგორც ახალბედა დედა ამბობს, დამხმარეს აყვანა ნამდვილად არ დასჭირდება, რადგან ბავშვის გაზრდაში მის გვერდითაა ყველა. სალომესა და მის მეუღლეს, ირაკლის, ჟურნალი „თბილისელები“ ულოცავს შვილის შეძენას, ჯანმრთელობას, იღბალსა და ნათელ მომავალს უსურვებს.

სალომე ჩიტაძე: 3 ოქტომბერს ჩემი პატარა ერთი თვის გახდა. ყველა მასზე ვართ გადართული – ჩემი და ირაკლის მშობლები, ბებია-ბაბუები, ახლობლები... დილა ყველას ზარით იწყება (იცინის). იმდენი ადამიანი გვეხმარება ბავშვის გაზრდაში, ხელიდან ხელში ისე გადადის, ძიძის აყვანა არ დამჭირდება. რომც ავიყვანო, საქმე არ ექნება (იცინის). მშვიდი ბავშვია, არ ტირის, არ გვაწუხებს. მუსიკა და საუბარი უყვარს. ყველა ვუმღერით, ვისაც სმენა გვაქვს თუ არ გვაქვს (იცინის). ისე ყურადღებით გვისმენს, აქედანვე ეტყობა, რომ სმენა აქვს. სამშობიაროში ხმამაღლა წამოიტირა და ბებია ქალმა მითხრა: ამას იმხელა ხმა აქვს, უეჭველი მომღერალი გამოვაო (იცინის). არასოდეს დამავიწყდება მისი პირველი დანახვა. არ მჯეროდა, თუ მე გავაჩინე (იცინის). პირველ სამშობიაროში ბუნებრივი მშობიარობით გავაჩინე, ყოველგვარი გართულებების გარეშე. რვა თვის გაჩნდა, ძალიან პატარა – 2 კილო და 300 გრამი და 45 სანტიმეტრი. თავიდან ვიფიქრე, ეს ხელში როგორ ავიყვანო, რამე არ ვატკინო-მეთქი, ისეთი მოცუცქნული იყო. თუმცა, როგორც კი ხელში ავიყვანე, მივხვდი, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა, ეს არის ადამიანი, რომელსაც არასოდეს არაფერს ვატკენ, ეს არის ადამიანი, რომელიც სულ ჩემ გვერდით იქნება. ახლა ცოტა გაპუტკუნდა, სამი კილო გახდა. ზოგადად, ბავშვობიდან მქონდა წარმოდგენილი, როგორი დედა ვიქნებოდი, რა იყო დედაშვილობა და როცა დედა გავხდი, პირველი წამებიდანვე ზუსტად ის შეგრძნება და ანალოგიური განცდა მქონდა, როგორზეც ვფიქრობდი და წარმომედგინა.

– მშობიარობას დედა, მაკა ზამბახიძე ესწრებოდა. ეს შენი სურვილი იყო?

– მაკამ როგორც კი გაიგო, ორსულად ვიყავი და გინეკოლოგთან პირველი ვიზიტი გვქონდა, ყველას დაასწრო და მაშინვე თქვა: არ მაინტერესებს, მშობიარობას მე უნდა დავესწროო (იცინის). არ დამავიწყდება, მშობირობა შვიდი საათი გრძელდებოდა, ძალიან დავიღალე, ერთ მომენტში, ვგრძნობდი; ვითიშებოდი და მაკამ მომიყვანა გონზე. შემომიძახა: ბავშვი არ გაგუდო, მიდი, იბრძოლე, შენ ამას შეძლებ, ყოჩაღი გოგო ხარო. ამ სიტყვებმა იმხელა ძალა მომცა, გამოვფხიზლდი. მაკას გვერდით დგომა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მიკვირს, როგორ უმკლავდებიან ქალები მარტო მშობიარობას. ამ დროს ნაცნობი და საყვარელი ადამიანი რომ გვერდით დგას, მშვიდად და იმედიანად ხარ. ასე რომ, ამ მნიშვნელოვან დღეს მაკას გვერდით დგომა და დაიმედება, ძალიან დამეხმარა.

– როგორც ვიცი, მეუღლეს, ირაკლისაც უნდოდა, მშობიარობას დასწრებოდა.

– სხვათა შორის, კი უნდოდა, მაგრამ ბოლო მომენტში თქვა: მე ვერ გავუძლებ შენს ასეთ მდგომარეობასო.

– ვის ჰგავს პატარა და ახალბედა მამიკო, ირაკლი როგორ განცდებშია?

– დაბადების წამიდან ყველა მამიკოს ამსგავსებს. ირაკლიც, ჩემსავით განცდებშია. სულ უნდა ხელში აყვანილი ატაროს, ელაპარაკოს. თან, მიქაელს უყვარს ლაპარაკი, გაინაბება და ისმენს, რას ეუბნებიან.

– ისეთი დედა ხარ, ბავშვი რომ წამოახველებს და გიჟდები?

– ამბობენ, კარგი დედა ვარ, მაგრამ ისეთიც არა, ბავშვი რომ დაახველებს ან დააცემინებს და წამოხტებიან და გიჟდებიან (იცინის). კი გვეხმარებიან, მაგრამ პატარას, ძირითადად, მე და ირაკლი ვუვლით. ახლა, ბენდთან ერთად, აქტიურად დავიწყე მუშაობა და რომ ვცილდები, ძალიან მენატრება, ერთი სული მაქვს სახლში დაბრუნდე და ჩავეხუტო. სულ მიკვირს, ვინც ამბობს: ადრეულ ასაკში დედობა ვერ შევიგრძენიო. მინდა, ამ ადამიანებს თვალებში ჩავხედო და ვკითხო: რატომ ამბობენ ასე... ვერასდროს გავუგებ მათ. ამ ბავშვმა ჩემი და ირაკლის ცხოვრება მთლიანად შეცვალა. რა შუაშია ასაკი, მთავარი ის ბედნიერებაა, რასაც ახლა ჩვენ განვიცდით. ირაკლი მიქაელს დილის მადლსა და პოზიტივს ეძახის. ბავშვის დაბადების შემდეგ სამყარომ თითქოს ფერები შეიცვალა. უფრო ბრჭყვიალა, ფერადი და პოზიტიური გახდა.

– სახელი ვინ შეურჩია?

– სახელი მე შევარჩიე, თუმცა აზრი ირაკლისაც ვკითხე და მოეწონა. ეს ბავშვი ჩემთვის განსაკუთრებული საჩუქარია, ჩემი ცხოვრება გააფერადა და შეცვალა. 40 დღის რომ გახდება, ნათლობასაც ვგეგმავთ, მანამდე კი ვერიდებით ბავშვის ფოტოების სოციალურ ქსელში საჯაროდ გამოქვეყნებას.

– მამის მხრიდან კი გყავს 8 წლის ძმა, მაგრამ, ვფიქრობ, მაინც დედისერთა ხარ, რადგან დედ-მამა გაშორებულია და დედასთან იზრდებოდი. ზოგადად, დედისერთებს ბავშვობიდან აქვთ სურვილი, ბევრი შვილი ჰყავდეთ. შენც ფიქრობ, მრავალშვილიანი დედა გახდე?

– დიახ, რვა წლის ძმა მყავს და ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. თუმცა, მაინც დედისერთად ვითვლები, რადგან დედასთან ვიზრდებოდი და ახლა, მიქაელს რომ ვუყურებ, მართლა მინდა, მრავალშვილიანი დედა გავხდე. ამაზე ირაკლიც თანახმაა (იცინის). ყველა ადეკვატური ადამიანი თანახმაა, ჰქონდეს დიდი ოჯახი, სადაც ბევრი ბავშვი იქნება და არც მე და ირაკლი ვართ გამონაკლისი. ასე რომ, ამაზე ორივე ვოცნებობთ. ვფიქრობ, რაც უფრო მეტ ჯანსაღ და კეთილ ადამიანს აჩუქებ დედამიწას, მით მეტად მადლობელი დაგრჩება ერი. ასე რომ, მრავალშვილიან დედობაზე უარს არასოდეს ვიტყვი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი