შოუბიზნესი

რით ხიბლავს გულშემატკივარს დაუმორჩილებელი ნუცა ხურციძე და როგორ მოხვდა ის ბერძნულ „ვოისში“

№47

ავტორი: ნონა დათეშიძე 14:00 30.11, 2021 წელი

ნუცა ხურციძე
დაკოპირებულია

19 წლის ნუცა ხურციძე საბერძნეთის „ვოისის“ ერთ-ერთი გამორჩეული და ექსტრავაგანტური მონაწილეა. როგორც კომპეტენტური ჟიური და მუსიკის კრიტიკოსები ამბობენ, საქართველოდან ჩასულ გოგონას, მოგების საკმაოდ მაღალი შანსი აქვს. თავად ნუცა კი ამბობს, რომ პროექტს რომც გამოეთიშოს, მაინც კმაყოფილი იქნება, რადგან ამ პროექტში მონაწილეობამ მას საკმაოდ ბევრი რამ მისცა.

ნუცა ხურციძე: თბილისში დავიბადე და გავიზარდე. ვიყავი და ახლაც ვარ ძალიან დაუმორჩილებელი. არასოდეს ვყოფილვარ მშვიდი და წყნარი. თუმცა, ბავშვობაში ცოტა მორცხვიც ვიყავი. ბაღში ზეიმზე რომ ვიმღერე თანაბაღელ ბიჭთან ერთად ქართული სიმღერა, მაშინ აღმოაჩინეს ბებიამ და ბაბუამ, რომ სიმღერის ნიჭი მქონდა და თავიდან ახლობელ პედაგოგთან მიმიყვანეს, რომელიც ვოკალში მამეცადინებდა. ასე რომ, 5-6 წლიდან ვმღერი. მერე, რომ გავიზარდე, ნელ-ნელა ვიცვლიდი მასწავლებლებს. პირველი დებიუტი დიდ სცენაზე 7 წლის ასაკში მქონდა.

– რამდენი წელია, რაც საბერძნეთში ცხოვრობ და საქართველოში თუ გიცდია ბედი კონკურსებზე?

– კონკურსებზე არა, მაგრამ საქართველოში კლუბებში მქონდა კონცერტები. ერთხელ ვცადე ბედი საბავშვო კონკურსზე და არ გამიმართლა, პირველ ეტაპზეც კი ვერ გადავედი. მაშინ 12 წლის ვიყავი. გული არ ამცრუებია, რადგან ძალიან მომწონს სიმღერა. არ ვაპირებ არავის სიტყვის გამო სიმღერას შევეშვა. პირიქით, უფრო მეტად დავიწყე მეცადინეობა და ჩავთვალე, კონკურსებისთვის არ ვიყავი მზად და ამიტომ აღარც გავსულვარ. სამი წელია, რაც საბერძნეთში ვარ. აქ ჩემი ბებია და ბაბუა ცხოვრობენ და მათთან ჩამოვედი დასასვენებლად. პანდემია რომ დაიწყო, დარჩენა მომიწია და შემოვრჩი.

– დღეს საბერძნეთში საკმაოდ პოპულარულ კონკურსზე იღებ მონაწილეობას. როგორც კრიტიკოსი მენტორები და მუსიკათმცოდნეები ამბობენ, მოგების საკმაოდ კარგი შანსი გაქვს. ამ კონკურსზე როგორ მოხვდი, ვინ გირჩია მონაწილეობის მიღება და როგორ მიიღე გადაწყვეტილება?

– არ მქონდა დაგეგმილი საბერძნეთის „ვოისის“ კონკურსზე მიმეღო მონაწილეობა. წინა წელსაც მეუბნებოდნენ ჩემი მეგობრები, გადიო, მაგრამ თავს ვიკავებდი, ვთვლიდი, რომ ჯერ არ ვიყავი მზად. წელს კი ჩემმა მეგობარმა და მისმა დედამ ჩამსვეს მანქანაში და შესარჩევ კონკურსზე ძალით წამიყვანეს (იცინის). ჩემი ნამღერი პირველივე მოსმენაზე მოეწონათ. სახლში რომ მოვედი, დამირეკეს და ისევ დამიბარეს. მივედი, მამღერეს. მერე ისევ დამიბარეს, მივედი, რამდენიმე სიმღერა მამღერეს და ბოლოს, ამიყვანეს. ძალიან მოეწონა ჟიურის წევრებს ჩემი ხმა და მეუბნებიან, კარგი პერფორმანსები შეგიძლიაო. ჟიურიში საკმაოდ ცნობილი მომღერლები არიან და ოთხივე შემომიტრიალდა. ჩემი მენტორი საკის რუვასი კი 25 წელია, საბერძნეთის ნომერ პირველი „სთარია“, ყველა რომ გიჟდება მასზე, უყვართ და აფასებენ. სხვათა შორის, მის შემოქმედებას არ ვიცნობდი. სხვათა შორის, სანამ გავიდოდი სცენაზე, მეკითხებოდნენ, რომ შემოგიბრუნდნენ, ვის აირჩევო, მართლა არ ვიცოდი, ვის გუნდში მინდოდა ყოფნა. ამიტომ, ვპასუხობდი, არ ვიცი-მეთქი.

– აბა, რა კრიტერიუმით აირჩიე მენტორი?

– საკისი პირველი შემომიბრუნდა, დაბლოკა მეორე ჟიურის წევრი. მეც ინტუიციას ვენდე და ამიტომ, ის ავირჩიე მენტორად. დღეს ძალიან მადლიერი და გახარებული ვარ, ის რომ ავირჩიე. აქაურებს ძალიან უყვართ საქართველო და ისიც კი მითხრეს პირველივე შესარჩევ ტურზე ქართული სიმღერა იმღერეო. თუმცა, ისეთი დაბნეული ვიყავი, ვერ მოვახერხე (იცინის). ახლა კი ვნანობ. ისეთ სტრესში ვიყავი, ისეთი გახარებული და განცდებში, უბრალოდ, ვერ გავიხსენე რა შეიძლებოდა, ბერძნებისთვის ქართულად მემღერა.

– როგორც ვიცი, საკმაოდ ძლიერი კონკურენტები გყავს. ახლა, რა ეტაპზე ხარ?

– საკმაოდ ძლიერი კონკურენტები მყავს, მაგრამ იმდენად კარგები არიან და იმდენად თბილი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან, კონკურენტებად ვერ აღვიქვამ. გავიარე პირველი ტური, მეორე ტური – ნოკაუტი, ორ ბერძენთან ერთად, ორივე დავამარცხე და ახლა ვარ რინგის ტურში და ისევ ბერძენ კონკურსანტთან მომიწევს კონკურენცია.

– ეპატაჟური, მომაჯადოებელი და ენერგეტიკულად დატვირთული გარეგნობა გაქვს. ეს თუ აღნიშნეს კონკურსის ჟიურის წევრებმა?

– ძალიან მოსწონთ ჩემი გარეგნობა და განსაკუთრებით ჩემი ფერადი წარბები (იცინის). მოსწონთ, რომ თავისუფლად ვმღერი, არ ვიძაბები. მეუბნებიან: იმ დონეზე მარტივად გადმოგვცემ სიმღერას, ეს ნამდვილად შენი ტალანტიაო. ერთმა ბერძენმა კონკურსანტმა მთხოვა, მასწავლე, როგორ შეგიძლია, სცენაზე ასე თავისუფლად იმღერო, ყოველგვარი შიშისა და დაძაბულობის გარეშე, ამ დროს რაზე ფიქრობ, კარგზე თუ ცუდზეო (იცინის). მე კი ვუპასუხე: როცა ვმღერი არაფერზე ვფიქრობ, უბრალოდ, იმას შევიგრძნობ, რასაც ვმღერი-მეთქი. როცა სცენაზე ვდგავარ, დამიჯერეთ, არაამქვეყნიური ვარ, მართლაც ვწყდები დედამიწას და კოსმოსში ვმოგზაურობ. სიმღერის გარდა ვერაფერს ვგრძნობ. რასაც ვაკეთებ, ყველაფერში მაქსიმუმს ვდებ, და ჩემი მიზანდასახულობის, ნიჭისა და იღბლის იმედი ყოველთვის მაქვს.

– რთული ტურები უკვე გადალახე. თუმცა, ბრძოლა გრძელდება. როგორ გგონია, რა შანსი გაქვს, გახდე საბერძნეთის ახალი ხმა და რა პრიზი გადაეცემა გამარჯვებულს?

– სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს, გამარჯვებულისთვის, რა პრიზია დაწესებული (იცინის). ერთი კი დანამდვილებით ვიცი, რომ ამ კონკურსში გამარჯვება, „ბუმი“, ბომბის აფეთქება და ძალიან დიდი წინსვლა იქნება ჩემს კარიერაში, რაც მე ძალიან მინდა. ვიცი, თუ გავიმარჯე, ეს ქვეყანა მაქსიმალურად დამეხმარება, წინ წავიწიო. სხვათა შორის, ქუჩაში უკვე ბევრი მცნობს და ეს ჩემი წარბების დამსახურებაცაა (იცინის). საღამოს რომ გამოვჩნდი ტელევიზიით და დილით ქუჩაში გავედი, ძალიან ბევრმა მიცნო. მოსწონთ ჩემი ფერადი წარბები. ზოგადად, მიზანდასახული ხასიათის ადამიანი ვარ, არასტანდარტული, ჩარჩოებს აცდენილი და რა ხასიათზეც ვარ, იმ ფერის ფერად-ფერადი წარბები მაქვს ხოლმე. საქართველოდანაც ბევრი მწერს და წარმატებას მისურვებს. უამრავი შეტყობინება მომდის და მიხარია, რომ ასე მგულშემატკივრობენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი