შოუბიზნესი

რის შემდეგ დალაგდა ირაკლი ნოზაძისა და ია დუდაშვილის ურთიერთობა და ვისზეა მიჯაჭვული მომღერალი

№2

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 17.01, 2022 წელი

ირაკლი ნოზაძე
დაკოპირებულია

ია დუდაშვილისა და ირაკლი ნოზაძის სიყვარულმა ბევრი დაბრკოლება დაძლია, თუმცა, როგორც ია ამბობს, მცდელობებად ნამდვილად ღირდა, რადგან ახლა ისეთი ოჯახი აქვთ, როგორზე ოცნებაც კი წარმოუდგენლად მიაჩნდა.

ია დუდაშვილი: ორ პატარასთან ერთად ყველა დღე მხიარულია და ახალი წელი – მით უმეტეს. სახლი მე და ნიაკომ საკუთარი ხელით მოვრთეთ ჩვენივე დამზადებული დეკორაციებით. თუმცა პატარა აქტიურად ცდილობს, ჩვენი შრომა წყალში ჩაყაროს და დიდი ბრძოლა გვიწევს მის შესანარჩუნებლად (იცინის).

– როგორია და-ძმის ურთიერთობა?

– არის ხოლმე ეჭვიანობის მომენტები. თავის მხრივ, ორივე ცდილობს უფრო მეტი ყურადღება მიიქციოს. მე და ირაკლი მაქსიმალურად ვცდილობთ, მიუხედავად იმისა, რომ დანიელი პატარაა და მეტი ყურადღება სჭირდება, მაინც თანაბრად გადავანაწილოთ ყურადღება და ნიაკოს ეჭვიანობის საბაბი არ მივცეთ.

– ნიაკო ისე აქტიურად აღარ ჩანს სოციალურ ქსელში, როგორც თავიდან. რატომ?

– გარკვეული პერიოდი იმდენად ხშირად ვუღებდი ვიდეოებს და იმდენად აქტიურები ვიყავით სოციალურ ქსელში, რომ ნიაკოს ცოტა მობეზრდა და აპროტესტებდა, საერთოდ აღარ უნდოდა გადაღება. გადავწყვიტე, არ დამეძალებინა, მერე დანიელი დაიბადა და მეტი ყურადღება მასზე გადავიდა, მაგრამ ახლა მაქსიმალურად ვცდილობთ, ისევ დავუბრუნდეთ ჩვენს გამომწერებს. 146 ათასი გამომწერი ცოტა არ არის, ჩვენთვის ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. განსაკუთრებულად გვიყვარს თითოეული მათგანი. ძალიან პოზიტიური გამომწერები გვყავს და მგონი, პასიურობა არ გვეპატიება.

– ნიაკოს მოსწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა?

– ნიაკოს დაბადებიდან მოყოლებული, აქტიურად ვუზიარებდი გამომწერებს ჩვენს სხვადასხვა აქტივობებს. ნიაკო ძალიან კომუნიკაბელური და უშუალო გაიზარდა. ხშირად მეკითხებიან, როგორ შეძელით, რომ ასეთმა პოპულარობამ მის ხასიათზე გავლენა არ იქონიაო? მაქსიმალურად ვცდილობდი, ურთიერთობებში უბრალო, უშუალო ყოფილიყო. ჩემთვის უბრალოება ძალიან მნიშვნელოვანია. ნიაკოს ადამიანები ძალიან უყვარს, ძალიან თბილი და ემოციურია. მოსწონს, როცა მასთან ფოტოს იღებენ; გიჟდება, კომპლიმენტებს რომ ეუბნებიან. პანდემიის დროს ცოტა ჩავიკეტეთ და ურთიერთობის დეფიციტი გვქონდა, მაგრამ ახლა იმედია, ყველაფერი უკეთესად იქნება.

– ცნობილი ადამიანების შვილებს, ძირითადად მშობლების გამო ცნობენ, მაგრამ ნიაკომ მგონი, მამასაც გადაასწრო.

– კი, მგონი მამასაც გადაასწრო და მე, ყოველ ჯერზე, თუ კი მინდა ვინმეს თავი დავამახსოვრო, ვამბობ, რომ ნიაკოს დედა ვარ და მერე მარტივია (იცინის).

– როცა ყველა ერთად ხართ, ალბათ, დიდი მხიარულებაა.

– ცოტა მწყინს, ამის ამსახველი ვიდეოები რომ მოვაკელი მაყურებელს, მაგრამ ალბათ, ზოგჯერ პაუზაც საჭიროა, ადამიანებს არ მობეზრდეს. როცა ჩვენი ოჯახი ერთად ვართ, ძალიან მხიარულია, განსაკუთრებით, თუ ირაკლის უფროსი შვილი – ლუკაც გვემატება ხოლმე, ნიაკოს მისი განსაკუთრებული სიყვარული და რიდი აქვს. ძალიან გვინდა, რომ კიდევ ბევრი შვილი გვყავდეს. ძალიან მიყვარს ბავშვები.

– როგორ შეძლო იამ ირაკლის შეცვლა, ის ხომ სტანდარტულ მეოჯახე მამაკაცად არ აღიქმებოდა?

– მიუხედავად იმისა, რომ მეც არ მჯეროდა, დღევანდელი გადასახედიდან, ვფიქრობ, რომ გულის სიღრმეში ირაკლი ყოველთვის იყო მეოჯახე, მაგრამ ვერავინ გამოიცნო, მას რა უნდოდა. თავიდან ვერც მე მივხვდი და ჩემი ეჭვიანობებით, კონტროლით, მის საქმესა და ცხოვრებაში ზედმეტი ჩარევით ძალიან დიდ დისკომფორტს ვუქმნიდი. ჩვენ ორწლიანი კრიზისი გვქონდა ურთიერთობაში – ითვლებოდა, რომ დაშორებულები ვიყავით. ამ კრიზისმა ორივე ჩვენგანში იმდენად გადააფასა ღირებულებები, რომ კარგად გავიაზრეთ, რა იყო მნიშვნელოვანი. მე მივხვდი, რომ ირაკლისთვის მთავარი იყო კომფორტი ურთიერთობაში. თუ ნდობა არ არსებობს, თუ მის ნაცვლად მუდმივი ეჭვიანობაა, ურთიერთობას ვაფუჭებთ. ამიტომ ირაკლის თავისუფლება მივეცი და პირიქით მოხდა, თუ საქმე არ აქვს, შეიძლება, სახლიდანაც არ გავიდეს. როცა ვცდილობდი, გამეკონტროლებინა, ამის გამო მუდმივად კონფლიქტი გვქონდა. როგორც კი ირაკლიმ დაინახა, რომ ვენდობი, იგრძნო, რომ მთავარი სიყვარული და პატივისცემაა, ამან ყველაფერი თავის ადგილას დაალაგა.

– იას რა დასჭირდა ამის გასააზრებლად?

– ძალიან დიდი გამოცდილება. როგორც აღმოჩნდა, ჩვენს ურთიერთობაში რომ კონფლიქტები დაიწყო, მე ძალიან გამოუცდელი ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემამდე ორი ოჯახი ჰყავდა, ალბათ, ირაკლიც გამოუცდელი აღმოჩნდა. ზოგადად, მგონია, რომ ქალზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. მე რომ არ მომენდომებინა, არ გამოვიდოდა. დაშორებულები რომ ვიყავით, ირაკლი ბოლომდე არ მიშვებდა, მაგრამ ქალის მონდომებაზე ბევრია დამოკიდებული. რჩევებსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში, თვითონ უნდა გაიაზრო, რა გინდა, რა არის შენთვის მნიშვნელოვანი. ზოგი ადამიანისთვის ოჯახი არ არის პრიორიტეტი, მარტოც კარგად გრძნობს თავს, ჩემთვის ყველაზე მთავარი ოჯახი იყო და ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ მე ოჯახი მქონოდა, ნიაკოს კი გვერდით მამა ჰყოლოდა და გამომივიდა. ცხელ გულზე რაც გამიკეთებია, მერე მინანია, ამიტომ ვიცი, რომ ასე არ შეიძლება. როცა ოჯახი გაქვს, როცა შვილი გყავს, ბევრ რამეს სხვანაირად უყურებ, ეგოისტური გადაწყვეტილების მიღების უფლება აღარ გაქვს. როცა შვილის გაჩენის პასუხისმგებლობას იღებ, მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც უნდა იფიქრო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ ორ ადამიანს ერთმანეთი არ უყვართ, მხოლოდ ბავშვის გამო უნდა შერიგდნენ, მაგრამ ბავშვის ემოციური მდგომარეობა აუცილებლად გასათვალისწინებელია.

– ირაკლის არაერთხელ უსაუბრია საკუთარ პრობლემებზე, იქნებოდა ეს ალკოჰოლი თუ სხვა რამ. იას როლი როგორია მათ მოგვარებაში?

– როდესაც პირად ცხოვრებაში ადამიანს კომფორტი არ აქვს და ყველაფერი დაულაგებელია, ქალი იქნება თუ კაცი სხვაგან ეძებს გამოსავალს. როცა ცხოვრების მთავარი მომენტები დალაგებული გაქვს, ნაკლებად გიჩნდება სურვილი, რომ ან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ განიტვირთო ან ამისთვის სხვა გზებს მიმართო. სულიერი სიამოვნება უკვე ოჯახში გაქვს და მგონია, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანისთვის.

– გვინახავს ვიდეოები, როგორ ერთობა ირაკლი ნიაკოსთან. წარმოგედგინა, რომ ეს შესაძლებელი იყო?

– თავიდან, როდესაც მე და ირაკლი მეგობრები ვიყავით, ვხედავდი, როგორი მაგარი მამა იყო, მაგრამ ნიაკომ საერთოდ შეცვალა. ლუკასთვის ძალიან მაგარი მამა იყო და არის კიდეც, მაგრამ ნიაკომ მთლიანად მოირგო (იცინის). ველოდი, რომ კარგი მამა იქნებოდა, მაგრამ ამ დოზით არა. ჩემთვისაც მოულოდნელი იყო, ნიაკოს ტუჩსაცხის წასმის უფლება რომ მისცა (იცინის). ბევრ რამეს მეც ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ ნიაკო კიდევ უფრო პატარა რომ იყო, უარს ვერაფერზე ეტყოდი, განსაკუთრებული ბავშვია და მგონია, რომ ნიაკოსთან სხვანაირი მშობელი ვერ იქნები. მასზე რომ ვიყავი ორსულად, ის პერიოდი იყო, როცა ირაკლიზე ძალიან ვეჭვიანობდი. სახლიდან ხუთი წუთით ადრე რომ გავიდოდა, საშინლად ვნერვიულობდი, საშინელი მიჯაჭვულობა მქონდა. ახლა ნიაკო არის ზუსტად იმავე მდგომარეობაში, ზოგჯერ მგონია, რომ ჩემი მაშინდელი მდგომარეობა ერთი ერთში გადავიდა ნიაკოზე (იცინის). ირაკლი სახლიდან რომ გადის, ნიაკო წინასწარ უთანხმდება, წუწუნებს, ვერ იტანს, ირაკლი რომ მასთან ერთად არ არის.

– ალბათ, ნამდვილად ღირდა ეს ყველაფერი სირთულეებად?

– კი, ოჯახისთვის ბრძოლა ყოველთვის ღირს. ზოგჯერ არ მჯერა, რომ ვიხსენებ, რამდენი სირთულე გადავლახეთ იმისთვის, რომ სრულყოფილი ოჯახი გვქონოდა. ერთი პროცენტი იყო იმის იმედი, რომ ისეთი ოჯახი გვქონოდა, როგორიც დღეს გვაქვს, მაგრამ ამის მიუხედავად, ყველაფერი გავაკეთე და ბედნიერი ვარ, რომ გამოვიდა. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

– ცოტა ხნის წინ არასამთავრობო ორგანიზაციაც დააარსეთ ბაღებში არსებული პრობლემების გამოსწორების მიზნით. რა გეგმები გაქვთ?

– მე და ირაკლიმ დავიწყეთ ამ თემაზე ფიქრი და მუშაობა. ნიაკო რომ შესაბამისი ასაკის გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ბაღისგან გვქონდა შემოთავაზება, გამიჭირდა არჩევა, რადგან ბევრი ხარვეზი დავინახე. მე და ირაკლიმ ვიფიქრეთ, გაგვეხსნა მაღალი სტანდარტების ბაღი, რომელიც ბავშვებისა და მშობლების საჭიროებებზე იქნებოდა მორგებული. მაგრამ მალე მივხვდით, რომ არსებულ ხარვეზებს ერთი ბაღის შექმნით ვერ გამოვასწორებდით, ამისთვის ბევრი რეფორმაა გასატარებელი და დავიწყეთ აქტიურობა ამ მიმართულებით. პირდაპირ ბევრი რამის გაკეთება არ გამოდის, მომზადებაა საჭირო და ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი