შოუბიზნესი

რის გამო უგრძნია გოგიტა გოგიძეს შოუბიზნესის წარმომადგენლებისგან ზემოდან ცქერა და როგორ დაიწყო მან ცხოვრება ნულიდან

№52

ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:00 05.01, 2022 წელი

გოგიტა გოგიძე
დაკოპირებულია

მომღერალ გოგიტა გოგიძეს „ჰოლივუდის“ ბულვარში მეგობრული ვარსკვლავი გაუხსნეს. სიმღერა – „არ წახვიდე, არ დამტოვო“, რომელმაც მას საოცარი პოპულარობა მოუტანა, სწორედ მაშინ შეიქმნა, როდესაც მომღერალი საქართველოდან საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა და იქ ცხოვრება ნულიდან დაიწყო.

გოგიტა გოგიძე: ეს არის მეგობრული ვარსკვლავი, რომელიც მე ჩემმა მეგობრებმა გამიხსნეს. ხელოვან ადამიანებს აძლევენ ამის საშუალებას და ჩემმა კალიფორნიელმა მეგობრებმა ეს შესაძლებლობა გამოიყენეს. ბევრმა ისე აღიქვა, თითქოს „ჰოლივუდის“ ბულვარში გამიხსნეს ვარსკვლავი. ვარსკვლავი მართლა „ჰოლივუდის“ ბულვარშია, მაგრამ არა მსოფლიო დამსახურებისთვის (იცინის). სოციალურ ქსელში ამ ამბავს ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, ცოტა უხერხულობაც შეიქმნა, ბევრს ეს ნამდვილი ვარსკვლავი ეგონა. წინა დღით ლოს-ანჯელესში კონცერტი გვქონდა, მეორე დღეს ვარსკვლავი გამიხსნეს (იცინის). სიმართლე გითხრათ, მთავარია, ადამიანების გულში მოიპოვო სიყვარული და შენს სახელსა და გვარს სად დააწერენ, ეს მხოლოდ ფორმალობაა.

– „არ წახვიდე, არ დამტოვო“ – ეს სიმღერა რომ გაჰიტდა, ზუსტად იმ დროს წახვედით თქვენ საქართველოდან ამერიკაში.

– ზუსტად ასე მოხდა. ეს 2017 წელს იყო. მე ყოველ დაბადების დღეზე ჩემი სიმღერის პრემიერას ვაკეთებ. 10 ნოემბერს გავაკეთე პრემიერა და 17 დეკემბერს ამერიკაში გამოვფრინდი. სასწაული მოხდა. მას შემდეგ ჩემს თავს ყველას ამ სიმღერით აცნობენ და ამ სიმღერამ გახადა ჩემი სახელი ყველასთვის ცნობილი. მანამდეც იცოდნენ ჩემი სიმღერები, მაგრამ სახელი და გვარი – ნაკლებად.

– რატომ გადაწყვიტეთ ამერიკაში წასვლა?

– საქართველოში თუ კი რამის გაკეთება შემეძლო, ყველაფერს ვაკეთებდი. ძალიან ბევრს ვმუშაობდი ყველა მიმართულებით. ვწერდი სცენარებს ინსტიტუტებისა და სკოლების ბოლო ზარებისთვის, ტექნიკური უზრუნველყოფა, ვიდეომონტაჟი, პრომოუშენი... სარესტორნო შოუბიზნესში ვიყავი 12 წელი, სიმღერებს ვწერდი, კლიპს ვიღებდი, მაგრამ იმის მეოთხედიც ვერ მივიღე, რასაც ვაკეთებდი. აქ მარტო ფინანსებზე არ არის საუბარი, ხომ უნდა დატკბე შედეგით. ვერც ვტკბებოდი და ვერც ფინანსურად უზრუნველყოფილი ვიყავი, ამიტომ დავიწყე ფიქრი ამერიკაში წასვლაზე. გამოწვევები მიყვარს და ამ ქვეყანაში ყველაფერი ნულიდან დავიწყე. ჩამოვედი თუ არა, სოლო კონცერტი გავაკეთე. შემდეგ დავიწყე ჩემი პროექტის – „იმღერე რამე“ – განხორციელება, საკმაოდ წარმატებული გამოვიდა და ახლახან მეხუთე სეზონმა ჩაიარა ანშლაგით.

– კმაყოფილი ხართ ამერიკაში ცხოვრებით?

– კი, აქ ყველაფერი იმაზე კარგად წავიდა, ვიდრე წარმომედგინა. აქაურმა ხალხმა კარგად მიმიღო და ჩამიხუტა. არაერთ პროექტს ვაკეთებ. კარგად გამიგეს და ჩემი შემოქმედებითი თვალსაწიერი ძალიან გაფართოვდა. შემოქმედებით აქტიურობასთან ერთად, სხვა მიმართულებითაც ვსაქმიანობ. ამერიკის ვეტერანთა დახმარების ფონდის ერთ-ერთი დირექტორი ვარ. აქ გვაქვს ქართული ლეგიონი, რომელიც ყოფილმა სამხედროებმა შექმნეს, რომლებიც ამერიკელებთან ერთად მსახურობდნენ ერაყში, ავღანეთში. მე ამ ლეგიონის წევრი ვარ და ამერიკულ ჯარში ტაქტიკურ სწავლებებში ვმონაწილეობ. ინსტრუქტორებს, რომლებიც საქართველოში მოდიან ქართველი ხალხის ბუნებას ვაცნობთ. ამერიკელმა სამხედროებმა წამოსვლამდე უნდა გაიგონ ჩვენი ხასიათის და კულტურის შესახებ: მაგალითად, ის, რომ არ შეიძლება, ქართველისთვის დედის შეგინება, ვეუბნებით, რომ მიცვალებულის სადღეგრძელოები არ უნდა გაუკვირდეთ და ასე შემდეგ. ჩვენს ისტორიასაც ვაცნობთ რაღაც დოზით. სასროლო სწავლებებშიც ვიღებთ მონაწილეობას. ჩვენ ამბოხებულების როლს ვირგებთ ხოლმე. თეატრალიზებული სწავლებებია.

– საქართველოში დაუფასებლობის განცდა და ამის გამო გულის წყვეტა გქონდათ?

– რა თქმა უნდა, მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სულ აქტიური ვიყავი და ხალხის სიყვარული მქონდა, ჩემი კოლეგები ორ კვირაში ერთხელ ისხდნენ გადაცემებში, მაგრამ მე არავინ არსად მიწვევდა. ინტრიგა არ არისო, მეუბნებოდნენ. ძალიან მწყინდა, რადგან მაღალი ხარისხის პროდუქტს ვაკეთებდით. ამ დროს მოჰყავდათ ადამიანები და აცხადებდნენ, პირველი ქმარი – სტუდიაში... ან მეორე ცოლი და მიდიოდა წეწვა და ჩეჩვა. სხვა რამეზე კეთდებოდა აქცენტები და ეს გულდასაწყვეტია. ამერიკაში რომ ჩამოვედი და ჩემი სიმღერა პოპულარული გახდა, მერე ყველა გადაცემის პროდიუსერი დამიკავშირდა.

– შოუბიზნესის სხვა წარმომადგენლებისგან იგრძნობოდა, რომ ვიღაც ზემოდან გიყურებდათ და დაბალი დონის მუსიკოსად მიაჩნდით?

– ზუსტად ამაზე ვთქვი ერთ-ერთ გადაცემაში. მე დავამთავრე მუსიკალური ათწლედი, შემდეგ ტექნიკური ვოკალური ფაკულტეტი, კონსერვატორია და დისერტაცია დავიცავი პედაგოგიურ უნივერსიტეტში, თემაზე – „მუსიკალური განვითარებისა და აღზრდის პრობლემები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში“. ძალიან კარგად ვიცნობ კლასიკურ შემოქმედებას, ძალიან კარგად ვიცი, რა არის მაღალი დონე, შესრულებული მაქვს რამდენიმე არია საოპერო კლასში, მაგრამ მე ვქმნი და ვმღერი იმას, რასაც ექნება გასავალი და შემოსავალი. მართალი ხარო, მითხრეს და ტაში დამიკრეს. მე ვიცი, რა არის კარგი, რა მაღალი და რა დაბალი ხარისხის, მაგრამ, როცა შენს სიმღერას 30 მილიონი ნახვა აქვს და საერთო ჯამში კი, ჩემს „იუთუბ არხს“ – 70 მილიონი, ესე იგი, უსმენს ხალხი და მოსწონს. ბაზარი არეგულირებს პროდუქტს. რატომ ვიმღერო ისეთი სიმღერა, რომელსაც ათი ადამიანი უსმენს და არა ის, რომელსაც ათი მილიონი მოუსმენს. ეს ჩემთვის რომ ჰობი იყოს, რომელსაც მხოლოდ სიამოვნებისთვის ვაკეთებ და არა შემოსავლისთვის, კარგი, მაგრამ ეს ჩემი არსებობის და პოპულარობის წყაროა, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ხალხისთვის იყოს. რაც შეეხება კოლეგების მხრიდან ზემოდან ყურებას, შეიძლება, იგრძნობა, მაგრამ პირში არავინ არაფერს მეუბნება. ჩემზე რაღაცით მეტი ხომ უნდა იყო, ზემოდან რომ მიყურო?

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი