შოუბიზნესი

რის გამო „იბლოკება“ საქართველოში თათია კობალაძე და როგორ მოახდინა მან ფურორი ყაზახეთის კონკურსზე

№39

ავტორი: ნონა დათეშიძე 16:00 04.10, 2021 წელი

თათია კობალაძე
დაკოპირებულია

28 წლის თათია კობალაძე პირველი ქართველი მომღერალია, ვინც ყაზახეთის „ვოისში“ იღებს მონაწილეობას. როგორც მენტორი და მუსიკალური შოუს პროდიუსერი ამბობს, მას ამ კონკურსზე, დიდი წარმატება ელის. ფაქტია, მისმა ნამღერმა ჟიურის ოთხივე წევრის საკმაოდ დიდი ემოცია გამოიწვია, სოციალურ ქსელში კი ათასობით გაზიარება აქვს. ჟურნალი „თბილისელები“ წარმატებას უსურვებს თათიას.

თათია კობალაძე: საკმაოდ დიდი ხანია, ვმღერი. დედის მხრიდან ბებია-ბაბუა, ორივე; კარგად მღეროდა და ფაქტობრივად, მათ შეამჩნიეს ჩემში სიმღერის ნიჭი – სამ ხმაში ვმღეროდით ხოლმე. ამის მერე ნათლიამ სთხოვა დედას: ეს ბავშვი, აუცილებლად მივიყვანოთ პედაგოგთან, აშკარაა, ნიჭი აქვს და არ უნდა დაიკარგოსო. შვიდი წლის ასაკში დავდექი პირველად სცენაზე მყარად და ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრში ნოდარ ვარშანიძესთან დუეტში ვიმღერე თამარ გვერდწითელის რეპერტუარიდან – „საქართველო“, კაპელასთან და ორკესტრთან ერთად. უკვე 21 წელია, სცენაზე ვდგავარ და არ ჩამოვსულვარ.

– ამბობ, 21 წელია სცენაზე ვდგავარო, თუმცა, საქართველოში მომღერალ თათია კობალაძეს ნაკლებად იცნობენ, რასაც უცხოეთზე ვერ ვიტყვით.

– სამწუხაროდ, ასეა. რატომღაც ისე ხდება, რომ ნიჭიერ ახალგაზრდებს საქართველოში წინ არავინ უშვებს. დოგმაა, ვინც სცენაზე დგას, ისევ ისინი უნდა იდგენენ და იტრიალონ. ამიტომ, როცა შენს ქვეყანაში გასაქანი არ გეძლევა, აუცილებლად უნდა მონახო გზა და წახვიდე იქ, სადაც დაგაფასებენ.

– საქართველოშიც სცადე კონკურსებში ბედი, თუმცა არ გაგიმართლა, რა იყო ამის მიზეზი?

– უკრაინის კონკურსის ფინალისა და გამოცდილების მერე, 2017 წელს „საქართველოს ხმაში“ მივიღე მონაწილეობა და რომელ ფინალზეა საუბარი? სკამების ტურამდეც რომ მიმიყვანეს, ესეც საოცრება იყო (იცინის). ამის მერე ბრიტანეთის „ნიჭიერში“ ვცადე ბედი, კასტინგი ინტერნეტით გავიარე, გადავედი და თანხები რომ ძლივს მოვიძიე, ვიზაზე მითხრეს უარი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ამის მერე თურქეთის „ვოისში“ მივიღე მონაწილეობა, საკმაოდ წარმატებული გამოსვლები მქონდა და ნახევარფინალამდე მივედი. ერთი სიტყვით, სხვა ქვეყნებში აფასებენ ჩემს ნიჭს კონკურსებზე, საქართველოში კი ვერავინ დამინახა. ბოლოს, საქართველოს „ვოისზე“ გავედი და შოკი იყო, რომ არცერთი ჟიურის წევრი არ მომიტრიალდა. არ ვიცი, რა დამიწუნეს, მაგრამ ფაქტია, თუ „გაფხრეწილი“ ხმით არ მღერი, ჩვენთან არავის მოსწონხარ. ამერიკის „ნიჭიერზეც“ მქონდა განაცხადი შეტანილი, გადავედი, მაგრამ ოფიციალური სამუშაო ვიზა არ მქონდა და ამიტომ ვერ წავედი. ასე რომ, საქართველოში არ მწყალობს კონკურსებზე ბედი, თორემ სხვაგან ძალიანაც კარგად მაფასებენ. მოკლედ, გამომივა თუ არა, მე მაინც ვიბრძვი და ვიბრძოლებ.

– ახლა, ყაზახეთის „ვოისში“ იღებ მონაწილეობას და როგორც ვიცი, პირველი ქართველი ხარ ამ კონკურსზე. საკმაოდ წარმატებით გაიარე კასტინგი, პირველი ტური და მომავალი გამოსვლებისთვის ემზადები. ვინ გირჩია წასვლა, ვინ დაგეხმარა?

– ჩემმა პროდიუსერმა, ნინი შალამბერიძემ მირჩია ყაზახეთის კონკურსზე გამოსვლა და ძალიან დამიდგა გვერდით. რომ არა ნინო, მე დღეს აქ არ ვიქნებოდი, სწორედ, ნინოს დამსახურებაა ეს წარმატება. სრულიად უანგაროდ დამეხმარა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახსა და ჩემს მეუღლეს, მათი მხარში დგომის გარეშე მე დღეს ის ვერ ვიქნებოდი, ვინც ვარ. ფაქტია, პირველივე გამოსვლა წარმატებული აღმოჩნდა და ამ ეტაპზე მათი იმედები გავამართლე. რეპეტიციებზე ხშირად მეუბნებიან, ისეთი გოგო ხარ, დიდ წარმატებას მიაღწევო და ეს დიდი სტიმულია ჩემთვის. სხვათა შორის, რომ ჩამოვედი, მითხრეს: შენი სავიზიტო ბარათი, აუცილებლად ქართული სიმღერა გახდებაო. დავიწყე „სულიკოთი“, გადავედი „ჰალილუიას“ შესრულებზე და ამან, მართლაც მომიტანა წარმატება. ჟიურის სამი წევრი შემომიტრიალდა, ანუ ვისაც ადგილი ჰქონდა. უცხოეთიდან სამი კონკურსანტი ვართ – ერთი ქართველი, ერთი უკრაინელი და ერთი ყირგიზი.

– ვინ აირჩიე მენტორად?

– მე მარჟაანი ავირჩიე, ძალიან საყვარელი მენტორი. მეუბნება, უკვე ფურორი მოახდინე, უამრავი გულშემატკივარი გაიჩინე და ზუსტად ვიცი, ფინალამდე მიხვალ და ბევრი ადამიანი შეგიყვარებსო. სხვათა შორის, სატელევიზიო ეთერის მერე, ქუჩაში უკვე მცნობენ და დიდ სიყვარულს გამოხატავენ. ვიბრძოლებ, მაქსიმალურს ვეცდები და რომ ვერ გავიმარჯვო და ფინალშიც ვერ გადავიდე, მაინც არ დამწყდება გული. თუმცა, მიზანი მაქვს, გავიმარჯვო. ასე რომ, ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ჩემს ნიჭს დაინახავენ და დააფასებენ, ყველგან წავალ. 28 წლის ვარ, დიდი ხანია, ვიბრძვი და მჯერა, ბოლოს მაინც მივაღწევ მიზანს და გავიმარჯვებ. არ ვიღლები და ბოლომდე ვიბრძოლებ. სხვათა შორის, უკვე მაქვს ბევრი შემოთავაზება და ვფიქრობ, ეს კონკურსი შემოქმედებითად ძალიან მომეხმარება. სიურპრიზები ჯერ კიდევ წინ არის (იცინის).

– მინდა, წარმატებები და მიზნის მიღწევა გისურვო უცხოეთის კონკურსზე. ბოლოს მინდა, გკითხო: გული კი გაქვს ნატკენი, მაგრამ საქართველოში მომავალში თუ მიიღებ მონაწილეობას კონკურსზე?

– არავითარ შემთხვევაში! რა უნდა მოხდეს, რომ მე საქართველოში სადმე მივიდე კასტინგზე. ძალიან მატკინეს გული, ჩემს ქვეყანაში არ დამაფასეს და მერე თავი იმართლეს: ბედსა და ვარსკვლავზეა ყველაფერი დამოკიდებულიო. თავს არ ვიქებ, უბრალოდ, ბევრი ჩემნაირი იჩაგრება. როგორც მივხვდი, საქართველოში არ სჭირდებათ მომღერლები, სჭირდებათ ის, ვინც კივის. იციან, რომ საქართველოში არ მაფასებენ და უამრავი ადამიანი მწერს: რა მაგარი გოგო ხარ, რამდენს იბრძვი, აქ ნიჭიერებს არ ახარებენ. არ არსებობს, ერთ დღეს არ გაგიმართლოსო. მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და მინდა, ყველას მადლობა ვუთხრა გვერდით დგომისა და გულშემატკივრობისთვის. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, სად მოვიგებ, მთავარია საქართველოში, გრან-პრით ხელში დავბრუნდე. ამაზე ვოცნებობ და ვიცი, ერთ დღეს ამიხდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი