შოუბიზნესი

რის ელექსირს ასმევს მამულიჩა ლელა წურწუმიას და როგორ გაჭრა ლელას მეგრელობამ იტალიაშიც

№46

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 22.11, 2022 წელი

მამულიჩა
დაკოპირებულია

ცოტა ხნის წინ კახი მამულაშვილმა (მამულიჩამ) და ლელა წურწუმიამ რომაული არდადეგები მოიწყვეს. მოგზაურობიდან კარგად დასვენებულები, ემოციებითა და თავგადასავლებით დატვირთულები დაბრუნდნენ და საქმეს ჩვეული აქტიურობით შეუდგნენ.

მამულიჩა: მოგზაურობიდან ძალიან მაგარი შთაბეჭდილებებით დავბრუნდით. პირველ რიგში, იმიტომ, რომ კარგად დავისვენეთ. ძალიან ბევრი წელია, არ დამისვენია. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ლელას დაბადების დღეზე მე, ლელა და მარიამი სამი დღით ვიყავით დუბაიში. ამჯერად ნამდვილი, სრულფასოვანი და ძალიან გემრიელი ექვსდღიანი დასვენება გვქონდა. ძალიან გვინდოდა, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე მოხვედრა. ძალიან მაგარია, როდესაც სხვა ქვეყანაში ჩადიხარ და ფეხბურთი იქნება თუ სპორტის სხვა სახეობა, ესწრები თამაშს, რომელშიც ქართველები იღებენ მონაწილეობას. ეს სულ სხვანაირად ალამაზებს მთელ შენს მოგზაურობას. თუ გაიმარჯვებენ, ეს ხომ, საერთოდ, გვირგვინია! (იცინის).

– და მოედანზე მოსახვედრად კარგი თავგადასავალიც გადაგხდათ თავს.

– ასე იყო (იცინის). აქედან წავედი კახი მამულაშვილი, სტადიონზე შევედი, როგორც ბიძინა ბარათაშვილი და სკამზე დავჯექი, როგორც ნათია დუმბაძე, მაგრამ უკან ისევ კახი მამულაშვილი დავბრუნდი, სქესშეუცვლელად წამოვედი ჩემს ქვეყანაში (იცინის). აქედან რომ მივდიოდი, ჩემმა მეგობარმა, ნათია დუმბაძემ მატჩზე დასასწრები თავისი ბილეთი მომცა, რადგან თვითონ ვერ მოდიოდა. ლელამ რომ გაიგო, ბილეთი ვიშოვე, მეც წამოვალო, მითხრა. დავრეკე მეგობრებთან იტალიაში, მაგრამ წარმოიდგინეთ, ბილეთი ვერ ვიშოვე. არადა, ვინ არ ჩავრთე (იცინის). ასეთი კორუფცია, როგორიც იქაა, არ ვიცი რა, ბილეთებზე რაღაც მაფიაა (იცინის). ვერ წარმოვიდგინე, რომ 60 000 კაცი იქნებოდა სტადიონზე და ვფიქრობდი ერთ ბილეთს როგორ ვერ ვიშოვი-მეთქი,. უცებ, ბიძინა ბარათაშვილის მესიჯი მომდის, რას შვრები, აქ ხარ? აპირებ სტადიონზე მოსვლასო, – მეკითხება, მეც მოვდივარ ჩემს თანამშრომელთან ერთად და ლელაც ხომ მოდისო? ვუთხარი, ლელასთვის ბილეთი ვერ ვიშოვე-მეთქი. მოიცა, რაღაცას მოვიფიქრებო, მეუბნება და ნახევარ საათში მწერს, ბიჭო, ეს ჩემი თანამშრომელი ლელას ფანი აღმოჩნდა და თქვა, მე მზად ვარ, დავუთმო ჩემი ბილეთი, თუ დღეს შევხვდებით და ფოტოებს გადავიღებთო (იცინის). ვაა, აი, რაში გამოგვადგა ეს ცნობადობა-მეთქი (იცინის). მოკლედ, მოგვცეს ბილეთი, მაგრამ ამ ბილეთებზე ხომ პატრონის სახელი და გვარი წერია?! წამოსვლისას მეც ვკითხე ნათია დუმბაძეს, რამე პრობლემა ხომ არ იქნება, ისე არ გამოვიდეს, მივიდე და თამაშზე არ შემიშვან-მეთქი და არა, კაცო, საერთოდ არაფერს ითხოვენ, მთავარია, ბილეთი იყოს და არც პირადობა უნდა და არც სხვა საბუთიო. მოკლედ, დამამშვიდა (იცინის). ასე დამშვიდებულები წავედით თამაშზე და ძლივს მივაღწიეთ სტადიონამდე... ღმერთო, რამდენი ხალხი იყო! მივხვდი, რომ გადაჭედილი იქნებოდა მთელი სტადიონი. თურმე „ნაპოლის“ გულშემატკივრებს არ უშვებენ. ასი კაცია დაშვებული. მხოლოდ ასი გულშემატკივარი, ისიც განსაკუთრებული დაცვით. შარშან ერთი გულშემატკივარი დაღუპულა შეტაკების დროს და გამკაცრებული აქვთ წესები. ჩვენ, ფაქტობრივად, „რომას“ გულშემატკივარში აღმოვჩნდით, თან – ცალ-ცალკე, იმიტომ, რომ სხვადასხვა ბილეთები გვქონდა. როგორც იქნა, მივაღწიეთ შესასვლელს და ვაწვდი ჩემს ბილეთს. ნათია? – კითხულობს ადამიანი და მიყურებს, მეც ვეთანხმები – კი, ნათია (იცინის). მთხოვს პირადობას. მე უთხარი, ჩემს ცოლს აქვს პირადობა და გადმოგიგზავნოსო. ინტერნეტი არ მაქვს-მეთქი და არა, გამორიცხულია ამის გარეშეო. გამწარებული ვარ, ამხელა გზა გამოვიარე, ბილეთი ძლივს მიშოვია და ვრჩები ისე. გამოვბრუნდი, წავედი-მეთქი, მაგრამ სად მივდიოდი, ეგეც არ ვიცოდი. ორი საათი მოვანდომეთ იქამდე მისვლას, არც ტაქსი დადიოდა, არც არაფერი, ყველა სტადიონზეა (იცინის). ლელას ვეკითხები, შენც ხომ სხვისი ბილეთი გაქვს და როგორ უნდა შეხვიდე-მეთქი. ლელამ ბიძინას სთხოვა თანამშრომლის ფოტო, დახედა და ამბობს, მე ვარ კოპიოო. არადა, ვუყურებ – ფოტოზე, ქერა, ცისფერთვალება გოგოა (იცინის). ისე გააკეთა, რომ ცოტა დაბლარა ფოტო და შევედითო, განაცხადა, მართლა მივიდა და უპრობლემოდ გაატარეს (იცინის).

– ლელა მაინც ყველგან ლელაა...

– ჰოო, რაღაც მეგრული ვარიანტები ჩაატარა და შევიდა (იცინის). ბიძინამ მითხრა, მოიცა, არც შენ წახვიდე, რამეს მოვიფიქრებო. რამდენიმე წუთში პოლიცია მეძახის, შედიო – დიდხანს დგომა იქაც პრობლემაა. ლელა ტელეფონს მაწვდის, თურმე, ბიძინამ თავისი ბილეთი და პასპორტი მისცა ლელას და ლელაც მეუბნება, ამით შემოდიო. დავხედე ბიძინას სურათს და აშკარად მელოტია. მე თავზე თმა მაქვს, ესეც აშკარაა, რა ვქნა, ხომ არ გადავიპარსავ (იცინის). ვაიმე, რა ვქნა, აღარ ვიცი. ერთი ათი გასასვლელი მაინც იყო, ბოლო გასასვლელთან ვხედავ, პატარა ბუთქუჩა ბიჭი დგას. ვგრძნობ, რომ მაგრად შია და ერთი სული აქვს, როდის დაიწყება მატჩი, რომ წავიდეს. აქეთ უკვე „დამწვარი“ ვიყავი და იმას მივადექი. ტელეფონში სურათს შუბლზე დავადე თითი, რომ თმა არ გამოჩენილიყო და მივაწოდე. შედიო, მითხრა და ვაიმეე, აღარ ვიცოდი, რა მექნა სიხარულით. შიგნით უკვე აღარ მოუთხოვიათ პირადობა, მარტო ბილეთით შემიშვეს. სხვათა შორის, სხვებს მერეც მოსთხოვეს (იცინის). მე მართლა ღმერთმა გადმომხედა და შევედი. მივედი და დავჯექი ნათიას მეგობრებთან. წარმოიდგინეთ, 60 000 რომაელი იჯდა სტადიონზე.

– ღირდა ხომ ამ ყველაფრად?

– მე ძალიან ემოციური ადამიანი ვარ. ფეხბურთებზე სულ დავდივარ. ადრე არველაძეების თამაშებზე დავდიოდი. როცა საშუალება მქონდა, არ გამომიტოვებია, მაგრამ მივხვდი, რომ არ უნდა წახვიდე სხვა ქვეყანაში შენი გუნდის საგულშემატკივროდ. საშიში ქვეყნებია, გულშემატკივრობა ცოტა სახიფათოა (იცინის). ეს ემოციური კაცი, ვიჯექი და უემოციოდ, სულ ზმუილ-ზმუილით ჩავატარე თამაში. ხმას ვერ ვიღებდი, მეშინოდა (იცინის). გოლიც ისე გავიდა, რომ სულ ჩურჩულ-ჩურჩულით აღვნიშნავდით და სიხარულის ნიშნად თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს, ოღონდ, თან, ვაწყნარებდით, უცებ არ გაგვეცინოს ან სიხარულისგან ფეხზე არ წამოვხტეთო (იცინის). თან, ზოგი სვამდა გულშემატკივრებში და ახლა თუ დაგვესიენ და ჩაგვაშხამეს ყველაფერი-მეთქი (იცინის).

– არ ვიცი, ხუმრობდით თუ სიმართლეს ამბობდით, მაგრამ სოციალურ ქსელში ისრაელში მოგზაურობის დროს მომხდარ სასწაულზე წერდით.

– ამას რა ამბავი მოჰყვაა (იცინის). ნინო ჩხეიძემ დაწერა, ისრაელში ვიყავი, ეკლესიიდან ლიმონი ჩამოვიტანე და სასწაული მოახდინაო. იერუსალიმში არის ცნობილი ჯვრის ეკლესია, სადაც ლიმონის ხე დგას და ამბობენ, რომ მისი ნაყოფი, უნაყოფო ადამიანებს შველის. ნინოს გამოვეხმაურე ამ ამბავზე და ჩემს „ფეისბუქ“-გვერდზე დავწერე, რომ ადრე მეც ვიყავი ჩასული იქ. ჩემთან ერთად იყო დათო გომართელი, მეუღლესთან, მარიშასთან ერთად და გუკა რჩეულიშვილი, ნუცა კუხიანიძესთან ერთად. არცერთს არ ჰყავდა შვილი. ავძვერი ამ ხეზე, მოვწყვიტე ორი ლიმონი, ჩამოვიტანე და ერთი ერთს მივეცი, მეორე – მეორეს. იმ წელსვე ერთსაც ბავშვი ეყოლა და მეორესაც. ეს მოვყევი და მივაწერე, გინდათ, დაიჯერეთ ამ სასწაულის, გინდათ – არა-მეთქი. სულ რამდენიმე დღეში, სადღაც ვკითხულობ, რომ ნუცა კუხიანიძესთან ბავშვი შემეძინა. მადლობა, დიდი მადლობა (იცინის).

– დავუბრუნდეთ თქვენს რომაულ არდადეგებს. მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ ლელას ძალიან ლამაზი ფოტოები მოექცა ყურადღების ცენტრში. ლელა რომ თავს უვლის, გასაგებია, მაგრამ მამულიჩა რას აკეთებს იმისთვის, რომ ლელა ასე გამოიყურებოდეს?

– ჩემი ელექსირი მაქვს, რა. სითხეს ვამზადებ და ვასმევ (იცინის). არა, რეალურად, თავს უნდა მოუარო, სულ მოძრაობაში უნდა იყო, იაქტიურო, ეცადო, მოტივირებული იყო, შენი საქმე გიყვარდეს – ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

– მთელი ზაფხული მხვდებოდა ნიუსები სათაურებით – „ლელას ახალგაზრდა და სექსუალური პარტნიორი, სად არის ამ დროს მამულიჩა, ვის ეცეკვება ლელა ასე ვნებიანად, ვისთან ერთად მღერის ლელა“ და ასე შემდეგ. სად იყო ამ დროს მამულიჩა?

– ამ დროს მე ვუღებდი, მე ვიყავი რეჟისორი (იცინის). გიორგი თორაძეზე არის საუბარი, არაჩვეულებრივი ადამიანი, ჩვენი ჯგუფის ყველაზე მხიარული წარმომადგენელი. ისტორია ასეთი იყო, რეპეტიცია აუზზე გვქონდა და ზოგმა ხალათით, ზოგმა საცურაო კოსტიუმებით, გავიარეთ საუნდრეკი და ლაივი სოციალურ ქსელში დავდე. დაინგრა მთელი საქართველო. რაც ჩვენ გვაგინეს – როგორ გაბედა კონცერტზე ასე ტრუსიკით რომ ავიდა სცენაზეო, იყო ერთი გაწევ-გამოწევა (იცინის). რადგან ამან გადაიარა, მერე მიაბეს, აი, ლელას შეყვარებულიო (იცინის). ამ დროს მე ამ ძალიან საყვარელ წყვილს ხან აქედან ვუღებ ვიდეოებს, ხან იქიდან (იცინის). ხომ იცით, როგორ არის, ამ დროს, კომენტარის გაკეთებას აზრი არ აქვს. რა უნდა თქვა? არა, დედას ვფიცავარ, ასე არ არის? (იცინის). ადამიანს თუ რაღაც სიბინძურე ჰგონია, რაც არ უნდა უხსნა, ეგრე ეგონება, ეგრეა მაგის ტვინი მომართული და ახსნა-განმარტებების დრო არ მაქვს, მე დღევანდელი დღით ვცხოვრობ და მომავალზე ვფიქრობ. მინდა, მაქსიმალურად მეტი სიამოვნება მივიღო და მივანიჭო ადამიანებს. ვინ რა თქვა და როგორ, ამის გარჩევის დრო ნამდვილად არ მაქვს და ამის გამო, პოლემიკაში ვერავისთან შევალ. ადრე იყო, ვიღაც სისულელეს დაწერდა, ნერვები მეშლებოდა. მერე მივხვდი, რომ ამით ჩემს თავს ვვნებ. მე ხომ ვიცი, რაც არის და როგორც. ძალიან კარგია, თუ ადამიანები კარგს ფიქრობენ შენზე, მაგრამ არიან ადამიანები, ვისი ტვინიც ცოტა სხვანაირად არის მოწყობილი და მთავარია, ვისაც იცნობ, იმან არ იფიქროს ცუდი. ყველას ფიქრებს შენ ვერ განსაზღვრავ, ზოგი ცუდს იფიქრებს, ზოგი – კარგს და ილაპარაკებენ შესაბამისად. თუმცა, ჩვენს შემთხვევაში, დამიჯერეთ, რომ დადებითი ჭარბობს (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი