შოუბიზნესი

რატომ მოუწია სოფი გოგებაშვილს ოთხი თვით მეუღლისგან შორს ყოფნა და როგორ შეცვალა მან საკუთარი თავი

№37

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 19.09, 2022 წელი

სოფი გოგებაშვილი
დაკოპირებულია

სოფი გოგებაშვილისა და ნიკა ცქიტიშვილის ოჯახისთვის წლევანდელი ზაფხული ცოტა რთული იყო, რადგან ნიკას ოთხი თვით ოჯახთან განშორება მოუხდა, თუმცა კარგი მიზეზით.

სოფი გოგებაშვილი: წელს ნიკას გარეშე მოგვიწია ზაფხულის გატარება და ამიტომ არდადეგებისთვის განსაკუთრებული არაფერი დამიგეგმავს. მაისის თვეში ოთხი თვით გაფრინდა და ახლახან დაგვიბრუნდა. ამერიკაში იყო. პროფესიული თვალსაზრისით ძალიან დიდი შესაძლებლობა მიეცა და ამიტომ, უარი არ ვთქვით. არ გვიყვარს ხოლმე ცალ-ცალკე დასვენება და გადავწყვიტე, წავკისში, ჩვენს სახლში, სადაც ძირითადად ვცხოვრობთ, დავრჩენილიყავით. თან მეც მთელი ზაფხული ვმუშაობდი და ისე გამოვიდა, რომ წლევანდელი ზაფხული დასვენების გარეშე გავატარეთ. თუმცა, ნამდვილად ღირდა, ეს ნიკასთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო, ამიტომ არ დაგვიწუწუნია. ერთადერთი, რასაც განვიცდიდით, ის იყო, რომ ოთხი თვე პირველად გავატარეთ ერთმანეთის გარეშე. მეც და ბავშვებსაც ძალიან გვენატრებოდა. დროის გაყვანაში ვარჯიში დამეხმარა.

– გარეგნობა, სხეული აქამდეც გამორჩეული გქონდა, მაგრამ ბოლო პერიოდში კიდევ უფრო კარგი ცვლილებებია, არა?

– ყველაფერი ძალიან უცნაურად დაიწყო. დიდი ხანია აქტიურად არ მივარჯიშია. მესამე ბავშვის გაჩენის შემდეგ, იოგის გარდა, ინტენსიური ვარჯიშები, რომელიც ძალიან მიყვარს და ძალიან ეფექტურია, არ გამიკეთებია. ნიკა ახალი წასული იყო ამერიკაში. სავაჭრო ცენტრში ვიყავი რაღაც საქმეზე და უცებ შინაგანმა ხმამ შემომძახა, უკვე დროაო (იცინის). თან, იქიდან გამომდინარე, რომ ნიკა თბილისში არ იყო, უფრო ბევრი დრო მქონდა საკუთარი თავისთვის. როცა აქ არის, ბავშვივით რეჟიმი აქვს და ჩემთვის ნაკლები დრო მრჩება (იცინის). ამიტომ, გადავწყვიტე, მესარგებლა. ასე, დაუგეგემავად, პირდაპირ მივედი სპორტდარბაზში და აბონემენტი ავიღე. შემდეგ მწვრთნელიც ავიყვანე, რომელშიც ძალიან გამიმართლა. თავიდან კარდიოვარჯიშებით ვაპირებდი დაწყებას, მაგრამ ორგანიზმმა მომცა სიგნალი, რომ გამკვრივებაზე, ფორმების გამოკვეთაზე უნდა გადავსულიყავი. ზოგადად, სპორტული აღნაგობა მაქვს. კუნთს მეხსიარება აქვს და ცეკვის შემდეგ, ვარჯიშით, მარტივად შევდივარ ხოლმე სპორტულ ფორმაში. დავიწყეთ ინტენსიური ფუნქციონალური ვარჯიში, რაც გულისხმობს, ერთი საათის განმავლობაში გაუჩერებლად, ინტენსიურ, გამძლეობით ვარჯიშებს, რაც ყველაზე ეფექტურია ცხიმის დასაწველად, გასახდომად და რაც მე მჭირდებოდა – ფორმებისთვის. ჩემი მწვრთნელი შაკო ხაჩიძეა. თავიდანვე მივხვდი, რომ ეს ადამიანი ჩემთვის იდეალურ ფორმებამდე მიმიყვანდა. მართლაც ასე მოხდა. ვინც სპორტდარბაზში, ასე თუ ისე, თვალს მადევნებს, მეუბნებიან, რომ ოთხ თვეში ძალიან დიდი ტრანსფორმაცია განვიცადე. ამ ყველაფრის ერთადერთი მინუსი ის არის, რომ ვარჯიშზე მიჯაჭვული გავხდი. ფიზიკურად ვეღარ ვძლებ მის გარეშე. კვირა დღეს ვისვენებ და მაშინაც მინდა ხოლმე დარბაზში მისვლა (იცინის). უკვე ვარჯიშზე დამოკიდებული ვარ. ნიკას ძალიან უნდოდა, ინტენსიურად მევარჯიშა და სულ მეუბნებოდა, ისეთი აღნაგობა გაქვს, ფიტნესი შენია, ძალიან მოგიხდებაო. თუმცა, რატომღაც სულ ფეხს ვითრევდი. დღეს ნიკა უბედნიერესია ჩემი ამ გადაწყვეტილებით.

– როგორი იყო მისი შეფასება, შედეგი საკუთარი თვალით რომ ნახა?

– რეალურად შეაფასა ოთხი თვის შრომის შედეგი და საოცარი სხვაობა დახვდა. ძალიან კმაყოფილია, აღფრთოვანებულია და დიდ მოტივაციას მაძლევს. თუმცა, მხოლოდ გარეგნობა არ არის მთავარი. ყოველთვის, როცა პროგრესზე ვსაუბრობ, აღვნიშნავ იმას, რომ ფიზიკურზე მეტად, შინაგანად შევიცვალე. უფრო თავდაჯერებული გავხდი. ახლა უფრო მეტად მომწონს საკუთარი თავი. როცა ადამიანს საკუთარი თავი მოსწონს, მისი ენერგეტიკა სხვებსაც იზიდავს და ყველას თვალში უფრო მეტად მოხდენილი და მომხიბვლავი ხდება. მნიშვნელობა არ აქვს, ქალია თუ კაცი, ვარჯიში ადამიანის საუკეთესო მხარეებს გამოკვეთს. ჩემ გარშემო უკვე ყველას ტვინი შევუჭამე ამ თემით და სხვათა შორის, ძალიან ბევრი ავიყოლიე კიდეც, რაც ძალიან მიხარია. პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა ვცეთ პატივი და მერე არის ყველაფერი დანარჩენი. ჩემი საქმეებიდან გამომდინარე, დილა ყოველთვის დაკავებული მქონდა, მაგრამ მაინც ვიპოვე დრო ვარჯიშისთვის და ახლა დილის 11 საათი მხოლოდ ჩემი დროა (იცინის). ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ბავშვების გამო ვერ ვახერხებთ, არადა მშობლების ცხოვრების სტილი შვილებისთვის ყველაზე დიდი მაგალითია. ახლა ჩვენი შვილები ისეთი სპორტულები არიან, ისე უყვართ ვარჯიში და იმდენად დიდ ყურადღებას აქცევენ ჯანსაღ კვებას, რომ ძალიან მიხარია. ნიკა განსაკუთრებულად ცდილობს, რომ სამივე სპორტულად აღზარდოს. ყველაფერს გადადებს ბავშვების ჯანმრთელი ცხოვრებისთვის. ვჩხუბობთ ხოლმე, მე ვითხოვ, ბავშვებმა მათემატიკაზე იარონ, ნიკა სპორტს ანიჭებს უდიდეს ყურადღებას და ამის გამო ცოტა კონფლიქტი გვაქვს (იცინის).

– როგორია შენი რაციონი ვარჯიშთან ერთად?

– ჩემმა მწვრთნელმა თავიდანვე მითხრა, მე არ მაქვს ჯადოსნური ჯოხი, რომ იდეალურ ფორმაში ჩაგაყენო. მყავს ძალიან ბევრი მოვარჯიშე, რომელიც არ იკვებება სწორად და მათთან შედეგი ძალიან გვიან დგებაო. ამიტომ, დავიწყე თუ არა ვარჯიში, კვებაც მოვაწესრიგე. ანუ, დავიწყე ბევრი ცილის მიღება, როგორც პროტეინის სახით – დანამატი, რომელიც აუცილებელია მათთვის, ვინც ინტენსიურად ვარჯიშობს და კვებით – მაქსიმალურად ბევრი ხორცი, თევზი, ქათამი და ბოსტნეული, რომლის გარეშეც ცილა ძალიან რთულად შეიწოვება.

– თუმცა, ამ ყველაფრის დაწყების მთავარი მიზეზი წონის ცვლილება არ ყოფილა...

– ნიკა მეხუმრება ხოლმე, თავი ისევ 18 წლის ხომ არ გგონიაო (იცინის). იმიტომ, რომ სულ ჩემს ძველ წონას ვებღაუჭებოდი. წონას, რითაც ვცეკვავდი, რითაც ნიკა გავიცანი. ამ წონაზე ვიყავი ჩაჭიდებული და მნიშვნელობა არ ჰქონდა, ერთი შვილი მყავდა გაჩენილი თუ სამი, მაინც იმ წონის დაბრუნება მინდოდა. მთელი ამ 11 წლის განმავლობაში 6 კილოგრამი მქონდა მომატებული და აი, ექვსივე დავიკელი და ისევ 17-18 წლის ვარ (იცინის). თუმცა, ეს ფორმები, რომელიც ვარჯიშის შედეგად მივიღე, მაშინ არ მქონია. უბრალოდ, გამხდარი გოგო ვიყავი. ახლა უფრო მომწონს ჩემი თავი (იცინის). მოკლედ რომ ვთქვათ, ასეთი სწორი გადაწყვეტილება დიდი ხანია, არ მიმიღია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი