შოუბიზნესი

რატომ დაკარგა მზია ორველაშვილმა ადამიანების ნდობა და როგორ შეცვალა ის ახლობლების ღალატმა

№3

ავტორი: ქეთი მოდებაძე 18:00 24.01, 2023 წელი

მზია ორველაშვილი
დაკოპირებულია

მოცეკვავე მზია ორველაშვილი უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნდა და „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეთერთმეტე სეზონში მიიღო მონაწილეობა.

- მზია, ცეკვების შემდეგ რა ხდება შენს საქმეში?

- ჩამოვედი, სტუდია ავაწყვე და გადავწყვიტე, აღარსად წავიდე. მინდა, ჩემს შვილებთან და ჩემს ოჯახთან ერთად ვიყო. ჯერჯერობით ასე ვგეგმავ და ვნახოთ, როგორ წავა საქმე. ახლა მთლიანად სტუდიის საქმეებში ვარ ჩართული.

- რთულმა მატერიალურმა მდგომარეობამ წაგიყვანა სხვა ქვეყანაში. რატომ გადაწყვიტე დაბრუნება?

- დაბრუნება ჩემმა შვილებმა გადამაწყვეტინეს. ბავშვები ძალიან დეპრესიულები გახდნენ. სულ იმას მეკითხებოდნენ: დედიკო, როდის ჩამოხვალო. მეც ვეღარ გავძელი ჩემი შვილების გარეშე და დავბრუნდი.

- მებრძოლი ხარ და დამოუკიდებლად უმკლავდებოდი ბევრ წინააღმდეგობას. რატომ აირია ბოლო პერიოდში ყველაფერი?

- ეს უფრო პირად საკითხებს ეხება. ამ თემაზე არ მინდა, ვისაუბრო. ყველაფერი ხდება ცხოვრებაში. ავირიე, მაგრამ ისევ დავეწყობი. მთავარია, სულიერად არ დავეცე და ყველაფრისთვის მზად ვიყო. დეპრესიებმა ცოტა გამიარა. ახლა ადრინდელივით აღარ ვარ, უკვე ბევრ რამეს ვალაგებ და უკეთესობისკენ იცვლება მდგომარეობა. ჩემს თავს ვუთხარი, თუ ისევ დეპრესიაში იქნები, ერთსა და იმავე წრეზე იტრიალებ, უკეთესობისკენ არაფერი შეიცვლება-მეთქი. ამიტომ, საკუთარ თავს ცუდად ყოფნა ავუკრძალე. ახლა ვცდილობ, სტუდია სრული დატვირთვით ავამუშავო. ჯერ ერთი თვეა, რაც გავხსენით და ნელ-ნელა პროცესი წინ მიდის. იმედი მაქვს, კიდევ უკეთ იქნება. ვმუშაობ, ოჯახის წევრებიც მეხმარებიან და ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდება.

- მართალია, რომ ამბობენ, მზია შეყვარებულიაო?

- მზია არის ძალიან ბედნიერი. მარტო ვარ თუ ვინმესთან ერთად, კარგად ვარ. ჩემს პირადზე აღარ ვსაუბრობ.

- რატომ გადაწყვიტე ასე?

- იმიტომ, რომ ამაზე საუბარი მერე ჩემზე ცუდად მოქმედებს. მერე უფრო მეტი პრობლემები იწყება. როდესაც ასე თუ ისე ცნობადი სახე ხარ, ისედაც ძალიან ბევრი ჭორი გიკავშირდება. ბევრი რამის მოთმენა გიწევს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. პირადად მე, ძალიან ბევრი ჭორის ატანა მომიწია. ეს არ არის სასიამოვნო. ამიტომ, ნამდვილად აღარ მინდა ჩემს ცხოვრებაში ვინმემ იქექოს. მარტო ვარ თუ სხვასთან ერთად, არ მინდა, ეს ვინმემ იცოდეს. არ მიმაჩნია საჭიროდ.

- დანგრეული ურთიერთობები იწვევს სიყვარულში იმედგაცრუებას?

- ვისთვის როგორ. ყველა ურთიერთობას იმედგაცრუება არ მოჰყვება შედეგად. შეიძლება, ისეთი კარგი ადამიანი შეგხვდეს, რომ საერთოდ დაგავიწყოს იმედგაცრუებები. ზოგი ისეთი იდეალურია, მასთან თავს ძალიან ბედნიერად გრძნობ, მის გვერდით სულ იღიმი და ანათებ. ზოგი ცხოვრებას მოგაბეზრებს და სანანებელი გიხდება ის ნაბიჯები, მანამდე რომ გადადგი.

- შეგიძლია, კიდევ შეიყვარო, გჯეროდეს, რომ მოსიყვარულე ოჯახი გექნება?

- მე აუცილებლად მექნება ოჯახი. როცა საჭირო იქნება, აუცილებლად შევიყვარებ. სიყვარული ძალიან კარგი გრძნობაა. ჩემი აზრით, ყველა ადამიანს უნდა უყვარდეს. ბევრი ჩემს ასაკში იგებს, რა არის ოჯახი. მე უარს არ ვამბობ პირად ცხოვრებაზე. ოჯახს აუცილებლად შევქმნი, თუ გამოჩნდება ისეთი ადამიანი, ვინც ამაზე დამაფიქრებს. ჩემს გვერდით აუცილებლად იქნება ადამიანი, ვინც მე გამაბედნიერებს.

- რა გასწავლა გამოცდილებამ, როგორი უნდა იყოს ეს ადამიანი?

- არ უნდა თამაშობდეს, სერიოზული უნდა იყოს. ჩემ გვერდით განსხვავებული ადამიანი უნდა იყოს. როცა ეს მოხდება, მერე მას ყველა გაიცნობს.

ცხოვრებამ მასწავლა, რომ აღარავის ვენდო ისე ძალიან, როგორც აქამდე ვენდობოდი. ეს ჩემთვის ძალიან რთულია, რადგან ყველა კარგი და კეთილი მგონია. მგონია, რომ ბოროტებას არავინ გამიკეთებს და მეც ვცდილობ, ყველას გვერდით დავუდგე, მაგრამ, ამასობაში მივხვდი, რომ არავის უნდა ენდო. სამწუხაროდ, ამას გვიან მივხვდი, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

- წინა ურთიერთობებში ძალიან რბილი ვიყავი: დაყვირებას, ღალატს - შემეძლო, ყველაფერს შევგუებოდი, - შენი სიტყვებია. მართლა შეგეძლო, ყველაფერს შეჰგუებოდი?

- სიყვარულისთვის - კი, შემეძლო. შემიძლია, ეს სიტყვები დედაჩემსაც გავამეორებინო. ძალიან დამთმობი ვიყავი და ბევრ რამეზე ვხუჭავდი თვალს. ახლა ძალიან ჯიუტი გავხდი. ხასიათი შემეცვალა. არ გაუმართლა იმ ადამიანს, ვინც ჩემს გვერდით იქნება (იცინის). ახლა ბევრ რამეს ვუყურებ წინანდელისგან განსხვავებულად. ცხოვრება გცვლის და ამაზე ძალიან მწყდება გული. სულ მინდოდა, ყოველთვის ისეთი ვყოფილიყავი, როგორიც ადრე. ყოველთვის ძალიან მხიარული და ხალისიანი ვიყავი. ყველა ამბობდა, რომ ჩემი დადებითი ხასიათით გამოვირჩეოდი. ახლა ძალიან შემეცვალა თვისებები. ყველასთან გახსნილი ვეღარ ვარ. მხოლოდ ძალიან ახლობლებთან შემიძლია ასე, თუმცა, ბოლომდე მათთანაც - ვერ. დედაჩემმაც კი მითხრა: მგონია, რომ საკუთარ თავში ჩაიკეტე და რატომო?! არ ვიცი, ალბათ, ეს ცხოვრებას მოაქვს.

არის ეტაპი, როდესაც სულ მაღლა და მაღლა ადიხარ, მაგრამ მერე ისეც ხდება, რომ უცებ დაბლა ვარდები. მე სულ მაღლა მივდიოდი, ყველაფერი იდეალურად იყო და უცებ ჩამოვვარდი. ეს იმდენად უცებ მოხდა, რომ ვერც კი გავაცნობიერე. ამას შედეგად დიდი დეპრესია მოჰყვა. ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი, ცხოვრებაში რომ არ მოველოდი. ამან გამოიწვია ჩემი ხასიათის ცვლილება. ძალიან მძიმე და რთული ხასიათი გამიხდა, უზომოდ მძიმე.

- იყო ახლობელი ადამიანებისგან ღალატი?

- კი, ძალიან ბევრისგან. როდესაც მე დამჭირდა ხელის შეწყობა, იმ ადამიანებმა, ვისთვისაც რამე გამიკეთებია, მიღალატეს. მე იმიტომ კი არ ვუკეთებ ადამიანებს რამეს, რომ მერე მათგან იგივეს ველოდები, არა, მე მსიამოვნებს, თუ ვინმეს დახმარება შემიძლია. მაგრამ, ვისთვისაც ხელი გამიმართავს, ვინც ჩემი ოჯახის წევრად მიმაჩნდა, ჩემთან აღამებდა და ათენებდა, ფეხი ისე დამიდეს, ვერასდროს რომ ვერ წარმოვიდგენდი და რასაც მე ვერასდროს გავაკეთებ. ამის გამო ძალიან იმედგაცრუებული ვარ. მათ გამოცაა, რომ აღარავის ვენდობი, სანამ სრულყოფილად არ გავიცნობ. ერთმა ახლობელმა მკითხა, ყველაფერს ასე დეტალურად რატომ აკვირდებიო? მართლაც ასეა, თითოეულ სიტყვას ვაკვირდები. ამ მხრივ ძალიან შევიცვალე, მაგრამ ძალიან მინდა, ერთ დღეს ბედნიერმა გავიღვიძო - არაფერი რომ არ გაწუხებს და თავს ძალიან კარგად გრძნობ. მჯერა, რომ მალე ასეც იქნება. მჯერა, რომ დაღმართს აუცილებლად აღმართი მოჰყვება - ასეთია ცხოვრება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი