შოუბიზნესი

რატომ დადიოდა ახალი წლის ღამეს ნუკი კოშკელიშვილი ცარიელი ჩემოდნით

№1

ავტორი: ეთო ხურციძე 23:00 11.01, 2021 წელი

ნუკი კოშკელიშვილი
დაკოპირებულია

მოდელმა, ტელეწამყვანმა და აწ უკვე ბიზნესვუმენმა ნუკი კოშკელიშვილმა საახალწლოდ ქალბატონებს დიდი სიურპრიზი გაუკეთა და ახალი, წითელი ფერის ტუჩსაცხი გამოუშვა. მან ბელარუსულ ქარხანასთან გააფორმა კონტრაქტი და საკუთარ ბრენდს თავისივე სახელი „ნუკი“ დაარქვა. ნუკი საკუთარ სტარტაპზე და ახალ წელზე გვესაუბრა. 

ნუკი კოშკელიშვილი: დაახლოებით, ათი წლის წინ ერთ-ერთ გადაღებაზე ვიპოვე წითელი ფერის ტუჩსაცხი, რომელზეც გავგიჟდი და გადავირიე, მსგავსი იქამდე არაფერი მქონდა ნანახი. მერე ვცდილობდი, ეს ტუჩსაცხი მეყიდა, მაგრამ საქართველოში არ იყიდებოდა, ამერიკაში აღარ იყო და ბოლოს იტალიიდან ვუკვეთავდი, თუმცა იქაც გაქრა. შემდეგ გავიგე, რომ ეს ბრენდი აღარ არსებობდა. შვიდი ცალი მქონდა გადანახული და ამ პანდემიის დროს, მე და ჩემი ოჯახი ვისხედით, ვსაუბრობდით რაღაც საკითხებზე. ხუმრობით ვთქვი: პანდემიას ერთი დადებითი ის აქვს, რომ პომადა შემენახა-მეთქი. აქ გაჩნდა იდეა – ხომ არ გაგვეკეთებინა იმავე ფერის პომადა. დავიწყეთ ქარხნების მოძიება. ეს უნდა ყოფილიყო ევროპული სტანდარტის, მაღალი ხარისხის პროდუქტი. ბევრი ქარხანა დავიწუნეთ, ბოლოს ბელორუსში ვიპოვეთ ის ერთადერთი, რომელიც საინტერესოდ თანამშრომლობდა ჩემთან – მიგზავნიდა ფერებს, მე ვიწუნებდი, მერე კიდევ მიგზავნიდა, ისევ ვიწუნებდი და ბოლოს, როგორც იქნა, ავარჩიე ეს ფერი. თავდაპირველი პომადის ფერიც კი შევცვალეთ, გავაუმჯობესეთ, მინდოდა, ცოტა უფრო მეტი ნათება ჰქონოდა, მიუხედავად იმისა, რომ „მატოვი“ იქნებოდა. ტუჩსაცხს არ აქვს არანაირი ქიმიური დანამატები, ყველანაირად ჯანსაღი და უსაფრთხოა, გაიარა ყველა საჭირო ლიცენზია და შემოწმება.
– რამდენი ხანია, რაც ამ საქმეზე მუშაობ?
– დაახლოებით, ერთი წელია. შემოწმების პროცესი აღმოჩნდა საკმაოდ ხანგრძლივი. მას შემდეგ, რაც ფერი შევარჩიეთ, ჩემი ამოცანა იყო, სადმე რომ მივდიოდი, აუცილებლად ეს ტუჩსაცხი წამესვა. მაინტერესებდა, რას მომწერდნენ ჩემი გამომწერები. სულ ვპასუხობ ხოლმე ჩემს გამომწერებს, არავის ვტოვებ უყურადღებოდ და როცა მეკითხებოდნენ: ვაიმე, რა ლამაზი ფერია, რომელი ტუჩსაცხია, სად იყიდე... მიხაროდა და ჩემთვის ვფიქრობდი, მალე თქვენც გექნებათ, თუ მოისურვებთ-მეთქი, ოღონდ, პირდაპირ პასუხს ვერ ვცემდი, რაც დისკომფორტს მიქმნიდა. საბედნიეროდ, ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა. ძალიან მინდოდა, წარმოება საქართველოში მომხდარიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენთან ეს ტექნოლოგია არ არსებობს, თუმცა ბრენდი ქართულია და ტუჩსაცხის შეძენაც მხოლოდ საქართველოშია შესაძლებელი. ეს არის ქართული ტუჩსაცხი, ქართული გულითა და სულით, რომელიც შვილივით მიყვარს.
– გეხმარება ვინმე, თუ თავად ართმევ თავს ყველაფერს? ერთი წლის განმავლობაში როგორ არ თქვი რამე ტუჩსაცხზე?
– უკვე რამდენიმე დღეა, ოჯახის წევრები დამდევენ და მეუბნებიან, რომ ან თანამშრომელი აიყვანე, რომელიც აღწერას გააკეთებს, ან ვინმე დაიხმარეო, მაგრამ არა, ცოცხალი თავით არ ვნებდები, სათითაოდ ვპასუხობ ყველას, რადგან მე ვარ პასუხისმგებელი ამ საქმეზე. ჩუმად ვიყავი, რადგან არ მინდოდა, ვინმეს გაეგო. გულწრფელი შეფასება მაინტერესებდა და ამიტომ თითქმის ყველგან, სადაც მიმიწვევდნენ, ეს ტუჩსაცხი მესვა. საკმაოდ გამძლეა და აქ ვერ გავთვალე, როგორც ბიზნესვუმენმა (იცინის). ერთხელ რომ შეიძენ, შეიძლება, 2 წელი აღარც დაგჭირდეს ყიდვა. ბიზნესის თვალსაზრისით, ეს წამგებიანია, რადგან ძირითადად, ისეთს აკეთებენ, რომელიც მალე იხარჯება.
– ბრენდს საკუთარი სახელი დაარქვი. და რატომ წითელი ფერი?
– სახელზე მართლა ძალიან ბევრი ვიფიქრე. ზოგადად, ნებისმიერი ადამიანი რაღაცასთან ასოცირდება, მე – სათვალესთან, ქერა თმასთან ან წითელ ტუჩსაცხთან, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემი სახელი დამერქმია. წითელ ტუჩსაცხს ერთი თვისება აქვს, შეიძლება, არ გეცვას განსაკუთრებული რამ, არ იყო გამოპრანჭული ან, სულაც, ცუდ ხასიათზე იყო, მაგრამ წითელი ფერი ყოველთვის იქცევს ყურადღებას. ფერზე მუშაობისას იმიტომ შევცვალე არსებული ფერი, რომ მინდოდა, ეს არა მხოლოდ ქერასთვის ყოფილიყო, არამედ შავგრემანისთვისაც. დიზაინზე როცა ვფიქრობდით, მეუბნებოდნენ, კოლოფზე ჩემი სახელი დამეწერა, თუმცა ვიფიქრე, ვის რად უნდა, საკუთარ ტუჩსაცხზე „ნუკი“ ეწეროს-მეთქი, ამიტომ სადა გავაკეთეთ.
– ანუ, ტელეწამყვანობიდან და მოდის სფეროდან ბიზნესში გადაინაცვლე.
– ამას არ აღვიქვამ ბიზნესად, არ ვიცი, რამდენად კარგი ბიზნესვუმენი დადგება ჩემგან, მაგრამ ერთი 3-4 წელი გოგონებს კარგი ტუჩსაცხით მოვამარაგებ. იმედი მაქვს, რომ ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი მეყოლება. გვაქვს საკურიერო მომსახურება, რომელიც ყველგან, რეგიონის მიუხედავად, ხუთი ლარი ეღირება. თავად დავამატებ იმ თანხას, რაც რეგიონებშია ხოლმე განსხვავება. არ მინდა, ამის გამო ვიღაცა დაიჩაგროს. თუ ვინმეს ძალიან ეჩქარება და კურიერი ვერ ასწრებს მისვლას, თავად მოგიტანთ, არც ეს იქნება პრობლემა.
– ახალ წელს როგორ შეხვდით?
– ყველაზე განსხვავებული ახალი წელია, თუმცა ჩვენ ამ დღესასწაულს ვირუსამდეც, ყოველთვის, ოჯახის წრეში ვხვდებოდით. ბევრი ტრადიციაც გვაქვს, მაგალითად, 12 საათზე სურვილს ფურცლებზე ვწერთ, ვწვავთ და შამპანურის ბოთლში ვყრით, ოღონდ სურვილს არ ვამხელთ. ეს სურვილი აუცილებლად სრულდება ხოლმე. იტალიელებს აქვთ ასეთი ტრადიცია, ახალ წელს 12 საათი რომ შესრულდება, ცარიელი ჩემოდნით სახლს წრეს არტყამენ. ეს ნიშნავს იმას, რომ იმ წელს ბევრს იმოგზაურებენ. მეც ვცადე წელს და ვნახოთ, რა შედეგი ექნება. ძალიან ცრუმორწმუნე ვარ და მსგავსი რიტუალების მჯერა.
– პანდემიის დროს ბენმა შეძლო ჩამოსვლა?
– ბენი ახალი წლის ღამეს ჩამოფრინდა, 31-ში. პანდემიიდან გამომდინარე, ეს ერთი წელი ამერიკაში არ ვყოფილვარ და ველოდებოდი, თავად როდის ჩამოვიდოდა. შარშან ახალ წელს ამერიკაში შევხვდით და სხვათა შორის, სახლში ვიყავით – ჩვენი მეგობრები ავად იყვნენ და ვიფიქრეთ, არ გადაგვედოსო. ახლა ბენი ხუმრობს ხოლმე, ჩვენი ბრალია, ეს კოვიდი რომ გაჩნდაო (იცინის). მოკლედ, ახალ წელს პირადი სანტა ჩამომიფრინდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი