შოუბიზნესი

რატომ აწუხებდა ირმა სოხაძეს თაყვანისმცემლების არსებობა და რა გამოწვევის წინაშე დააყენა ის შალვა რამიშვილმა

№37

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 20.09, 2021 წელი

ირმა სოხაძე
დაკოპირებულია

ირმა სოხაძე „პოსტვის“ შუადღის გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი გახდა. მასთან საუბარი ამ სიახლით დავიწყეთ და მრავალწლიანი ოჯახური თანაცხოვრებით გავაგრძელეთ.

ირმა სოხაძე: ზაფხული არაჩვეულებრივად გავატარე გურიაში, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. შუა ზაფხულში ძალიან სასიამოვნო და სასიხარულო სიურპრიზი მივიღე – დამირეკა შალვა რამიშვილმა, „პოსტივის“ გენერალურმა პროდიუსერმა და შუა დღის გადაცემის წამყვანობა შემომთავაზა, ორ გადასარევ გოგონასთან ერთად. როდესაც თავს ენერგიულად გრძნობ, ფორმაში ხარ, არც თუ ისე ცუდად გამოიყურები და გამოცდილებაც არ გაკლია, რატომაც არა?! დრო ულმობლად სწრაფად გადის, ჩემი სიმღერისა არ იყოს, ამიტომ ნებისმიერი შანსი, მით უმეტეს, ჩემს ასაკში, ძალიან დასაფასებელია. ამის გამო ძალიან ვუმადლი შალვას და მგონია, რომ ძალიან საინტერესო გადაცემას გავაკეთებთ. პირდაპირ ეთერში მუშაობა ჩემთვის ძალიან კარგად ნაცნობი მდგომარეობაა. არაერთი გადაცემა წამიყვანია, რვა ხუთსაათიანი მარათონი მიმყავდა პირდაპირ ეთერში. პროდიუსერიც მე ვიყავი, სიუჟეტებსაც ვაკეთებდი და ეთერშიც გავდიოდი. ტელეწამყვანობა ჩემთვის თითქმის მუსიკოსობის ტოლფასია და ამიტომ ეს ძალიან კარგი გამოწვევაა.

გადაცემის პროდიუსერად არხმა თამთა ჭელიძე მოიწვია, გადასარევი მომღერალი, რომელსაც პატივს ვცემდი, როგორც უმცროს კოლეგას და ახლა თავიდან აღმოვაჩინე ამ საქმეში, როგორც პროფესიონალი და ძალიან გამიხარდა. კიდევ ერთი პროდიუსერი გვყავს – ლინკა რამიშვილი, ისიც ძალიან გამოცდილია. რაც შეეხება ჩემს მომხიბვლელ თანაწამყვანებს, მანო მურღულიას და თამთა კვარაცხელიას, ერთი ასაკით ჩემი ნახევარია, მეორე – მესამედის. ჩვენი სახით, სამი თაობის წარმომადგენელი ქალბატონი იჯდება ეთერში. სამივეს ჩვენი შეხედულებები გვაქვს და ძალიან მინდა, რომ ამ გადაცემით თაობებს შორის ჩატეხილი ხიდი აღვადგინოთ. არის საკითხები, რასაც ჩემი თაობა ვერ იღებს. მაგალითად, რატომ უნდა გადაიპარსოს ახალგაზრდა გოგონამ თმა, რატომ უნდა გაიკეთოს ტატუ, მაგრამ ამაზე შვილებს კატეგორიული უარი კი არ უნდა ვუთხრათ და ჩხუბი დავუწყოთ, ლოგიკური რჩევა უნდა მივცეთ და მათაც უნდა შეეძლოთ, მინიმუმ, მოსმენა მაინც. სამწუხაროდ, ბევრ ოჯახში თაობებს შორის დიდი კედელია და გვინდა, ეს დავანგრიოთ. პანდემიამ ბევრი რამ სხვა თვალით დაგვანახვა და მგონია, რომ უფრო უნდა დაგვათბოს, გაგვაკეთილშობილოს. თუმცა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ადამიანებს არ ეტყობათ, რომ აქეთ მივდივართ.

– ყოველთვის კარგ ფორმაში ხართ, მაგრამ ყოველდღიური ეთერის წინ, ვიზუალზე, ალბათ, კიდევ უფრო მეტად ზრუნავთ...

– მე მინდა, ყოველთვის კარგად გამოვიყურებოდე. არ იცი, როდის სად გამოგადგება (იცინის). სახლშიც მოწესრიგებული ვარ და საერთოდ, მიმაჩნია, რომ ყველამ უნდა ვეცადოთ, მაქსიმალურად ჯანსაღად ვიცხოვროთ, ვიაროთ ფეხით, მოვერიდოთ ტკბილეულს, ცომეულს. მე თითქმის ვეგეტარიანელიც ვარ, სიგარეტზე საუბარიც კი ზედმეტია. ასე ცხოვრება ეკონომიურიცაა და სასარგებლოც. სხვათა შორის, ბევრ ჩემი ასაკის ქალბატონს აინტერესებს, როგორ მოვახერხოთ, რომ ჩვენს ასაკში კარგ ფორმაში ვიყოთ და გულწრფელი ვიქნები – მართლა ძალიან ადვილად, ყოველგვარი ზედმეტი დანახარჯების გარეშე. პლასტიკური ქირურგია გამორიცხეთ, არანაირი ჩარევა არ მაქვს გაკეთებული, მაგრამ არ ვუჩივი არც განწყობას, არც ენერგიას და არც გარეგნობას.

– რამდენად დიდია ამაში მეუღლის როლი?

– 46 წელია, ერთად ვართ. ერთხელ ვიხუმრე, ქართველი ქმარი ხელს და ნერვებს რომ არ გიშლის, ამით უკვე ძალიან გეხმარება-მეთქი. ეს ხუმრობაა, მაგრამ პრინციპში, ასეცაა. როდესაც კაცი ბუზღუნა არ არის და ყველაფერს არ აპროტესტებს, როგორც ქართველი კაცების უმრავლესობა, უკვე ბევრს ნიშნავს. ყველამ თავის თავში ჩაიხედოს და დაინახავს, რომ ასეთია. გაუგებარი პრეტენზიები აქვთ ცოლების მიმართ და მე ვცდილობ, რომ შენიშვნაც კი არ დავიმსახურო. ძალიან კარგი კულინარიც ვარ. სხვათა შორის, ამ პანდემიის დროს, ძალიან დავოსტატდი და ბევრი კერძის მომზადება ვისწავლე, ზოგი გავაუმჯობესე. ამ მხრივ, ჩემი მეუღლე ძალიან კმაყოფილია. რეზო ჩემი მეგობარია, კარგი ადამიანია. იცის, რა მიჭირს, რა მიხარია, რა მჭირდება. მისი წვლილის შესახებ კონკრეტულად საუბარი რთული იქნება, მაგრამ რაც შეუძლია, ხელს რომ მიწყობს და ნერვებს არ მიშლის, ეგ მართლა დიდი ამბავია. ხანდახან მეხმარება კიდეც, ჩემი ძალიან საამაყო კონცერტი, ვარსკვლავის გახსნა, მისი დახმარების გარეშე არ შედგებოდა – ყველა ტექნიკური პრობლემა მან აიღო საკუთარ თავზე. მარადიულად ჩემ გვერდითაა და ჩემი ყველა საქმით საოცრად დაინტერესებულია-მეთქი, ვერ მოვიტყუები, მაგრამ რამდენადაც შეუძლია, მეხმარება.

– ასეთი აქტიურობის ფონზე თქვენ როგორი მეუღლე ხართ?

– ქართველი კაცის კვალობაზე ჩემი მეუღლე კი არაჩვეულებრივი ქმარია, მაგრამ ალბათ, მეც კარგი გოგო ვარ, თორემ, ის ისეთი ბიჭია, ვერ აიტანდა ქალს, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. საერთოდ, ოჯახი ორმხრივი დათმობებია. არავინ დაიჯეროს, რომ თვითონ წამოწვება და მეორე ნახევარი თვალებში უყურებს. ოჯახი ორმხრივი ყურადღებაა წვრილმანებში, მსხვილმანებში – ინტერესი, საქმის კურსში ყოფნა, კეთილგანწყობა – სხვანაირად არ გამოვა. კულინარიც კარგი დავდექი, ყურადღებიანი და თბილი ცოლი ვარ და სხვა როგორი უნდა იყოს მეუღლე?!

– ცნობილი ადამიანები ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ წარმატებულ კარიერასთან ერთად ოჯახის შენარჩუნება არ გამოდის.

– იმიტომ, რომ ხელოვანი ადამიანი ეგოისტია. მე არ ვარ ეგოისტი. რომ ვყოფილიყავი, შეიძლება, კარიერაში მეტისთვის მიმეღწია, შესაძლოა, სხვა ქვეყანაში მეტი არეალი მეპოვა, მაგრამ დავკარგავდი ყველაზე ძვირფასს, ჩემს ოჯახს. მე ჩემს ოჯახზე ძვირფასი არაფერი გამაჩნია, ისიც რომ მაქვს და ესეც, ეს არის ჩემთვის ჰარმონია და ბედნიერება. ეს აისახება ჩემს შინაგან და გარეგან მდგომარეობაზე. ასევე, არ ვარ ბოღმა და ყველას მინდა, ვუთხრა, რაც უფრო კეთილი დამოკიდებულება გვექნება ერთმანეთის მიმართ, მით უფრო დიდხანს შევინარჩუნებთ ახალგაზრდობას. კიდევ, თუ ავიცრებით, არ დავიხოცებით. არ მიყვარს ყველა რომ უყვართ, „ფეისბუკზე“ და ოთხი ათას უცნობ ადამიანს რომ სიყვარულს უხსნიან – ეს სიყალბეა, მაგრამ კეთილი დამოკიდებულება სხვაა და ეს ჩვენი ვალდებულებაცაა. თუ ამასთან ერთად, გულში ბოღმასაც არ გავიჩერებთ, დამიჯერეთ, რომ მართლა არ დავბერდებით.

– არც თქვენ გაკლდათ თაყვანისმცემელი და არც მეუღლეს, რაც არაერთისთვის გამხდარა განშორების მიზეზი. თქვენ როგორ შეინარჩუნეთ სიყვარული და ოჯახი?

– იმიტომ, რომ ერთად ყოფნა გვსიამოვნებდა. სიმართლე გითხრათ, ძალიან მაწუხებდა თაყვანისმცემლების არსებობა. მათი სიმრავლით თავი არასდროს მომიწონებია. პირიქით, სულ ვმალავდი და მინდოდა, ჩქარა დამთავრებულიყო მათი მხრიდან ყურადღება. ეს გათხოვებამდე და მერე ხომ – საერთოდ. პატარა გავთხოვდი, მაგრამ რა დასამალია, რომ ბევრ ბიჭს მანამდეც მოვწონდი. ეს ჩემთვის არასდროს ყოფილა საინტერესო ან საამაყო. პირიქით, ძალიან მეზარებოდა – ზედმეტი წვალება და თავის ტკივილია. მეუღლეს რაც შეეხება, საერთოდ არ ვარ ეჭვიანი. ეს მგონია, რომ ეს ყველაზე დამამცირებელი და უარყოფითი ემოციების მომტანი გრძნობაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი