შოუბიზნესი

რატომ არ მივიდა გოდერძი შარაშია მომავალ მეუღლესთან პირველ პაემანზე და როდის კარგავს ის ბრძოლისუნარიანობას

№3

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 25.01, 2023 წელი

გოდერძი შარაშია
დაკოპირებულია

გულახდილი საუბარი გოდერძი შარაშიასთან 👇

- ვინ არის გოდერძი შარაშია?

გოდერძი შარაშია: არავინ განსაკუთრებული და სხვებისგან განსხვავებული. ერთი უბრალო ადამიანი, პროფესიით ჟურნალისტი, უმაღლესი განათლებით.

- როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?

- არ ვარ ფუფუნების მაძიებელი. მირჩევნია უბრალო, სადა ადამიანების საზოგადოებაში ყოფნა და უბრალო სახლში ცხოვრება. არაკომფორტულად ცხოვრებას, მგონი, არავინ ნატრობს, მთავარია, გქონდეს კომფორტი და სულ ეს არის. კმაყოფილი ვარ იმით, რაც მაქვს. ღმერთი იმდენს მაძლევს, რამდენსაც ვშრომობ. მთავარია, ისინი მყავს გვერდით, ვინც მინდოდა, მეუღლე და შვილი.

- ბოლოს როდის იტირეთ და რატომ?

- წელს ბევრი ვიტირე ოჯახის წევრების დაკარგვის გამო. მეუღლის ოჯახში იყო ბევრი ტრაგედია - გარდაეცვალა ძმა, მამა, დეიდა, მამიდა. ყველა ერთ წელს, ერთმანეთის მიყოლებით. ისე, შემიძლია, ნაწარმოების ან ფილმის გამო ვიტირო. სოციალურ ქსელში სოციალურად დაუცველი ბავშვების ვიდეოებს რომ ვუყურებ, ცრემლებს ვერ ვიკავებ. ასევე, რომ ვუყურებ მოხუცების ვიდეოებს, რომლებიც მარტო ცხოვრობენ მთაში, ვერც მაშინ ვიკავებ თავს. ადამიანს ტირილი და ბოდიშის მოხდა უნდა შეეძლოს. ეს ორი ძალიან გაადამიანურებს.

- რას გააკეთებდით, ლატარიაში რომ ბევრი მილიონი მოიგოთ?

- ოჯახის წევრებს და მეგობრებს გავუნაწილებ თანხას. რაც მაკლია სახლში, იმას დავასრულებდი. გავაკეთებდი მოხუცთა თავშესაფარს, სადაც დაშვებული იქნებოდა ცხოველების ყოლაც. მე ისიც ძალიან მომწონს, მოხუცებთან რომ ბავშვები ცხოვრობენ ამ ტიპის სახლებში. ეს მოხუცებს ცხოვრებას უხალისებს, ბავშვები სიკეთეს სწავლობენ.

- თუ გინდათ, მსოფლიო მასშტაბით ძალიან ცნობილი და გავლენიანი ადამიანი იყოთ?

- რატომაც არა, მხოლოდ ჩემი პროფესიით. ძალიან ბევრია ცნობილი ადამიანი, ვინც სამყაროსთვის არაფერს აკეთებს, რაც სამწუხაროა. თუ ეს სურვილი ასრულდებოდა, ჩემი მიზანი რაღაცების უკეთესობისკენ შეცვლა იქნებოდა. ცნობილი ვიქნებოდი იმისთვის, რომ მაგალითად, გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ რამე გამეკეთებინა. ამ მხრივ ძალიან ვიაქტიურებდი.

- გოდერძის ყველაზე ცუდი საქციელი რა არის?

-ბოლო დროინდელს გავიხსენებ, იმას, რაც ვინანე. იცით, ალბათ, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ იტალიელი მონაწილე. ჩემი და მისი ფოტო დავდე სოციალურ ქსელში ჩემს გვერდზე და ვიკითხე, სხვებიც თუ გვამსგავსებდნენ ერთმანეთს. მე ჩემს გვერდზე კი არა, ყველა ჩემი გადაცემის ქვემოთ ვკითხულობ კომენტარებს. შენიშვნებს და რეკომენდაციებს აუცილებლად ვითვალისწინებ, მაგრამ ძალიან არასასიამოვნო წასაკითხია, როდესაც შეურაცხყოფას გაყენებენ. ამ ჩემს ერთ უბოროტო ფოტოზე ერთმა ქალბატონმა ძალიან შეურაცხმყოფელი კომენტარი დაწერა, გამეორებაც კი არ მინდა. ჩემი ცუდი საქციელი ისაა, რომ მე ამ კომენტარის ავტორს მივწერე და დავურეკე კიდეც. თუმცა, მალევე მივხვდი, რომ არ უნდა დამერეკა. რაც კომენტარში დაწერა, იმაზე უარესი მელაპარაკა. ენით აღუწერელი კომენტარი იყო, საშინელი და ვკითხე, გიცნობთ? შეურაცხყოფას რატომ მაყენებთ? ლოგიკურების ფარგლებში შენიშვნა მომეცით, მაგრამ ასეთ რამეს რატომ მიწერთ-მეთქი, ვკითხე. ამაზე ისეთები მიპასუხა, ვიფიქრე: ღმერთო, ახლა მიწა რატომ არ გამისკდება-მეთქი და გავთიშე. ეს სოციალური ქსელია და ყველაფერი „მოსულა“, მე აქ უარესებს ვწერო. მე რომ მსგავსი რამ თქვენ დაგიწეროთ ან თქვენს შვილს-მეთქი? - მაგას არ გაპატიებო, მითხრა, თუმცა თვითონ ეპატიება. სამწუხაროდ, ასეთი ადამიანი ძალიან ბევრია სოციალურ ქსელში.

- მეორე მხარეც აქვს ამ ამბავს, ჟურნალისტისგან ცუდ ტონად მიიჩნევა პასუხის მოთხოვნა.

- ჰო, მაგრამ, მე მას პასუხი კი არ მოვთხოვე, უბრალოდ, მისი მოსაზრება მაინტერესებდა. მაინტერესებდა, ვინ იყო, რა ინტერესები ჰქონდა. რატომ წერენ ზოგადად ადამიანები ასეთ რამეს, თორემ მე ეს როგორ გამიბედე-მეთქი, არ მითქვამს. ასეთ ადამიანებს თავიანთი გაჭირვება ისედაც ჰყოფნით, მე რომ არ დავემატო ზემოდან. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ სხვის აზრს ყურადღებას არ ვაქცევ. ყველაფერს ვკითხულობ აბსოლუტურად, მაგრამ ასეთ კომენტარზე, ასეთივე ფორმით პასუხს როგორ ვიკადრებ. თურმე კომენტარის მიღმა კიდევ უარესია, მეტჯერ ამას აღარასდროს ვიზამ. მე დავაშავე ამით, ჩემს თავთან დავაშავე და აღარ გავიმეორებ.

- მოგიპარავთ რამე?

- არა, არასდროს. მოპარვით არაფერი მომიპარავს. ერთხელ შენობის გვერდზე ხატი ვიპოვე. საღამო ხანი იყო, ბნელოდა. ვიფიქრე, რომ დაკარგეს, ავიღე და წამოვიღე. მეორე დღეს იმ ადგილას ისევ გავიარე და ვხედავ, თურმე ხატების კუთხე ყოფილა კედელზე (იცინის). გავვარდი და უკან მოვიტანე ის ხატი (იცინის). არ ვიცი, ეს მოპარვად ჩამეთვლება თუ არა, მაგრამ ტაო-კლარჯეთიდან, ტაძრის კედლის ფრესკის პატარა ნატეხი წამოვიღე, რომელიც გადაყრილი იყო, ცნობილი პროცესების დროს. მოპარვაზე მეტად, მგონია, რომ გადავარჩინე (იცინის).

- სახალისო შემთხვევა პაემანზე...

- ასეთი იყო ჩემი და ჩემი მეუღლის პირველი პაემანი (იცინის). შეყვარებულები ვართ, პირველ პაემანზე მივდივართ. ადგილი შევათანხმეთ და მე ოპერასთან მივედი, ის ფილარმონიასთან ბაღში - მე ამერია დანიშნულების ადგილი. მერე ძლივს შემოვირიგე (იცინის). წარმოიდგინეთ ახლა, გოგო მოვიდა პირველ პაემანზე და ბიჭი - არა. მობილურები მაშინ არ იყო, რომ რამე გარკვეულიყო და გამოვიდა, რომ საერთოდ არ მივედი პაემანზე. სინამდვილეში კი, მე სხვაგან წავედი. მერე ვუთხარი, მესმის, დამნაშავე ვარ, მაგრამ ჩემნაირი ბიჭის დაკარგვა არ ღირს ამ ერთი ფაქტის გამო-მეთქი (იცინის). მერე სახლში რომ მოვყევი ეს ამბავი, დედაჩემმა მითხრა: რას ლაპარაკობ, ფილარმონია გითხრა, ტელეფონი რომ დაკიდე, მაშინვე გაიმეორე, რომ ფილარმონიასთან უნდა გენახა და ოპერასთან რა გინდოდაო. ეტყობა, სიმღერა რომ ვიცი, მაინც ოპერისკენ წამიღო სიყვარულის ნოტებმა (იცინის). საბედნიეროდ, ჩემი მეუღლე სულგრძელი აღმოჩნდა.

- რის გაკეთება გიყვართ და რის - არა?

- ვმღერი და მიყვარს საქმის ღიღინით კეთება. მიყვარს სამზარეულოში ტრიალი, კულინარია. ცხელი კერძების სპეციალისტი ვარ. ცხარე, გემრიელი მეგრული კერძები, გასაწელ-გამოსაწელები ძალიან კარგი გამომდის. ოღონდ უთოს და ნათურას ნუ გამაკეთებინებ და ელარჯს გავაკეთებ. თუმცა, ფიზიკური შრომაც მიყვარს. მიწაზე მუშაობა, ბარვა, თესვა, დიდ სიამოვნებას მანიჭებს. აგარაკზე ეზო გვაქვს და ნერგები დავრგე. მე და ჩემმა მეუღლემ კიტრი და პომიდორი მოვიყვანეთ. თბილისთან ახლოსაა და დრო რომ გამომიჩნდება, მაშინვე იქ გავრბივარ და ხან ყვავილებს ვრგავ, ხან ხეხილს და ხან ვბარავ. ეგ კი არა, გადაღებაზე რომ მივდივარ სოფლებში, დაბარვაშიც ვეხმარები, დათესვაშიც, ფქვილის დაფქვაშიც, ცომის მოზელაშიც, ხაჭაპურის გამოცხობაშიც, ბლოკის დადებაშიც, გაჯის გაკეთებაშიც, დასუფთავებაშიც, ავეჯის გადაადგილებაშიც და ასე შემდეგ (იცინის).

- ყველაზე დიდი შიში როდის განიცადეთ?

- თუ ოჯახის წევრი ცუდადაა, შიშისგან ისე ცუდად ვხვდები, რომ ხმამაღლაც ვერ ვამბობ. არ მინდა, ჩემი შიში სხვას გადავდო. ამ დროს საშინელი უსუსურობის განცდა გიპყრობს. ნატრობ, ცუდი არაფერი გაიგო. ალბათ, ამ დამოკიდებულების ბრალია, რომ უფასო სკრინინგის შემთხვევაშიც კი, არ მივდივართ კვლევაზე. არ გვინდა, ცუდი რეალობის გაგება, მაგრამ უმჯობესი არ არის, თავიდანვე ვიცოდეთ და ვიმოქმედოთ?! სხვებს კი მოვუწოდებ ამისკენ, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში მე თვითონაც ძალიან უსუსური ვარ. მშურს მათი, ვინც მსგავს მდგომარეობაში ბრძოლისუნარიანია. მე წამში მოვდუნდები. როცა ჯანმრთელი ვარ, ბოლომდე ვიბრძოლებ შედეგის მისაღებად. მაგალითად, პროფესიაში ავიღოთ, ბოლომდე ვიბრძოლებ საუკეთესო რეპორტაჟის გასაკეთებლად და მიბრძოლია კიდეც, მაგრამ, როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება, ჩემსას თუ ჩემთვის საყვარელი ადამიანისას, სრულიად უძლური ვხვდები. მირჩევნია, მე ვიყო ავად, ვიდრე ჩემი ახლობლები.

- ყველაზე დიდ უსამართლობას როდის შეჯახებიხართ?

- ბევრი წყენა მიმიღია დაუმსახურებლად, უსამართლოდ. როცა იმსახურებ, მაშინ თითქოს ნაკლებად მტკივნეულია. „ორი ვარსკვლავის“ დროს ერთმა ჩემმა ახლობელმა ისეთი ცუდი რამ დაწერა ჩემზე, არადა, ისე მივეხმარეთ მე და ერთი ადამიანი მანამდე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, რომ მისგან არ ველოდი - გველის ნაკბენივით დამამახსოვრდა მისგან დაუმსახურებელი წყენა. სიმართლეს ვიტყვი, როცა დაუმსახურებლად მაწყენინებენ, მიჭირს პატიება. ეს ცუდი თვისებაა, ალბათ. მიპატიებია ისეთი რამ, რომ გაჰკვირვებიათ: ამას ეს როგორ აპატიეო, მაგრამ უფრო ნაკლები ვინც მაწყენინა, მას ვერ ვაპატიე. ამის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება, იყოს.

- ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ?

- ეს არის ჩემი ოჯახი, ჩემი შვილი და მეუღლე, სადაც სიმშვიდე და კომფორტი მაქვს. ვამაყობ, რომ კარგმა მშობლებმა გამზარდეს. მათი ძალიან მადლობელი ვარ, ბევრი იწვალეს, დიდი დრო და ენერგია დახარჯეს ჩემთვის. ოჯახი ჩემთვის ყველაზე ძვირფასია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი