შოუბიზნესი

რატომ არ იცოდა ნუკი კოშკელიშვილმა წერა-კითხვა ქართულად და როგორ გახდა ის მსოფლიოს მასშტაბის მაჭანკალი

№38

ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 28.09, 2022 წელი

ნუკი კოშკელიშვილი
დაკოპირებულია

მოდელი, ტელეწამყვანი, მსახიობი და ბიზნესლედი ნუკი კოშკელიშვილი, იმ ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნება, ვინც ყოველთვის გულახდილია, არ ერიდება მის პირად ცხოვრებაზე, ნაკლსა თუ დადებით სახასიათო შტრიხებზე საუბარს. ყოველთვის ფორმაშია და დარწმუნებულია, რომ დასახული მიზნისკენ აუცილებლად გადადგამს ნაბიჯებს და გაიკვლევს გზას ამერიკულ კინოინდუსტრიაში.

– ნუკი, შენით საკმაოდ სერიოზული ამერიკული სააგენტი დაინტერესდა და კონტრაქტიც გააფორმე. იქნებ გვითხრა, რა პერსპექტივებს გპირდება ეს კონტრაქტი და მალე თუ გიხილავთ მსოფლიო კინოთეატრების ეკრანებზე, მთავარ როლში?

– უკვე რვა წელია, ამერიკაში ვარ და რამდენჯერაც ვცადე ფილმში გადაღება, თუ არ ჩავთვლით პატარა როლს, სადაც ერთი გაკვრით ვჩანვარ, ხე ვარ ან ბუჩქი, არაფერი გამომივიდა. ერთადერთი, სერიალში, მკვდარი მეძავის როლი ვითამაშე და მაშინ მოვხვდი ტიტრებში, ჯენიფერ ლოპესის ფილმში კი გაკვრით ჩანდა ჩემი პიჯაკი და ცხვირი. სააგენტო, რომელმაც ამიყვანა და კონტრაქტიც გავაფორმეთ, წარმოადგენს თეატრს, კინოსა და ტელევიზიას, ანუ ყველა სფეროს. ამ სააგენტოს ვიზუალურად მოვეწონე და მითხრეს, მოდიო. მივედი გასაუბრებაზე და მოვუყევი, რაც გამიკეთებია. მითხრეს, ეს ყველაფერი კარგიო, მაგრამ იქ არაფერს ნიშნავს, ჩვენ გვინდა, შენ გააკეთო ვიდეო – ერთი სარეკლამო რგოლი და ერთი თამაში და სცენარს ჩვენ გამოგიზავნითო. მოკლედ, ის, რაც აქამდე გამიკეთებია, წონა არ აქვს და აუცილებელი იყო მათთვის ჩემი სამსახიობო შესაძლებლობები დამენახვებინა. მოკლედ, გადავიღე ვიდეო, გავუგზავნე და იმავე დღეს მომწერეს, გვინდა ექსკლუზიურად წარმოგადგენდეთო. ეს ჩემთვის დაუჯერებელი ამბავი იყო.

– ნუკი, პროფესიით მსახიობი არ ხარ, რატომ არ ჩააბარე თეატრალურ ინსტიტუტში, რომ სამსახიობ ტექნიკა პროფესიონალურ დონეზე შეგესწავლა?

– ძალიან სირცხვილია, ახლა რასაც ვიტყვი, მაგრამ გარკვეული პერიოდი რუსეთში ვიზრდებოდი და ქართულად გამართული წერა-კითხვა არ ვიცოდი. ბავშვობიდან ყველა ქართულად მელაპარაკებოდა და თავისუფლად, უაქცენტოდ ვსაუბრობდი, თუმცა წერა-კითხვა მოგვიანებით ვისწავლე. სხვათა შორის, ახლა რომ ჩავალ ამერიკაში, დაგეგმილი მაქვს, სამსახიობო კურსებზე ვიარო. სიმართლე გითხრათ, არ მგონია, რომ კარგი მსახიობი ვარ. ჩემს თავს რომ ვუყურებ, ვფიქრობ, ცოტა უნიჭო მსახიობი ვარ, მეტყობა, რომ ყალბი ვარ, უფრო ტელევიზიაში ვხედავ ჩემს თავს. ასე რომ, წამყვანობა უფრო მინდა, ვიდრე მსახიობობა. ვიცი, ბევრი იტყვის, ტელევიზიაში მოხვედრა ასე ადვილი არ არისო. მე კი ვუპასუხებ, რომ შორეული მიზანი უნდა დაისახო და მისკენ ნელ-ნელა გააგრძელო სხვლა. გზად კი ბევრ კარგ რაღაცას გააკეთებ.

– ამერიკის ქუჩებში საკმაოდ ორიგინალური, ექსტრავაგანტური და გამორჩეულად ჩაცმული დადიხარ. სამოსს პირად მკერავთან იკერავ თუ ბრენდულ მაღაზიებში ყიდულობ?

– ზოგადად, ნიუ-იორკის ქუჩის მოდა მსოფლიოში ყველაზე მრავალფეროვანი და ექსტრავაგანტურია. გეძლევა საშუალება, რაც გინდა ის ჩაიცვა და რომც არ გამოყურებოდე კარგად, არც არავინ გაგკიცხავს – არც მეზობელი, არც ნაცნობი და არც მეზობლის ნათესავი. ქუჩაში რომ მიდიხარ, თუ კარგად გამოიყურები, არავინ დაიშურებს და უცნობი გამვლელები აუცილებლად გეტყვიან კომპლიმენტს – რა კარგად გამოიყურები, რა ლამაზი ხარ, რა კარგი ლუქია. უცნაურ მაღაზიებს ვპოულობ, კაციშვილმა რომ არ იცის, ისეთს, ვყიდულობ სულელობებს, ვახამებ ჩემებურად და მშვენივრად ვირგებ.

– ამ ყველაფერში დიდ თანხას იხდი?

– ამას ჩემი მეუღლე, ბენი აფინანსებს.

– ნუკი, შენ და შენმა ამერიკელმა მეუღლემ სოციალურ ქსელში აპლიკაცია „დამაჯახე“ შექმენით, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთი გაიცნონ, დაახლოვდნენ და შექმნან ოჯახი, თუ ამის სურვილი ექნებათ. ეს მომსახურება ფასიანია და ერთგვარი ოჯახური ბიზნესია?

– ბენი მეც ინტერნეტსაიტით გავიცანი. ეს გახდა ახალი აპლიკაციის შექმნის ინსპირაცია. გადავწყვიტეთ, ახალგაზრდა გოგონები და ბიჭები დავაჯახოთ ერთმანეს. ეს აპლიკაცია არა მარტო ქართველებზეა გათვლილი, ის მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მუშაობს. ეს ყველაფერი კი არანაირი ბიზნესი არ არის, აბსოლუტურად უფასოა. ბენს მიაჩნია, მე რომ გამიცნო, ეს იყო ყველაზე მაგარი რამ მის ცხოვრებაში. საქართველოში არ იყო გასაცნობი აპლიკაცია და გადაწყვიტა თვითონ გაკეთებინა აპლიკაცია, რომელიც დააახლოებს ადამიანებს არა მხოლოდ სასიყვარულოდ, არამედ, უბრალოდ, საურთიერთოდაც. „დამაჯახეზე“ აუცილებელია დარეგისტრირება, ტესტის გავლა და რომელი ადამიანიც ემოციურად შენთან ახლოსაა, მას უკავშირდები. რამდენიმე თვეა, რაც „დამაჯახე“ არსებობს და უკვე ასიათასობით ადამიანია გაწევრიანებული. მეც და ბენისაც გვჯერა სიყვარულის, ურთიერთობებისა და სასწაულების, რომელიც აუცილებლად ხდება. და გვჯერა სიკეთის, რომელიც უნდა გააკეთო და ის აუცილებლად დაგიბრუნდება. ასიათასობით ადამიანი თუ დავამეგობრეთ, დავაწყვილეთ და „დავაჯახეთ“, ჩვენც რაღაც კარგი მოგვივა და ამაზე მეტი სიკეთე რა უნდა იყოს (იცინის).

– უკვე დაეჯახ-დაოჯახდა ვინმე?

– რამდენიმე თვეა, რაც აპლიკაცია შეიქმნა, ჯერ არავინ დაოჯახებულა, თუმცა ბენს აქვს გადაწყვეტილი, პირველ რამდენიმე წყვილს, რომელიც დაოჯახებას გადაწყვეტს, სიურპრიზი გაუკეთოს. ვხუმრობ ხოლმე: მთელი ცხოვრება მაჭანკალი ვიყავი და ახლა საერთაშორისო არენაზე გავედი-მეთქი (იცინის). მგონია, ამის ნიჭი მაქვს. იმასაც ამბობენ, მაჭანკლობაში ბევრი ფული კეთდებაო, თუმცა ნამდვილად არ ვიცი, ფული როგორ კეთდება (იცინის).

– უამრავი ჭორი დადიოდა შენზე. რა აღარ მოიგონეს და დაგაბრალეს. ამ ბოლო პერიოდში კი შენი გარეგნობა გახდა სალაპარაკო თემა. მართალია, რომ სახეზე გენეტიკური პრობლემა გაქვს თუ ესეც მორიგი ჭორია?

– არა, ჭორი ნამდვილად არ არის. ეს პრობლემა მამაჩემისგან მაქვს გენეტიკურად – სახის ერთ მხარეს კუნთი მაქვს ატროფირებული. მარცხენა სახის მხარეს ბოტოქსი, ფილერები და ძაფები მაქვს გაკეთებული, მარჯვენა მხარეს კი – არაფერი. თუ მოვეშვი, მიმიკა არ ვაკონტროლე და ისე ვილაპარაკე, სახე და ტუჩები მარჯვნივ მიდის. მოკლედ, ძალიან ასიმერტიული სახე მაქვს, ადრე ვაკონტროლებდი და ახლა მივეჩვიე. ჩემი სახის ატროფირებული კუნთი კამერაში საკმაოდ შესამჩნევია და ამიტომ ტელევიზორში არასოდეს ვუყურებ გადაცემებს, სადაც მე ვარ. ცხვირზე ხომ დამცინიან, თმაზე და ათას რამეზე, მაგრამ ჩემი სახე რომ აიჩემეს, მართლა გული მწყდება და ვკომპლექსდები. სიმართლე გითხრათ, ადრე უფრო მწყინდა, ახლა კი ვფიქრობ, არ უნდა მივაქციო ყურადღება, ვინ რას იტყვის და ვიყო ინსპირაცია მათთვის, ვისაც რაიმე აკომპლექსებს. ამან არ უნდა დაგაკომპლექსოთ. თუ მაქვს მოღრეცილი სახე, ვერ გავთხოვდი ამერიკაში? სილვესტერ სტალონესაც იგივე სჭირს, რაც მე და ვერ გახდა მსოფლიოში აღიარებული მსახიობი? ასე რომ, არ მიაქციოთ ყურადღება ვინ რას ამბობს თქვენზე, დაისახეთ მიზანი და მიჰყევით მას. არაფერმა და არავინ არ დაგაკომპლექსოთ, ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ და „ფიშკად“ გამოიყენეთ. ზოგადად, უამრავი ჭორი გავრცელდა ჩემზე, მაგრამ გამიმართლა, რომ არცერთი არ იყო სიმართლე და მეცინებოდა. ნაღდი ჭორი რომ ყოფილიყო, რაც სიმართლეს შეესაბამებოდა, ალბათ, ძალიან ვინერვიულებდი. ისეთ ბიზნესმენთან ურთიერთობაზე ჭორაობდნენ, რომელსაც არც კი ვიცნობ და ამაზე როგორ მენერვიულა, უბრალოდ, ვიცინოდი. ყოველთვის მიკვირს, როცა ქალი ქალს მტრობს და ამის მიზეზი ყოველთვის ბანალურია. სულ ვამბობ, როცა ადამიანი ცუდს გიკეთებს, შენ მასზე მაღლა დგები, თუ საპასუხოდ სიბოროტეს არ გაუკეთებ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი