შოუბიზნესი

რატომ არ ეძინა ჯიმი აბესაძეს სამი წელი ღამე მშვიდად და ვის ურიცხავს ის მთელ ხელფასს აღებისთანავე

№11

ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:00 20.03, 2023 წელი

ჯიმი აბესაძე
დაკოპირებულია

ვნახოთ, როგორი დამოკიდებულება აქვს ჯიმი აბესაძეს ფულთან, რისი ეშინია ყველაზე მეტად და რის გამო არ სძინავს ღამე მშვიდად.

ჯიმი აბესაძე: ფულის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია, ის აუცილებელია ყველა ადამიანისთვის. „ფული ჯოჯოხეთს ანათებსო“, ხომ გაგიგიათ (იცინის). მის გარეშე არაფერი გამოვა, მაგრამ ფულის გამო კაცი არ უნდა მოკლა. ადამიანების ურთიერთობა ავიღოთ, ნუ მოვიტყუებთ თავს, ფულს ბევრი რამე შეუძლია, ურთიერთობებსაც განსაზღვრავს და ბევრ სხვა რამესაც. „ფული რომ გამოგელევა, კაი ბიჭობაც მთავრდებაო“, ხომ გაგიგიათ (იცინის).

– რა ხდება, როცა გრძნობ, რომ ფული გითავდება?

– ძალიან ვნერვიულობ. კოვიდის შემდეგ, ფული ქეშად თითქმის აღარ მაქვს, მთელი თანხა ბარათზე მიდევს და მანქანაში ხურდებს თუ იპოვით. ცოტა ხნის წინ ყაზახი ბიზნესმენის სიტყვებს ვკითხულობდი. ამბობდა, როცა ბარათზე გაქვს ფული, ნაკლებად გეხარჯებაო. ესე იგი, ვგავარ რაღაცით იმ ბიზნესმენს, ოღონდ ფულით არა, მხოლოდ მიდგომით (იცინის). როცა ფული მიმთავდება, პანიკაში ვვარდები. ხელფასი 400 ლარიც მქონია და 250-იც, მერე გამეზარდა, მაგრამ საკმარისი არასდროსაა. ხელფასთან ერთად, მოთხოვნებიც იზრდება.

– რას აკეთებ ხოლმე ამ დროს?

– ყველაზე მეტად მეზიზღება ფულის სესხება. ვალის მეშინია, ისე, როგორც გასროლილი თოფის. ახლა თავს ყველაზე ბედნიერად ვგრძნობ. ბანკთან არანაირი ვალდებულება არ მაქვს. რაღამც დავამთავრე, აღარ გავეკარები. ჩემი მეუღლე მეხვეწება, რაღაცის შეძენა უნდა და ბანკის დახმარებით გამოვიტანოთო, მაგრამ არ მინდა, ტკბილად მძინავს და ნუ ამაფორიაქებ-მეთქი, ვეუბნები. ისე მეშინია ვალის აღების, ვერ გეტყვით. ვინმესგან რომ ფული მისესხებია, მგონია, რომ იმ ადამიანის საქმეს ვაფუჭებ და ძალიან ვნერვიულობ. იქნებ რამე უნდა გაეკეთებინა ამ ფულით და მე ვერ მეუბნება-მეთქი, ვერ ვისვენებ. ბევრჯერ გამისესხებია ფული და სხვათა შორის, სამსახურში სულ ამბობენ, რომ ჯაბოვიჩი, ამ მხრივ, ყველაზე კეთილი კაცია. ყველაზე ბედნიერი ვარ მაშინ, როცა ადამიანს ფინანსურად ხელს გავუმართავ, მაგრამ არ მახსოვს, ჩემი ვალი ვინმესთვის მომეთხოვოს. დამეფიცება, ასეა.

– დიდი ფული თუ გისესხებია?

– კი, ბინისთვის ავიღე სესხი ბანკიდან. სტუდენტობის პერიოდში ჩემი მშობლები ემიგრაციაში იყვნენ და ვერ ვიტყვი, რომ ფინანსებთან პრობლემები მქონდა. აქეთ ბინაც მქონდა, ჩემებიც მეხმარებოდნენ, ამიტომ იყვნენ წასულები, მაგრამ სტუდენტის ცხოვრება, ხომ იცით, ორი კვირა რომ უნდა მყოფნოდა, ორ საათში აღარ მქონდა. მერე ცალკე ვიყიდე ბინა და ამისთვის დამჭირდა ბანკის დახმარება. სამი წელი ღამე არ მეძინა. ხომ არსებობენ ადამიანები, ამ თვეში რომ გადაიხდიან სესხს, შემდეგ თვემდე მშვიდად არიან, მე არა, სანამ ბოლოში არ გავედი, ვერ მოვისვენე. ორ კაპიკს რომ გამოვნახავდი, მეუღლეს ვეუბნებოდი, მოდი, წინსწრებით შევიტანოთ, რომ მშვიდად დამეძინოს-მეთქი. ძალიან მშიშარა ვარ ფულთან მიმართებაში. ზვიო მეუბნება ხოლმე, ფულთან მიმართებაში ყველაზე სწორი ადამიანი ხარო, მისი გულისთვის რისკზე არ წავალ, ვერც ყველაფერს ვიკადრებ.

– რაში ხარჯავ სიამოვნებით?

– ჩემი ოჯახისთვის, მეუღლისა და შვილებისთვის. ხელფასი რომ დამერიცხება, მაშინვე, ავტომატურად ჩემი მეუღლის ანგარიშზე გადადის. ვიცი, რომ ის ოჯახისთვის სწორად გაანაწილებს. კაცს თავისთვისაც უნდა ჰქონდეს გარკვეული თანხა, შეიძლება, ეს მეუღლემაც არ იცოდეს და ახლა ნუ მათქმევინებთ, მაგრამ თანხის ძირითადი ნაწილი მეუღლის ანგარიშზეა და მე მშვიდად ვარ, რადგან ვიცი, რომ ჩვენს ოჯახს არაფერი გაუჭირდება.

– რაში დაგიბანდებია ფული ყველაზე წარმატებულად?

– სახლში, რომელშიც ვცხოვრობთ. ჩემი ფინანსებით მშობლებისგან დამოუკიდებლად კიდევ პატარა საცხოვრებელი შევიძინეთ თბილისში, მანქანა და სოფლის სახლს ვარემონტებთ. ეს არის ჩემი ყველაზე დიდი დაბანდება.

– ცოტა ხნის წინ, ღამის შოუს ბენდის წევრებსა და ასევე, შენზე დიდი ტალღა იყო აგორებული, ათობით ათასებს იღებენ კონცერტებში და უამრავი შემოსავალი აქვთო.

– სისულელე იყო, შემიძლია დავიფიცო, თან, ახლა მარხვაზე ვარ, რომ ეგ ყველაფერი სიცრუე იყო. ჩემს ბაბიკონაზე რომ ააგორეს კიდევ, 12 ათასი ჩაერიცხაო, მთელი ბენდის ფულზე რომ ამბობდნენ ამ სისულელეს, როცა გოგოები შუაზე იხევიან კონცერტზე. კი ბაბის სახელზე დაირიცხა ფული, მაგრამ მის უკან ბენდის რამდენი წევრია. რომელ ტაძარშიც გინდათ, წამოგყვებით და დავიფიცებ. ჩემზეც ხომ ააგორეს ეს ტალღა. დედაჩემმა მე ვერ გამიბედა პირდაპირ რამის თქმა და ერთხელაც, სახლში მივედი და ჩემს მეუღლეს ელაპარაკება ტელეფონზე. ჩემზე ეკითხება, დედა, ეგ ხომ არაფერს აფუჭებს, ვინმეს ხომ არ არის გადაკიდებული, ან ნარკოტიკზე დამოკიდებული ხომ არაა, ან ხომ არ თამაშობსო. არა, დედა, არაო, ჩემი მეუღლე ეუბნება და აბა რაში ხარჯავს ამდენ ფულსო?! (იცინის) პირდაპირ ვიტყვი, შვილებს ვფიცავარ, დედას ვფიცავარ, ჩირქი მომაცხეს, რა სისულელეა, ამხელა თანხები საიდან მოიტანეს, ორივე შვილს ვფიცავარ, თუ ვიცოდე. ღმერთმა ყველას მშვიდობა მისცეს, რაც უნდა ის წერონ, მე ხომ მართალი ვარ ჩემს თავთან.

– ბევრი ფული რომ გქონდეს, რას გააკეთებდი?

– სულ ვფიქრობ, დიდი ფული რომ მქონდეს, რას გავაკეთებ-მეთქი და პირველ რიგში, ბებიას და ბაბუას სოფელში – დიმში, ბაღდადში, სადაც მე-10, მე-11 კლასში ვასწავლობდი, ტაძარს ავაგებდი. ღამე რომ დავწვები, სულ ამაზე ვფიქრობ. მე მწამს უფლის, ჩემი ოჯახიც ასეთია, ჩემი მეუღლეც. ვამაყობ, რომ მართლმადიდებელი კაცი ვარ და თუ ოდესმე იმდენი ფული მექნება, რამდენიც ამას სჭირდება, აუცილებლად ავაშენებ.

– პროფესიის გარდა, სხვა საქმეებიც თუ შეგითავსებია?

– სხვათა შორის, ახლა მქონდა ძალიან კარგი შემოთავაზება, მაგრამ უარი ვთქვი. რასაც ახლა ვაკეთებ, იმაში იმდენად დიდი დოზით ვარ ჩართული, სხვა რამისთვის დრო აღარ მრჩება. თუ სადმე რეკლამას გამოვურევ, რომელსაც დიდი დრო არ სჭირდება, კი ბატონო. ცოტა ხნის წინ ძეხვის რეკლამაში გადამიღეს. მერე მეუღლემ მანახვა, ვიღაც კომენტარს მიწერდა, „ეჰ, ჯაბოვიჩ, შენც გაიყიდე ხო ფულზე?!“. რატომ, აი, რატომ? კაცი ვარ და ხორცპროდუქტების რეკლამაში მივიღე მონაწილეობა. პრეზერვატივის რეკლამა ხომ არ გამიკეთებია და თავზე ხომ არ წამომიცვია ეს პრეზერვატივი, რა იყო, ძეხვი დავიჭირე ხელში და ვთქვი, დედა, რა კაია-მეთქი (იცინის). მიყვარდი ჯაბოვიჩ, ახლაც მიყვარხარ, მაგრამ ფულზე არ უნდა გაყიდულიყავიო, მიწერდა ვიღაც.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი