შოუბიზნესი

რატი დურგლიშვილი: მაკასაც და მეც ისეთი ხასიათი გვაქვს, რომ მარტივად არ გამოგვდის რაღაცები

№30

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 01.08, 2022 წელი

მაკა ზამბახიძე და რატი
დურგლიშვილი
დაკოპირებულია

21 ივლისს დუეტ „ჯორჯიას“ ახალი ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა. სიმღერამ – „დამამახსოვრდი“, მსმენელის მოწონება დაიმსახურა და ის უკვე დაასახელეს ზაფხულის ჰიტად.

მაკა ზამბახიძე: 21 ივლისს ჩვენი ახალი ვიდეორგოლის პრეზენტაცია გვქონდა. ამ დღემ უძვირფასესად ჩაიარა. მიუხედავად იმისა, რომ მცირე დროში მოგვიწია ორგანიზება, ყველაფერი კარგად გამოვიდა და დიდი მადლობა ყველას დახმარებისთვის და მობრძანებისთვის. უზომოდ კმაყოფილები ვართ. ემოციებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. კარგი შეფასებები მივიღეთ სიმღერაზე, ვიდეორგოლზე. ჩვენი ახალი სიმღერა ზაფხულის ჰიტად შეფასდა. დიდი აქცენტი იყო სიმღერის ტექსტზე და ამისთვის დიდი მადლობა დათო ფორჩხიძეს. სიმღერა ეკუთვნის რატის და ძალიან გახარებული იყო, რომ მას ყველა უკვე ზაფხულის ჰიტად მოიხსენიებდა.

–ამდენი წელია, მსმენელისგან განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ხართ მიჩვეული. თუმცა, ახლა, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, თავიდან გააქტიურდით. ახლავს ამ პროცესს ნერვიულობა?

– წარმოიდგინე, ამ დღეს არანაირი ღელვა არ მიგრძნია. პირიქით, ძალიან თამამი ვიყავი და თამამად ვთავაზობდი ამ სიახლეს მსმენელს, რადგან გარანტირებულად ვგრძნობდი, რომ მოეწონებოდათ. ჩემს წარმოდგენას გადააჭარბა იმ სიყვარულმა და კომპლიმენტებმა, რაც ამ დღეს მივიღეთ. სიმღერით, ვიდეორგოლით, ყველაფრით გარანტირებული ვიყავი და მხოლოდ იმაზე ვღელავდი, ვინც მთელი გულითა და სულით დავპატიჟეთ, აუცილებლად მოსულიყვნენ.

– ასეთი თავდაჯერებულობა, ალბათ, მსმენელმაც განსაზღვრა...

– კი. დუეტი „ჯორჯია“ შემიძლია, ჯინსს შევადარო. ჯინსი ხომ არცერთ თაობას არ ავიწყდება (იცინის). ასეთი დამოკიდებულება აქვთ ჩვენი დუეტის მიმართაც. ძალიან დიდი კონცერტი ჩავატარეთ და ახალი თაობისგან ისეთი სიყვარული მივიღეთ, ვერც აღვწერ. ყველა სიმღერა ზეპირად იციან. ჩვენდა გასაკვირად, ყველა კონცერტზე თინეიჯერები, სკოლის მოსწავლეები, ჩვენთან ერთად მღეროდნენ ჩვენს სიმღერებს. ძველი თაობა – გასაგებია. მათ სიყვარულში ეჭვი არასდროს შეგვპარვია. ამ შვიდწლიანი პაუზის მიუხედავად, მათ ახალი თაობაც რომ დაემატა, ეს ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ჰო, ალბათ, ამანაც შემმატა თავდაჯერებულობის განცდა.

– მსმენელს ეს პაუზა სულ უქმნიდა დანაკლისის განცდას. თქვენთვის როგორი იყო ეს პერიოდი?

– ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი იყო ცალკე მუშაობა. ვატო კახიძის პროექტი შევიძინე, რომელიც კლასიკაა და ჩემთვის ბევრს ნიშნავს. მამულიჩასთან და „ნონ სტოპთან“ ოთხწლიანი თანამშრომლობა ძალიან დიდი ზურგი იყო ჩემთვის, ასევე, ლელას კონცერტები ჩემს ცხოვრებაში. ვიდეორგოლები, სიმღერები. „ოქროს ტალღაზე“ „წლის ქალის“ ნომინაცია ავიღე სიმღერით – „ჩემთან ერთად“. ჩემი შვილის სიმღერები ჩავწერეთ, რომელიც ჩარტებში პოპულარობით სარგებლობდა. მე და სალომემ პირველი ერთობლივი სიმღერა გავაკეთეთ და მოკლედ, ძალიან ბევრი საინტერესო ამბავი მოხდა „ჯორჯიას“ შვიდწლიანი პაუზის დროს. ჩემი კარიერული გზა მრავალფეროვანი გამოვიდა და ეს ძალიან მახარებს.

რატი დურგლიშვილი: ეს სიმღერა და ვიდეორგოლი ერთი დიდი და საერთო სიყვარულია, რომელიც ყველამ ძალიან მოიწონა. პრეზენტაციაზე ჩვენი დიდი ოჯახი შევიკრიბეთ და ყველასთან ერთად ძალიან ბედნიერი ვიყავი ამ სიახლით. მართლა ისეთი კარგი შეფასებები მივიღეთ, რომ არ ვიცი, მუსიკოსისთვის რა უნდა იყოს ამაზე დიდი საჩუქარი. მაკას დავეთანხმები, შეფასებებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

– როგორი იყო მასზე მუშაობის პროცესი?

– საკმაოდ დიდხანს გასტანა და შრომატევადი გამოდგა. მაკასაც და მეც ისეთი ხასიათი გვაქვს, რომ მარტივად არ გამოგვდის რაღაცები. არც გვაქვს სურვილი, რომ მარტივად გავაკეთოთ. სიჩქარესა და სიმარტივეში ბევრი ჭუჭყი და პრობლემა ჩნდება. ამიტომ, ყოველთვის ძალიან ბევრს ვშრომობთ და მერე მართლა არ არის მარტივი, ამხელა შრომის სამ წუთში ჩატევა. ასე შეიძლება, თვეები, წლები იმუშაო. მაგალითად, ეს სიმღერა 19-20 წლის არის და მთელი ეს დრო მიდის მასზე მუშაობა. ბევრი რამ შეიცვალა, დაიხვეწა და ბოლოს დათო ფორჩხიძემ არანორმალურად გემოვნებიანი ტექსტი დაგვიწერა. ბედნიერი ვარ, რომ ბევრ დეტალს გამოვეკიდეთ და საბოლოოდ, ასეთი შედეგი მივიღეთ. თუმცა, შედეგით კმაყოფილი არასდროს არ ხარ, მეტი და მეტი გინდა. საინტერესო პროცესია. ადამიანი ამდენ შრომას დებ, ამდენს წვალობ და შეიძლება, ვიღაცამ მოისმინოს და უბრალოდ, თქვას, დიდი არაფერიაო (იცინის). რას ვიზამთ, შოუბიზნესი ასეთია, რისკი დიდია, მაგრამ ერთმა და ორმაც რომ დააფასოს, სწორედ იმისთვის ქმნი და შეიძლება, ის ორი ადამიანი ასს უდრიდეს.

– საკმაოდ ხანგრძლივი პაუზა გამოგივიდათ...

– 6-7 წელი გაგრძელდა ეს პაუზა. ბევრი რამ მოვსინჯეთ. თან, მე პანდემიის დროს მშენებლობას მივყავი ხელი. საკუთარი სახლის აშენება მოვინდომე, რომელსაც მარტო მე ვაკეთებ. ხელოსანი არ მყავს. „ჩავრჩი“, სიმღერებისთვის ვეღარ მოვიცალე, გაჩერება დამენანა. მერე სპონტანურად გადავწყვიტეთ გააქტიურება. თუმცა, შიგადაშიგ მე და მაკას სულ გვქონდა კონცერტები. ამ პერიოდში მე, ძირითადად, მაინც სტუდიაში ვმუშაობდი. კონცერტებზე სიმღერის სურვილი არ მქონდა, იმიტომ რომ ალბომზე მიდიოდა მუშაობა. 20-25 სიმღერაზე ვმუშაობდი და გეზი ევროპული ბაზრისკენ მქონდა აღებული. სიმართლე გითხრა, გამოდიოდა კიდეც, რომ არა ეს პანდემია. კოვიდმა მარტო ჩემი კი არა, ყველას გეგმა ძალიან შეცვალა და მგონი, ყველაზე ცუდად შოუბიზნესზე იმოქმედა. ევროპაში, სტუდიაში, რომელშიც ვმუშაობდი, ხელმძღვანელიც კი ამ ვირუსით დაიღუპა. მოკლედ, ბევრი რამე შეიცვალა. მერე მეც და მაკამაც სასიკეთოდ გამოვიყენეთ ეს პერიოდი, თუკი შეიძლება, ამას ასე დავარქვათ. სიმართლე, რომ ვთქვა, მსმენელის ემოციებმა გამაკვირვა, იმიტომ, რომ შვიდწლიანი პაუზა ცოტა არ არის, მაგრამ ადამიანებს ძალიან კარგად ახსოვთ ჩვენი სიმღერები და იმავე ემოციებით გვხვდებიან.

– რაც შეეხება ევროპულ გეგმებს?

– არ ვიცი. ჯერ მაინც არასტაბილური ვითარებაა. კონტაქტები მაქვს, მაგრამ ამ მომენტში პროცესი მაინც დაპაუზებულია. ახლა, ძირითადად, დუეტის გეგმებზე ვარ ორიენტირებული. გვინდა, ბევრი ახალი სიმღერა გამოვუშვათ და საინტერესო პროგრამა გავაკეთოთ, ყველა ქართველი კომპოზიტორის შემოქმედება შევკრათ და გემრიელი კრებული გამოვუშვათ.

– სახლის ფოტოები გავრცელდა, რომელსაც საკუთარი ხელით აშენებ და ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა.

– უი, კი. ძალიან ბევრი ადამიანი მხვდება და მეკითხება, რას აკეთებ, რა სასწაულიაო. მცხეთაშია ეს სახლი. ყველაფერს ჩემი ხელით ვაკეთებ. ნელ-ნელა წინ მივიწევ.

– მთელი ცხოვრებაა სცენაზე გხედავთ. მშენებლობას ბევრი რამის ცოდნა სჭირდება და როგორ გამოგდის?

– ბავშვობიდან ძალიან ინტერესიანი ვიყავი. არქიტექტურა, მშენებლობა – ეს ყველაფერი ძალიან მაინტერესებდა. მე მართლა ხელოვანი ტიპი ვარ. მოქანდაკე ვარ და ქვიშასთან, ცემენტთან კონტაქტი ხშირად მაქვს. ვიცი, რას რა სჭირდება და ჯერჯერობით, შეცდომა არ დამიშვია. თუმცა, არ ვიცი, ხვალ-ზეგ რა იქნება (იცინის). ახლა სახლის ფასადის ძირითადი ნაწილი დავასრულე. შიგნითაც რამდენიმე ოთახი კეთდება. საერთოდ, რთული თემაა. ძალიან ნელი პროცესია და თან, ბევრი დროც მაქვს. როცა ყველაფერს საკუთარი ხელით აკეთებ, დროის სწორად განაწილება ძალიან მნიშვნელოვანია და მარტივად არ გამოდის.

– იქ აპირებ ცხოვრებას თუ აგარაკი გექნება?

– არა, სიმართლე გითხრა, არ ვარ კერძო სახლის ტიპი. უბრალოდ, „მუღამი“ მქონდა, რაღაც ჩემი ხელით გამეკეთებინა. ეს შეიძლება, მუსიკალურ სკოლად გადავაკეთო ან სამხატვროდ. არ ვიცი, რა დამარტყამს თავში (იცინის). კერძო სახლის დიდი ინტერესი არ მაქვს. უფრო თბილისის ტიპი ვარ. მაწანწალა ვარ, ქუჩა და ქალაქი მიყვარს (იცინის).

– ელოდი საკუთარი თავისგან, რომ ყველაფრის საკუთარი ხელით გაკეთებას შეძლებდი და მერე შენი ნამუშევარი ამდენს მოეწონებოდა?

– სხვათა შორის, ველოდი. მხატვრობასა და შემოქმედებას ძალიან ბევრი დამფასებელი ჰყავს. მეც კარგად ვიცნობ საკუთარ თავს ამ სფეროში და ვიცოდი, რომ ბევრს მოეწონებოდა. მგონია, რომ როდესაც რაღაცას ვქმნი, ემოციას სწორად გადმოვცემ. ველოდი, რომ ბევრს მოეწონებოდა. ეს არ არის „ინტერნეტიდან“ გადმოკატავებული ან კომპიუტერში აწყობილი პროექტი. ადამიანები წინა საუკუნეებში რომ ქმნიდნენ სახლებს, მიდიოდნენ, ნახულობდნენ, ფიქრობდნენ, წყვეტდნენ, ასე ვმუშაობ. ცოტა კლასიკურში წავიყვანე, ცოტა თანამედროვედ გავაკეთე და მსგავსებას ვერაფერთან იპოვით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მგონია, რომ კარგი გამოვიდა. სიმართლე რომ ვთქვა, ყოველთვის ვიცოდი, რომ ზარმაცი არ ვიყავი. რაც მაინტერესებს, მისი ბოლომდე მიყვანა მიყვარს. თუმცა, მაინც ისე გამოვიდა, რომ საკუთარ თავს ტესტი ჩავუტარე – აბა, რა შემიძლია-მეთქი, მაგრამ მჯეროდა, რომ შევძლებდი და ასეც მოხდა – ჩავაბარე საკუთარი თავის წინაშე გამოცდა (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი