შოუბიზნესი

რაში გაუმართლა განსაკუთრებით სალომე ტეტიაშვილს და რა ასწავლა მას ერთ მდინარეში ორჯერ შესვლამ

№27

ავტორი: ქეთი მოდებაძე 18:00 19.07

სალომე ტეტიაშვილი
დაკოპირებულია

მომღერალ სალომე ტეტიაშვილს ყველა კარგად იცნობს და მისი ცხოვრების გზაც ბევრმა იცის. იღბალი თუ განსაკუთრებული შრომისმოყვარეობა, რამ განსაზღვრა მისი წარმატება – ამაზე ის თავად მოგვიყვება.

სალომე ტეტიაშვილი: იმაზე მეტად იღბლიანი ვარ, ვიდრე შეიძლება, საჭირო იყოს. ეს – იუმორით, თუმცა, რეალურად, ცხოვრებაში მართლა ძალიან ბევრ რამეში მიმართლებს. შეიძლება, ადამიანს უზარმაზარი შრომა დასჭირდეს რაღაც კონკრეტულის მისაღწევად, ჩემს ცხოვრებაში კი ყოფილა შემთხვევები, რომ ასეთი რამ ძალიან უცებ მოსულა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერს არ ეხება, მაგრამ რამდენჯერმე მართლა ისე ძალიან გამიმართლა, შეუძლებელია, უმადური ვიყო, თავს იღბლიანად არ ვთვლიდე და ღმერთს ამისთვის მადლობას არ ვეუბნებოდე. რაღაც მაინცდამაინც ძალიან კონკრეტულსა და გრანდიოზულზე არ ვსაუბრობ, ეს შეიძლება, ძალიან წვრილმანსაც ეხებოდეს, მაგრამ ვფიქრობდე, რომ წლებია, საჭირო მის მისაღებად და ამ დროს ძალიან მარტივად გამომივიდეს ან შესაძლოა, გვერდით ისეთი ადამიანი ამომიდგეს, ვისგანაც საერთოდ არ ველოდები. მე ამ იღბალს, ყოველდღიურ დეტალებში ვხედავ, ბედნიერების შესაგრძნობად გრანდიოზულ მოვლენებს არ ველოდები.

– რამდენად შრომისმოყვარე ხარ?

– საკმაოდ. ადამიანი ვარ და როგორც ყველაში, სიზარმაცე გარკვეული დოზით ჩემშიც არის. ზოგჯერ შეიძლება, ისეთი გადაღლილი იყო, რომ არაფრის გაკეთება არ გინდოდეს, არის ასეთი ჩავარდნები, მაგრამ როდესაც გინდა, ცხოვრებაში რაღაც მოიპოვო, უნდა გახსოვდეს, რომ ეს თავისით არ მოხდება. რამდენად იღბლიანიც არ უნდა იყო, თუ ზარმაცი ხარ და ხელის განძრევა არ გინდა, თავისთავად და შრომის გარეშე ვერაფერს მიიღებ. კი, შეიძლება, რაღაცას მიაღწიო, მაგრამ ძალიან გაგიჭირდება. ვინმე თუ საჩუქარს ჩაგახუტებს და ამას ჩათვლი მიღწევად, კი ბატონო, მაგრამ მე დიდ მიზნებზე ვსაუბრობ. ეს კი მარტივად არ მოდის. ადამიანები ნულიდან იწყებენ და შრომოსმოყვარეობის, დისციპლინისა და გაუტეხელობის დამსახურებით მიდიან უდიდეს წარმატებამდე.

– სიზარმაცე ახსენე, როდის აძლევ თავს ამის უფლებას?

– ვცდილობ, ხშირად არ ვიზარმაცო (იცინის). მუდმივად მოჭიმულ მდგომარეობაშიც ვერ იქნები. როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად გადაიღლები და შეიძლება, ისე გადაიწვა, მერე უფრო დიდი დრო დაგჭირდეს ძალების აღსადგენად. ამიტომ თვეში ორჯერ მაინც უნდა მისცე ადამიანმა თავს იმის უფლება, რომ მარტო დარჩე, წამოწვე, ფილმს უყურო და სხვაზე არაფერზე იფიქრო, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ძალიან ბევრი საქმე გქონდეს გასაკეთებელი. თავი არ უნდა დაისტრესო. მე ვაძლევ ჩემს თავს განტვირთვის საშუალებას, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ისე, რომ საქმეც არ გავაფუჭო.

– რაში ჩაგიდევს ძალიან დიდი შრომა, ყველაფერი რისთვის გაგიღია?

– ვერ დავიკვეხნი, რომ უზარმაზარი მწვერვალები დავიპყარი, მაგრამ მცირეწლოვანი ასაკიდან ბევრი სირთულე გამოვიარე. თუნდაც, ოჯახური გაჭირვება ავიღოთ. საკმაოდ რთულ პერიოდში დავიბადე, 90-იანების ბავშვი ვარ და ყველაფერი რთულად მისაღწევი იყო. ის, რომ აქამდე მოვედი, ის რომ დღეს რაღაც გამაჩნია – მაქვს ჩემი სახლი, სამსახური, საკუთარი საქმე, გარდა იმისა, რომ ვმღერი, ჩემი პროფესიით ვმუშაობ და ეს ყველაფერი ჰაერიდან ხომ არ მოდის?! ზუსტად ამ შედეგებისთვის იყო საჭირო დიდი შრომის ჩადება. იმ რეალობას, რაშიც მე დღეს ვარ, ჩემი ბავშვობიდან გამომდინარე, იმ რთული წლებიდან გამომდინარე, რომ შევხედო, შემიძლია, ვთქვა, რომ წარმოუდგენელიც იყო თუ აქამდე მოვიდოდი. ცხადია, ამაზე დიდი რაღაცები არსებობს, მაგრამ ყველაფერი შედარებითია. შეიძლება, 10 წლის შემდეგ ის ვთქვა, რომ დღეს რაც ვარ და მაქვს, ეს არაფერი ყოფილა, გაცილებით მეტს მივაღწიო, მაგრამ მე იმასაც ვაფასებ, საიდანაც და რა გზითაც დღევანდელობამდე მოვედი. დღეს რაც მაქვს, ღირდა იმ ყველაფრად, ამისთვის რომ გამოვიარე.

ყოველთვის ყველაფერი არ გამოდის, სირთულეები და წარუმატებლობები ყველას ცხოვრებაშია, მაგრამ სირთულეები მეტ მოტივაციას უნდა აძლევდეს ადამიანს. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვუყურებ. არ დავიწყებ გამოკიდებას, ვაიმე, რატომ მოხდა ასე, რატომ არ გამიმართლა. ასე დეპრესიული ადამიანის შთაბეჭდილებას დავტოვებ, რაც არ მინდა. ყოველთვის უფრო დადებითისკენ ვარ მიმართული და იმ პატარა მტკივნეულ პერიოდებს მარტივად ვლახავ.

– რა გაძლევს საამისო ძალას?

– რთულია, მაგრამ თავს ძალას ვატან. ადამიანი ხარ, გრძნობები გაქვს, გტკივა, გული გწყდება, მაგრამ მაინც მგონია, რომ ეს ფსიქოლოგიაა. გონება მეხმარება, ვცდილობ, თავი დადებითისკენ მოვმართო. გააზრებული მაქვს, რომ ეს ცხოვრების მხოლოდ ერთი ეტაპია. მუდმივი არაფერია, არც კარგად ყოფნა, არც ცუდად ყოფნა, კარგს შეიძლება, ცუდი მოჰყვეს, ცუდს – კარგი. შეიძლება, ბანალურად ჟღერს, მაგრამ მართლა ასეა. ამიტომ ვცდილობ, ცუდ პერიოდზე არ ჩავიციკლო, არ ვინერვიულო ამაზე, რომ არ დამანგრიოს. ასე თუ მოხდა, დრო გაგეპარება. არადა, შემიძლია, ეს დრო პოზიტიური ცვლილებებისთვის გამოვიყენო. ვცდილობ, არ დავხარჯო დრო იმაზე დარდში, რასაც უკვე ვეღარ შევცვლი. წინსვლა და მოტივაცია არის პრიორიტეტი. ამაზე ფიქრი მეხმარება. უნდა დავჯდე, გავაანალიზო, რომ ეს სირთულე დროებითია და ცვლილებებისკენ გადავდგა ნაბიჯი.

– ბავშვობაში რთული პერიოდის მიუხედავად, როგორი იყო ოცნებები?

– პრაგმატულად გავიზარდე. არ მქონია წარმოუდგენელი ოცნებები. უფრო მიზნები მქონდა და ამ მიზნებისაც მეშინოდა, იმ პირობებიდან გამომდინარე, როგორ პირობებსა და შესაძლებლობებშიც ვცხოვრობდი. 30 წლის ასაკისთვის, ალბათ, ჩემი მაშინდელი სურვილების 70 პროცენტს მაინც მივაღწიე. ცხოვრებისგან საკმაოდ ბევრი რამ მივიღე და ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა. ყოველდღიურად საოცარი სიურპრიზები შეიძლება, მოხდეს. ერთ დღეს შეიძლება, წარმოუდგენელ რეალობაში გაიღვიძო. მაგალითად, ბავშვობაში ვოცნებობდი, სცენაზე ვდგარიყავი, რომ ხალხს ვეცნე და ვყვარებოდი, ესეც კი იმდენად უცბად მოხდა, თითქოს „ერთ დღეში“, რომ უბრალოდ, შეუძლებელია ამის წარმოდგენა. ფაქტობრივად, დაიძინო, გაიღვიძო და მთელი ქვეყანა გიცნობდეს, მთელი ქვეყანა შენს სიმღერას უსმენდეს და სიყვარულს გიგზავნიდეს. ზუსტად ეს არის იღბალი და ბავშვობისდროინდელი ნატვრის ახდენა. ამიტომაც ვამბობ, შეიძლება, წლები დაგჭირდეს მიზნის მისაღწევად და შეიძლება, ერთ დღეში შეიცვალოს შენი ცხოვრება, როგორც ჩემს შემთხვევაში მოხდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა