შოუბიზნესი

რაში გახდა ირინა ტორონჯაძე მეუღლისთვის ავტორიტეტი და როგორ გაწვრთნა მან ქმარი

№9

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 07.03, 2023 წელი

ირინა ტორონჯაძე
დაკოპირებულია

„ფემინიზმი კაცებისთვის“ ირინა ტორონჯაძის პირველი წიგნია, რომელიც მკითხველმა იმდენად კარგად მიიღო, რომ ირინამ უკვე ახალი წიგნის იდეაზე დაიწყო ფიქრი.

ირინა ტორონჯაძე: ქალების უფლებებისთვის ბრძოლის შესახებ დისკურსში, შევნიშნე, რომ ჩემი თვალთახედვა განსხვავდება მეინსტრიმული ფემინიზმისგან, რომელიც ამბობს, რომ ქალის უფლებებისთვის ბრძოლა ეფუძნება ქალისა და კაცის ფაქტობრივ ერთნაირობას. მეინსტრიმული ფემინიზმის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ქალიც კაცივითაა და ამიტომ უნდა გვქონდეს ჩვენ თანაბარი უფლებები, რომ ჩვენ არ განვსხვავდებით ერთმანეთისგან. ეს პროცესი, ფაქტობრივად, კაცთან ბრძოლად გადაიქცა, რაც ჩემთვის სადღაც დამაკნინებელია. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, მეინსტრიმული ფემინისტებისთვის, თითქოს კაცი პედისტალზეა და ქალები მათ უნდა დავეწიოთ და გავუტოლდეთ. მე რვა წლის განმავლობაში აქტიური ვარ ამ საკითხებთან მიმართებაში და ვამბობ, რომ ქალი და კაცი ერთმანეთისგან ნამდვილად განსხვავდებიან. ზუსტად ეს არის ჩემი წიგნის ქვაკუთხედი. ქალის უფლებებისთვის ბრძოლა იმ თეზისს კი არ უნდა ეფუძნებოდეს, რომ ჩვენ კაცები უნდა გავხდეთ, არამედ იმას, რომ ქალი და კაცი განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც ბიოლოგიურად, ისე ფიზიოლოგიურად და ფსიქოლოგიურად. ჩვენ ურთიერთსაწინააღმდეგო სქესი ვართ და სწორედ ეს უნდა გახდეს ჩვენი თანასწორუფლებიანობისა და არა ჩაგვრის საფუძველი.

ისიც მესმის, რატომ ამტკიცებენ ფემინისტები, რომ ქალებიც კაცებივით არიან. საქმე ისაა, რომ პატრიარქალურმა სისტემამ ქალსა და კაცს შორის განსხვავებულობა გადააქცია კაცების უპირატესობის საფუძვლად. თითქოს მორალური კრიტერიუმები ჩვენთვის სხვადასხვა უნდა იყოს, რაც სივერაგეა. ჩვენ განსხვავებულები ვართ, მაგრამ მორალური კრიტერიუმები ერთი და იგივე გვაქვს. ურთიერთობაში ერთგულება მოეთხოვება როგორც ქალს, ისე კაცს. ერთ ჭრილში შეგვიძლია განვიხილოთ ჩვენი სექსუალური საჭიროებები, ერთი და იგივე კრიტერიუმები უნდა გვქონდეს დაოჯახებისა თუ კარიერის აწყობასთან დაკავშირებულ საკითხებში. ხომ იქნებოდა სამართლებრივი ნონსენსი, ერთი და იმავე დანაშაულისთვის ქალი და კაცი სხვადასხვანაირად აგებდეს პასუხს?! სამართლებრივ ჭრილში ყველაფერი თანაბარია და ასე უნდა იყოს მორალურ ჭრილშიც. ეს სულაც არ უშლის ხელს იმას, რომ ჩვენ განსხვავებულები ვართ.

ფაქტობრივად, რა თქმა უნდა, მე არ ვეთანხმები არც პატრიარქალურ სისტემას და სექსისტებს და არც ამ ფემინისტებს.

– აქამდეც ამხედრებული გყავდა ფემინისტები და ახლა რა მოხდა?

– ჩემი წიგნის გამოჩენას ინციდენტი მოჰყვა. პირველ რიგში, დიდ მადლობას ვუხდი ჩემს მკითხველებს, მათ ძალიან სწორად გაიგეს და ენთუზიაზმით მიიღეს ჩემი წიგნი, ძალიან კარგად გაიყიდა და მათთან უკუკავშირიც მაქვს. უამრავი მესიჯი მომდის მკითხველისგან, რაც ჩემთვის ყველაზე ღირებული აღმოჩნდა. რაც შეეხება ინციდენტს, ერთ-ერთ წიგნის სახლში დავგეგმე წიგნის პრეზენტაცია და როცა ამის შესახებ ინფორმაცია გაჟღერდა, ერთი ამბავი ატყდა. ფემინისტებმა, რომელთაც რაღაც პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ და არ მოსწონთ ჩემი არც პოლიტიკური და არც ფემინისტური შეხედულებები, როგორც ჩანს, გადამტერებულები მყავს და დიდი ამბავი ატეხეს. მე თვითონ არავის ვემტერები და გულუბრყვილოდ მეგონა, რომ არც თვითონ მეყოლებოდა მტერი. თურმე, ასე არ ყოფილა. გაკვირვებული დავრჩი. „არ დაეზარათ“ საშინელი კომენტარების წერა. აიკლეს ეს წიგნის სახლი და ბოლოს დირექციამ მითხრა, ისეთი ტალღა აგორდა, არ ღირს პრეზენტაციის აქ გაკეთებაო. ეს არ არის პრობლემა, ახალი ადგილი შევარჩიეთ – პრეზენტაცია ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, „გაუში“ გაიმართება, მერაბ ალექსიძის 10 ნომერში, პირველ მარტს, საღამოს რვა საათზე. დასწრება თავისუფალია. ასე რომ, ეს პრობლემა არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ადამიანები დაგეშილები არიან. ადამიანები, რომლებიც ქალის უფლებებს უნდა იცავდნენ, უბრალოდ, გაბოროტებულები არიან და განსხვავებული აზრის მოსმენა არ უნდათ.

„ფემინიზმი კაცებისთვის“, პირველ რიგში, ქალებისთვის არის. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გასარკვევი, მით უმეტეს ახალ თაობას. ძალიან შეიცვალა მოცემულობა და როლები. მშობლები სხვას უდებენ თავში შვილებს, რეალობაში სხვა მოცემულობაა, ამიტომ მგონია, რომ ეს წიგნი გზამკვლევის როლს შეასრულებს ამ ქაოტურ რეალობაში, რის გამოც ქალები დღეს ყველაზე აჭრილ მდგომარეობაში არიან. ზოგს ჰგონია, რომ თუ ძლიერი ქალი ხარ, შეგიძლია, თქვა, კაცის დედაცო და რაც შენ გინდა, მარტო ის აკეთო. ქალის ძლიერება ფასადურად ესმით, დღეს ვხედავ „კაცების დაკოპირებას“ და არა ქალების თავისუფლებას. ურთიერთობები და გართობა ავიღოთ – ადრე თუ ქალიშვილობის ინსტიტუტი იყო, ახლა რაც უფრო მეტი პარტნიორი გყავს, მით უფრო „კარგი ტიპშა“ შეიძლება, იყო. ეს თავისთავად უაზრობაა. წიგნშიც ვამბობ, რომ იგივენაირად ხდება, როგორც წარსულში, ქალი მაინც საზოგადოებას აბარებს ანგარიშს, მაგრამ ახლა ამბობს, რომ ბევრი პარტნიორი ჰყავს და ამით უნდა თავი მოიწონოს და ხაზი გაუსვას საკუთარ თავისუფლებას. ანუ, ისევ გენიტალიებით უნდა თავი დაიმკვიდროს. ეს უნდა შეიცვალოს. რამდენი პარტნიორიც გინდა გყავდეს, გინდა – ერთი, გინდა – ათი და გინდა – ნული, მაგრამ იცოდე, რომ ამაზე პასუხისმგებელი მხოლოდ შენ ხარ და ანგარიშს ნურავის აბარებ.თუ აქამდე მივა თაობა, ეს ნამდვილად იქნება თავისუფლება, მაგრამ ჯერ რასაც ვხედავთ, მხოლოდ კაცების ქცევის კოპირებაა.

– წიგნში დიდი აქცენტი გაქვს გაკეთებული სექსზე, რატომ გადაწყვიტე ამ დოზით და რისი თქმა გინდოდა ამ საკითხთან დაკავშირებით?

– სარჩევი რომ ვაჩვენე ჩემს გამომწერებს, სადაც ვამბობდი, რომ სექსზე დიდი აქცენტი იყო გაკეთებული, კომენტარებში რამდენიმე გოგო მწერდა, ძალიან მინდა, შენი გამბედაობა მქონდესო. ზოგისთვის, უბრალოდ, სექსის ხსენება და მასზე საუბარი უკვე გამბედაობასთან არის კავშირში. ეს ჩემთვის ისეთივე ნორმაა, როგორც ნებისმიერ სხვა თემაზე საუბარი, რაშიც შეიძლება, კომპეტენტური იყო. ამაზე აქცენტი გავაკეთე იმიტომ, რომ პირველი ქვაკუთხედი, რითაც დამონებულია პატრიარქალურ სისტემაში ქალი, ეს არის სექსი და სექსუალობა. პირველი, რასაც კრძალავს ტრადიცია და „ეკლესიურობა“, ესაა. რელიგიურად, მრუშობა ქალისთვისაც მიუღებელია და კაცისთვისაც, მაგრამ ინტრერპრეტირებულ ეკლესიურობაში, ქალს თითქოს კიდევ უფრო ხაზგასმით მოეთხოვება სექსუალობის ტაბუირება, გრძელი კაბის ჩაცმა და თავშლის მოხვევა სექსუალობის ნიშნების დასაფარად. აქედან მოდის პრობლემები. ფროიდის მთავარი კონცეფცია ზუსტად ეს არის, ადამიანებს ორი ძირითადი ინსტინქტი გვაქვს – სექსი და აგრესია. ეს არ არის სექსი, რომელსაც გასართობად ახსენებ. წიგნსაც რომ წაიკითხავენ, მიხვდებიან, რა მენტალურ და ფსიქოლოგიურ ქვეტექსტებამდე მივყავართ არსებულ დამოკიდებულებებს და როგორ განაპირობობს ის ქალის სოციალურ სახეს. ნებისმიერი ქალის კარიერა თუ პირადი ცხოვრება შეიძლება, სექსზე წარმოდგენებმა განაპირობოს.

- „ფემინიზმი კაცებისთვის“ – ასეთია წიგნის სახელწოდება. როგორია მეუღლის აზრი ამ წიგნზე?

– წაიკითხა და მოეწონა. ბოლომდე გაიზიარა, რასაც ვწერ. ისე ვკითხულობ, მგონია, მე და შენ ვლაპარაკობთო. ბუნებრივია, რომ მისთვის ნაცნობი იყო ის, რაც წიგნში გადმოვეცი. თუმცა, არის რამდენიმე თავი, მაგალითად, ეჭვიანობასთან და ვნებასთან დაკავშირებით, რაც მისთვისაც და ჩემთვისაც მუშაობის პროცესში საინტერესო და სიახლე აღმოჩნდა. ამ წიგნმა მეც უფრო მეტი სიმშვიდე შემძინა, რადგან გავაზიარე, რასაც ვგრძნობ და მგონია, რომ ლევანსაც. ჯერ ერთი, ძალიან ეამაყება და სულ აღნიშნავს, მიყვარს, რომ ასეთი განათლებული და ინტელექტუალი ხარო. ეს მე, რა თქმა უნდა, მაძლიერებს. გარდა იმისა, რომ როგორც ქალი, მისთვის საინტერესო ვარ. როცა შენი ქმარი ინტელექტუალურადაც გიგებს, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ლევანი ზუსტად ისე მხედავს ფემინისტურ ჭრილში, როგორადაც მე ჩემი თავი წარმომიდგენია. სხვათა შორის, თავიდან ასე არ იყო. ურთიერთობის საწყის ეტაპზე ბევრ კითხვას მისვამდა. ახლა უფრო კარგად გავარკვიე რაღაცებში. შემიძლია, ვთქვა, რომ ოთხი წლის თავზე, უფრო მეტი ავტორიტეტი გავხდი მისთვის, მით უმეტეს ამ საკითხებში. იმიტომ, რომ ხვდება, რამდენად გულწრფელად ვაკეთებ ამას. ხედავს, რომ მე არ ვთამაშობ ფემინისტის როლს, რასაც ვხედავ და რასაც ვგრძნობ, იმაზე ვლაპარაკობ, ანთებული ვარ ამ თემით და ამდენი წელი რომ ამას უყურებს, მგონია, რომ ახლა უკვე უსიტყვოდ მეთანხმება თითქმის ყველაფერში. სხვათა შორის, ლევანი ქალების ძალიან დიდი ქომაგია. მე ვფიქრობ, რომ ეს მისი დედის დამსახურებაა. პლუს ამას, ჩემთან გატარებულმა წლებმაც თავის ტრენინგული ეფექტი მოახდინა და შეიძლება ითქვას, რომ გამოიწვრთნა (იცინის).

– როგორ შეარჩიე ყდა, რომელსაც დიდი გარჩევა, კრიტიკა და იუმორი მოჰყვა.

– წიგნი წაკითხული არ აქვთ, არ იციან, რა თქვან და ყდას მიადგნენ. გასაგებია, რომ ეს საბაბია, მაგრამ რეალურად, მე ეს ყდა შემთხვევით არ ამირჩევია და ჩემი სექსუალური ფოტო, შეჭრილი კაბით, ყდაზე საკითხის მარტივად მოსაგვარებლად არ გამომიყენებია. პირიქით, ამაზე წიგნშიც მიწერია სექსუალობის ნაწილში. ადრე თუ ქალს უნდა შეშინებოდა პატრიარქატის და პარტიარქი მამიკოსი, რომელიც უკონტროლებდა, რომ მუხლს ქვემოთ კაბა ეტარებინა, დეკოლტე არ ჩაეცვა, სახლში ათ საათზე გვიან არ მოსულიყო და კდემამოსლი ყოფილიყო, ამისგან გათავისუფლების შემდეგ, თურმე, ახლა უნდა ეშინოდეს ფემინისტი დედიკოების, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თუ ქალი ზედმეტად გამოხატავს სექსუალობას, ის ავტომატურად სექსობიექტად აღიქმება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი