შოუბიზნესი

რამდენჯერ გადაურჩა სიკვდილს გივი პაპავა და რამდენი ცხოვრების გავლა მოასწრო მან 27 წლის ასაკამდე

№30

ავტორი: ნონა დათეშიძე 16:00 01.08, 2022 წელი

გივი პაპავა
დაკოპირებულია

6 ივლისს „კომედი ჯგუფის“ გამორჩეული მსახიობი, გივი პაპავა მეორე შვილის მამა გახდა. ამბობს, რომ გაუმართლა, რადგან უფროსი ბიჭი ჰყავს და გოგოს მამობაც უნდოდა, თუმცა, ორ შვილზე გაჩერებას არ აპირებს და მცირე ხნით ტაიმაუტის აღების შემდეგ, აუცილებლად მოირგებს მრავალშვილიანი მამის როლს.

– გივი, გილოცავ მეორე შვილის დაბადებას!

– მადლობა მოლოცვისთვის. ბიჭის მერე გოგონა – სარა შემეძინა. 27 წლის ვარ და ოთხი წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, ორი შვილის მამა იქნებიო, ძალიან გამეცინებოდა და სერიოზულად არც მივიღებდი. მაშინ სულ სხვანაირი ადამიანი ვიყავი, სხვანაირად ვცხოვრობდი, სხვა მიზნები, ფიქრები და მისწრაფებები მქონდა და რას ვიფიქრებდი, თუ ოთხ წელში ორი შვილის მამა გავხდებოდი.

– როგორც ვიცი, მშობიარობას დაესწარი.

– ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან მომენტს – შვილის დაბადებას, ნამდვილად ვერ გამოვტოვებდი და დავესწარი. პირველ შვილზე მშობიარობის დროსაც გვერდით ვედექი მეუღლეს და მეორე შვილის ამქვეყნად მოვლენის დროსაც იქ ვიყავი. პირველი, გაბრიელი, უკვე ორი წლის და ექვსი თვისაა, მეორე კი – სარა, სულ ციცქნა, ერთი თვისაც არაა. გაბრიელი ცოტა ეჭვიანობს პატარა დაიკოზე, თუმცა მზრუნველია. მანამდე ვამზადებდით: დაიკო გეყოლება, სულ შენთან იქნებაო, მაგრამ რომ დაიბადა, მაინც გაუჩნდა ეჭვიანობის გრძნობა. ამიტომ, ვცდილობთ, გაბრიელს ყურადღება არ მოვაკლოთ და მაქსიმალურად მის გვერდით ვიყოთ. სადაც მივდივარ, მიმყავს. ზოგადად, ბავშვების დაბადებამ ჩემი სამყარო მთლიანად ამოატრიალა. ფაქტობრივად, ცხოვრების ხუთი ეტაპი უკვე გავიარე – თინეიჯერობა და დამოუკიდებელი ცხოვრება, როცა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ და ფიქრები და მიზნებიც გლობალური გაქვს, მერე შეყვარებულობის, როცა სხვა ადამიანი გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში საზრუნავად, მერე დაქორწინება და უკვე მარტო აღარ ვიყავი და მეორე ნახევართან ერთად ვგეგმავდი მომავალს. მერე – რომ გავიგე, ორსულად იყო და მამა ვხდებოდი, მერე – მეორე შვილის მოლოდინი და დაბადება. ასე რომ, ბევრი ეტაპი გამივლია და კიდევ ბევრი მაქვს გასავლელი. სანამ შვილები გაჩნდებოდნენ, სულ მეშინოდა, ვფიქრობდი, ნეტავ როგორი მამა ვიქნები-მეთქი. მგონი, კარგი მამა ვარ. ყოველ შემთხვევაში, ვცდოლობ და რომ გაიზრდებიან, მათი საქციელიდან გამომდინარე, ვიტყვი, რამდენად კარგი მამა ვარ. როცა სამსახურიდან დრო მრჩება, ვცდილობ, ცოლ-შვილთან გავატარო და თუ პრობლემა შემხვდა, ამის გამო არ „დავიგრუზო“, „არ გავტყდე“ და „დავეცე“, უფრო ვძლიერდები და ეს ჩემი ოჯახის გამო ხდება. ერთი სიტყვით, სტიმულატორები მყავს ოჯახში და იმის საბაბები, რომ ბედნიერი ვიყო და ბევრი რამ ვაკეთო.

– ვინ შეარჩია ბავშვის სახელები?

– გვინდოდა, გოგოსთვის მოკლე და განსხვავებული სახელი შეგვერჩია. არ მინდოდა დიდი სახელი დამერქმია და მერე შემოკლებული ვარიანტით მიემართათ, მაგალითად: ანასტასია – ტასო, ალექსანდრა – სანდრა. თან, სარა ძველი ებრაული სახელია. გაბრიელი კი მამა ბერი გაბრიელის პატივსაცემად დავარქვით. რომ გავიგე, მამა ვხდებოდი, იმ წუთიდან მინდოდა წმიდა მამა გაბრიელის მოსახელე ყოფილიყო. ისე, სულ ვამბობდი, თუ ცოლი მოვიყვანე და ბიჭი მეყოლა, გაბრიელს დავარქმევ–მეთქი. ჰოდა, გამიმართლა და ბიჭიც მყავს გაბრიელი და გოგონაც შემეძინა.

– ესე იგი, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად პატარა ხარ, გული დიდი გქონია.

– (იცინის). კი, გული ძალიან დიდი მაქვს. შვილების დაბადებას ჩემი სურვილით დავესწარი, ამ რთულ დროს ჩემი მორალური მხარდაჭერა კი მეუღლისთვისაც მნიშვნელოვანი იყო. საკუთარი შვილის დაბადებას რომ უყურებ, ამაზე დიდი ბედნიერება, ემოცია და მომენტი არ არსებობს. ისეთი განცდა გაქვს, თითქოს, მასთან ერთად შენც თავიდან იბადები. ასე რომ, უკვე მესამედ დავიბადე – ერთხელ ორიგინალში და მეორედ და მესამედ – ჩემს შვილებთან ერთად (იცინის). გამოგიტყდებით და, არ მესმის იმ კაცების, ვინც ამბობს: ვერ დავესწრები მშობიარობას, არ შემიძლია, ვერ გავუძლებო.

– თავად როგორი ბავშვი იყავი?

– სხვათა შორის, ძალიან ცელქი ვიყავი, თავზეც მეტყობა, შრამები მაქვს, ძალიან ხშირად მიტყდებოდა (იცინის). თან, რომ შემომხედავს ადამიანი, ისედაც მემჩნევა, რომ ცელქი ბავშვი ვიქნებოდი, მაგრამ უზრდელი, გათამამებული და ტუტუცი არასოდეს ვყოფილვარ. ხუთი წლისა მეორე სართულიდან გადმოვვარდი სოფელში და ისეთ ადგილას ჩავვარდი, გადარჩენის ერთი პროცენტიც არ იყო, მაგრამ გადავრჩი. შვიდი წლის ასაკში მდინარეზე გავიპარე და ეგონათ, დავიღუპე, ყველა მეძებდა. ოჯახის წევრების მოსასულიერებლად სასწრაფო სასწრაფოზე მიდიოდა. მათაც ეგონათ, სადმე დავიღუპე, მაგრამ საღამოს გაგრილებული დავბრუნდი სახლში. გველების დაჭერაც მიყვარდა. ცხრა წლის ასაკში გველმა მიკბინა, ცუდად გავხდი, დამეძინა და მეორე დღეს გავახილე თვალი, გამოვფხიზლდი. დროულად მომისწრეს მშობლებმა და საავადმყოფოში გადამიყვანეს. სკოლიდან კი ბევრჯერ ვიყავი გაგდების კანდიდატი. უამრავი ხელწერილი და გაფრთხილება მქონდა დაწერილი. რომ წამოვიზარდე, მერე, თინეიჯერობის ასაკში, ცოტა დავჭკვიანდი, შევიცვალე და დავღვინდი.

– ალბათ, მშობლები მკაცრად გსჯიდნენ.

– სხვათა შორის, მკაცრად არ მსჯიდნენ. დღესაც მწარედ მახსოვს, მამა ყურთან თმას რომ ამაწიწკნიდა (იცინის). თუ არ დამსჯიდნენ, მერე თავად ვხვდებოდი დანაშაულს და აღარ ვიმეორებდი. ჩემს შემთხვევაში სიტყვა უფრო ჭრიდა, ვიდრე დასჯა. ზოგადად, ვფიქრობ, რაც მეტად დასჯი ბავშვს და ჩარჩოში მოაქცევ, უარესს გააკეთებს. ისე, ახლა რომ დავფიქრდი, გაბრიელი მე მგავს. ახალი დაწყებული ჰქონდა სიარული კარადაზე რომ ავიდა, გადმოვარდა და თავით დაეცა. უთოთი თავი გაიტეხა, ელექტროღუმელი დაბლოკა და ხელოსნები დამჭირდა. სარეცხის მანქანის ღილაკებს მიადგა და ისე დაბლოკა, ძლივს განვბლოკეთ (იცინის). ასე რომ, გაბრიელი ხასიათებით მგავს, გოგოებზე კი ამბობენ, სხვანაირად თბილები არიანო და ვნახოთ. გოგოს მამობა ცოტა უცნაურად მივიღე, უფრო მეტი პატივისცემა გამიჩნდა ქალებისა და გოგონების მიმართ, ვიდრე მქონდა. ადრე, თუ ქალბატონი უხეშად მეტყოდა და შეურაცხყოფას მომაყენებდა, თამამად ვპასუხობდი, ახლა თავს ვიკავებ და ეს თავშეკავება სარას დამსახურებაა. ასე შემცვალა გოგოს მამობამ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი