შოუბიზნესი

რამდენი წელი ძალადობდა ქმარი ფიზიკურად სვეტა ბაგდასაროვაზე და როგორ დაიკლო 50 კილოგრამი

№21

ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 31.05, 2023 წელი

სვეტა ბაგდასაროვა
დაკოპირებულია

იშვიათია ისეთი მიზანდასახული და მებრძოლი ქალი, როგორიც 37 წლის სვეტა ბაგდასაროვაა. მიუხედავად არაერთი ცხოვრებისეული სირთულისა, დარტყმისა და წინაღობისა, ფარ-ხმალი არ დაუყრია, იბრძოლა, დღემ;ე დამოუკიდებლად მოვიდა და ფიქრობს, რომ ყველაფერი წინ აქვს. ის საზოგადოებამ, პროექტ „პრაიმ ჰაუსიდან“ გაიცნო.

სვეტა ბაგდასაროვა: 12 წლამდე ფუფუნებაში ვიზრდებოდი. მამა ბიზნესმენი იყო. ციმბირში ვცხოვრობდით, თუმცა, მერე საქართველოში დაბრუნება მოგვიწია, რადგან რაღაც მოხდა, მამას პრობლემები ჰქონდა, ძებნაში იყო. ციმბირში, ყველაფერი დავკარგეთ, რაც კი გაგვაჩნდა და ძალიან გვიჭირდა, რთული ცხოვრება გვქონდა. 15 წლის ასაკში დავიწყე მუშაობა, მანიკიურს ვაკეთებდი. რამდენიმე წელში დავდექი ფეხზე და საკუთარი ბიზნესი წამოვიწყე – სილამაზის სალონი და ტანსაცმლის მაღაზია გავხსენი.

– გამოდის, თინეიჯერობა არ გაგივლია, ბედნიერი ბავშვობიდან, პირდაპირ მუშაობა დაიწყე და ადრეული ასაკიდან მოგიწია ოჯახისა და საკუთარი თავის რჩენა.

– კი, ძალიან მალე გავიზარდე და ცხოვრებამ ბევრი ტკივილიც მომაყენა. 40 წლის ასაკში დედას იშვიათი დაავადება, პარკინსონის მძიმე ფორმა დაემართა. შვიდი წელი ვუყურებდი დედას, როგორ დნებოდა ჩემ თვალწინ. შვიდი წელი, საავადმყოფოში ვიარე. როცა გარდაიცვალა, ქმარს გავშორდი, ქირით გადავედი და საკმაოდ რთულ პირობებში მიწევდა ორი შვილის გაზრდა.

– რა ასაკში გათხოვდი და რის გამო გაშორდი ქმარს?

– 21 წლის ასაკში გავთხოვდი. ავაწყვე ბიზნესი, მეყოლა შვილები – ბიჭი და გოგო. ახლა ეკუნა 15 წლისაა, გიორგი – ათის. მოკლედ, ამ პერიოდს დაემთხვა დედის ავადმყოფობა და საავადმყოფოდან საავადმყოფოში სიარული. 29 წლის ვიყავი, დედა რომ გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებიდან ორ თვეში მამას ოთხი ინფარქტი დაემართა. მერე, შვიდი წელი მამას ვუვლიდი. ფაქტობრივად, თხუთმეტი წელი საავადმყოფოდან არ გამოვსულვარ. ეს მოსაყოლად ადვილია, მაგრამ დამიჯერეთ, ჩემი ცხოვრება არ მქონდა, ნამდვილი ჯოჯოხეთური წლები გამოვიარე. რაც შეეხება ქმართან გაშორებას, იმიტომ გავშორდი, რომ ჩვეულებრივი დესპოტი იყო. მთელი ცხრა წელი ფიზიკურად, მორალურად, ფსიქოლოგიურად ძალადობდა, რომ გავშორდი, ორი წელი მდია და ამის გამო სასამართლოში ჩივილი მომიწია. მოკლედ, მთელი ამბები იყო და დღეს არც მე და არც ჩემს შვილებს, უკვე რვა წელია, მასთან არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს. ტრავმირებული ცხოვრება მქონდა. ბევრჯერ დავეცი და მაინც წამოვდექი, ძალიან ბევრჯერ ახლიდან დავიწყე ცხოვრება.

– იყო დეპრესია, ჩაკეტვები? როდის მოიტოვე უკან ეს რთული პერიოდი და მიხვდი, რომ დროა, შენი ცხოვრება გქონდეს?

– პანდემიის დროს, სალონის დაკეტვა მომიწია. რაღაც პერიოდი სახლში ვმუშაობდი. მერე, მამა რომ გარდაიცვალა, დეპრესიაში ჩავვარდი. ორი წელი საერთოდ ვეღარ ვმუშაობდი.

– საზოგადოებამ პროექტ „პრაიმ ჰაუსიდან“ გაგიცნო. რის გამო გადაწყვიტე იქ მისვლა?

– ბინის მოგება მინდოდა. ეს პროექტი საერთოდ არ მქონდა ნანახი, არც ადრე ვუყურებდი და არც ახლა ვუყურებ. ჩემმა მეგობარმა მირჩია იქ შესვლა. თან, ბევრი ადამიანი მეუბნებოდა, ისეთი ტიპი ხარ, ტელევიზიით უნდა ჩანდეო და მეც ვცადე. არ ვნანობ, ადვილი იყო კამერებთან მუშაობა, თუმცა ეს პროექტი არ იყო ჩემი. ერთი სიტყვით, ბინა დავკარგე ორთაჭალაში, ბანკში ჩავდე, თანხაა გადასახდელი. სამწუხაროდ, ჩემი ძმები არ მიგზავნიან მინდობილობას, რომ გადავიფორმო, გავყიდო და თანხა გადავიხადო ბანკში, რაც ახლა, ფაქტობრივად, არ მაქვს. მამის სახელზე იყო, სიცოცხლეში ვერ მოასწრო ჩემზე გადმოფორმება. ვარ ჰაერში გამოკიდებული. ახლა 20 კვადრატულ ნაქირავებ ბინაში, ყიფშიძეზე ვცხოვრობ ბავშვებთან ერთად და ესაა ჩემი სამუშაო გარემოც.

– ძალიან კარგად გამოიყურები, თუმცა, ამისთვის, როგორც ვიცი, გარკვეული ძალისხმევა დაგჭირდა. ხომ ასეა?

– 50 კილო დავიკელი. ერთ დღესაც გავიღვიძე, ჩავიხედე სარკეში და ვთქვი: მე არ ვიმსახურებ იმას, რომ ასე გამოვიყურებოდე. 130 კილო ვიყავი, თუმცა, ბევრი მეუბნებოდა: ძალიან ლამაზი ხარ, ისეთი სხეული და ტანი გაქვს, არ უნდა გახდეო. ყველა გავფილტრე ჩემი ცხოვრებიდან, ვინც ამას მეუბნებოდა (იცინის). თუმცა, თავადაც თავდაჯერებული ვიყავი – დამოუკიდებლად ვცხოვრობდი, ვზრდიდი ორ არაჩვეულებრივ შვილს, მქონდა ჩემი ბიზნესი და კომფორტულად ვგრძნობდი თავს იმ ზედმეტ კილოგრამებთან ერთად. დიეტამ, უფრო სწორად, სწორმა კვებამ დამაკლებინა 50 კილო უსწრაფეს დროში. თან, დღეში ოთხი საათი ვვარჯიშობდი. ჩემით დავიწყე დიეტაც და ვარჯიშიც. ჩემმა მეგობარმა კარდიოლოგმა მირჩია, თავადაც ასე დაიკლო. ამ დიეტით ორგანიზმიც იწმინდება შლაკებისგან, ქოლესტერინის დონეც რეგულირდება, თან, არ გზღუდავს საჭმელში, შეგიძლია ჭამო გარკვეული პროდუქტები როცა გინდა და რაც გინდა. ერთი სიტყვით, ადვილი დასაცავია და ეფექტს და შედეგს მალევე ხედავ.

– შეგიძლია, ეს დიეტა ანუ სწორი კვების რეჟიმი, ჩვენი ჟურნალის ერთგულ მკითხველებს გაუზიარო?

– დიდი სიამოვნებით. ერთი დღე ჭამ ხილს შეუზღუდავად. მეორე დღეს ბოსტნეულს შეუზღუდავი რაოდენობით. მესამე დღეს, ხილსა და ბოსტნეულს. მეოთხე დღეს ემატება რძე და ბანანი, მეხუთე დღეს რვაასი გრამი ხორცი და პომიდორი. მეექვსე დღეს 800 გრამი ხორცი და ნებისმიერი ბოსტნეული. მეშვიდე დღეს კი, ერთი ჭიქა მოხარშული ყავისფერი ბრინჯი, ნებისმიერი ბოსტნეული და ხილი. დამეთანხმეთ, საკმაოდ მდიდარი რაციონია და ნებისმიერს მოუხდება ამ ჯანსაღი კვებით ორგანიზმის უსაფრთხოდ გაწმენდა.

– რამდენი კილოგრამი დაიკელი პირველი ერთი კვირა და როდის დაინახე შედეგი?

– პირველი შედეგი ერთ კვირაში მქონდა, დავიკელი 9 კილო. ზოგადად, რაც მეტი ხარ წონაში, ადვილად იკლებ. ახლა 87 კილო ვარ და ბევრად მიჭირს დაკლება, ანუ ორი კვირა უნდა დავიცვა ეს დიეტა, რომ 5-6 კილო დავიკლო. თან, ასაკის მატებასთან ერთად, მეტაბოლიზმი მცირდება და ისე ვერ იკლებ, როგორც ახალგაზრდა იკლებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი