შოუბიზნესი

რამ შეუცვალა სამყაროზე წარმოდგენა გიორგი ძოწენიძეს და რატომ არ უმღერის ის ხშირად მეუღლეს საყვარელ სიმღერას

№36

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 14.09, 2021 წელი

გიორგი ძოწენიძე
დაკოპირებულია

მომღერალი გიორგი ძოწენიძე გოგონას მამა გახდა. პატარა ანიტა ქვეყანას 30 ივლისს მოევლინა და როგორც გიორგი ამბობს, მისი ცხოვრება სრულიად შეცვალა.

გიორგი ძოწენიძე: საკმაოდ მოკლე დროში, 360 გრადუსით შეიცვალა ჩემი ცხოვრება და შეხედულებები. ბევრისგან მსმენია, როგორ ცვლის ცხოვრებას შვილის დაბადება, მაგრამ ასეთი ბედნიერება მართლა ვერ წარმომედგინა. უფლისა და ჩემი მეუღლის მადლიერი ვარ იმის გამო, რომ მეც გამხადეს ამ ბედნიერების ღირსი. პატარა ძალიან საყვარელი და მშვიდია. მეუღლე მეუბნება, ნუ ამბობ ასე, თვალი არ ეცესო (იცინის). თუ ეს მოხდა, მერე „შარში“ ვიქნები, მომიწევს ღამეების გათენება (იცინის). ამ მომენტისთვის მხოლოდ მაშინ არის ცუდ ხასიათზე, როცა შია, ამით მამას ჰგავს.

– მშობიარობას დაესწარით?

– დიახ. ბევრმა მითხრა, არ დაესწრო, შენთვის ეს ძალიან დიდი სტრესი იქნებაო. უკვე შიგნით მყოფი ვფიქრობდი, რომ იმ მომენტში გარეთ უფრო მეტად ვინერვიულებდი, რადგან არ მეცოდინებოდა იქ რა ხდებოდა. გარდა ამისა, იმდენად დიდი ემოციაა, როცა უყურებ, როგორ იბადება შენი შვილი და იმის გააზრება, რომ უდიდესი სასწაულის მომსწრე ხდები – თუკი ღმერთი მოგცემს ამის საშუალებას, ჩემი აზრით, ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვა. ბევრისგან გამიგია, რომ ამ დროს თვითონ ხდება ცუდად, მაგრამ მე მართლა მგონია, რომ გარეთ უფრო გამიჭირდებოდა. სიმართლე გითხრათ, იმდენმა ადამიანმა მითხრა, არ დაესწროო, უკვე გადაფიქრებული მქონდა. მერე მიამ მკითხა, რა გადაწყვიტეო და მივხვდი, რომ უნდოდა, მის გვერდით ვყოფილიყავი. გულწრფელად ვიტყვი, თავიდან მის გამო გადავდგი ეს ნაბიჯი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ საკუთარი თავისთვისაც ძალიან მაგარ რამეს ვაკეთებდი.

– ფეხმძიმობამ როგორ ჩაიარა?

– ექოსკოპიაზე ვიყავით მისულები. ექიმმა ტოქსიკოზზე ჰკითხა მეუღლეს და მე დავასწარი პასუხის გაცემა, მაქსიმუმ სამი კვირა გაგრძელდა-მეთქი. მიამ შემისწორა, არა გიორგი, ეგ სამი თვე იყოო (იცინის). კი, შეიძლება, ეს დრო ჩემთვის უფრო სწრაფად გავიდა, მაგრამ ყველაფერმა ჩემ თვალწინ გაიარა, პირველი ფეხის მორტყმა, სიხარულის ცრემლები, იმის გაცნობიერება, რომ მალე შვილი გვეყოლებოდა და მოუთმენელი ლოდინი. ახლა ისე ვლაპარაკობ, თითქოს მე გავაჩინე ბავშვი (იცინის).

– კარგი სიურპრიზი გაუკეთეთ ერთმანეთს, ვალენტინობაზე გაიგეთ ბავშვის სქესი, არა?

– სპეციალურად გადავწყვიტეთ ასე, მაგრამ ჩემსა და ჩემს მეუღლეზე მეტად, ეს სიურპრიზი ჩვენმა შვილმა მოაწყო. მანამდეც რამდენჯერმე ვცადეთ სქესის გაგება, მაგრამ არ მოგვცა საშუალება (იცინის). ექიმს ვუთხარით, რომ ცერემონიის მოწყობას ვაპირებდით სქესის გასაგებად და პირდაპირ ნუ გვეტყვით, ფურცელზე დაგვიწერეთ-მეთქი და კონვერტი პირდაპირ ჩემი მეუღლის დას გადავეცით. თურმე, იმას კი არ გიწერენ, გოგოა თუ ბიჭი, სქესის ნიშანს გიხატავენ და თუ ამ სიმბოლოებს ვერ ცნობ, ვერ გაარჩევ ერთმანეთისგან. ამიტომ ჩემი ცოლისდა ცოტა გაუგებრობაში აღმოჩნდა, კამერაში ვესაუბრებოდით და კინაღამ შემოგვიტრიალა ფურცელი, ვერ გავიგე, გოგოა თუ ბიჭიო (იცინის). ჩემი მეუღლის დედა ექიმია და მან გადაგვარჩინა (იცინის).

– მიას ფეხმძიმობის დროს უცნაური მოთხოვნები თუ ჰქონდა?

– ერთადერთი რამ მოითხოვა – ნესვი ზამთარში. ვერსად ვიშოვე და ძალიან უკმაყოფილო იყო. ერთ მშვენიერ დღეს მაღაზიაში შევედი და ნაირ-ნაირ გაყინულ ხილს ვხედავ. მათ შორის ნესვიც იყო. ფასს ნუ იკითხავთ, თუ სწორად მახსოვს, 137 ლარი ღირდა (იცინის). ამ დროს მას როგორც ნესვს ისე კი არ ყიდულობ, როგორც ძალიან ძვირფას საჩუქარს. შევიძინე, მაგრამ მიას, რა თქმა უნდა, არ უჭამია – ძალიან ცუდი გემო ჰქონდა. სამაგიეროდ, მე ჩამეთვალა თავგანწირვაში (იცინის).

– მია, გიორგის როგორ გააგებინეთ ფეხმძიმობის შესახებ?

მია მაჩაბელი: დავაფიქსირე, რომ ძალიან ხშირად მეცვლებოდა ხასიათი. კახეთში ვიყავი და უცებ მომინდა, თბილისში ჩამოვსულიყავით და აქ კომფორტულად მეგრძნო თავი. დავეჭვდი და ფეხმძიმობის ტესტმა ჩემი ეჭვი დაადასტურა. გიორგის ძალიან უყვარს კერძების მომზადება და ამ დროს სამზარეულოში იყო. მინდოდა, სიურპრიზი მომეწყო და ახალ წელს მეთქვა, რომ შვილი გვეყოლებოდა. მაგრამ მანამდე ორი თვე იყო დარჩენილი და ეს დიდი დროა. შეიძლებოდა, ძალიან ხშირად შემცვლოდა ხასიათი და მიზეზი ვერ გაეგო. ვერ მოვითმინე და ვუთხარი, მალე მშობლები გავხდებით-მეთქი. ვეღარ მოამზადა ის კერძი – ძალიან ემოციურად შეხვდა ამ ამბავს (იცინის). ორსულობის პირველივე პერიოდიდან ყველა დეტალში იყო ჩართული. მშობიარობასაც ხომ დაესწრო და ფაქტობრივად, გიორგიმაც ჩემთან ერთად იმშობიარა (იცინის). პატარასთანაც ძალიან მზრუნველია.

– სახელი როგორ შეურჩიეთ პატარას?

– სახელი ბოლო დღეს მოვიფიქრეთ. ძალიან ბევრს ვფიქრობდით. მგონი, ყველა სახელი მოვიძიეთ, რაც კი მსოფლიოში არსებობს და ბოლოს არჩევანი ანიტაზე შევაჩერეთ. ანიტამ ყველაფერი ძალიან გააფერადა. მისი დამსახურებით დილას კიდევ უფრო ბედნიერები ვიწყებთ.

– ვიზუალურად გამორჩეული წყვილი ხართ, გიორგი, კარიერიდან გამომდინარე, სულ ყურადღების ცენტრშია და ამაზე არ ეჭვიანობთ?

– არა, ძალიან მიხარია, ბევრს რომ მოსწონს ჩემი ქმარი (იცინის). ამ დროს ის მხოლოდ ჩემია. გიორგის რაც უფრო მეტი თაყვანისმცემელი ეყოლება, უფრო წარმატებული იქნება პროფესიაში და მისი წარმატება ჩემი წარმატებაა. ამიტომ ამის გამო ძალიან ბედნიერი ვარ.

– არის რომანტიკული?

– მაგაში ნამდვილად მოიკოჭლებს, რომანტიკა შორს არის გიორგისგან (იცინის).

– არც გიმღერის?

– ძალიან იშვიათად, ანიტას უფრო უმღერის. იმ მიზნით, რომ თავი მოეწონებინა, ჩემთვის საერთოდ არ უმღერია. მეგობრების წრეში – კი.

გიორგი: ახლა ცოტა არასწორად ლაპარაკობს (იცინის). რომანტიკოსი როგორ არ ვარ, მაგრამ იმდენად მიყვარს ჯგუფთან ერთად აკომპანემენტით სიმღერა, სიამოვნებას მხოლოდ მაშინ ვიღებ, როცა ჩემთან ერთად პროფესიონალები, კარგი მუსიკოსები უკრავენ. რაც შეეხება საყვარელი ადამიანისთვის სიმღერას, არის რამდენიმე სიმღერა, რომელიც მიას ძალიან უყვარს და ვუმღერი ხოლმე, მაგრამ იშვიათად, არ მინდა მოვაბეზრო (იცინის). არ მინდა ამ სიმღერებისადმი სიყვარული გაუნელდეს, თორემ აქ ნაკლებრომანტიკულობა არაფერ შუაშია (იცინის). მართალია, ვერ ვიტყვი, რომ დიდად რომანტიკული ვარ, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემი მინუსი გადავფარო.

– მია როგორია?

– მია იმდენად რომანტიკული და ემოციურია, როცა რამე რომანტიკულს გეუბნება, შეიძლება, შუა წინადადების დროს ტირილი დაიწყოს და ვეღარ დაასრულოს. მერე ერთი ხუთი წუთი ვამშვიდებ და მეორე ნაწილსაც მეუბნება (იცინის). ძალიან ემოციური და საყვარელი გოგოა. მე თუ მაქვს დანაკლისი ამ მიმართულებით, ის ნამდვილად მავსებს.

– საკმაოდ სწრაფი ტემპით განვითარდა თქვენი ურთიერთობა, რა ცვლილებები განიცადეთ ამ პერიოდში?

– მართლა სწრაფად განვითარდა ჩვენი ურთიერთობა. პანდემიის დაწყებამდე ორი თვე ვხვდებოდით ერთმანეთს, მაგრამ იშვიათად. პანდემიის დროს დავიწყეთ ძალიან აქტიური შეხვედრა. იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, ვცდილობდით, ბევრი ადამიანი არ შევკრებილიყავით და მხოლოდ მე და მია ვიყავით ხოლმე, მეგობრების გარეშე. ასე რომ, პანდემია დაგვეხმარა, ერთმანეთი ძალიან კარგად და მალე გაგვეცნო. მეგობრების წრეში რომ შევხვედროდით ერთმანეთს, ანუ პანდემია რომ არ ყოფილიყო, შესაძლოა, ჩვენი ურთიერთობა ასე არ განვითარებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ რადიკალური ნაბიჯის გადადგმა ყოველთვის მიჭირს, ამ შემთხვევაში არ მიყოყმანია. დარწმუნებული ვიყავი, რომ ძალიან მიყვარდა მია და ამიტომ ხელი ვთხოვე. ოჯახური ცხოვრება უდიდესი ბედნიერება აღმოჩნდა და ვინც ოჯახს თავისუფალ ურთიერთობას ამჯობინებს, ვეტყვი, რომ თავისუფლება ძალიან მაგარია, მაგრამ ეს არსად იკარგება. ქორწინებაში უფრო მეტად თავისუფალიც კი ხდები და ამას ემატება უდიდესი ბედნიერება, რომელიც წარმოუდგენელია, მარტომ განიცადო. შვილით გამოწვეულ სიხარულს საერთოდ ვერაფერს შევადარებ. თურმე, ეს ყოფილა ნამდვილი ცხოვრება, ის, რის გამოც მოვედით ამქვეყნად და არა ის, რაც აქამდე მეგონა.

– წარსულში კაცი მარტო შემომტანად მიიჩნეოდა და ბავშვი და ოჯახური საქმეები მთლიანად ქალზე იყო. თქვენს ოჯახში როგორ არის?

– სამწუხაროდ, დღესაც არიან ადამიანები, ვინც ისევ ასე ფიქრობს. ნურავის ეწყინება, მაგრამ ვიტყვი, არა მგონია, ვინმეს ჩემზე მეტი გაეკეთებინოს. 17 წლიდან ვმუშაობ და თუკი რამე სამსახური არსებობს, ყველაფერი საკუთარ თავზე გამომიცდია. მათ შორის, ძალიან რთულებიც, მაგრამ ყველაზე რთულია სახლის საქმეების კეთება. იმდენად რთულია, რომ ყველა ქალი თუ კაცი, ვინც სახლშია, ოჯახის საქმეებს დაუხმარებლად უძღვება და შვილს ზრდის, ჩემთვის გმირია. მარტო ამის გამკლავება მართლა ენით აუწერლად რთულია. ისედაც უდიდეს პატივს ვცემდი ასეთ ადამიანებს, მაგრამ რაც საკუთარ თავზე გამოვცადე, გამიასმაგდა მათდამი პატივისცემა. მე და მია მარტო ვცხოვრობთ, მშობლები გვეხმარებიან, მაგრამ ოჯახურ საჭიროებებს 99 პროცენტით მარტოები ვუმკლავდებით. ამ საკითხში პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია. სხვანაირად ოჯახი არ შედგება. სამწუხაროდ, არსებობს დოგმები, რომელიც ოჯახურ ჰარმონიას ხელს უშლის. იმედი მაქვს, რომ ბევრი თანამედროვე ვაჟკაცი ბიჭი მიხვდება, რომ სახლში ჭურჭლის გარეცხვა, საჭმლის მომზადება თუ ბავშვისთვის გამოცვლა მისი საქმეცაა და არამხოლოდ მეუღლის, რომელიც ამის გარდა მილიონ რამეს აკეთებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი