შოუბიზნესი

რა უთხრა პატრიარქმა თამრიკო ჭოხონელიძეს მამის გარდაცვალების შემდეგ და რის გამო წაიშალა მისი ცხოვრებიდან რამდენიმე წელი

№4

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 01.02, 2023 წელი

თამრიკო ჭოხონელიძე
დაკოპირებულია

გულახდილი საუბარი თამრიკო ჭოხონელიძესთან 👇

– ვინ არის თამრიკო ჭოხონელიძე?

თამრიკო ჭოხონელიძე: ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი სიყვარული შეუძლია. სიყვარული თავის ოჯახის, ანუ, თავისი პატარა სახელმწიფოსი და ასევე, საკუთარი სამშობლოს სიყვარული. შემიძლია, სხვა ადამიანებს ჩემი დიდი სიყვარული თავს მოვახვიო. სიყვარულის უნარი არის ჩემი ძალაც და სუპერძალაც. ასევე, მე ვარ ადამიანი, რომელიც ყოველთვის დადარაჯებულია საკუთარ თავზე – ვცდილობ, უნებლიეთ ზიანი არავის მოვუტანო და ვაკეთო საქმე, რომელიც ჩემი შთამომავლობისთვის საამაყო იქნება.

– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?

– დღეს ისეთი ვითარებაა, ჩემი ოცნება მშვიდობიან, ერთიან საქართველოში ცხოვრებაა. ვოცნებობ, ხალხი ერთმანეთს აღარ უპირისპირდებოდეს. სამწუხაროა, მაგრამ ეს საოცნებოდ გამიხდა.

– ბოლოს როდის იტირეთ და რატომ?

– ამას ვერავინ ხედავს, მაგრამ ბევრჯერ მიტირია. სიხარულის თუ ტკივილის, ორივეს გამო მეტირება. ბოლოს ცრემლები მომადგა, მაგრამ ძალიან შევეცადე თავი შემეკავებინა, როდესაც მამაჩემის სახელობის ქუჩა გაიხსნა. მივხვდი, რომ ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვა ადამიანის ნაღვაწს აფასებენ. მახსოვს პატრიარქის სიტყვები, რომელიც მამას გარდაცვალების შემდეგ მითხრა: ერთი რამ იცოდე, დადგება დრო და მამას ღვაწლი წლებთან ერთად კიდევ უფრო დაფასდება. ამას მომავალი თაობები გააკეთებენო. მამა ძალიან თავმდამბალი ადამიანი იყო და ალბათ, იუხერხულებდა, რომ გაეგო, ქუჩას მის სახელს არქმევდნენ, მაგრამ მე ძალიან ამიჩუყდა გული ამის გამო.

– საერთოდ, გულჩვილი ხართ?

– ძალიან, მაგრამ ვცდილობ, ეს თვისება გავაფერმკრთალო, რადგან ამის გამო ფიზიკურად ცუდად ვხვდები. არ მიყვარს ამ მდგომარეობაში ყოფნა. ვიკეტები, საზოგადოებაში გამოსვლა აღარ მინდა და ჩემი თავი ასეთი არ მომწონს.

– რას გააკეთებდით, ახლა რომ ლატარიაში რამდენიმე მილიონი მოიგოთ?

– თქვენ არ იცით, ჩემთან რამდენი ადამიანი რეკავს დახმარების სათხოვნელად – ელემენტარულად შიათ და ხელის გამართვას ითხოვენ. ავადმყოფი ჰყავთ ოჯახში და დახმარება სჭირდებათ. ასეთ ადამიანებს ერთჯერადად კი არ გავუმართავდი ხელს, ამ თანხით ნორმალურად ცხოვრების საშუალებას მივცემდი და რა თქმა უნდა, საკუთარ, ბანკის ვალებსაც გავისტუმრებდი (იცინის). ასევე, ჩემი შვილიშვილების განათლებაში ჩავდებდი ინვესტიციას.

– თქვენს ყველაზე ცუდ საქციელად რას მიიჩნევთ?

– მთელი ცხოვრების განმავლობაში რა შეცდომაც მომსვლია, ამის შესახებ აღსარებაში მითქვამს, მაგრამ ჩემს ყველაზე დიდ შეცდომად მაინც ის მიმაჩნია, რომ რაღაც პერიოდი ცხოვრება სოციალურ ქსელს გადავაყოლე, სადაც უკონტროლოდ მლანძღავდნენ. ამან ძალიან დიდი დარტყმა მომაყენა. სასტიკი შეურაცხყოფის ატანა განსაკუთრებით რთულია, როცა შენ მართალი ხარ. მე ხომ კაცის ჩაგვრასა და კაცის კვლას ვერ დავუჭირე მხარი. ვგულისხმობ 17 მაისს... როდესაც ეგრეთ წოდებულ „ოჯახის სიწმინდის დღეზე“ სიმღერა შემომთავაზეს, მე მათ ვუთხარი: ნებისმიერი შემეჯიბროს ოჯახის სიწმინდესთან დამოკიდებულებაში. ეს ჩემი ცხოვრების მთავარი ამოცანა და ფუნდამენტია, მაგრამ როდესაც დავინახე, რომ ამ დღის დანიშნულება ეს კი არა, უმცირესობის წარმომადგენლებთან დაპირისპირება იყო, მიუხედავად იმისა, რომ მე არც მათი და საერთოდ, არავის პროპაგანდისტი არ ვარ, ადამიანის დისკრედიტაციას მხარს ვერ დავუჭერ-მეთქი. რისთვისაც მივიღე საშინელი ლანძღვა. ეს იმდენად განვიცადე, რომ ის რამდენიმე წელიწადი დავკარგე. ეს წლები ჩემი ცხოვრებიდან წაიშალა და რომ მე ჩემ მიმართ წამოსული ნეგატივის გამო ასე ძალიან ვინერვიულე, ჩემს ყველაზე დიდ შეცდომად მიმაჩნია. საინტერესოა, რომელი უფრო ქრისტიანული ნაბიჯია, მხარი დაუჭირო „არა კაც კლას“ თუ იმიტომ, რომ შენნაირი არ არის და შენ არ მოგწონს, მათ ჩაქოლვას?! ადამიანებს, რომლებიც უშურველად ილანძღებოდნენ და „უფლის სახელით“ მწყევლიდნენ, მამაოებთან გადაღებული ფოტოებით ჰქონდათ საკუთარი გვერდები სავსე. ასეთი „მორწმუნეები“ საშინელებებს მისურვებდნენ და ჩემი დიდი შეცდომა იყო ის, რომ მე ამაზე ნერვიულობას გადავყევი. იცით, რას მივხვდი? საკუთარ თავზე მეტად, იმაზე უფრო მეტად ვნერვიულობდი, რომ ეს ადამიანები ასეთები იყვნენ – ბოროტებით სავსეები. აღმოჩნდა, რომ მათგან ძალიან ბევრი ტროლი იყო, მაგრამ ისეთებიც ხომ იყვნენ, ვისაც მართლა შეეძლო ასეთი სულიერი სიმდაბლის გამოვლენა. გვიან, მაგრამ მივხვდი, რომ არ შეიძლებოდა ასეთი ადამიანებისთვის გადამეყოლებინა წლები. სამწუხაროდ, ამ წლებმა შემოქმედებითადაც უკან დამხია და ჯანმრთელობაზეც აისახა. თუმცა, ფეხზე წამოვდექი. შვილებმა სოციალური ქსელები გამიუქმეს და მათი მადლობელი ვარ.

– რომ გაიგოთ, მეგობარს საყვარელი ადამიანი ღალატობს, სიმართლეს ეტყვით?

– ვერ ვეტყვი, ვერც ვერაფერს გავაკეთებ. გღალატობენ – ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სიმართლეა, რაც შეიძლება, ადამიანს უთხრა. შეიძლება სწორი არ ვარ, მაგრამ მე ამას ვერ ვეტყვი. ადრე თუ გვიან, ადამიანი, რომელსაც ღალატობენ, ამას აუცილებლად იგრძნობს. მე ამის თქმა არა, მხოლოდ მისი გაძლიერება და გვერდით დგომა შემიძლია.

– სახალისო შემთხვევა თუ გადაგხდენიათ პაემანზე?

– ჩემი და გიას ურთიერთობა რომ დაიწყო, ოჯახში ვმალავდი. მამაჩემს მართლა სახალისო ფრაზა ჰქონდა – „ყველას გაყევით ცოლად, ოღონდ მსახიობს არა“. აქედან გამომდინარე ვერ ვამბობდი ჩვენი ურთიერთობის შესახებ. ერთხელაც გიას უნდა შევხვედროდი, მუშთაიდის ბაღთან გვქონდა პაემანი და დედაჩემის მხრიდან ბიძას, რომელიც ჩემი კარგი მეგობარი იყო, დახმარება ვთხოვე, შენს მანქანაზე დამსვი-მეთქი. ალბათ, მინდოდა მისთვის თავი სხვა მხრიდანაც დამენახვებინა საჭესთან ჯდომით. ახალი ნასწავლი მქონდა მართვა და ვუთხარი, იქ რომ მივალთ, ცოტა მაინც გამატარებინე, გიამ რომ დამინახოს-მეთქი (იცინის). ახლა რომ ვიხსენებ, ალბათ, როგორი სასაცილო ვიყავი (იცინის). ბიძაჩემი დამთანხმდა და მოკლედ, ძალიან გაპრანჭული თავს ვიწონებ საჭესთან, მაგრამ ცოტა დამაგვიანდა პაემანზე. ვიფიქრე, რომ იქ დამელოდებოდა, სადაც შეხვედრა დავთქვით და მივედი ამ მანქანით თავმომწონედ, მაგრამ სად არის გია, არ ჩანს... თურმე, ბაღში შესულა და სკამზე ჩამომჯდარი მელოდა. რა მექნა, ბაღში ხომ ვერ შევიდოდი მანქანით და ასე ჩამივარდა კოვზი ნაცარში. ეს ამხელა „ნომერი“ ჩამეშალა (იცინის).

– რა არის თქვენი ყველაზე დიდი მარცხი და ყველაზე დიდი გამარჯვება?

– მარცხზე უკვე ვისაუბრე. კარგად ვხვდები, რა არის წუთისოფლის მნიშვნელობა და ამიტომ ცუდია, რომ საკუთარ თავს ვერ მოვერიე და ის წლები დავკარგე, თუმცა გამარჯვებაა ის, რომ შევძელი საკუთარი მარცხის დამარცხება და ჩემი თავის აღზრდა. იმის გააზრება, რომ ასეთ, ეგრეთ წოდებულ, „ადამიანებს“ არ უნდა გადააყოლო წლები. არადა, იმ წლების განმავლობაში მე ჩემი ოჯახისთვისაც კი არ ვარსებობდი, არც საზოგადოებისთვის, არც ჩემი საქმისთვის. ამან ჩემს შვილებს კინაღამ დააკარგვინა ჩემი თავი. თუმცა, საბედნიეროდ, ყველაფერი გავიაზრე და ახლა მართლა ფეხზე წამოვდექი. გამარჯვებაა ისიც, რომ დათმენის უნარი გამოვიმუშავე. ამის გარდა, ჩემს ყველაზე დიდ გამარჯვებად მიმაჩნია ჩემი შვილები. სადაც არ უნდა მივიდე, მათი ადამიანობისა და საკუთარი პროფესიისადმი განსაკუთრებული სიყვარულის შესახებ ყოველთვის ისეთი შეფასებები მესმის, რომ მე, როგორც დედას, ძალიან მეამაყება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ღირსეული შვილები მყავს და ეს არის ჩემი მთავარი გამარჯვება.

– ყველაზე დიდი შიში როდის განიცადეთ?

– სამწუხაროდ, არაერთხელ. 7 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი და – თინიკო დაიბადა. დედა ძალიან ცუდად იყო. მისი სიცოცხლე სასწორზე იდო. ერთხელ, როცა მე და სოფიკო, ჩემი შუათანა და რაღაცაზე წავკინკლავდით, ერთ-ერთმა ჭკუათმყოფელმა მითხრა, შენ უკვე დიდი გოგო ხარ, გევალება დებს მოუარო, იმიტომ, რომ შენი დედიკო ისე ცუდად არის, შეიძლება აღარ დაბრუნდესო. მაშინ დამჩემდა ახლობელი ადამიანების დაკარგვის შიში და ეს განცდა დღემდე არ მშორდება. მამასთან დაკავშირებით ეს შიში მის გარდაცვალებამდე წლებით ადრე განვიცადე. ცუდად იყო, ამბობდა, რომ უბრალოდ, გაცივდა, მაგრამ მე ინტუიცია არასდროს მღალატობს და ვგრძნობდი, რომ რაღაც სხვა იყო. სასწრაფო გამოვიძახე და აღმოჩნდა, რომ ინფარქტი ჰქონდა. თუმცა, მაშინ, ღვთის წყალობით, გადარჩა და მას შემდეგ ოცი უბედნიერესი წელი მაჩუქა ღმერთმა მისი არსებობით.

ერთხელ, როცა კოკო ოთხი წლისაც არ იყო, ბავშვებმა მთხოვეს ეზოში გამეშვა. ჯერ კოკო ჩავიდა და მალევე მარიამი ჩაჰყვა. ძალიან მალე გადავიხედე აივნიდან და კოკო არ ჩანს. მარიამიც მეუბნება, არ დამინახავსო. უცებ რაღაც საშინელება დაიწყო – ყველა კოკოს ეძებდა, მაგრამ ის არსად ჩანდა. თან, ის პერიოდია, როცა ბავშვების მოტაცების შესახებ ხშირად გვესმოდა. სადღაც ნახევარი საათი ვეძებდით და შიშიც აღარ ჰქვია იმას, რასაც მაშინ განვიცდიდი. მეზობლები უკვე მილიციაში მიდიოდნენ დახმარების სათხოვნელად და უცებ, ვხედავ, კოკო მოდის... წარმოიდგინეთ, ოთხი წლის კოკოს, უკვე ჰყავდა სიმპათია – ვინმე ელენე და თურმე მასთან წასულა მეორედან მეექვსე სადარბაზოში. მეექვსე სართულზე ფეხით ასულა, ელენეს დედას კომპოტზე და კანფეტებზე დაუპატიჟებია, იქ ცოტა ხანი გაჩერებულა და მერე ჩამოვიდა. ახლა სახალისოდ გასახსენებელი ამბავია, მაგრამ იმ დროს მეგონა, რომ ცხოვრება დამთავრდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი