შოუბიზნესი

რა წვლილი შეიტანა გოჩა ჩერტკოევმა ვერკა ჯაჯანიძის გათხოვებაში და როგორ გამოსდის მას „მამალი ქალობა“

№37

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 22.09, 2021 წელი

ვერკა ჯაჯანიძე
დაკოპირებულია

მოცეკვავე ვერკა ჯაჯანიძისთვის ბოლო წლები განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა და ახლა საკუთარი, გაუმჯობესებული შედეგის „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მაყურებლისთვის გასაზიარებლად ემზადება.

ვერკა ჯაჯანიძე: „ცეკვავენ ვარსკვლავები“ იწყება და დიდი მოლოდინი გვაქვს, მაგრამ დეტალები ჯერ უცნობია. ეს პროექტი, მაყურებელთან ერთად, ჩვენც ძალიან მოგვენატრა. არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, ამ მდგომარეობაში რა გეცეკვებათო, მაგრამ მგონი, ვიმსახურებთ პოზიტივის შემოტანას სატელევიზიო ეთერში. ვფიქრობ, რომ ბევრს ძალიან გაუხარდა ეს ამბავი.

– როგორია სამზადისი?

– გავამხელ საიდუმლოს – ყველა სპორტსმენის კარიერაში არის სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული ჩავარდნის პერიოდი. ჩემს ცხოვრებაშიც იყო ასეთი და საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. 2011 წლიდან მე, როგორც სპორტსმენმა, პარკეტზე ცეკვა შევაჩერე, კონკურსებში მონაწილეობას აღარ ვიღებდი. ეს საკმაოდ დიდ ფინანსებს მოითხოვდა, რაც იმ მომენტში არ იყო და ამიტომ, მე და ჩემმა მეწყვილემ, გადავწყვიტეთ, შოუბიზნესში ვყოფილიყავით უფრო აქტიურები. შოუებში, ღონისძიებებზე, კორპორაციულ საღამოებზე გამოვდიოდით და როცა ასეთ ღონისძიებებზე ხარ კონცენტრირებული, უფრო მეტად შოუს ელემენტებზე ფიქრობ, ვიდრე ტექნიკის განვითარებაზე. მთავარია, ცეკვა სანახაობრივად იყოს კარგი, შენც კარგად გამოიყურებოდე, მაგრამ საკონკურსე პროგრამა შოუსგან ძალიან განსხვავდება და როცა მას მიჰყვები, მკაცრად უნდა დაიცვა წესები და ტექნიკურად სუფთად იცეკვო. იქ ამის მიხედვით ნაწილდება უპირატესობები მოცეკვავეებს შორის. 2018 წელს, 7-წლიანი პაუზის შემდეგ, მე და იაკობ ყუფუნია დავდექით წყვილში. მე 28 წლის ასაკში დავბრუნდი პარკეტზე. ამან ყველა მოცეკვავე გააოცა. ძალიან რთულია ამ პროფესიაში იყო, გყავდეს ოჯახი, შვილი და კარიერაც გქონდეს. როგორც წესი, ან კარიერა გაქვს, ან – კარგი ოჯახი. ორივე ერთად ნაკლებად გამოდის. ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო. სულ რაღაც სამ თვეში, მე და ჩემმა მეწყვილემ საქართველოს თასი მოვიგეთ. მალე კი მოსკოვში, ძალიან სერიოზულ ტურნირში, 140 მოცეკვავეს შორის, მე-17 ადგილი დავიკავეთ, რაც ჩემთვის საოცარი მიღწევა იყო. ამის შემდეგ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ძალიან ბედნიერი გამოვედი, რადგან საკუთარ თავს მნიშვნელოვან განვითარებას ვატყობდი. ცეკვების შემდეგ ჩემს ცხოვრებაში იყო ულამაზესი პერიოდი – სანამ ვირუსი დაიწყებოდა, ათი თვის განმავლობაში რვა ქვეყანაში ვიყავი და ჩემი ტურნირები ყველგან ძალიან წარმატებულად დამთავრდა, მივიღე საპრიზო ადგილები, ფულადი პრიზები და მთავარი – ტექნიკური წინსვლა. ყოველდღიურმა ვარჯიშმა კარგი შედეგი მოგვიტანა და აქედან გამომდინარე, თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ახლა ისეთ ფორმაში ვარ, როგორშიც არასდროს, მით უმეტეს, რომ ხუთი წლიდან ვცეკვავ. ძალიან გამიმართლა, რომ მყავს მეუღლე, რომელიც მეხმარება, ჩემი საყვარელი საქმე ვაკეთო, ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ მოსწავლეები მყავს, რომლებსაც ჩემს ცოდნას გადავცემ და უზომოდ მიხარია, რომ „ცეკვავენ ვარსკვლავები“ იწყება და ჩემს გაუმჯობესებულ ტექნიკას ფართო მაყურებელსაც ვაჩვენებ.

– ან ოჯახი ან კარიერაო – ბოლო წლებში ასეთ აქტიურობას მეუღლე და შვილი ხომ არ აპროტესტებენ?

– ცოტა თავის ქება გამომდის, მაგრამ „მამალ ქალებს“ რომ ეძახიან, ეგეთი გოგო ვარ (იცინის). ჩემთვის ცხოვრება მიზნისკენ სწრაფვაა. იქიდან გამომდინარე, რომ მე რაიონიდან ჩამოვედი, სადაც ძალიან მძიმე პირობებში მიწევდა განვითარება, სირთულეებთან გამკლავებას მიჩვეული ვარ. ჩემს მოსწავლეებს სულ იმას ვეუბნები, რომ უნდა დააფასონ დღევანდელი პირობები, რომელიც მათ აქვთ და ყველაფერი გააკეთონ წარმატებისთვის. მე 90-იან წლებში დავიბადე ჭიათურაში. 2010 წელს მე და ჩემმა მეწყვილემ „ნიჭიერში“ მივიღეთ მონაწილეობა და ფინალშიც გავედით. სამეჯლისო ცეკვა „ცეკვავენ ვარსკვლავებამდე“ იქ გამოჩნდა ეკრანზე და ყველას უკვირდა, ეს ცეკვა რაიონში როგორ ვისწავლეთ და ყველა ჩვენს ქორეოგრაფს კითხულობდა. გაგვიმართლა, რომ მიძინებულ ჭიათურაში, სიბნელესა და სიცივეში ეს შევძელით. მე სახლიდან დარბაზამდე, ყოველდღე ექვს-შვიდ კილომეტრს ფეხით გავდიოდი. დარბაზიდან რომ გამოვდიოდით, ტრანსპორტი არ იყო, სამაგიეროდ იყო ძალიან დიდი თოვლი და ფარნებით ხელში მივდიოდით ყველა ერთად გზაგასაყარამდე, სადაც ზოგს მამა ხვდებოდა, ზოგს – დედა. ჭიათურა მოგეხსენებათ, კლდიანია, დაღმართებია, ბევრჯერ წავქცეულვართ, ფეხი გვიღრძია. დარბაზში მუსიკა არ გვქონდა, ჯოხის ხმაზე გვიხსნიდა მასწავლებელი, განათება არ გვქონდა და მთელი დარბაზი ლამპებით იყო სავსე. თბილისში რომ ჩამოვედი სტუდენტობისას, მაშინ ვნახე როგორი იყო ნორმალური ცეკვის ფეხსაცმელი.

– როცა ეს ცეკვები „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გამოჩნდა, მაყურებელს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ჰქონდა – ბოლომდე ვერ გაიგეს, უნდა მოსწონებოდათ, თუ გაეპროტესტებინათ „სიშიშვლე“ და სითამამე სცენაზე. მაშინ, მით უმეტეს, რაიონში, ამის გამო კრიტიკის ქარცეცხლში არ იყავით?

– „ცეკვავენ ვარსკვლავების“ დროს მე ამ დამოკიდებულებებს ვეღარ ვამჩნევდი, იმიტომ, რომ 2007 წლიდან მე და ჩემი მეწყვილე კორპორაციულ საღამოებზე ვცეკვავდით რესტორანში. ერთხელ ჩემმა მეწყვილემ მეგობრის დაბადების დღეზე წამიყვანა და მითხრა, მინდა, საჩუქარი გავუკეთო სამეჯლისო ცეკვების სახით, რადგან ძალიან უყვარსო. იუბილარი უცხოეთიდან იყო ჩამოსული და გაგვიმართლა, რომ იქ იმ დღეს უცხოელი ტურისტებიც იყვნენ. ვიცეკვეთ და ძალიან დიდი მოწონება დავიმსახურეთ. რესტორნის მენეჯერი დაინტერესდა და შემოგვთავაზა, ჩვენი ცეკვა შოუ-პროგრამაში შეგვეტანა. დავთანხმდით და ძალიან კარგად მახსოვს ქართველი ხალხის რეაქცია პირველი დღიდან, სასტიკი გამოხედვა, კითხვა – ეს რა არის? თავის შებრუნება, ვიღაცის წამოხტომა და ცეკვაში ხელის შეშლა. ეს რამდენიმე წელი ხდებოდა და მერე, როცა უკვე „ცეკვები“ დაიწყო, მსგავსი რეაქციები აღარ მიკვირდა.

უფრო ადრე, ყოველი წლის ბოლოს ჭიათურაში სოლო კონცერტი გვქონდა ხოლმე. ძალიან განვიცდიდით, თუ კაბა აგვიფრიალდებოდა და ტრუსი გამოგვიჩნდებოდა. ერთ დღეს მამაჩემი წამოვიდა კონცერტზე და ბავშვები გავაფრთხილე, თუ ამიფრიალდა კაბა, მაშინვე გამაფრთხილეთ-მეთქი. გამოვედი გასახდელში და გოგონები მეუბნებიან, ბოდე გამოგიჩნდა ოდნავო. დავიწყე ტირილი, მამაჩემი მომკლავს, ცეკვიდან გამიყვანს-მეთქი. დეკემბერი იყო, მაშინ სად იყო გათბობა, მაყურებელი სკამზე ეწებებოდა ხოლმე ყინვისგან, გამოვედი გარეთ და ვხედავ მამაჩემი კანკალებს, მე მგონია, რომ ბრაზისგან არის ასე, რომელიც, რა თქმა უნდა, მე გამოვიწვიე. ამ დროს მოდიან ადამიანები და გაბადრული სახით ეუბნებიან, უი, ეს თქვენი შვილია? ვაიმე, რა კარგი გოგოა, რა კარგად ცეკვავს. ძალიან გამაბედნიერა ამ შეფასებებმა, მაგრამ ყოველ წუთს ველოდი, რომ მამა მომიბრუნდებოდა და საყვედურს მეტყოდა იმის გამო, რაც მოხდა. თუმცა მამა თვითონაც ხელოვანი იყო, ქართულ ცეკვებს ცეკვავდა წლების განმავლობაში და მისგან საყვედური არ მიმიღია, თუმცა ნერვიული ფონი ნამდვილად იყო.

– ოჯახს დავუბრუნდები, მეუღლე რას ამბობს – ალბათ, წარმატება უხარია, მაგრამ ოჯახსა და ქმარს რომ აკლდება ყურადღება, ამასთან შეგუება უჭირს?

– ეს უფრო მე მაკლდება. ირაკლიმ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ სცენაზე გამიცნო 2015 წელს და ჩვენს გაცნობაში დიდი როლი გოჩა ჩერტკოევმა შეასრულა. გოჩას დისშვილთან მეგობრობდნენ ჩემი მეუღლე და მისი ტყუპისცალი, გოჩას ჩემზე უკეთ ისინი იცნობდნენ და მომავალ მეუღლეს რომ მოვეწონე, რეპეტიციებზე მაკითხავდა ხოლმე. გოჩა ისე აწყობდა, რომ მეტი დრო გაგვეტარებინა ერთად და პრინციპში, მისი დამსახურებაა, რომ დღეს ირაკლი ჩემი მეუღლეა. მე ყოველთვის ვფიქრობდი, თუ ადამიანი შემიყვარდებოდა და ის მეტყოდა, ოჯახი ან კარიერაო, ალბათ, ოჯახს ავირჩევდი, რადგან უფრო მეოჯახე ტიპი ვარ. ქორეოგრაფობას არ ამიკრძალავდა, ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ ცეკვას დავთმობდი. თუმცა, ძალიან კარგია, რომ მსგავსი პრობლემა არ მქონია და ამაში ძალიან დიდი წვლილი ჩემს დედამთილსა და მამამთილს მიუძღვით. მათით ძალიან ვამაყობთ. თუ რამეს მივაღწევ, პირველი ზარი ჩემი მამამთილისგან შემომდის და ის სულ მეუბნება, რომ ძალიან მგულშემატკივრობენ, ისიც და დედამთილიც, ჩემი მეუღლის ყველა ახლობელთან ერთად, ისე მამხნევებენ, რომ ეს მეც და ჩემს მეუღლესაც დიდ ძალას გვაძლევს და გვეხმარება ამ დატვირთვასთან გამკლავებაში. მეც ვცდილობ, ერთი წუთი იქნება თუ ათი, ოჯახთან გავატარო, პროექტის დროს, ძალიან მძიმე რეჟიმი გვაქვს და ჩემი მეუღლის დამსახურებაა, რომ ყველაფერს ვახერხებ. ქორწინების შემდეგ რომ მეთქვა, ჯერ ბავშვს არ გავაჩენ, კარიერას უნდა მივხედო-მეთქი და ასე შემდეგ, ალბათ, ამ შემთხვევაში ექნებოდა პრობლემა, მაგრამ მე თვითონაც ვიცი, რა ევალება მეოჯახე ქალს და ალბათ, ამ ყველაფერს რომ ვასრულებ, იმიტომ აღარ აქვს პრობლემა.

– ვერკას მეოჯახეობა რაში გამოიხატება ასეთი დაკავებულობის ფონზე?

– არიან მოცეკვავეები, რომლებიც 24 საათი საკუთარ თავზე ზრუნავენ. საკუთარი პროფესიის იქით არაფერს აკეთებენ. მე პატარა რომ გავაჩინე, დედა მეხმარებოდა. ჩემი შვილი ახლა ხუთი წლის არის და უკვე ორი წელია, დედა რაიონში დაბრუნდა, აღარ მეხმარება. ის, რომ ქალს სახლი მოწესრიგებული უნდა ჰქონდეს, შვილი მოვლილი ჰყავდეს, დღის განმავლობაში მისთვის სამი სახის კერძი უნდა მოამზადოს, ჩემი რეჟიმის განუყოფელი ნაწილია. ჩემი რუტინა არ იწყება თავის მოვლით. რომ ვიღვიძებ, ვფიქრობ, ბავშვს რა ვაჭამო; ცხრა საათზე გაკვეთილზე უნდა ვიყო სტუდიაში და რამდენი ხნით ადრე უნდა გავიღვიძო, რომ ბავშვის საჭმლის მომზადება მოვასწრო, იატაკი გამოვგავო, მტვერი გადავწმინდო და ისე გავიდე სახლიდან. სტუდიიდან დაბრუნებისას, შეიძლება, დაღლილს დასვენება მინდა, მაგრამ სახლში რომ საქმე მხვდება, ჯერ იმას გავაკეთებ და საკუთარ თავზე მერე ვიფიქრებ, ანუ, ჩემს გართობას, საკუთარ თავზე ზრუნვას ვიკლებ. ვინც ჩემს გრაფიკს უყურებს, უკვირს, როგორ ვახერხებ ამდენს, დასამალიც არაა, ძალიან დამღლელია, მაგრამ თუ გინდა, რამეს მიაღწიო, ასეა საჭირო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი