შოუბიზნესი

რა წარმატებას მიაღწია ინგა ბალანჩინმა საბერძნეთის მუსიკალურ კონკურსში და რატომ გაწყვიტა მან მამასთან ურთიერთობა

№2

ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:00 17.01, 2022 წელი

ინგა ბალანჩინი
დაკოპირებულია

პროფესიით ფერმწერი ინგა ბალანჩინი მაყურებელმა ცოტა ხნის წინ პირველი როლით გაიცნო სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“.

ინგა ბალანჩინი: რეალურად მსახიობი არ ვარ და აქამდე ამ პროფესიაში გამოცდილება არ მქონია. ამის მიუხედავად, არ ვიცი, მგონი, თავი გავართვი. ვფიქრობ, რომ ჩემსა და ჩემს პერსონაჟს შორის ძალიან დიდი მსგავსებაა და ამიტომ, ძალიანაც არ მიჭირს ამ როლის მორგება (იცინის). ეს გოგო ახლანდელს ნაკლებად, მაგრამ თინეიჯერ ინგას ჰგავს.

– რაში გამოიხატება მსგავსება?

– მტირალა, სუსტი გოგოა, რომელიც მშობლებს ვერ ეწინააღმდეგება და გაბედულ ნაბიჯებს დამოუკიდებლად ვერ დგამს. თან, თითქოს ჩანს, რომ მებრძოლი სულის ბავშვია, თუმცა გარემო არ უწყობს ხელს, რომ რისკიანი ნაბიჯები გადადგას. ძლიერი გოგოა და ამით მგავს. თუ რამე ვერ აიტანა, ენის შებრუნებაც შეუძლია. თავისუფლების მოყვარულია. სტილითაც მგავს, ტატუებითა და პირსინგებით (იცინის).

– მშობლებთან ურთიერთობით?

– მე მშობლებთან არ გავზრდილვარ და უკვე ძალიან დიდი ხანია, მამასთან არანაირი ურთიერთობა აღარ მაქვს. დედა ჩემი ძალიან ახლო მეგობარია. ის საბერძნეთში ცხოვრობს და მასთან ძალიან ხშირად ჩავდივარ. ჩემთვის უძვირფასესი ადამიანია.

– რას ფიქრობ მამა-შვილის ურთიერთობაზე სერიალში?

– მეც მაქვს, დაახლოებით, ასეთი გამოცდილება, რომელიც ძალიან ბევრი წლის წინ, ბავშვობაში მივიღე. ეს მაშინ იყო, როდესაც ჩემი მშობლები შორდებოდნენ. 90-იან წლებში, როცა დედები საზღვარგარეთ მიდიოდნენ სამუშაოდ. ეს პერიოდი ჩემმა ოჯახმაც გამოიარა, თუმცა, ბავშვები ნეგატივს მოგვაშორეს. მშობლები დაშორდნენ, დედა საბერძნეთში წავიდა და მე ბებომ გამზარდა. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კონფლიქტურ სიტუაციებს მოვშორებულიყავით და სიმშვიდესა და სიწყნარეში გავზრდილიყავით. მამაშვილურ დამოკიდებულებას, რომელიც სერიალში ჩანს, ვერანაირ გამართლებას ვერ მოვუძებნი. მშობელი შვილისთვის, პირველ რიგში, მეგობარი უნდა იყოს. როცა იზრდება, გოგოს ძალიან დიდი ყურადღება სჭირდება, რომ შეცდომები არ დაუშვას მამაკაცებთან ურთიერთობაში და სწორი დამოკიდებულებები ჩამოუყალიბდეს. მე მგონია, რომ ამ პროცესში მამის როლი ძალიან დიდია. ასეთი მამის ყოლას, ჯობს, საერთოდ არ გყავდეს. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, ვგულისხმობ, რომ შენს გვერდით არ იყოს.

– მაკოს ნაბიჯზე რას ფიქრობ, აპატიებდი ბიჭს ასეთ ქცევას?

– ამ თემაზე ორად იყოფა აზრი. მაკოს ამოუვიდა ყელში ამდენი პრობლემა, თხოვნა, თან, არაფერში აწყობდა ამ ბიჭის ციხეში გაშვება, მით უმეტეს, ავადმყოფი დედის არსებობის ფონზე. ეს ბიჭიც გულწრფელად ინანიებს შეცდომას. მიუხედავად იმისა, რომ სისულელე გააკეთა, ჩანს, რომ ამის გამკეთებელი რეალურად არ არის – ძალიან დიდი შიში გამოხატა, როცა ეს მოხდა და შემდეგ შეშინებულმა გააკეთა ყველა ის სისულელე, რაც გააკეთა. მერე გულით მოინანია, იმიტომ რომ ეს მისთვის ყველაზე დიდი შეცდომა იყო. რადგან გადარჩა, მაკოს ადგილას, მეც ვაპატიებდი.

– აქამდე რა გამოცდილებები გქონდა ეკრანზე?

– მომღერალი ვარ და სიმღერაში ჩემი აღზევების პერიოდი, უკავშირდება ჩემს პირველ გადაწყვეტილებას სცენაზე გასვლის შესახებ. საბერძნეთში ერთ-ერთ კონკურსში მივიღე მონაწილეობა. ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა და ნახევარფინალში მოვხვდი. მერე პირადი პრობლემები შემექნა და პროექტს ჩემი სურვილით გამოვეთიშე. თუმცა, კარგი გამოცდილება მივიღე. ჩემი ყველაზე დიდი გეგმები მუსიკას უკავშირდება. მე თვითონაც ვწერ სიმღერებს და კომპოზიციებს. მინდა, ამერიკაში მოვხვდე და ჩემი მუსიკით, ჩემი სტილით გადმოვცე ჩემი სათქმელი.

– თიკა ბალანჩინთან რა გაკავშირებს?

– მე და თიკა ერთად გავიზარდეთ, დეიდაშვილები ვართ. მთელი ცხოვრება ერთად ვართ.

– რამხელა იყავი, როცა მშობლები დაშორდნენ?

– მე სამი წლის ვიყავი, როცა ოჯახური კონფლიქტები დაიწყო, ჩემი ძმა – ერთის. ხუთი წლის რომ ვხდებოდი, ჩემი მშობლები მაშინ დაშორდნენ. ამ ასაკში შემიყვანეს სკოლაში და დედა საბერძნეთში წავიდა. მამასთან ურთიერთობა გაგვიფუჭდა. დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ნაბიჯების გადმოდგმას, მაგრამ არაადეკვატურად და დღემდე არ გვაქვს ურთიერთობა. მამაჩემის მიმართ სიძულვილს არ განვიცდი, უფრო აპათია და სიბრალულის გრძნობა მაქვს. დედას ძალიან ცუდად ექცეოდა, სვამდა და მერე ცუდ დღეში გვაგდებდა, აგრესიული იყო. მოძალადე მშობელს ასაკთან ერთად ბევრი რამ ვაპატიე, ფსიქიკა რომ არ დამმახინჯებოდა. მე, ჩემი ძმა, თიკა და ბებო დავრჩით აქ. თიკას დედა მთელი ცხოვრება მოგზაურობდა, ის და დედა ერთი პერიოდი საბერძნეთში ერთად იყვნენ.

– დედის გარეშე არ გაგიჭირდათ?

– ბებოსთან ცხოვრება არასდროს გამჭირვებია, ის ჩემთვის განსაკუთრებული ადამიანი იყო, მაგრამ დედა რომ წავიდა, ეს ჩემს ფსიქოლოგიაზე ძალიან ცუდად აისახა. არც ჩვენ შეგვეძლო წასვლა, ვერც ის ჩამოდიოდა და ასე მონატრებაში გავატარეთ შვიდი წელი. ამდენი ხნის განმავლობაში დედა საერთოდ არ გვინახავს. მერე მე და ჩემი ძმა წავედით საბერძნეთში და დაახლოებით, ოთხი წელი იქ ვცხოვრობდი. რომ წავედით, პატარები ვიყავით, საშინლად მახსენდება ის გზა, მოვიწამლეთ, საავადმყოფოში მოვხვდით, საშინელებები გადავიტანეთ. გადაპარვით ჩასვლა იყო, თუმცა საზღვარზე პრობლემები არ შეგვქმნია. დედა რომ დავინახეთ, ვერ გავიაზრე, რა ხდებოდა. მეგონა ემოციებისგან გული წამივიდოდა, მაგრამ ძალიან უცნაური შეგრძნება მქონდა. გაუცხოებაც იყო, მაგრამ უბედნიერესი ვიყავი. ენაც მალე ავითვისეთ, სკოლაში შევედით და იქაურობას კარგად მოვერგეთ. მაგრამ ბებო ძალიან მენატრებოდა და გამომიშვეს. ქართულად კარგად ვერ ვლაპარაკობდი, გაბერძნებული ვიყავი, მაგრამ დავბრუნდი და მას შემდეგ, საბერძნეთი მეორე სახლივითაა. როცა მინდა, მივდივარ და მოვდივარ. ჩემი ძმა და დედა იქ ცხოვრობენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი