შოუბიზნესი

რა შიშები გადაალახვინა ნუცა ქავთარაძეს შვილმა და რატომ „გადაწყვიტა“ მან მშობიარობიდან ერთ საათში სამშობიაროში დაბრუნება

№38

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 27.09, 2021 წელი

ნუცა ქავთარაძე
დაკოპირებულია

ნუცა ქავთარაძე რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ მაყურებელს, ძველთან ერთად, ახალი გადაცემითა და მონატრებით გამოწვეული განსაკუთრებული ემოციებით დაუბრუნდა.

ნუცა ქავთარაძე: ახალი გადაცემის, „ჩვენი ოჯახის“, გუნდი სახელწოდებიდან გამომდინარე, „იმედის“ – ჩვენი დიდი ოჯახის, უკვე არსებული სახეების გაერთიანებით შეიქმნა და ვცდილობთ, ყველას სათქმელი ვთქვათ.

– ეს გადაცემა დაემატა დილის ეთერს, რომელთანაც ნუცა უკვე წლებია, ასოცირდება. ბავშვთან ერთად როგორ გამოდის ყველაფერი, თან, როგორც ვიცი, საკუთარ გამოცდილებას ჟურნალისტიკის კურსებზეც უზიარებთ სტუდენტებს.

– „იმედის დილა“ არის ის, რასაც ვერასდროს დავთმობ. ეს განსაკუთრებით კარგად ვიგრძენი იმ პერიოდში, როცა პანდემიიდან გამომდინარე, თითქმის მთელი ორსულობა და სანის დაბადების შემდეგ რამდენიმე თვე, სახლში გავატარე. შესაბამისად, ყველაფერს გვერდიდან, როგორც მაყურებელმა, ისე შევხედე და ძალიან გამიჭირდა. ერთი სული მქონდა, როდის დავბრუნდებოდი. რაც შეეხება გრაფიკთან დაკავშირებულ სირთულეს, როგორღაც ვახერხებთ. ძიძა არ გვყავს, მაგრამ მე და აჩიკო, მთელ საქმეს ვინაწილებთ და დედაჩემიც ძალიან გვეხმარება. ჯერჯერობით გამოგვდის. არ ვიცი რა იქნება მერე, მაგრამ ამ ეტაპზე ძიძის აყვანა არ მინდა.

– როგორი ნუცა დაბრუნდა ეთერში? ეს პაუზა ძალიან დიდი სიახლით – შვილის დაბადებით იყო გამოწვეული, შეიცვალეთ პიროვნულად?

– ბევრჯერ მკითხეს ეს და ვხუმრობ ხოლმე, ჩემს ასაკში რაღა შემცვლის-მეთქი. ვერ ვიტყვი, რომ ბევრად განსხვავებული დავბრუნდი. გულწრფელად ვიტყვი, ეკრანზე არასდროს მითამაშია. მგონია, რომ ზუსტად ისეთი დავბრუნდი, როგორმაც დავტოვე, მაგრამ ჩემს თავს ვატყობ, რომ ახლა ცოტა უფრო თავისუფალი ვარ, ვიდრე აქამდე ვიყავი და არა მხოლოდ ეკრანზე, ცხოვრებაშიც. დეტალებზე ნერვებს აღარ ვიშლი, ვცდილობ, უფრო რაციონალური ვიყო და გაასმაგებულად ვცდილობ, შევინარჩუნო ის სიყვარული, რომელსაც მაყურებლისგან ვგრძნობ.

– სანი როგორი ბიჭია?

– ცხრა თვის განმავლობაში, მუცლად ყოფნის დროს რასაც ვესაუბრებოდი, მგონია, რომ ყველაფერი გაითვალისწინა. აჩიკო ეხუმრებოდა ხოლმე: ჩემი ქერა, ცისფერთვალებაო და ამაზე მეცინებოდა, მაგრამ მეც, ჩემი მხრივ, „ვუკვეთავდი“ რაღაცებს. ყველა „დაკვეთა“ შეგვისრულა (იცინის). ქერაცაა, ცისფერთვალებაც და რეჟიმის თვალსაზრისითაც მიწყობს ხელს. მუცლად ყოფნის დროს სულ ვუხსნიდი, რომ ეთერის გამო მე ადრე ვიღვიძებ და ამიტომ მოდი, ღამე დროულად და მშვიდად დავიძინოთ-მეთქი. ამაზე მართლა ვნერვიულობდი, რადგან გარდა იმისა, რომ შვილის მოლოდინი მქონდა, ეთერზე ვფიქრობდი, ტელევიზიაში უნდა დავბრუნებულიყავი და არ ვიცოდი, როგორ შევუწყობდი ამ ორ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო მომენტს ერთმანეთს. სანიმ მართლა ყველაფერი გაითვალისწინა (იცინის).

– ძალიან ლამაზი ბავშვია. აჩიკო როგორია მამის ამპლუაში?

– დიდი მადლობა. ვხუმრობ ხოლმე, რომ გვიყურო, ვერ გაარჩევ, ვინ დედაა და ვინ მამა-მეთქი. აჩიკოს ჩემზე დიდი დრო დასჭირდა, მე, ალბათ, დედის ინსტინქტი არ მაძლევდა მოდუნების საშუალებას, მაგრამ აჩიკომაც მალე გადალახა დაძაბულობა. თავიდან ხელში კი აჰყავდა, მაგრამ ვერ აბანავებდა, ბავშვთან მარტო ვერ რჩებოდა, თუმცა ეს ყველაფერი გადალახა და მას შემდეგ თანაბრად ვაკეთებთ ყველაფერს. სანიმ ამაშიც ხელი შეგვიწყო. მე და აჩიკო ყოველთვის ასე ვცხოვრობდით, ყველა საქმეს საჭიროებისამებრ ვინაწილებდით, არასდროს გაგვიყვია პასუხისმგებლობები სქესის მიხედვით და ახლაც ასე გრძელდება, რის საშუალებასაც სანი გვაძლევს. ასეც ვფიქრობდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ აჩიკო ფანტასტიკურად გაართმევდა თავს მამობას. სანი არ არის ვინმეზე მიჯაჭვული ბავშვი, გიჟდება ურთიერთობებზე, გარეთ გასვლაზე და ვხუმრობდი, ყველგან წასაყვანი ბავშვია-მეთქი. ახლა პანდემიაა, მაგრამ მოვა დრო, ეს მოცემულობაც დასრულდება და ჩვენც არ გვექნება ყოველთვის სახლში დარჩენის საშუალება, ამიტომ მოგვიწევს სანის თან წაყვანა. თუმცა, ეს მხოლოდ საჭიროებიდან გამომდინარე არ მოხდება, ძალიან მინდა, სანი იმ გარემოში გაიზარდოს, სადაც მე და აჩიკოს გვიწევს ყოფნა.

– რატომ გადაწყვიტეთ ყველაფერთან ძიძის გარეშე გამკლავება?

– მართლა არ მაქვს კონკრეტული მიზეზი, მაგრამ ზუსტად მახსოვს, რომ ხუთი თვის ორსულმა ვთქვი, ძიძა არ მინდა-მეთქი. ვხუმრობ ხოლმე: მერი პოპინსი თუ დამეცემა თავზე, კი ბატონო, მაგრამ მაინც დარწმუნებული ვარ, რომ იმას, რასაც დედა მისცემს შვილს, სხვა ვერავინ შეძლებს და ამიტომ, მინდა, მაქსიმალურად დიდი დრო გაატაროს მშობლებთან ერთად. როცა ძიძაა, მგონია, რომ დედ-მამა მეტ-ნაკლებად დუნდება. ამ პროფესიის წარმომადგენლებს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილი არ არის ჩემზე მოჯაჭვული, მე ნამდვილად ვარ მასზე მიჯაჭვული. ჯერ გამოგვდის, რა იქნება მერე, ამაზე ჯერ არ მაქვს პასუხი. უბრალოდ, ვიმედოვნებ, რომ სანის ბაღში წასვლამდე ასე გაგრძელდება.

– სანი ქორწინებიდან რამდენიმე წლის შემდეგ დაიბადა. ეს თქვენი გადაწყვეტილება იყო თუ ასე მოხდა?

– სხვათა შორის, ამაზე ჩემი და აჩიკოს გარეშეც ბევრს საუბრობენ. რამდენიმე წელი ვამბობდით, რომ არ გვინდოდა. იყო დეტალები, რაც გვინდოდა, დაგველაგებინა. გვინდოდა, ჩვენი სახლი გვქონოდა და ნაბიჯ-ნაბიჯ მივყევით ჩვენს სურვილებსა და განწყობას, რომ ბავშვისთვის ჯერ არ ვიყავით მზად. კარიერულადაც ორივეს რთული პერიოდი გვქონდა. ჯერ „კურიერის“ კორესპონდენტი ვიყავი, მერე „ქრონიკაში“ გადმოვედი „ნიუსის“ წამყვანად, მერე გაჩნდა „იმედის დილა“ და თითქოს ამის დრო არასდროს იყო. ეს ახლა უკვე ცუდად ჟღერს, მაგრამ ასეა. მერე იყო პატარა-პატარა პრობლემები ჯანმრთელობის მხრივ და საბოლოო ჯამში, სანი გაჩნდა მაშინ, როდესაც თვითონ მოინდომა. ხუთი წლის წინ რომ გამეჩინა ბავშვი, ის სანი ვერ იქნებოდა და მე მას ველოდი.

– როგორ გავლენას ახდენს შვილი წყვილის ურთიერთობაზე?

– ისედაც არ გვაკლდა ეს, მაგრამ ახლა ვგრძნობ, რომ მე და აჩის შორის ძალიან გაიზარდა ურთიერთპატივისცემა. როცა ვხედავ, როგორ ზრუნავს ბავშვზე, მისდამი ცოლქმრული სიყვარულისგან რაღაც უფრო

განსხვავებულს და დიდ პატივისცემას ვგრძნობ, ანალოგიური განწყობა აქვს აჩისაც. როცა რთული მომენტები გვქონდა, გვეძინებოდა და პატარა ჭირვეულობდა ან რამე მსგავსი, არ ვაპრობლემებდით. ერთადერთი, რაც ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნდა, ბავშვის ჰარმონიაში გაზრდაა. პატარა უნდა ხედავდეს დედისა და მამის მოღიმარ სახეს, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია. ამიტომ ვცდილობთ, ერთმანეთთან და სანისთან ურთიერთობაშიც ეს ჰარმონია შევინარჩუნოთ და ვფიქრობ, რომ ბავშვის სიმშვიდესაც ეს განაპირობებს.

– ჩვეულ ფორმაში დაბრუნებაზეც ვისაუბროთ – რთული იყო?

– არ მინდა, ისე გამომივიდეს, თითქოს ციდან ჩამოვვარდი და არაფერი მაწუხებს, თითქოს, საოცრად კარგი და მშვიდი ვარ, ძალიან ემოციური და ნერვიულიც ვარ, მაგრამ გულწრფელად ვამბობ, ორსულობის დროს წონას არ შევუწუხებივარ. 14 კილოგრამი მქონდა მომატებული და ფოტოებს რომ ვუყურებ შეშუპებული სახე არ მომწონს, მაგრამ საერთო ჯამში, მგონია, რომ გადასარევად გამოვიყურებოდი. ჩემს ფეხმძიმე მეგობრებსაც ვეუბნებოდი, შეირგეთ-მეთქი. „ვაიმე“ – ეს მომენტი არ მქონია და მგონია, რომ ზუსტად ამის გამო ჩავდექი ფორმაში თვე-ნახევარში. საერთოდ არ განვიცდიდი. 14 კილოგრამიც არ იყო ბევრი. ორსულობის დასაწყისში რომ ჯინსს ვატარებდი, იმით წავედი სამშობიაროში და ის მაცვია დღესაც. ალბათ ეს კილოგრამები კარგად აიტანა ჩემმა სხეულმა. დიეტაზეც არ ვყოფილვარ. „ჯანკფუდი“ ძალიან მიყვარს და მხოლოდ იმას ვცდილობდი, რამდენჯერაც მომინდებოდა, არ შემეჭამა, რადგან ეს უკვე ბავშვისთვის იყო მავნებელი. სხვა შეზღუდვა არ მქონია. მაგრამ ძალიან აქტიური ორსული ვიყავი, ყველაფერს ვაკეთებდი. კვირას ღამის პირველის ნახევარზე მივედი სახლში და ორშაბათ დილით ვიმშობიარე. ძალიან დავმძიმდი, წამოვწექი და მშობიარობას ველოდე-მეთქი, ვერ ვიტყვი. ორსულობა ავადმყოფობა მართლა არ არის, პირიქით, გაასმაგებული ენერგია მქონდა და ის ფაქტი, რომ ყველაფერს მე თვითონ ვუმკლავდებოდი, ძალიან მომწონდა. არც მშობიარობის შემდეგ მქონია შეზღუდვები კვებასთან დაკავშირებით. სანიმ შემიწყო ხელი იმ თვალსაზრისით რომ პატარას დიდი ენერგია სჭირდება და ამ ენერგიას გაჰყვა ჩემი კილოგრამებიც. პირველი თვე-ნახევრის განმავლობაში, ერთადერთხელ ვთქვი სარკის წინ მდგომმა, როგორ არ მომწონს ჩემი თავი-მეთქი და მერე რომ გავაცნობიერე, რომ უკვე შვილი მყავს და მის გამო მაქვს ზედმეტი კილოგრამები, ეს დარდიც გაქრა. მგონია, რომ მთავარი შინაგანი განწყობაა. ჩემი წონით რომ დათრგუნული ვყოფილიყავი, შესაძლოა, ასე მარტივად ვერ დამეკლო. ყველაფერი მოვა, მაგრამ ჩვენი თავი ისეთები უნდა შევიყვაროთ, როგორებიც ვართ.

– სანის მომავალზე რას ფიქრობთ?

– ორსულობის დროსაც ხომ ბევრი რამ დავუკვეთეთ და შეასრულა, ახლა ვეფერებით, ჩვენი წყალბურთელიო (იცინის). რატომ, არ ვიცი, მაგრამ ასეა. გულწრფელად რომ ვთქვა, ერთადერთი, რაც მინდა, მას მივცე, ეს კაცთმოყვარეობა და ადამიანებთან ურთიერთობის სიყვარულია. წყალბურთელი იქნება თუ მრბოლელი, ეს მისი არჩევანია. უბრალოდ, ის არ მინდა, მისი რამისადმი ინტერესი და სიყვარული გამომრჩეს. მე არ მივცემ მიმართულებას, მაგრამ მგონია, რომ თვითონ მიმახვედრებს, რაში შევძლებ მის დახმარებას. ყოველთვის შევეცდები, გულისყურით მოვუსმინო. ხუმრობდნენ, სანის ცოლი რა დღეში იქნება, მკაცრ საცერში გატარდებაო და მაშინვე გავაპროტესტე, სანის არჩევანი ჩემთვის ყოველთვის და ყველაფერში მნიშვნელოვანი იქნება, მთავარია, ცუდი ადამიანი არ გაიზარდოს და იმედია, ამას შევძლებთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი