შოუბიზნესი

რა შეთავაზებებზე ამბობდა უარს დილის ძილის გამო თამთა ჭელიძე და რას გამოჰყავს ის წყობიდან

№38

ავტორი: ნონა დათეშიძე 16:00 29.09, 2021 წელი

თამთა ჭელიძე
დაკოპირებულია

კინოსა და თეატრის მსახიობი, მომღერალი თამთა ჭელიძე ახლახან ერთ-ერთ ტელევიზიაში გადაცემა „შუა დღის“ მთავარი პროდიუსერი გახდა. ამბობს, რომ ეს ერთგვარი მორიგი გამოწვევაა მის ცხოვრებაში, რომელსაც მეტი სერიოზულობით უდგება. მართალია, საკმაოდ დატვირთულია, თუმცა თავის მოვლისთვის, მეგობრებისთვის და რაც მთავარია შვილისთვის, სულ სცალია და მათთვის „არ მცალია“ არ განიხილება.

თამთა ჭელიძე: ბავშვობაში ექიმობაზე ვოცნებობდი, რეცეპტებს ვწერდი, თეთრ ხალათს ვირგებდი, ფონენდოსკოპიც კი მქონდა – ბაბუა მოსკოვიდან მიგზავნიდა და მამარაგებდა საექიმო სათამაშოებითა და ინვენტარით (იცინის). დეიდა მყავს პედიატრი და იმდენად მიყვარს, მინდოდა, მეც მისი პროფესიის ვყოფილიყავი. როცა წამოვიზარდე, ვფიქრობდი იურიდიულზე ჩამებარებინა, რომ კრიმინალურ-საგამოძიებო სფეროში მემუშავა.

– როგორი პედიატრი და გამომძიებელი იქნებოდი?

– სხვათა შორის, კარგი გამომძიებელი ვიქნებოდი, რადგან მაგარი ინტუიცია მაქვს. რაც შეეხება ექიმობას, ვერ გამოვიდოდი კარგი. თეთრ ხალათს კი მოვირგებდი, მაგრამ ემოციურიც ვარ და თან, ასე მგონია, ჩემს თავზე ამხელა პასუხისმგებლობას ვერ ავიღებდი. თუმცა, ყველაზე მეტად, გამომძიებლისა და ექიმის პარალელურად, არტისტობა მინდოდა. რაც თავი მახსოვს, სულ სარკესთან ვიდექი და ვმღეროდი. ეზოში კონცერტებსა და სპექტაკლებს ვმართავდი, თან, ფოთლებს ვარიგებდი, ვითომ ბილეთები იყო. მეზობელი კორპუსებიდან გადმოდიოდა ხალხი და ძალიან ხალისობდა (იცინის).

– როგორც მივხვდი, ეზოში გამართული კონცერტებით ბავშვობაში უნდა აგეღო შენი პირველი ხელფასი.

– ცდებით, ეს უფასო კონცერტები იყო, ხის ფოთლების ბილეთებით (იცინის). პირველი ხელფასი 14 წლის ასაკში ავიღე – 60 ლარი. ჯაზ-სექტეტში ვმღეროდი. პირველი კორპორატიული კონცერტი მათთან ერთად მქონდა ბოლნისში და მაშინ ავიღე ჩემი პირველი ხელფასი. თუმცა, რაში დავხარჯე, არ მახსოვს (იცინის). შემდეგ კლუბებში ვმუშაობდი და ჩემი დღეები მქონდა. მერე სოლო კარიერა დავიწყე, კონკურსებზეც გამოვედი საკუთარი სიმღერებით და ჩემი სამსახური სცენა გახდა.

– ამბობენ, დილით ადგომა გიჭირს და ამის გამო ტელევიზიიდან შემოთავაზებაზე, ყოფილიყავი დილის გადაცემის წამყვანი, უარი თქვი...

– შრომა კი არ მეზარება, არამედ დილით ადგომა. მთელი ღამე ვიმუშავებ, ოღონდ ადრე არ ავდგე. ისე დაუზარელი ვარ და საყვარელი საქმისთვის თავს გავწირავ. დიახ, მქონდა შემოთავაზება და მთელ რიგ სამსახურებზე ვთქვი უარი, იმის გამო, რომ ძალიან ადრე ვერ ავდგებოდი. ბავშვობიდან ღამის თენებას ვარ მიჩვეული, 14 წლიდან თითქმის კვირაში 3-4-ჯერ მქონდა კონცერტი, ფიზიკურად ვეღარ „ვქაჩავდი“ და დილით სკოლაში, პირველ-ორ გაკვეთილზე მეძინა (იცინის).

– სულ ახლახან ერთ-ერთ ტელევიზიაში „შუა დღის“ მთავარ პროდიუსერად დაინიშნე. ანუ, ეს ის დროა, რომელიც ზუსტად გაწყობს და ის სივრცე, სადაც თავს კომფორტულად გრძნობ? როგორ მოირგე მთავარი პროდიუსერობა?

– მანამდე, საზოგადოებრივ ტელევიზიაში ვმუშაობდი, ეიჩარში – 5 წელი. 3 თვეა, „პოსტ ტვ-ზე“ გადმოვედი „შუა დღის“ მთავარ პროდიუსერად. ძალიან დატვირთული ვარ, თუმცა ეს ერთგვარი რისკი და დიდი გამოწვევაა და მე ის მივიღე. ძალიან კარგი ადამიანები მუშაობენ ამ არხზე, მეხმარებიან, ერთ ტალღაზე ვართ და ეს მიადვილებს მუშაობას.

– რამდენად ხშირად ხვდები გამოწვევების წინაშე და როგორ უმკლავდები?

– მუდმივად ვდგებოდი გამოწვევებისა და ბარიერების წინაშე. ზოგადად, დეპრესიული ვარ და მიჭირდა ამ ყველაფერთან გამკლავება. თუმცა, ახლა დავძლიე – გამოცდილება მაქვს, საკუთარ თავზე მუშაობაც ვისწავლე და აღარ მიჭირს. ასე რომ, როცა დეპრესია გეწყება, თუ შენს თავზე არ ისწავლე მუშაობა, ვერც წამალი გიშველის და ვერც ექიმთან ვიზიტი.

– როგორც ვიცი და პირად საუბარშიც აღნიშნე, ძალიან დაკავებული ხარ, პლუს ამას შვილი, მეგობრები... თუმცა, სულ ფორმაში ხარ, მოწესრიგებული. როგორ ასწრებ?

– ფორმაში ყოფნა, იმიჯის შეცვლა, ხშირად სილამაზის სალონში სიარული, გარეგნობაზე ზრუნვა – ეს ყველაფერი, მართლაც ერთგვარი თერაპიაა ჩემთვის და მაგარი წამალი, რომელიც ადამიანმა შენს სასიკეთოდ უნდა გამოიყენო. როცა ცუდ განწყობაზე ვარ, ვაძალებ თავს, ვდგები და სალონში მივდივარ. იქიდან გამოსული ვგრძნობ, რომ განწყობა ამაღლებული მაქვს. რაც შეეხება მეგობრებსა და შვილს, მათთვის სულ მცალია. ეს ის თემაა, სადაც „არ მცალია“ არ განიხილება (იცინის). ზოგადად, მიმაჩნია, რომ ადამიანმა ყველაფერი შეიძლება, მოასწარო... თუ მოინდომა.

– ვიცი, ზოდიაქოთი მორიელი ხარ, „კბენა“ თუ გეხერხება და ხშირად გიწევს? რას შეუძლია შენი წყობიდან გამოყვანა?

– არა, კბენა საერთოდ არ მეხერხება და სულ ვხუმრობ: მე ვარ ყველაზე „ჩმორი“ მორიელი-მეთქი (იცინის). თუმცა, ჩემი წყობიდან გამოყვანა ტყუილს, თავხედ ადამიანს, უსამართლობას და ღალატს შეუძლია. ამ დროს ისე გამოვხატავ ემოციას და ისეთი რეაქცია მაქვს, უმჯობესია, გაბრაზებული არ მნახოთ, ძალიან საშიში ვარ (იცინის). თუმცა, წყობიდან იშვიათად გამოვდივარ, მაქსიმალურად ვთოკავ თავს, მაგრამ თუ „ავფეთქდი“ მტრისას... მაგრამ ეს შეიძლება, ათ წელიწადში ერთხელ მოხდეს. ჩემი ცხოვრების მთავარი პრინციპი გულწრფელობა და სამართლიანობაა და სხვა ადამიანებისგანაც ამას მოვითხოვ.

– თამთა, ახლა რა პერიოდი დგას შენს ცხოვრებაში?

– ახლა ჩემს ცხოვრებაში ძალიან მაგარი პერიოდია, თავისი გამოწვევებით, სიახლეებით და ვცდილობ, მაქსიმალურად გამოვიყენო და ბევრი რამის გაკეთება მოვასწრო. მინდა, ამ ტალღაზე დიდხანს დავრჩე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი