შოუბიზნესი

რა საჩუქრებს უკეთებს პაატა ხაჩიძე მეუღლეს და რატომ იგრძნო მან ახალ წელს საკუთარ სახლში თავი უცხოდ

№1

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 11.01, 2022 წელი

პაატა ხაჩიძე
დაკოპირებულია

პაატა ხაჩიძისთვის ახალი წელი კონცერტთან, მსმენელებთან და დაუვიწყარ ემოციებთან ასოცირდება. სახლში ამ დღესასწაულს მხოლოდ ერთხელ, ისიც კოვიდპანდემიის „დამსახურებით“ შეხვდა.

პაატა ხაჩიძე: ნაძვისხეს ბარბარობის შემდეგ ვდგამთ ოჯახის ხუთივე წევრი და ვცდილობთ, საახალწლო განწყობა შევიქმნათ. შარშან იყო ერთადერთი წელი, როდესაც ახალ წელს ოჯახთან ერთად შევხვდი. ახალი წლის ღამეს და პირველ იანვარს ბიჭები, ტრადიციულად, ან სცენაზე ვართ, ან ქუჩაში, რესტორანში ან კლუბში. შარშან, კოვიდვითარებიდან გამომდინარე, ჩემთან შევიკრიბეთ მეგობრები და სიმართლე გითხრათ, ახალ წელს სახლში ყოფნას იმდენად მიუჩვეველი ვარ, საკუთარ სახლში უცხოდ ვიყავი (იცინის). თუმცა, ასე ჯობს და ახალ წელს ყველა სახლში უნდა ხვდებოდეს, მაგრამ, პროფესიიდან გამომდინარე, მე გარეთ ყოფნა მიწევს. წელსაც ასეა, საახალწლოდ ბევრი ღონისძიება დაიგეგმა და „ქუჩის ბიჭებს“ კონცერტების სერია გვექნება.

– ოჯახს გული არ სწყდება ამაზე?

– ვცდილობ, შემდეგი სადღესასწაულო დღეები – ბედობა, შობა და ძველით ახალი წელი ოჯახთან ერთად გავატარო. ჩემებიც უკვე შეეჩვივნენ მამის გარეთ ყოფნას. იციან, რომ საქმეს ასე სჭირდება. სამაგიეროდ, ხალისობენ იმით, რომ თოვლის ბაბუის გარდა, მამაც სჩუქნით საჩუქრებს (იცინის). უფროსს თოვლის ბაბუის უკვე აღარ სჯერა, მაგრამ არც ადარდებს, მამა ხომ არის, რომელსაც საჩუქრები მოაქვს და რა საჭიროა თოვლის ბაბუა?! (იცინის).

– დღესასწაულთან ასოცირდება სასმელიც, მეგობრობთ მასთან?

– სასმელთან, რა თქმა უნდა, ვმეგობრობ. ახალი წლის მის გარეშე შეხვედრას არავის ვუსურვებ. სიმბოლურად სამი ჭიქა მაინც უნდა ავწიოთ. მერე შეგვიძლია, სამ ჭიქასაც გავცდეთ და დილამდე კარგი დრო ვატაროთ. მე და გურამიკოს მესამე წელია, ღვინის დაყენებისა და არყის გამოხდის ინტერესი გვაქვს. ყოველ წელს ვცდილობთ, ეს საქმე გავაკეთოთ. ჯერჯერობით მხოლოდ სამოყვარულო დონეზე ვაკეთებთ და გვინდა, სამომავლოდ ბიზნესის სახე მივცეთ. წელს ღვინო უკვე დავაყენეთ, ახლა არყის გამოსახდელად ვემზადებით და აუცილებლად გავაგრძელებთ, როგორც დაყენებას, ისე დეგუსტაციას (იცინის). გვიყვარს „ქუჩის ბიჭებს“ ქართული ტრადიციები და ქართული სასმელი, ძალიან ახლოს ვართ ამ ყველაფერთან.

– დეგუსტაცია არ გიყოლიებთ ხოლმე?

– რა თქმა უნდა (იცინის). თუმცა, ერთი კარგი თვისება მაქვს: რაც არ უნდა რთული ღამე მქონდეს, როგორც არ უნდა გადავთვრე, მაინც ვინარჩუნებ გონებას. არ მახსოვს, რამე დამვიწყებოდა. ნასვამს პასუხისმგებლობის გრძნობა გამძაფრებული მაქვს, ვცდილობ, რამე არ მოხდეს. არ ვიცი იმის ბრალია, რომ ბიჭებზე უფროსი ვარ, თუ შინაგანი შფოთვა მაქვს, მაგრამ ვცდილობ, არც მე და არც მათ ზედმეტი არ მოგვივიდეს. ერთმანეთს ყურადღებას ვაქცევთ ამა თუ იმ სიტუაციაში. როცა ოთხივე ერთად ვართ, მარტოები, განსაკუთრებულად გვიხარია. ამ დროს ყველაზე თავისუფლად ვართ და საუკეთესო დროს ვატარებთ. ბოლო დროს ხშირად გვენატრება ასეთი შეკრებები, საქმეა, ოჯახი და ძველებურად აღარ გამოდის. ახალი წელი განსაკუთრებულად იმიტომაც გვიხარია, რომ უფრო მეტ დროს გავატარებთ ერთად. ახლაც, რამდენიმე დღე გადაბმულად გვაქვს კონცერტები და ამის გამო ძალიან ბედნიერები ვართ.

– საჩუქრებზეც ვისაუბროთ, ახალ წელს მეუღლეს უკეთებთ სიურპრიზებს?

– პირდაპირ ვამბობ, ძალიან რთულია იმასთან შეგუება, რასთანაც ჩემს ოჯახს ჩემ გამო უწევს. მეუღლისთვის არ არის ადვილი, ქმარი ახალ წელს რომ სახლში არ არის. ამიტომ, როცა შესაძლებლობა მქონდა, კონცერტი როგორც კი დამთავრებულა, მაშინვე წამოვსულვარ სახლში, თუნდაც ბათუმიდან და გამთენიისას მეკვლედ მოვსულვარ. მინდოდა, მისთვის მოულოდნელი საჩუქარი გამეკეთებინა. სხვა საჩუქრებიც გამიკეთებია, ყვავილები, სუნამო, რომელიც ჩემს მეუღლეს ძალიან უყვარს და ალბათ, წელსაც ვაჩუქებ. ერთხელ მეუღლესთან ერთად თურქეთში შევხვდი ახალ წელს და იქ განსაკუთრებული ერთი კვირა გავატარეთ. ესეც მშვენიერი საახალწლო საჩუქარი გამოვიდა, რომელიც მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთს გავუკეთეთ. დაბადების დღეზე ავტომობილი ვაჩუქე. სულ ვცდილობ, ოჯახს რაღაც ახალი შევმატო. ზოგადად, ახალი წელი ხომ არის საჩუქრებით გამორჩეული ოჯახური დღესასწაული და ამას ემატება ჩემი მეუღლის დაბადების დღეც, რომელიც ასევე, იანვარშია. ასე რომ, ჩემთვის რთული თვეა იანვარი (იცინის).

– საახალწლო სუფრა დეკემბრიდან იწყება და ბევრისთვის ლამის იანვრის ბოლომდე გრძელდება. თქვენ გიყვართ საახალწლო კერძები?

– საერთოდ, ქართული ტრადიციული სუფრა მიყვარს. ყველაფერი მიყვარს, მაგრამ განსაკუთრებულად ელარჯი, ღომი, სულგუნი და საერთოდ მეგრული სამზარეულო. მეუღლე მეგრელია, დედა გურული მეგრელია და როგორ გინდა, არ გიყვარდეს?! კარგი გოჭიც მიყვარს, კარგი იმერული წიწილაც, მჭადიც და ხაჭაპურიც.

– და ზედმეტი კილოგრამები?

– ჰო, ამიტომაც ვერიდები, ვერ ვიტყვი, რომ მართლა დეკემბრიდან იანვრის ბოლომდე ვაბამ ქეიფს. ორი-სამი დღე – კი ბატონო, მერე ვცდილობ, ჩვეულ ფორმაში ჩავდგე. მაგრამ საერთოდ, ჩემთვის ქართული ტრადიციული სუფრა პირველ ადგილას დგას. ისედაც ხშირად აკეთებს ჩემი მეუღლე ღომს, კვირაში ერთხელ მაინც რომ არ გააკეთოს, გამორიცხულია, ასევე, ხარჩოსაც.

– რა ხდება ნაბახუსევზე?

– ახალი წლის ღამეს თუ ნამეტანი მოგვივიდა, მეორე დღესაც ვაბამთ და მესამესაც, სამდღიანი ქეიფი და სიმთვრალე ვიცით. იმიტომაც არის კარგი შენს სამეგობროში ყოფნა, ერთად აგორებთ ამ დღეებს და მეორე და მესამე დღეც ქეიფ-ქეიფით მივდივართ სახლებში. ისე ქართველებმა ნამეტანი გრძელი ახალი წელი კი ვიცით. ნაბახუსევს რაც შეეხება, იოლ ფორმებში მეც არ მაქვს, მაგრამ ვცდილობ, თავი არ მოვიკლა. ყველას ვურჩევ, რომ „პახმელიაზე“ მოთქმას და „ვაიმე, ცუდად ვარის“ ძახილს, გვირჩევნია ორი-სამი ჭიქა კონიაკი დავლიოთ და მდგომარეობიდან გამოვიდეთ. მერე თუ გაგრძელება მინდა, გავაგრძელებ თუ არა და წავალ და მოვისვენებ. ეს არის ყველაზე კარგი წამალი.

– ვაღიაროთ, რომ ქალებს დიდად არ უყვართ ეს მომენტები. რას ამბობს ხოლმე მეუღლე მესამე დღეს?

– პრაქტიკიდან გამომდინარე, რომ იცი, მერე ოჯახის წევრებსაც აწუხებ წუწუნით – ვაიმე ცუდად ვარ, ვაიმე თავი მისკდება, ჯობს, სამი ჭიქა დალიო და დაიძინო (იცინის). მე ერთი კვირით არ ვაბამ, მაქსიმუმ, მეორე და მესამე დღეს ვჩერდები. ჩემებმა იციან ეს ამბავი და მეტ-ნაკლებად ხელს მიწყობენ. მეც ჭკვიანად ვიქცევი ხოლმე (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი