შოუბიზნესი

რა მსხვერპლზე წავიდა მალიბუ გურამ შეროზიას გამო და როგორ გააცოცხლეს მათ 15 წლის წინ სიზმარში შექმნილი მისტიკური სიმღერა

№48

ავტორი: ნონა დათეშიძე 17:47 30.11, 2020 წელი

მალიბუს და გურამ შეროზიას
კლიპი
დაკოპირებულია

მალიბუმ და გურამ შეროზიამ ახლახან დუეტი ჩაწერეს და კლიპის გადაღებასაც სულ მალე მორჩებიან. როგორც მომღერალი მალიბუ ამბობს, გურამის ეს საავტორო სიმღერა საოცრად  სასიამოვნო მოსასმენია და, სიმღერის ავტორს თუ დავუჯერებთ, კლიპიც საკმაოდ ლამაზი გამოდის. 

მალიბუ: გურამს, დაახლოებით, სამი წელია, ვიცნობ. კონკურსზე ვიყავით ჟიურის წევრები, თან ორივეს გვიყვარს მოგზაურობა და გადავწყვიტეთ, ევროტურში წავსულიყავით. ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში გახლდით და იქ დავახლოვდით. სწორედ, მოგზაურობისას მომასმენინა გურამმა თავისი სიმღერები და ძალიან მომეწონა.

გურამი: სხვათა შორის, მუსიკის წერა ადრეულ ასაკში დავიწყე. ზოგადად, ბავშვობიდან ვარ მუსიკაში ჩაბმული – შვიდი წელი ვმღეროდი, დავამთავრე მუსიკალური შვიდწლედი. კლიპიც გადავიღე, რომელსაც „იუთუბიზე“ საკმაოდ ბევრი ნახვა აქვს. თუმცა, ეს ყველაფერი მსუბუქი გართობა იყო. ახლა კი ამ საკითხს სერიოზულად და ღრმად მივუდექი და ამაში მალიბუს დიდი წვლილია.

– და შენს მრავალმხრივ პროფესიებს სიმღერაც დაემატა. სერიოზულად აპირებ ამღერებას?

– ამღერებას – არა. საკმარისზე მეტი პროფესია მაქვს და, უბრალოდ, მინდა, ის სიმღერები გავაცოცხლო, რაც საკმაოდ ბევრი დამიგროვდა. ნელ-ნელა ყველას გავაცოცხლებ. მალიბუ საოცარი მეწყვილე, მომთხოვნი და მაქსიმალისტია. მე მუსიკაში ისე არ ვარ თავდაჯერებული, როგორც ლექციებზე, მარკეტინგში, მოგზაურობაში... ჩემთვის მუსიკა ჩაწერისა და შექმნის ახალი სფეროა და მინდობილი ვარ მალიბუზე. მას ბოლომდე ვენდობი და მგონია, არც ცუდად ვმღერი (იცინის).

მალიბუ: გურამი საოცარი მეგობარია. ხშირად მიწევს ხოლმე ადამიანებთან კამათი იმის გამო, რომ მასზე არ აქვთ სწორი შეხედულება. რომ მითქვამს: გურამთან ვმეგობრობ და მეუბნებიან – მე ეს ადამიანი არ მომწონსო, იწყება ჩემი გაუჩერებელი საუბარი ჩემს მეგობარზე. არ მიყვარს, როცა ადამიანს არ იცნობენ და უსამართლოდ აკრიტიკებენ. არადა, გურამი მართალა საოცარი ადამიანია, არაჩვეულებრივი მეგობარი და ხშირად გავუკვირვებივარ თავისი საუბრით. ძალიან განათლებული რომ არის, ამაზე აღარ ვლაპარაკობ, მაგრამ, რომ მღეროდა, ეს ჩემთვის ახალი აღმოჩენა იყო. თუმცა, ხშირად უთქვამს, მიყვარს მუსიკა და სიმღერაო. ეს მისი ჰობი მეგონა, მაგრამ აშკარაა, საკმაოდ კარგი კომპოზიტორი და მომღერალი აღმოჩნდა.

– საიდან გაჩნდა თქვენი დუეტის შექმნის იდეა?

– გურამმა მითხრა, საკმაოდ პატარა ასაკში დავწერე სიმღერა და მინდა, მოგასმენინოო. მოვიდა ჩემთან სახლში და რომ მოვისმინე, ძალიან მომეწონა. მთხოვა, არანჟირება გამიკეთეო. წავედით სტუდიაში და რომ დაიწყო სიმღერის ჩაწერა, მეც ავყევი. ძალიან მოუხდა ჩვენი ხმები ერთმანეთს და გადაწყდა, დუეტი ჩაგვეწერა. ყველას ხომ ჰგონია გურამი თამამი ბიჭი? არადა, ისეთი მორიდებულია, იმის თქმაც კი მოერიდა, დუეტი ჩავწეროთო (იცინის). თავიდან ბოლომდე მენდო და საკმაოდ კარგი სიმღერა გამოვიდა. სიმღერას „მადლობა“ ჰქვია. დარწმუნებული ვარ, ყველას უფიქრია, რომ კონკრეტული ადამიანის მიმართ ვერასოდეს გამოხატავს იმ მადლიერებას, რასაც ის იმსახურებს ან დავიწყებია მადლობის თქმა, როცა ეს საჭირო იყო. ამ სიმღერის მიზანიც ის არის, რომ ვუთხრათ მადლობა ადამიანებს, ვინც ამას მართლა იმსახურებს და ვინც სულ ჩვენ გვერდითაა. რაც, სამწუხაროდ, ხშირად გვავიწყდება ან გვიან ვამბობთ.

გურამი: ამ სიმღერას საინტერესო და მისტიკური ისტორია და დანიშნულება აქვს – ერთ დღესაც სახლში ანერვიულებული დავბრუნდი. მძიმე თინეიჯერული პერიოდი მქონდა და სრულიად სამყაროზე ვიყავი განრისხებული. ეტყობა, ძილში ჩამყვა ფიქრი: ყველას დავუმტკიცებ, როგორი მაგარი ბიჭი ვარ-მეთქი და დამესიზმრა: ვარ ცნობილი მომღერალი, ვარსკვლავი, დიდი აუდიტორია მყავს და ვმღერი ამ სიმღერას. როცა გავიღვიძე, ტექსტი და მელოდია ზეპირად მახსოვდა. ოღონდ, მანამდე ეს სიმღერა არც მოსმენილი მქონდა და არც აწყობილი. ავდექი საწოლიდან, დავუკარი მელოდია, ტექსტი ჩავასწორე, გავიდა 15 წელი და სიზმარში შექმნილი სიმღერა, გავაცოცხლე. ისე მოუხდა ჩვენი ხმები ერთმანეთს, საკმაოდ კარგი დუეტი გამოვიდა. მალიბუს ინიციატივა იყო და ჩანაფიქრი აასრულა.

– კლიპს სად იღებთ?

მალიბუ: როდესაც სიმღერაზე ვმუშაობ, არასოდეს ვუშვებ მხოლოდ აუდიოვერსიას. ასეთი სტილი მაქვს, რომ სიმღერა კლიპთან ერთად უნდა გამოვუშვა. გურამმა კი მითხრა, ჯერ სიმღერა ჩავწეროთ და მერე ვიფიქროთ კლიპზეო, მაგრამ მე შევეწინააღმდეგე, ასე არ გამოვა, კარგი კლიპიც უნდა გადავიღოთ-მეთქი. მოკლედ, დავითანხმე (იცინის). საოცრად ნიჭიერი ბიჭი ვიპოვეთ, ლუკა გეგეშიძე, რომელიც საოცარ ვიდეოებს იღებს. კადრები „გლემფილდში“ დაგავიღეთ, ჩვენს კლიპში თბილისის ბევრი ლამაზი ქუჩაც გამოჩნდება. კლიპის სცენარი კი მე და გურამმა ჩვენს თავზე ავიღეთ. ყველაფერი ჩვენი მოფიქრებულია და ძალიან კარგი გამოდის. საკმაოდ რთული ვარ მუშაობის დროს და არარსებული ამბავია, კამათი არ მომივიდეს. გურამი კი ერთადერთი ადამიანია, ვისთანაც რამის დამტკიცება არ მიწევს, ერთნაირი აზრები გვაქვს და კამათამდე ვერ მივდივართ (იცინის). შეხმატკბილებული წყვილი ვართ. გურამისთვის იმდენად ძვირფასია ეს სიმღერა, თითქოს, ოცნება ავუხდინე და ისეთი განცდა მაქვს, მისი თილისმა გავხდი. მინდა, მან, სხვა პროფესიებთან ერთად, მომღერლობაც გააგრძელოს. კარგად გამოსდის და მე დავეხმარები. მის გვერდით კომფორტული და სასიამოვნოა მუშაობა.

გურამი: სიტყვა ოცნება არ მიყვარს, რადგან მგონია, მიუწვდომელთან და ზღაპართან ასოცირდება. დიდი ხნის სურვილი კი – ჩემი საკუთარი სიმღერა ჩამეწერა - ამიხდა, მელოდიური გამოვიდა და თან, თავად ვმღერი. ამ საერთო საქმეში კი მალიბუ ნამდვილად გახდა ჩემი თილისმა. ყოველთვის ვაკეთებ იმას, რაც სიამოვნებას მანიჭებს. არასოდეს დამიძალებია ჩემი თავისთვის ისეთი რამ, რაც ჩემთვის საინტერესო და კომფორტის ზონა არ იყო. სიმღერის ჩაწერის დროსაც დიდ სიამოვნებას განვიცდიდი და ახლა ამ სიმღერით უფრო გულწრფელ, სიღრმისეულ და ახალ გურამს დაინახავთ. ამ სიმღერითა და კლიპით, ბუნებრივი და ბავშვური გურამი გაცოცხლდება, ისეთი, როგორიც 13-14 წლის ასაკში იყო, როცა ეს სიმღერა დაიწერა.

– როგორ ფიქრობ, რა რეაქცია ექნება საზოგადოებას, როცა გაიგებს, რომ გურამი ამღერდა?

მალიბუ: ეს სიმღერა იმდენად კარგი გამოვიდა, ვფიქრობ, შეუძლებელია, საზოგადოებისგან ნეგატიური განწყობა წამოვიდეს. სულ სხვანაირ გურამს დაინახავენ და უფრო მოეწონებათ. ბევრმა რომ გაიგო, ისიც კი მითხრეს: ვიცოდით, ერთ დღეს თქვენი დუეტი რომ შედგებოდაო.

გურამი: რომ გაიგეს, ავმღერდი და კლიპსაც ვიღებ, ჩემს ახალ ინიციატივას ბევრი მიესალმა, რადგან იციან, თუ რამე ახალს ვაკეთებ, მთელი გულით ვუდგები. თუმცა, იყო აგრესიული ხალხის რეაქციაც: „შენი სიმღერაღა გვაკლდა“, „დაეტიე შენს პერიმეტრში“, „რაღა გინდა მეტი“.... თუმცა, დადებითი გამოხმაურება უფრო მეტი მოჰყვა, რადგან დუეტი პროფესიონალ მომღერალთან ერთად ჩავწერე. მუსიკას რომ ვწერდი, აქამდე არავინ იცოდა და ახლა ეს სიურპრიზი იქნება.

– მალიბუ, ახლახან ოპერაცია გაიკეთე და სიცივეში კლიპის გადაღებები შენთვის სარისკო არ არის?

მალიბუ: დიახ, გლანდების იპერაციის შემდეგ პრობლემა შემექმნა და კვლავ მომიწია ოპერაციის ჩატარება. სიცივეში დიდხანს ყოფნა არ შეიძლება, მაგრამ გურამის გამო მსხვერპლზე წავედი (იცინის). ეს ხუმრობით. მხოლოდ გურამის არა, ჩემ გამოც. არადა, ასეთ სიცივეში უამრავი ლუქის გამოცვლა მიწევს. თან, მაკიაჟიც უნდა ვიცვალო და ამაზე გურამი „ჭედავს“ (იცინის). ყოველ ხუთ წუთში ყვირის: დროზე გამოდი, რით ვეღარ გაიპრანჭეო (იცინის). ამას ჰგონია, ასე მარტივია ქალისთვის ფორმაში მოსვლა და მაკიაჟისა და ტანსაცმლის ცვლა. მართლა გამაგიჟა (იცინის).

გურამი: პუნქტუალური გოგოა, ხუთი წუთიც კი არ აგვიანებს და ასეთი მალიბუ, ერთი საათი რომ მაკიაჟს იკეთებდა, ჩემთვის აღმოჩენა იყო (იცინის). შევუვარდებოდი და ვეჩხუბებოდი: რა დაგემართა, გამოდი დროზე, ასეთი არ მეგონე-მეთქი (იცინის). ასე რომ, მალიბუს სილამაზის პროცედურებია ერთადერთი, რაზეც მასთან ვჩხუბობ (იცინის). იმდენად ინდივიდუალური, მხიარული და მეგობრული გოგოა, რთულია, სერიოზულად ეჩხუბო (იცინის). ამ დუეტით კი მინდა, ხალხმა გაიგოს ჩვენი სათქმელი, გულწრფელი ემოცია, რაც ჩავიფიქრეთ და მიხვდნენ, რომ მადლობის თქმა არასოდესაა გვიანი. კლიპი კი სითბოსა და პოზიტივის გამოხატვა იქნება.

მალიბუ: ნავზე პირველად ვიჯექი და შიში მქონდა. გურამი კი იყო ნაჯდომი, მაგრამ მისი ტარება არ უცდია. რომ ჩავსხედით, ამ ყინვაში, ვიფიქრე, ახლა არ გადავყირავდეთ ამ წყალში-მეთქი. შუა ტბაში, დაიწყო ნავმა ქანაობა, თან მეშინოდა, თან მეცინებოდა და სიცივისგან გათოშილები, სიცილისგან ვიგუდებოდით და ძლივს გადავიღეთ სერიოზული კადრები.

გურამი: შუა წყალში რომ შემაგდეს, ვერ მივხვდი უკან როგორ დავბრუნებულიყავი. ვაფართხალებდი ნიჩბებს და თან მეცინებოდა (იცინის). თუმცა, მთავარი მონდომებაა და გამომივიდა. გავიყინეთ, მაგრამ ღირდა ამ კლიპად. თან, კლიპში ოჯახის წევრებიც გადავიღეთ და ისინიც გავყინეთ (იცინის).

– როდის იგეგმება კლიპის პრემიერა?

მალიბუ: კლიპის პრემიერა ამ თვის ბოლოს იგეგმება. 29 ნოემბერს გურამის დაბადების დღეა და ალბათ, ამ კლიპით სიურპრიზს მოვუწყობთ. მთავარია, მოვასწროთ. თან, გარკვეული პაუზის შემდეგ სასიამოვნო იყო დუეტის ჩაწერა და ამ კლიპის გადაღება. ახლა ჩემს საავტორო, ქართულ სიმღერაზე დავიწყებ მუშაობას. რთულია პირბადეებით მუშაობა, მაგრამ რას ვიზამთ, ამის გამო ვერ შევჩერდები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი