შოუბიზნესი

რა მარცხი გამოიყენა ირმა ხეცურიანმა გასაძლიერებლად და როგორ გააოცა მან მსოფლიო

№29

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 27.07, 2021 წელი

ირმა ხეცურიანი
დაკოპირებულია

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია. ისტორიული გამარჯვების ავტორები არიან ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი.

ირმა ხეცურიანი: საქართველოს პარაფარიკაობის გუნდის წევრები დარწმუნებულები ვიყავით, რომ ამ გუნდურ შეჯიბრებას გავუმკლავდებოდით, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ძლიერი მეტოქეები გვყავდა დასამარცხებელი – პოლონეთი და უკრაინა. უკრაინა კი, მოგეხსენებათ, რომ სიძლიერის თვალსაზრისით, ჩინეთის შემდეგ მეორე გუნდია მსოფლიო მასშტაბით. დიდი ხანი არ გვქონია მათთან მოგების ამბიცია. თუმცა, კარგად გავარჩიეთ მათი შეჯიბრების ჩანაწერები და მივხვდით, რომ ძალიან ჩვეულებრივად შეგვეძლო, დაგვეგეგმა ტაქტიკა, რომელსაც მათთან შეჯიბრების დროს გამოვიყენებდით. ამ წელიწად-ნახევარში ძალიან გავზარდეთ ფარიკაობის ხარისხი და საბოლოო ჯამში, საკმაოდ მარტივად განვახორციელეთ ჩვენი გეგმა. შეჯიბრებაზე მათთან შეხვედრისას ჩვენი ფარიკაობის სტილი შევცვალეთ. ამას არ ელოდნენ, ფიქრობდნენ, რომ იმავე მოძრაობებით წავიყვანდით შეჯიბრებას, რომელსაც აქამდე ვიყენებდით. ისინიც და პრინციპში, მთელი მსოფლიო გავაოცეთ, რადგან ჩვენ გარდა ჩვენს გამარჯვებას არავინ ელოდა (იცინის).

– ისტორიული მომენტია, ჩვენმა ნაკრებმა პირველად მოიპოვა ოქრო.

– კი, ნაკრების ოქრო პირველია, ამჯერად გავიმარჯვეთ. ამისთვის ფსიქოლოგიურადაც მზად ვიყავით და ფიზიკურადაც. ვიცოდით, რომ ეს ბრძოლა ჩვენი იყო და როცა გავიმარჯვეთ, ემოციებისგან დავიცალეთ. გაბერილ ბუშტს რომ გახეთქავ, ეგეთი მომენტი იყო (იცინის). ცოტა ხანი ვფიქრობდით, „ეს ნამდვილად მოხდა?!“ სიტყვები არ სჭირებოდა ჩვენს ემოციებს, მხოლოდ ვყვიროდით და ჩვენი ხმა იმ დარბაზში დავტოვეთ. კიდევ კარგი მსოფლიო თასამდე ცოტა, მაგრამ მაინც გვქონდა დრო, თორემ ემოციებისგან დაცლილს, შემდეგი შეჯიბრებისთვის გადაწყობა ძალიან გაგვიჭირდებოდა.

რაც შეეხება მსოფლიოს თასს, აქ რაპირით ფარიკაობა იყო პირველი, ოღონდ ინდივიდუალურში. შემდეგი იყო ხმალი. რაპირაში მე ჩემს კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე. რაც არც თუ ისე მარტივი ყოფილა. არ ველოდი ამ შედეგს, რადგან მოგეხსენებათ, რაპირა არ არის ჩვენი იარაღი. ჩემთვის ხმალი იყო საპასუხისმგებლო ინდივიდუალურში და საკუთარი თავი დავარწმუნე, რომ ეს წელიწად-ნახევარი ტყუილად არ გასულა და ხარისხობრივად ძალიან გავზარდე ჩემი ფარიკაობა. მიუხედავად ოქროსი, უფრო ის მომენტი მომწონს, რომ უკვე მოფარიკავე გოგოსავით ვიფარიკავე და არა ნერვებთან მებრძოლივით. ომი იყო ქვეჯგუფში – თავიდან, როცა 5 ქულამდეა ბრძოლა, მაშინ ომობ, მაგრამ როცა საუკეთესო ოთხეულში შედიხარ, მშვიდდები და უკვე იმაზე ფიქრობ, როგორ იფარიკაო მაღალი ხარისხით. ზედმეტად არ დაიღალო, ნერვები არ მოიშალო და ასე შემდეგ, წინა პლანზე პროფესიონალიზმი მოდის.

საბოლოოდ, რაპირის გუნდურით დავაგვირგვინეთ, ლამის უკრაინასაც მოვუგეთ და მერე მართლა სამუდამოდ შეგვიზიზღებდნენ. თუმცა არც ახლა ვუყვარვართ დიდად (იცინის) მართალია, ოქრო არა, ბრინჯაო ავიღეთ, მაგრამ ჩვენთვის მაინც ძალიან სასიხარულო იყო, რადგან რაპირაში გუნდურში მედალი არასდროს გვქონია.

– მივეჩვიეთ ირმას გამარჯვებებს და სხვა მოლოდინი უკვე აღარც გვაქვს. შეჯიბრებებზე სხვა კონკურსანტები ცოტა გაბრაზებულები არ გიყურებენ – მერამდენედ უნდა მოიგოს ამ გოგომო?

– იყო ეს მომენტი (იცინის). ძალიან ხშირად ვიღებდი მათგან ამ ემოციებს, ოღონდ შენ არა და სხვა იყოს... მაგრამ ბოლო პერიოდში, პანდემიამდე, სამი-ოთხი შეჯიბრება არ იყო ჩემთვის წარმატებული. არის კარიერული ზრდის მომენტები, მაგრამ არის მომენტი, როცა ჩერდები, ქვემოთ მიდიხარ, მერე ისევ წინ მიიწევ. ბოლო ოთხ შეჯიბრებაზე ვერ გავაკეთე ის, რისი გაკეთებაც მინდოდა. თუმცა, ეს დამარცხებები ძალიან დამეხმარა საკუთარ თავში დაბრკოლებების გადასალახავად. კონკურსანტები ამის შემდეგ ცოტა მოდუნდნენ და ფიქრობდნენ, ჩვენც მოვუგებთო. ახლა ინდივიდუალურზეც ამ განწყობით მელოდნენ და იქ კიდევ არის ხოლმე რაღაც მაიმუნობები. მაგრამ წელიწად–ნახევრიანი ვარჯიშის შედეგად, მე სხვა დონის ფარიკაობა შევთავაზე, რასაც არ ელოდნენ და ახლა ისევ დაიწყება – „აუ, ოღონდ ხეცურიანი არა, ოღონდ ირმა არ იყოს ჩვენთან ქვეჯგუფში“ და ასე შემდეგ (იცინის).

– ახლა როგორია სამზადისი და მიზნები?

– ჩამოსვლის შემდეგ ცოტა ხანი დავისვენეთ, შემდეგ დაიწყო იზოლირებულად ვარჯიში – ძალიან მიზანმიმართულად ვემზადებით გრანდიოზული, დამაგვირგვინებელი პარალიმპიური თამაშებისთვის. მე ღრმად მწამს, რომ ამ ხარისხით პარალიმპიადაზე ძალიან კარგ შედეგს დავდებთ. მგონია, რომ ოლიმპიადაზე ნამდვილად ოლიმპიური სიმშვიდით და სულ ცოტა, მსუბუქი ნერვიულობით წავალთ სამივე გოგო და იქ ჩვენს სათქმელს აუცილებლად ვიტყვით. საქართველოს გულშემატკივარს კიდევ ერთხელ ვასახელებთ, ოღონდ ამჯერად ოლიმპიური მასშტაბით.

– ცოტა ხნის წინ, ოჯახი დაგენგრა. ამ დროს ადამიანები დეპრესიაში ვარდებიან ხოლმე და საზოგადოებაც შესაძლოა, ცოტა შიშობდა, ხომ არ აისახებოდა ეს შენს შედეგებზე. როგორ გაიარე ეს პერიოდი?

– წარსული წარსულში დარჩა, მე მომავალზე ვფიქრობ. ეს პროცესი ნამდვილად არ იყო მარტივი, მაგრამ მე ფარიკაობა მეხმარება ნეგატივისგან გათავისუფლებაში. ეს ერთადერთი და საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ არ ვიფიქრო გარე ფაქტორებზე, ჩემს პირად თუ ყოფით პრობლემებზე და მაძლევს ძალას, რომ თავდაუზოგავად გადავეშვა საყვარელ საქმეში. ამიტომ, სხვა რამეზე და მით უმეტეს, არასასურველ თემაზე ფიქრისთვის დრო აღარ მრჩება. არ იყო მარტივი, გამიჭირდა. ერთი ხელის მოსმით ოჯახის დანგრევა ნამდვილად ცუდია, მაგრამ ვცდილობ ეს შეძლებისდაგვარად მსუბუქად გავიარო. პრინციპში გავიარე კიდეც, უკვე წელიწად-ნახევარი გავიდა. პირიქით, ჩემი სწორი გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ჩვენ ერთად არ უნდა ვყოფილიყავით, დამეხმარა გამეგრძელებინა გზა წარმატებებისკენ. ჩემი საქმე არ არის დეპრესია და მოდუნება. სანამ ცოცხალი ვარ უნდა ვიმოძრაო და პოზიტივისკენ ვიყო მომართული. ტრაგედიას არანაირი სიტუაციისგან არ ვქმნი.

– როცა ვსაუბრობთ ადამიანებზე, ვისაც „სტანდარტული შესაძლებლობები“ არ აქვთ, ერთმანეთს მოვუწოდებთ ხოლმე, რომ ხელი შევუწყოთ მათ. ამ დროს შენ შენი მიღწევებით ბევრისთვის გახდი ძლიერი ქალის მაგალითი, რომელიც თვითონ დაეხმარება სხვებს. სპორტს მიღმა ცხოვრებაში რამდენად ხარ დასაყრდენი გარშემო მყოფებისთვის?

– არ გამივლია მარტივი გზა, თავიდან არც ყოფილა გეგმაში, რომ რაღაც შედეგი მექნებოდა და ამ შედეგით ვიტყოდი სიტყვას საზოგადოებაში ჩემი თემის სახელით. დღევანდელი მოცემულობა თავდაუზოგავი შრომის, ყოველდღიურად ჯარისკაცური რეჟიმით ცხოვრების შედეგია. მიყვარს ჩემი საქმე და ვცდილობ, მთელი ჩემი რესურსი მასში ჩავდო. მარტო დარჩენილს ძალიან ბევრჯერ მქონია შიში, განცდა – ვაითუ სადღაც აღარ გამომივიდეს და დაიმსხვრეს, რაც აქამდე შემიქმნია?! მეც ადამიანი ვარ და მაქვს სისუსტეები, მაგრამ ვცდილობ, რასაც ვაკეთებ გულით გავაკეთო ჩემს გუნდთან ერთად. ჩემს თავზე საუბარი მიჭირს, მაგრამ ვცდილობ, ყოველთვის ვიყო ჩემი თემის გვერდით და გავაჟღერო მათი სატკივარი, ვუთხრა, რომ მარტო არ არიან არცერთ ბრძოლაში. შემიძლია, ვთქვა, რომ მე ჩემი გარშემო მყოფებისთვის ნამდვილად ვარ საყრდენი. ერთმანეთს ვავსებთ, მეც მჭირდება ვიღაც, ვისაც დავეყრდნობი და ჩემს ტკივილს ან, თუნდაც, უაზრო მოსაზრებას გავუზიარებ. ბედნიერი ვარ, რომ გარშემო ასეთი ადამიანები – ოჯახი და მეგობრები მყავს.

– როცა ეტლია, ვფიქრობთ ხოლმე, რომ თითქოს, ადამიანს ვიზუალზე ზრუნვა ნაკლებად აინტერესებს. ამ დროს, ყოველთვის ძალიან კარგად გამოიყურები, ეს, ალბათ, შემთხვევით არ ხდება.

– არა, ძალიან მიყვარს თავის მოვლა და მიმაჩნია, რომ ქალი ყოველთვის უნდა გამოიყურებოდეს ისე, როგორც მას სიამოვნებს. როცა მოწესრიგებული ვარ, კოსმეტიკურ კორექციებს ვიტარებ, თმას და სახეს ვიწესრიგებ და სამოსზე ვზრუნავ, ძალიან მსიამოვნებს. ჩვეულებრივი ქალი ვარ და ვცდილობ, ლამაზად გამოვიყურებოდე. არ მინდა, ხალხმა იფიქროს, რადგან ეტლშია რაში სჭირდება ეს ყველაფერიო. პირიქით, ქალი ვარ და მომწონს, როცა კარგად გამოვიყურები და გარშემო მყოფები კომპლიმენტებს მეუბნებიან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი