შოუბიზნესი

რა გულისამაჩუყებელი სიურპრიზი გაუკეთა რძალმა ციცი ფალავანდიშვილს

№47

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 29.11, 2021 წელი

ციცი ფალავანდიშვილი
დაკოპირებულია

გიგი დედალამაზიშვილის მეუღლემ – ფოტოგრაფმა მარინა კარპმა დედამთილს, ციცი ფალავანდიშვილს, დაბადების დღე საოცრად თბილად და ემოციურად მიულოცა: „ჩემო ციცი, შენ არასდროს ყოფილხარ ჩემთვის დედამთილი, პირველივე შეხვედრიდან დედიკოს გეძახდი. არასდროს დამავიწყდება, როცა მე და გიგი ჯერ კიდევ ვეჩვეოდით ერთმანეთს, მორიგი ჩხუბის დროს ჩემოდანი ჩავალაგე და კიევში წასასვლელად მოვემზადე. შენ მითხარი: „შენ არ უნდა ჩაალაგო ჩემოდანი, შვილო, იმიტომ, რომ ახლა აქ, შენს სახლში რჩები, ის კი წავიდეს, სადაც უნდა...“ ყველას ვუსურვებ ისეთ დედამთილს, როგორიც შენ ხარ. ბედნიერი იყავი ყოველთვის“.

ციცი ფალავანდიშვილი: მარინა ჩემი შვილია. არ მიყვარს სიტყვები „რძალი“ და „სიძე“. რამდენად უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, გიგი რომ დაიბადა, იმ წუთიდან მისი ცოლიც მიყვარდა და შვილებიც. ანალოგიურად იყო ნინიკოზეც. სახლში ადამიანი რომ შემოდის, არ უნდა აგრძნობინო, რომ უცხოა. თან, მე ძალიან გამიმართლა, მარინა უთბილესი გოგოა. თუმცა, ჩემ მიმართ კარგადაც რომ არ ყოფილიყო განწყობილი, გიგის ბედნიერ თვალებს რომ ვხედავდი, რა უფლება მქონდა, წარბი შემეხარა?!

– დედებისთვის დამახასიათებელი ეგოისტური მომენტი არასდროს გიგრძნიათ?

– არავითარ შემთხვევაში. ყველას თავის სიმართლე აქვს, ჩემთვის მთავარი ჩემი შვილის ბედნიერებაა. როცა მას ვხედავ ადამიანთან, ვისთან ერთადაც კომფორტულადაა, როცა მათ სიყვარულს ვხედავ, მაშინ ვარ ბედნიერი. რას ჰქვია მივიჯაჭვო ჩემი შვილი, არავითარ შემთხვევაში! სული მელევა, რომელ დედას არ უყვარს საკუთარი შვილი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მოვიქცევი ასე. ხომ ხდება, რომ რძლებს დედამთილები არ უყვართ, მე რა?! მე კი არა, თავის ქმარ-შვილი უნდა უყვარდეს. მაგრამ მე ორმაგად გამიმართლა მარინაში. მისი პირველი ქართული სიტყვა, მგონი, „დედიკო“ იყო (იცინის). დაბადების დღეზე საოცარი სიურპრიზი მომიწყვეს. დილით გიგიმ რომ დამირეკა, რას ვაპირებთო, მე ვუთხარი, ახლა არ არის აღნიშვნის დრო და თან, რომელი 17 წლის მე გავხდი-მეთქი?! (იცინის). მერე ნინიმ დამირეკა, მერე ჩემმა – ქმარმა, რა ვქნათო და ჩემი მეუღლის დაბადების დღეც მალეა და მერე მოვიფიქროთ რამე, ახლა თავი დამანებეთ-მეთქი (იცინის). ცოტა ხნით გარეთ გავედი საქმეზე და სახლში რომ მოვედი, სიძის მანქანაც სახლთან დამხვდა და მარინასიც. კინაღამ გავგიჟდი, პატარა ბავშვს რომ გაახარებ, ბუშტებით, შვილიშვილებით, ხალისით და სიყვარულით დამხვდნენ ოთხივე ტორტით და მოლოცვებით. კინაღამ გული გამიჩერდა სიხარულისგან.

მარინას ვეუბნები ხოლმე: დედა, ჩვენ ერთი გუნდი ვართ და თუ რამე იქნება, შენ მე მითხარი და ნახე, მაგათ რას ვუზამ-მეთქი (იცინის). სიძეში – სანდრიკოშიც ძალიან გამიმართლა. ღმერთო, ორივე კარგად მიმყოფე. ჩემთვის ყველაფერი ჩემი შვილების ბედნიერი თვალებია. ჩვენ ყოველ წუთას გვაქვს მიმოწერა: დე, როგორ ხარ? დე, მიყვარხარ! მარინასთან 11-წლიანი საოცარი ურთიერთობა მაკავშირებს. ხშირად უკითხავთ, მართლა ასე გიყვარსო? ხომ არ ვითამაშებ. ჯერ ერთი, რომც არ მიყვარდეს, ისღა მაკლია, სხვასთან ვილაპარაკო, არავითარ შემთხვევაში (იცინის). მაგრამ, მართლა სიგიჟემდე მიყვარს და რა ვქნა. უსაყვარლესი გოგოა და შემიძლია, თვალდახუჭული ვენდო. ძალიან გამტანია. ისე გაგვიკეთებია რაღაც გიგის ზურგს უკან, მას ვერაფერი გაუგია. მაგალითად, სიურპრიზები მოგვიწყვია მისთვის ან, პირიქით, გიგის და მე მოგვიწყვია მარინასთვის სიურპრიზები.

არ უნდა იფიქრო, რომ რძალი სხვისი შვილია. არა, ის შენი შვილია, მაგრამ, რასაც შენ შვილს „გაუტარებ“, მას იმაზე მეტი უნდა „გაუტარო“, იმიტომ, რომ ის სხვა სივრცეშია გაზრდილი და არ უნდა გაუბრაზდე. ჯერ, საერთოდ, რატომ უნდა გაუბრაზდე ჩამოყალიბებულ პიროვნებას და რატომ უნდა ეცადო იმ ჩარჩოებში მოაქციო, როგორიც შენ მოგწონს?! არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენც ვიყავით რძლები და გვყავდა დედამთილები. მე არაჩვეულებრივი დედამთილი მყავს, დღემდე ვგიჟდებით ერთმანეთზე და ეს ურთიერთობები ჩვენს ოჯახში ტრადიციულად გრძელდება. შემიძლია, ვთქვა, რომ მამაჩემს მე და ჩემი ძმის ცოლი ერთნაირად ვუყვარდით. მე და ჩემი რძალი როგორც დები, ისე ვიყავით. გარდაიცვალა და ძალიან ჩამწყდა გული. მისი გარდაცვალებიდან ერთი წელი ყავას ვერ ვსვამდი. ჩემს მეზობლად ცხოვრობდა და ყოველ დილით ერთად ვსვამდით ხოლმე. მერე მის გარეშე ძალიან გამიჭირდა. დედაჩემისა და მამაჩემის გარდაცვალება ჩემმა რძალმაც ჩემსავით განიცადა. ხალხს ძალიან უჭირს, რძალს ან სიძეს უთხრას – მიყვარხარ, ჩემო სიცოცხლე, ჩემო საყვარელო. არ აქვს მნიშვნელობა, მეორე მხრიდანაც იგივეს იღებ თუ არა, შენ უნდა გასცე. იმიტომ კი არა, რომ მისგანაც მიიღო, მაგრამ, როცა სიყვარულს გასცემ, არ არსებობს უკანაც არ დაგიბრუნდეს. თუ ასე არ მოხდა, კარგ ლაქად მაინც დარჩება ურთიერთობაში და ცუდს არაფერს მოიტანს. შეცდომებზე თუ მიდგება საქმე, უფროსებს რომ გვეშლება, ისეთი უნდა. მარინამ რომ ეს სიტყვები დაწერა, მე არ მქონდა ნანახი, მეგობარმა დამირეკა, ვტირიო. რა ხდება-მეთქი და მან მითხრა. მერე მარიშამ დამირეკა, დედიკო, არ წაგიკითხავსო?! ჩემი სიცოცხლეა. რასაც წერს, მართლა ასე იყო. ხომ იცით, თავიდან შეგუების მომენტი არ არის მარტივი. უცებ დაავლო ჩემოდნებს ხელი, წავალო. სად მიდიხარ, თვითონ სადაც უნდა იქ წავიდეს, შენ შენ სახლში ხარ-მეთქი, ვუთხარი.

– მათი პროფესიებიდან გამომდინარე ფიზიკური განშორებები ხშირად გიწევთ, რთული არ არის?

– ვაიმე, გიგი ჩვენ გვერდით ცხოვრობდა. პირველად რომ გადავიდნენ, როგორ შევიმჩნევდი, მაგრამ ცარიელ სახლს რომ შევხედე, ერთი კვირა საერთოდ ვერ ვიძინებდი. ჩემს ქმარს უთქვამს გიგისთვის, ასეა დედაშენიო. გადმოვიდა გიგი და მითხრა, დედა, შენ რა, გგონია, მე აღარ მიყვარხარო?! გამიჭირდა, მაგრამ რამეს როგორ ვაგრძნობინებდი?! ნინისთანაც, მაგრამ გიგისთან განსაკუთრებით, მხოლოდ დედაშვილური მომენტი არ მაქვს. ჩვენ მეგობრებიც ვართ და ერთმანეთის მესაიდუმლეებიც. ზაფხულობით, ფაქტობრივად, სულ ერთად ვართ. ახლა მე უფრო შვილი ვარ და გიგი მამასავითაა ჩემთვის. ცოტა ხნის წინ დამირეკა, ხვალ სუხიშვილების კონცერტზე მივდივართო. კულტურული პროგრამა გვაქვს გაწერილი, კვირაში ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა წავიდეთ ოპერაში ან სხვა თეატრში. თან ბავშვები დაგვყავს. ანალოგიური ურთიერთობა აქვთ შვილიშვილებს. ბიძაშვილ-მამიდაშვილი კი არა, და-ძმანი არიან და ერთადერთი იმაზე მოსდით უთანხმოება, ვინ ვის უფრო უყვარს (იცინის). ეს ხომ ბედნიერებაა?! არაფერი სჯობს მათ ყურებას. მარინა ძირითადად აქ არის, მით უმეტეს, შემოდგომიდან გაზაფხულამდე. ბავშვები აქ დადიან ბაღში.

– ასწავლეთ მარინას ქართული წეს-ჩვეულებები?

– მარინასთვის მე არაფერი მისწავლებია. არც ყოფილა ამის საჭიროება. მე არც ჩემს შვილებს ვაძლევ დირექტივებს. მე ვეტყვი და გავივლი, ისე გააკეთონ, როგორც თვითონ ჩათვლიან საჭიროდ. დამეფიცება, მარინასთვის ერთი შენიშვნაც კი არ მიმიცია. თუ მაინცდამაინც, შეიძლება, სულ სხვა კუთხიდან ვუთხრა რამე და მერე, ალბათ, გააანალიზებს. თუ არ უნდა, არ მიიღებს, მარტო მარინა კი არა, ნებისმიერი ადამიანი. მას ძალიან უყვარს მეუღლე, შვილები, ვუყვარვართ ჩვენ და ვერ წარმომიდგენია, თუ ოდესმე მის გარეშე ვცხოვრობდით. ეს ურთიერთობა წლებს არ მოუტანია. სახლში შემოსვლის დღიდან ასეა. კარი რომ გაიღო, „ზდრავსტუი, დედიკოო“, მითხრა და იქიდან დაიწყო ყველაფერი (იცინის). თავიდანვე „დედიკოთი“ მომმართავდა და ზოგჯერ „ციიც“ – ასე მეძახის. მისი მეგობრებიც ასე მეძახიან და გიგის მეგობრებზე აღარაფერს ვამბობ. ჩემი და მარინას ან ჩემი შვილების მიმოწერა რომ ნახოთ, ბევრს გაუკვირდება. დე, მიყვარხარ, ყველა დღე ამით მთავრდება და იწყება დილა მშვიდობისა, დედათი. ვეუბნები, „ტი მაია პრინცესა“, შემომიბრუნდება და მპასუხობს – „ტი მაია კარალევა“ (იცინის). ეზოში რომ მოვა, თუ ეჩქარება, ქვემოდან ამომძახებს ხოლმე, „დედიკოო“. მართლა ვერ ვგრძნობ, რომ ჩემი შვილი არ არის. ძალიან გამიმართლა. მე ორივეს თვალებში სიყვარულს ვხედავ და გრძნობა არ განელებულა. მშობელმა ამაში უნდა შეუწყოს ხელი შვილებს. ყოველთვის კარგ ხასიათზე არ არის ადამიანი და ასეთ დროს, მივალ და გიგის ვეუბნები, მარიშა როგორი საყვარელია, შენ ხომ იცი ის შენთვის ვინ არის-მეთქი. მერე მარიშას ვეტყვი, შენ ხომ იცი, გიგის როგორ უყვარხარ-მეთქი, გამოვიხურავ კარს და მოვდივარ. ყველას თავის ოჯახი აქვს და იქ არავის უნდა ჩაუჯდე. ოდნავი რყევები როცაა, ყველაზე მეტად მშობელი მაშინაა საჭირო, მაგრამ დირექტივა არასწორია, ეს უკურეაქციას გამოიწვევს. ოდნავი ბიძგია საჭირო, რომ ნაბიჯი გადადგან და მერე ისინი თვითონ მიხედავენ საკუთარ თავს. შენ მათი მეგობარი უნდა იყო და არა ჭკუის დამრიგებელი. ეს ჩემი აზრია.

– სიძეშიც გამიმართლაო?

– საბედნიეროდ, ასეა. თქვენ წარმოიდგინეთ, ყოფილ სიძესთანაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს. მე შესანიშნავი შვილიშვილი მყავს. ნინიმ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მამა-შვილის ურთიერთობა ჩვეულებრივად გაგრძელდეს. დებსაც აქვთ ურთიერთობა და მე და ელენე მამამისის სპექტაკლზეც ვიყავით. სანდრიკოს რაც შეეხება, ისიც ჩემი შვილია. ძალიან თბილი და საყვარელია. ორმაგად მიყვარს, რადგან ისევე ზრუნავს ელენეზე, როგორც სესილიზე. საყიდლებზე რომ მიდის, პირველ რიგში ელენესთვის ყიდულობს და მერე სესილისთვის.

ერთადერთი, რასაც შვილებს ვეუბნები ისაა, რომ არ მინდა, ჩემზე ძალიან იყვნენ მოჯაჭვულები. მე ძალიან ვიყავი მშობლებზე მიჯაჭვული და რომ გარდამეცვალნენ, კინაღამ გავგიჟდი. ამიტომ ვეუბნები ასე, არ მინდა, მერე გაუჭირდეთ. მე ბედნიერი ვარ, მე რომ არ ვიქნები, მეცოდინება, რომ ჩემს ორივე შვილს კარგი პატრონები ჰყავთ. ღმერთმა ყველა ახალგაზრდას აპოვნინოს ასეთი სიყვარული!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი