შოუბიზნესი

რა გამოცდების ჩაბარება მოუწია გასულ წელს რეპერ მასტერს და რატომ ვერ ამოარჩია მან მილიონი გოგოდან ის ერთადერთი

№2

ავტორი: ნონა დათეშიძე 20:00 19.01, 2022 წელი

მატერი
დაკოპირებულია

წელს საახალწლო კონცერტებზე რეპერი მასტერი არსად ჩანდა. ისიც კი ითქვა, თითქოს საქართველოში არ იყო, თუმცა როგორც აღმოჩნდა, არსად წასულა, გემრიელად დაისვენა სახლში და ახალ წელს განსხვავებულად შეხვდა. ფაქტია, მასტერი წლის განმავლობაში რეკორდული სისწრაფით წერს სიმღერებს და ამ მხრივ, არც გასული წელი ყოფილა გამონაკლისი. თუმცა თავად ასე არ ფიქრობს და ამბობს, რომ წელს, გაცილებით მეტი სიმღერის ჩაწერას, კლიპის გადაღებასა და რაც მთავარია, კოსმოსში პოზიტიური განწყობის გაშვებას გეგმავს, რაც ბუმერანგივით უკან დაუბრუნდება.

– როგორი იყო გასული წელი, რა გამოცდების ჩაბარება მოგიხდა და როგორ დაიწყო ეს წელიწადი შენთვის, რა გეგმები გაქვს?

– გასული წელიწადი ნორმალური წელი იყო. მე მაინც იმ ადამიანთა სიაში ვარ, რომლებიც ყოველთვის მადლიერები არიან ცხოვრებით. თუმცა, როგორც რეპერი, მოდი, პირდაპირ გეტყვით იმას, რასაც იშვიათად ვამბობ: არ ვარ კმაყოფილი ჩემი შემოქმედებითი მუშაობით. ვიზარმაცე, თუმცა, წლის ბოლოს გავაქტიურდი და „ამოვქაჩე“. სულ, წლის განმავლობაში 4 კლიპი გადავიღე და 16 სიმღერა გამოვუშვი.

– 16 სიმღერა და 4 კლიპი ცოტაა? ამდენს მომღერლები წლების განმავლობაში ვერ ახერხებენ და ამას ეძახი სიზარმაცეს?

– გეთანხმები, სამწუხაროდ, ჩვენი მომღერლები წელიწადში ერთი კლიპის გადაღებასაც ძლივს ახერხებენ, მაგრამ ჩემთვის ერთი წლის განმავლობაში 4 კლიპი პასიურობაა. რეკორდი კი მოხსნილი მაქვს, მაგალითად, შარშან, 27 სიმღერა გამოვუშვი და წელს, მინიმუმ, 7 კლიპი ხომ მაინც უნდა გადამეღო? ასევე, წელს კოვიდის გამო პირველად მომიწია კლინიკაში 20 დღის გატარება. ჯოჯოხეთი ნამდვილად არ ყოფილა, საინტერესო იყო, ბევრ რამეს სხვანაირად შევხედე, გადავაფასე და დავაფასე ჯანმრთელობა. ექიმებს დავუახლოვდი, ბევრი მეგობარიც შევიძინე და ექიმების აღარ მეშინია (იცინის). სხვათა შორის, კოვიდი რომ დამიდასტურდა, იმ დღესვე დავჯექი და დავწერე სიმღერა-პოზიტივი და კლინიკაში რომ შევედი ეს ახალი სიმღერა ყველას მოსმენილი ჰქონდა. ასე რომ, 2021 წელს გამოცდების ჩაბარება მომიწია, მაგრამ პესიმიზმში არ ჩავვარდი. მივხვდი, რომ ნებისმიერი პრობლემის დროს სულიერად არ უნდა დაეცე. მთავარი ესაა.

– სოციალურ ქსელში დაწერე, პირადში არაფერი შეცვლილა, ისევ მარტო ვარ და ისევ დამსინაო.

– დიახ, ისევ მარტო ვარ, ფაქტია, ჩემს ცხოვრებაში ისევ არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ სიმღერამ – „დამსინა“, 12 მილიონი ნახვა მომიტანა. ბევრი მეკითხება, რატომ ხარ მარტოო. მილიონი გოგო ირევა ჩემ გარშემო, არც კარჩაკეტილი ცხოვრება მაქვს და მაინც ვერ ვიპოვე ის ერთადერთი. როცა მინდა, ურთიერთობას კი „ვხსნი“, მაგრამ გულს ჯერ სხვანაირად ვერავინ ეხება. ჰოდა, თოვლის ბაბუამ არ მომიტანა საჩუქარი მაგრამ, ბედობა დღეს ჩავუთქვი სურვილი: მომავალ ახალ წელს მარტო არ შევხვდე, მანამდე კარგი გოგო მომიყვანე-მეთქი და ვნახოთ, იმედია, ამიხდება (იცინის). თან, ეს სურვილი მარტო ბედობას კი არ ჩავუთქვი. ტელეფონში რომ დაიწერება ციფრები – 22:22, ეგრევე ვამბობ გულში: „კარგი გოგო შემახვედრე“ (იცინის).

– ესე იგი, ცრუმორწმუნეც ხარ?

– რაღაცებში კი, მაგრამ არ მისრულდება (იცინის). ახლა დავფიქრდი, კოსმოსში რა ენერგიასაც ვუშვებთ, ხომ ის გვიბრუნდება უკან? მე კი სულ სევდიანი სიმღერები მაქვს და ეტყობა, კოსმოსში ასეთ ენერგეტიკას ვუშვებ. ჰოდა, ამ წლიდან ვიწყებ პოზიტიური სიმღერების წერას და უკანაც ასეთივე ენერგეტიკა დამიბრუნდება.

– მგონი, ერთადერთი ადამიანი ხარ, ვისაც დალევის შემდეგ ნაბახუსევის სინდრომი არ აქვს. ასეა?

– მამაჩემი მეჩხუბება, ალბათ, ძმაკაცურად შურს: რატომ არასოდეს არ გეტყობა, როცა სვამო (იცინის). ყველა წუწუნებს „პახმელიაზე“ და მგონი, მართლა ერთადერთი ვარ და ამ მხრივაც გინესების წიგნში შესატანი, ვისაც დალევის შემდეგ ბახუსი არ აწუხებს. კახეთში რომ ჩავდივარ, ჩემს ოჯახში მითამადია, ყველა თვრება და მე არ მეკარება სიმთვრალე და არც ნაბახუსევი მაწუხებს. კარდენახში, ჩემი დიდი პაპა სულ მასმევდა ცოტ-ცოტა ღვინოს და ამბობდა: ყმაწვილს ნელ-ნელა უნდა შეაჩვიოთ ღვინის სმა, რომ მერე აიტანოსო. ჰოდა, ჯიგრულად შემაჩვია, დალეული ნელ-ნელა გამიჯდა და დღეს ვიტან (იცინის). სხვათა შორის, პირველად ამერიკაში დავთვერი, 14 წლის ასაკში – ენერეგეტიკულში არაყი იყო გარეული.

– კახელი ბიჭი ამერიკაში დათვერი?

პარადოქსია, მაგრამ ასე გამოვიდა (იცინის). არ დამავიწყდება, რომ დავლიე, მეძინებოდა, ვხუჭავდი თვალს და ყველაფერი ტრიალებდა. საშინელება იყო. ახლა გამახსენდა, ამერიკაში ახალ წელს, 31-ში არაფერი ხდება, უფრო შობას აღნიშნავენ – 25 დეკემბერს. 1 იანვარს აქ რომ ყველა ნაბახუსევია, ასე ამერიკაში არ არის. მოკლედ, თემას გადავუხვიე და გავაგრძელებ – დღეს ვიტან დალევას, მაგალითად, ლუდს ოთხ ლიტრამდე ვსვამ და ვიტან. თუმცა იშვიათად მიწევს დალევა, რადგან მანქანით დავდივარ. თუ სიტუაცია და გარემო მომწონს, იქ დალევას სხვა მუღამი აქვს და მიყვარს.

– ამ ახალ წელს ბევრი კონცერტი ჩატარდა, თუმცა შენ არსად ჩანდი. რატომ?

– წელს არსად მიმღერია, ახალ წელს დავისვენე. სხვათა შორის, ძალიან განსხვავებული ახალი წელი მქონდა. ყველა ჩემი მეგობარი და ძმაკაცი ქალაქიდან იყო გასული და ახალი წელი მხოლოდ ოთხმა მეგობარმა აღვნიშნეთ. ძალიან მაგარი დრო კი გავატარეთ და გვიკვირდა. ძალიან მიყვარს „ოლივიე“ და საცივი, რომელიც სულ მაქვს საახალწლო სურაზე და წელსაც კარგადაც „ჩავუჯექი“.

– თუ გწამს მეკვლის ფეხის და ვინ შემოდგა ამ წელს მარჯვენა ფეხი პირველმა თქვენს ოჯახში?

– მეკვლე ჩემს ოჯახში მე ვარ. თორმეტს რომ დააკლდება სამი წუთი, სახლიდან გავდივარ და მერე შემოვდივარ გიზინაყითა და ბრინჯით ხელში და ბარაქა და სიტკბო შემომაქვს. ჩვენს ოჯახში შობას განსაკუთრებით ვზეიმობთ და ეს დღე ძალიან განსხვავებულად საყვარელია. სულ გვაქვს ჩართული საშობაო სიმღერები, საზეიმო განწყობაა და თან, ბიძაჩემის დაბადების დღეც ემთხვევა. ასე რომ, მეკვლეც ვიყავი ჩემი ოჯახის და ჩემი გეგმებიც ჩამოვწერე – ამ წელს ათი კლიპი უნდა გადავიღო და ამის გარდა სიმღერებიც დავდო. ასე რომ, მთელი წელი დავგეგმე, თავისი სცენარებით. 26 დეკემბერს 33 წლის გავხდი. თუმცა, წლების კომპლექსი არ მაქვს, რადგან რეპერები არ ბერდებიან და თან, ასაკი არც მეტყობა. უფრო სათქმელად მეხამუშება, რომ ვამბობ, ამდენის ვარ-მეთქი, ისევ პატარა მგონია თავი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი