შოუბიზნესი

რა გადასცეს „მის მსოფლიო მოდელის“ გამარჯვებულ მარიამ მანაგაძეს დუბაის პრინცის სასახლეში და რატომ ემალებოდა ის მილიონერ შეიხებს

№3

ავტორი: ქეთი მოდებაძე 22:00 26.01, 2022 წელი

მარიამ მანაგაძე
დაკოპირებულია

Miss Model of the World-ის გამარჯვებული ულამაზესი ქართველი მოდელი მარიამ მანაგაძე გახდა. ცერემონია დუბაის პრინცის სასახლეში გაიმართა. ამ ტიტულს არაერთი საინტერესო შემოთავაზება მოჰყვა. ყველაფერი კი ძალიან მოულოდნელად დაიწყო.

მარიამ მანაგაძე: მეგობარმა მითხრა: მარიამ, არის ერთი კონკურსი, რომელშიც შენ უნდა მიიღო მონაწილეობაო და მის ნაციონალურ დირექტორთან – ეკა მგალობლიშვილთანაც დამაკავშირა. ჩვენი კომუნიკაცია იმ დღესვე შედგა და უკვე ორ იანვარს დუბაიში გავემგზავრე კონკურსზე – Miss Model of the World. საერთოდ, ამ კონკურსში 90 მონაწილე იღებს მონაწილეობას, მაგრამ პანდემიის გამო ონლაინქასთინგი ჩატარდა და მხოლოდ ორმოცი მონაწილე შეგვარჩიეს. დიდი მოტივაციით წავედი. ჩემს თავს ვეუბნებოდი – მარიამ, ბოლომდე უნდა მიაწვე-მეთქი, (იცინის). უამრავი ადამიანი მგულშემატკივრობდა და გადავწყვიტე, მათი იმედები გამემართლებინა. ტოპ-ხუთეულში მოხვედრას ველოდი, მაგრამ იმდენად მაგარი გოგონები იყვნენ, ბოლომდე დარწმუნებული ამაშიც არ ვიყავი. ჩემზე მაღალი გოგო არ მყავდა ნანახი და იქ რომ გოგონები დავინახე... ხუთეულის გამოცხადება რომ დაიწყეს და მეორე ადგილის ჩათვლით არცერთზე არ დამასახელეს, ხელებს ერთმანეთს ვუჭერდი და თავს ვიმშვიდებდი, კიდევ იყო რაღაც ნომინაციები და ვიმედოვნებდი, რომ იმას მაინც ავიღებდი. ქართული ცეკვა გავიტანე კონკურსზე – „სუხიშვილებში“ ვცეკვავ და ჩემს ქორეოგრაფთან ერთად სასწაული ცეკვა შევქმენი სხვადასხვა კუთხის ცეკვის ილეთებით და ამის იმედი მქონდა, მაგრამ ამ დროს აცხადებენ, პირველ ადგილას გავიდა საქართველოო (იცინის). თავიდან ფეხზე ვერ ვდგებოდი, მერე ყველა რომ ტაშს მიკრავდა, ემოციებისგან ტირილი დავიწყე.

წამოსვლისას აეროპორტში გვირგვინით და დროშით ვიყავი და ძალიან დიდი პატივი მცეს, ბიზნესკლასის ადგილი მაჩუქეს, ყველგან ურიგოდ მიშვებდნენ, მთელი აეროპორტი მოდიოდა და ჩემთან ფოტოებს იღებდა. ვერ გავიაზრე, რა ხდებოდა და ვფიქრობდი, რა მოხდა ისეთი, რომ ხალხი ამხელა ყურადღებას იჩენს-მეთქი. მთელი ფრენის განმავლობაში ვფიქრობდი: მარიამ, უნდა დაიჯერო, უკვე დროა-მეთქი (იცინის). უამრავი ადამიანი, ნაცნობი თუ უცნობი მილოცავს, მადლობებს მიხდის, ძალიან დიდ სითბოს გამოხატავენ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამდენი ადამიანის გახარება შევძელი, მადლობა მათ ასეთი სიყვარულისთვის.

– როგორ ფიქრობ, ამდენი საოცარი გოგოსგან რით გამოგარჩიეს?

– საერთოდ, ყველაფერს გულიანად ვაკეთებ და ამჯერადაც ასე იყო. ასეთ კონკურსებში ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ კომუნიკაციას ამყარებ სხვა გოგონებთან და მე მართლა ძალიან კარგი ურთიერთობები მიყალიბდება ხოლმე ადამიანებთან. გარდა ამისა, დილის ექვს საათზე რომ ვიწყებდით ვარჯიშს და თითქმის ყველა იგვიანებდა, მე ათი წუთით ადრე მივდიოდი. დილის ექვსზე დაწყებული რეპეტიციები, მეორე დილის ექვსზე მთავრდებოდა და ამის გამო არ ვწუწუნებდი. ხედავდნენ, რომ ჩემი საქმე მიყვარდა და შრომაც მსიამოვნებდა. ნაციონალურმა ცეკვამაც დიდი მოწონება დაიმსახურა და გარკვეულ საკითხებში ორგანიზატორებსაც ვეხმარებოდი. სტაფს ისე დავუმეგობრდი, ტირილით გამომაცილეს.

– შენს „სთორებში“ ჩანდა, რომ კონკურსანტ გოგონებსაც ძალიან დაუმეგობრდი.

– რამდენიმე გოგოსთან ძალიან მაგარი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა, საქართველოშიც დავპატიჟე. ჩემი ოთახის მეზობელმა მითხრა, წინა კონკურსზე კაბა დამიჭრესო, მაშინ მივხვდი, რა დონის კონკურენციაა ასეთ შოუებზე. მითხრა, შენში გამიმართლა და მშვიდად ვიქნებიო.

– ამ ამბავს გაგრძელება მოყვება?

– დუბაის სააგენტოებთან მიდის მოლაპარაკებები, კონტრაქტი უნდა გავაფორმოთ. მალე ისევ მომიწევს იქ ჩასვლა და „დუბაი ფეშენ-ვიქზე“ გასვლა, გადაღებებში მონაწილეობა და მოკლედ, გიჟური გრაფიკი მელოდება.

– დუბაი და მილიონერი შეიხები, განუყოფელი თემებია და შენთვისაც იყო აქტუალური?

– გულწრფელად ვიტყვი, შეიხს რომ ვხედავდი, თვალებს დაბლა ვხრიდი, რომ არ დავენახე. რომ მოვწონებოდი, მეჩვიდმეტე ცოლად ყოფნის ნერვები მაქვს? (იცინის) ისე მიყურებდნენ, მეშინოდა. თან, იქ ხომ ახლა ზაფხულია და საზაფხულო ტანსაცმლით რომ გადავადგილდებოდი, სიფრთხილეს ვიჩენდი და მარტო არსად გავდიოდი. როგორც მითხრეს, იქ პოლიციაზე მაღლა შეიხები დგანან, მოეწონე და მორჩა, დამთავრებულია საქმე. ამიტომ ვცდილობდი, შეიხს არსად გადავყროდი (იცინის). აქედან რომ მივდიოდი, გოგონები მწერდნენ: მარიამ, ერთი შეიხი გამომიყოლეო (იცინის). მათ მილიონებს რაც შეეხება, ადამიანებთან ურთიერთობაში ფინანსური ინტერესები მართლა არ მაქვს, მირჩევნია, ვიშრომო და ისე ავუხდინო საკუთარ თავს სურვილები.

– ბევრი ინტერესი გაქვს, რამდენიმე სამსახური, თან სულ სხვადასხვა სფეროში და როდის რას ასწრებ?

– ძალიან ბევრი ენერგია მაქვს. ჯერ 23 წლის ვარ და მინდა, მაქსიმალურად დავიტვირთო თავი. ვცდილობ, საკუთარი თავიც გავახარო, ოჯახიც და ჩემთვის უცნობი ადამიანებიც. მინდა, საქართველო ვასახელოთ ახალგაზრდებმა. ჩვენ ხომ ამის ენერგია გვაქვს. ამიტომ თავს მაქსიმალურად ვიტვირთავ. ვმუშაობ სამედიცინო სფეროში – ექთანი ვარ. დარბაზში მწვრთნელად ვმუშაობ, პილატესის გაკვეთილებს ვატარებ. ვცეკვავ „სუხიშვილებში“ და ეს საქმე ძალიან მიყვარს. ჩემთვის პირველ ადგილზე სამოდელო სფერო დგას, მაგრამ ახლა, პანდემიიდან გამომდინარე, ისე აღარ ვაქტიურობ. საქართველოში არც მანამდე ვაქტიურობდი, მაგრამ ევროპაში ბევრი რამ მაქვს გაკეთებული, მილანის ფეშენ-ვიქზეც ვიყავი, რობერტო კავალისთანაც ვიმუშავე და შეიძლება, უხეშად ჟღერდეს, მაგრამ ჩემთვის საქართველოს სამოდელო ბიზნესში არ არის ისეთი დონე, რომ აქ რაღაც გავაკეთო. პანდემია რომ განეიტრალდება, აუცილებლად წავალ და ჩემი საქმის კეთებას ევროპაში გავაგრძელებ. საბედნიეროდ, სხვა საქმებში ისეთი პირობები მაქვს, რომ ხელი არ მეშლება. ერთი სამსახურიდან მეორეში მივფრინავ ხოლმე (იცინის). მართლა არ ვიცი, როგორ ვასწრებ. მაგრამ გულახდილად ვიტყვი, არც ერთხელ არ დამიწუწუნია. ერთი დღე მახსენდება, საქმე არ მქონდა და სახლში ვიყავი. გადავწყვიტე, გემრიელად გამომეძინა, ნუთუ არ მეკუთვნის-მეთქი?! მთელი დღე თავი მტკიოდა და მივხვდი, რომ არ შემიძლია, უბრალოდ ვიწვე და არაფერი ვაკეთო. ძალიან ვარ მიჩვეული აქტიურობას და ენერგიის ხარჯვას, ავდექი და სახლის დალაგება დავიწყე (იცინის).

– სამედიცინო სფერო დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, არ გიჭირს?

– 24/7-ზე ვმორიგეობ ხოლმე. ჩემს პაციენტებს რომ რაღაც სტკივათ, მეც მტკივა და არავინ იცის, რამდენჯერმე მიტირია, ღამით ჩემი პაციენტი რომ ცუდად ყოფილა, აპარატზე მიერთებულს რომ ვხედავ, თავს ვერ ვიკავებ. მით უმეტეს, როცა პატარები მყავს, ვერ წარმოიდგენთ, რამდენჯერ ხელში ამიყვანია. ესმოდა თუ არა, ზღაპრებს ვუყვებოდი, დერეფანში დამყავდა, დედასავით ვასეირნებდი, ვეთამაშებოდი. ძალიან დიდი სტრესია, მაგრამ ამ საქმის სიყვარული მაძლიერებს. ეს სტრესი კარგ განწყობაში გადამაქვს პაციენტების ფერებით. ამ ამბების გამო ახალი წლის მერე კლინიკაში აღარ მივსულვარ და ძალიან მიჭირს ემოციურად. აქედან რომ მივფრინავდი, თვითმფრინავში ჩემი პაციენტების ფოტოებს ვათვალიერებდი. უზომოდ მიყვარს ის ადამიანები, ვისაც ვუვლი, ამის აღწერა რთულია. შვილი არ მყავს, მაგრამ როცა მე არ ვიყავი მორიგე, ჩემს კოლეგას ვურეკავდი და ჩემს პატარა პაციენტს მალაპარაკებდა. ის რომ მიცინოდა, წარმოუდგენლად ბედნიერი ვიყავი. თუმცა, ასაკსაც არ აქვს მნიშვნელობა, არ მესმის, როგორ შეუძლიათ ადამიანებს, უხეშად მოექცნენ, პაციენტს კი არა, თუნდაც უბრალოდ გამვლელს. საქართველოში ეგ პრობლემა გვაქვს, უხეშად ელაპარაკებიან ერთმანეთს, სითბოსა და სიყვარულს არ გამოხატავენ. ეს ძალიან მწყინს.

– ერთი წუთით... ბიჭები ადამიანები არ არიან? სოციალურ ქსელში ვინც გადევნებს თვალს, იცის, რომ არავის „ინდობ“.

– (იცინის) ბიჭებთან ცოტა საჭიროა, თორემ მერე გათამამდებიან. ისინიც ხვდებიან, რომ საჭიროა და იმიტომ მიჭირავს თავი დისტანციურად და ცოტა უხეშად (იცინის). რეალურად ასეთი უხეში არ ვარ. სოციალურ ქსელებში ფოტოებს რომ ნახავენ, აუზზე, საცურაო კოსტიუმში, რაღაცებს ფიქრობენ და ამ დროს რა იციან ჩემი ხასიათი (იცინის). ჩემი პირადი ცხოვრება სიგიჟეა, არ ვიცი, რა ვთქვა.

– ამდენ თაყვანისმცემელს როგორ უმკლავდები?

– არ ვხსნი შეტყობინებებს. რომც მოვინდომო, იმდენია, ვერ გავუმკლავდები (იცინის). ღამე რეპეტიციიდან რომ გამოვდივარ, მანქანით მომყვებიან ხოლმე და იმედი აქვთ, რომ გავიცნობ. შეიძლება, ვინმეს უხეშად ან უარით ვუპასუხო, მაგრამ გულის სიღრმეში ისე განვიცდი, მინატრია ხოლმე, ნეტა ასი ან ორასი მარიამი ვიყო, რომ გული არავის დავწყვიტო-მეთქი (იცინის). რამდენიმე ბიჭმა მომწერა, გეხვეწები, არასდროს გათხოვდე, ძალიან მეტკინება გულიო (იცინის).

– ისეთი წარმატებები გაქვს, გარეგნობა და კარიერა, ალბათ, მართლა დიმიტრი გელოვანს ელოდები.

– ნახავთ თუ არ გამოჩნდება (იცინის). ფიზიკურობაზე მეტად ადამიანის თვისებებს ვაფასებ. მამაკაცმა უნდა იცოდეს, ქალს რა სჭირდება, როდის როგორ უნდა მოიქცეს და ყურადღებიანი და მზრუნველი იყოს – ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. თუმცა, მისი ამ თვისებების გაცნობამდე ვერ მივალ, თუ ადამიანი დაკავებული, შრომისმოყვარე და მიზანდასახული არ იქნება. არ მიყვარს ზარმაცი კაცები. მე ქალი ვარ და ამდენს ვაკეთებ, კაცი როგორ უნდა იყოს ზარმაცი.

– შეიძლება ახლა ცოტა უხეში ხარ, მაგრამ მგონია, რომ როცა შეგიყვარდება, ძალიან თბილი იქნები.

– კი, ჩემს მეორე ნახევარს სითბოთი და სიყვარულით დავღლი. შემიძლია, გული ამოვიღო და საყვარელ ადამიანს მივცე. ამის მეშინია, ხომ შეიძლება, ვერ დააფასონ?! სამწუხაროდ, ყველაფერი ხდება. თუმცა, სანამ სათქმელი არ მექნება, პირად ცხოვრებაზე ბევრი საუბარი არ მიყვარს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი