შოუბიზნესი

რა ექსპერიმენტის შემდეგ დააბრალეს ქართველობის წართმევა ნუცა სურგულაძეს და რომელ კერძებს შესთავაზებს ის პოლიტიკოსებს

№16

ავტორი: ნონა დათეშიძე 14:00 28.04, 2021 წელი

ნუცა სურგულაძე
დაკოპირებულია

კონკურს „მასტერშეფის“ მეორე სეზონის გამარჯვებული, მზარეული ნუცა სურგულაძე 22 წლის გახდა. მიაჩნია, რომ მის ასაკში საკმაოდ ბევრს მიაღწია და ეს მხოლოდ მისი შრომის შედეგია. მის ვიდეოებს, სადაც უგემრიელესი კერძების მომზადებას გვასწავლის, უამრავი მაყურებელი და გამომწერი ჰყავს. მართალია, ევროპაშიც ფიქრობდა წასვლას, მაგრამ შექმნილი სიტუაციის გამო ეს გეგმა გადაედო, თუმცა, მომავალში არ გამორიცხავს, რომ შეძლებს. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად მისივე მომზადებული ბევრი გემრიელობის დაგემოვნება უწევს, ბოლო პერიოდში გურმანმა მზარეულმა წონაში საკმაოდ ბევრი მოიკლო და საოცარ ფორმაშია.

ნუცა სურგულაძე: გურმანი ვარ. ყოველთვის მიყვარდა ჭამა და განსაკუთრებით, ტკბილეულის და დესერტების. უგემურ საჭმელზე პროტესტი მქონდა. კერძო სკოლაში დავდიოდი და ჩემი მომზადებული საჭმელი მიმქონდა ჩემთვისაც და ჩემი მეგობრებისთვისაც. ბუფეტში გამოკვებაზე უარს ვამბობდი (იცინის). ბავშვობაში ბევრს ვჭამდი, მაგრამ არ ვსუქდებოდი. წონაში მატება გარდატეხის ასაკში დავიწყე და მივხვდი, ასე არ შეიძლებოდა, თავისთვის უნდა მიმეხედა. სერიოზულად დავიწყე სხეულზე ფიქრი და კატეგორიული დიეტებით ვშიმშილობდი. რვა წელია, ზედმეტ წონას ვებრძვი და სულ მკაცრ დიეტებს ვიცავდი, ჯანმრთელობა დავიზიანე, მეტაბოლიზმიც შემეცვალა, ნივთიერებათა ცვლაც და ამან ყველაფერმა, კლების ნაცვლად, პირიქით, წონის მომატება გამოიწვია.

– თუმცა, ახლა საკმაოდ დაკლებული ხარ. ეს რისი შედეგია?

– ვარჯიში და სწორი კვება დავიწყე. რთულია ამდენი წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული მავნე ჩვევის გადაგდება და მენტალურადაც სხვა ძალებზე გადასვლა, თუმცა შედეგს რომ ვუყურებ, კმაყოფილი ვარ. ერთ წელში 13 კილო მოვიკელი. 18-საათიან დიეტაზე ვარ და მავნე საკვებსაც ვერიდები. სიმართლე გითხრათ, მენიუდან არაფერი ამომიღია, თავს არ ვიზღუდავ. თან, სულ მიწევს ჩემი მომზადებულის გასინჯვა, გადაღებები, დატესტვა და ამიტომ კონკრეტულ ინგრედიენტს ვერ ამოვიღებ, ეს შეუძლებელია. უბრალოდ, შევზღუდე რაოდენობა და კალორაჟი. დილის 9 საათიდან შუადღის 3 საათამდე მივირთმევ ნებისმიერ საკვებს 1 300 კალორიამდე, ასე რომ, ცილებსაც მივირთმევ, ბოსტნეულსაც და რაც მიყვარს, იმასაც და 3 საათის მერე რომ აღარ ვჭამ, ვიკლებ წონაში. თუ დღის განმავლობაში ძალიან მომშივდა, წყალს ვსვამ ან შოკოლადს მივირთმევ. თავიდან გამიჭირდა, თორემ ახლა მივეჩვიე. 21 დღე სჭირდება ორგანიზმს, რომ სწორი ჩვევა ჩამოყალიბდეს. გარდერობიც გადავახალისე და ვიცვამ იმას, რაც მომწონს. თუმცა, მიზანი ბოლომდე არ არის მიღწეული და აქტიურად ვაგრძელებ ვარჯიშს, მინდა, კიდევ ათი კილო დავიკლო. არ მიყვარდა ხშირად სარკეში ჩახედვა და რაც გარეგნულად შევიცვალე და თმაც გამეზარდა, აქტიურად დავიწყე სარკეში ჩახედვა და გაპრანჭვა (იცინის). ყოველი დილის გათენება სხვანაირად მიხარია.

– მართალია, საქართველოში კონკურსის წყალობით გახდი ცნობილი, თუმცა, მანამდე საფრანგეთში, საკმაოდ წარმატებული მზარეული იყავი და კარგი კარიერა გელოდებოდა. რატომ წამოხვედი იქიდან?

– საფრანგეთში ვიზა დამიმთავრდა და საქართველოში მის ასაღებად ჩამოვედი. ახალი წესების მიხედვით, სამი თვე უნდა დამეცადა და პანდემიაც დაიწყო, ჩავრჩი საქართველოში და „მასტერშეფის“ კონკურსიც გამოცხადდა. გავედი და ჩემი გამარჯვებითაც დასრულდა. ევროპაშიც ვაპირებდი წასვლას. იტალიაში არ ვარ ნამყოფი და მინდოდა, ძალები იქაც მომესინჯა. თუმცა, იტალიაში დახურულია ყველაფერი და არ იციან, როდის გაიხსნება. ასე რომ, საფრანგეთიდან შემოთავაზება იყო და ვერ წავედი, იტალიაში ჩასვლაც გადაიდო, თუმცა, აუცილებლად წავალ.

– კონკურსის გამარჯვებულს ბათუმში ბინა გადმოგეცა. გავიგე, იქ აპირებ საცხოვრებლად გადასვლას და ზღვისპირეთში საკუთარი კაფე-რესტორნის გახსნას. ეს სიმართლეა?

– დიახ, როგორც გამარჯვებულს, ბინაც გადმომეცა და ძალიან ლამაზი სამზარეულოც. ჩემს ასაკში ძალიან ბევრს ნიშნავს ეს ყველაფერი. ამას კი ჩემი მიზანდასახულობითა და შრომით მივაღწიე და ამით ვამაყობ. ის, რომ ბათუმში გადავდივარ საცხოვრებლად, არ არის სიმართლე. კი მიყვარს იქაურობა, რაღაც გეგმებიც მქონდა, მაგრამ პანდემიიდან გამომდინარე, ესეც გადაიდო. მომავალში კი, იმედია, ზღვისპირეთში კაფე-რესტორანსაც გავხსნი, მაგრამ ამ ეტაპზე – არა (იცინის). თბილისში, რამდენიმე ობიექტზე, როგორც ერთ-ერთი პარტნიორი და დამფუძნებელი ვმუშაობ, მაგრამ მხოლოდ ჩემი საკუთრება არ არის.

– რა არის პროფესიონალი მზარეულის მთავარი იარაღი და გამორჩეულად რომელი ნივთი გიყვარს სამზარეულოში?

– მზარეულის მთავარი იარაღი არის ცოდნა, შრომისმოყვარეობა და საქმის ბოლოდემდე მიყვანა და სიყვარული. რაც შეეხება საყვარელ ნივთს სამზარეულოში, ეს არის დანა. ძალიან ბევრი მაქვს და მინდა, კიდევ ბევრი მქონდეს (იცინის). სხვათა შორის, მაქვს გამორჩეულად საყვარელი დანა, რომელიც დედის მეგობარმა მაჩუქა და მასზე ამოტვიფრულია „ნუცასია“– სპეციალურად ჩემთვის დაამზადეს.

– ქართველი პოლიტიკოსებიდან ვის გაასინჯებდი შენს კერძს და რომელს?

– ზოგადად, აპოლიტიკური ადამიანი ვარ, მაგრამ პოლიტიკოსებს სიამოვნებით მოვუმზადებდი კერძებს (იცინის). მაგალითად, კახი კალაძეს მოვუმზადებ სტეიკს, ირაკლი ღარიბაშვილს – საზამთროს სალათას, ირაკლი კობახიძეს კი – პიურეს და კატლეტს (იცინის). სხვათა შორის, ჩემს სახლში მოწყობილ სტუდია-სამზარეულოში ბევრი ცნობადი ადამიანი მოდის და მათთან ერთად ვამზადებ გემრიელ კერძებს, რომლის ვიდეოებსაც სოციალურ ქსელში ვდებ. საკმაოდ კარგი მზარეულები აღმოჩნდნენ. ერთი წლის წინ დავიწყე ეს ყველაფერი და საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. სხვათა შორის, მსახიობმა ანა ტყებუჩავამ, საკმაოდ ორიგინალურად და განსხვავებულად გამოაცხო ღუმელში თევზი ბოსტნეულით და ეს ვიდეო დღესაც ძალიან აქტუალურია.

– ყველაზე უცნაური კერძი რა გაგისინჯავს და თავად რა კულინარიული უცნაურობა „ჩაგიდენია“?

– საფრანგეთში პირველად გავსიჯე ლოკოკინა. არ მინდოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ არ ჰქონდა ცუდი გემო (იცინის). ლოკოკინა რომ გამოვიღე ნაჭუჭუდან, ცოტა უცნაური გრძნობა იყო. სხვათა შორის, უცნაურია, მაგრამ მიყვარს ვანილის ნაყინზე მოსხმული კახური ზეთი. შეუთავსებელია ზეთი და ნაყინი, მაგრამ, საინტერესო და კარგი გემო აქვს. ერთხელ კი ხინკლის ცომი გავაფერადე ჭარხლის წვენით და ერთი ამბავი ატყდა: ქართველობას გვართმევსო (იცინის). სამზარეულოში ექსპერიმენტები აუცილებელია და ყველა მზარეულს თავისი „ფიშკა“ აქვს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი