შოუბიზნესი

რა დანაკლისი აინაზღაურა მსახიობობით დეა აფციაურმა და ვინ გადაიყვანა მისი და ოთო აბესაძის ურთიერთობა სულ სხვა რელსებზე

№28

ავტორი: ეთო ხურციძე 16:00 20.07, 2022 წელი

დეა აფციაური
დაკოპირებულია

„ჩემი ცოლის დაქალების“ ბოლო სეზონის დასკვნით სერიაში ჟურნალისტის ეპიზოდური როლი დეა აფციაურმა მოირგო და მაყურებლის დიდი მოწონებაც დაიმსახურა. კადრს მიღმა დეა პროფესიით ჟურნალისტია და შესაბამისად, გადაღებების დროსაც არ გასჭირვებია როლში შესვლა. დეას სერიალთან და მოგზაურობასთან დაკავშირებით ვესაუბრეთ – ცოტა ხნის წინ ის და მისი მეუღლე, ოთო აბესაძე, ლატვიიდან დაბრუნდნენ.

დეა აფციაური: ჩემი მეუღლე და ჩემი დედამთილი რიგის ტექნიკური უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორები არიან. ახლახან ამ უნივერსიტეტის 160 წლის იუბილე იყო და მასშტაბურად აღნიშნეს, ჩვენც ვიყავით მიწვეულები და ერთი კვირით ლატვიაში გავემგზავრეთ. შთაბეჭდილებებით სავსე დავბრუნდი, გარდა იმისა, რომ ქვეყნის ღირსშესანიშნაობები მოვინახულეთ და ძალიან მომეწონა, გაოცებული დავრჩი ლატვიელების სტუმართმოყვარეობით. უზომოდ თბილი და მოსიყვარულე ხალხია. ისეთ ყურადღებას იჩენენ, შეიძლება, ცოტა უხერხულობაც კი შეგიქმნან, ამაში ქართველებს გვგვანან. უნდა აღვნიშნო, რომ ეს იყო ჩვენი პირველი მოგზაურობა კირას გარეშე.

– რამდენად რთული იყო კირას გარეშე მოგზაურობა? როგორც ვიცი, ყველგან თან დაგყავთ.

– რთულია, როცა ბავშვს სახლში ტოვებ და შენ მიდიხარ, თუმცა რაღაც დოზით საჭიროა, რომ ცოლ-ქმარმა მარტო იმოგზაუროს, თუნდაც წელიწადში ერთხელ. ტელეფონზეც ვიყავით „ჩამოკიდებული“, თუმცა, შეძლებისდაგვარად, დასვენებაც მოვახერხეთ. კირასთან ერთად ვიმოგზაურეთ გერმანიასა და თურქეთში. ზოგადად, ისეთი მიდგომა გვაქვს, ვცდილობთ, პატარაობიდანვე მარტივად ადაპტირდეს სხვადასხვა მოვლენასთან, მაგალითად, ფრენა ზოგი ზრდასრული ადამიანისთვისაც რთულია, ჩვენ კი გვინდა, ბავშვობიდან მიეჩვიოს, შემდეგ რომ დისკომფორტი არ ჰქონდეს.

– რა სირთულეები ახლავს პატარასთან ერთად მოგზაურობას?

– ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლის განწყობას, როგორ მიუდგება ამ საკითხს. რა თქმა უნდა, ახლავს სირთულეები, თუნდაც ძილისა და კვების მხრივ, მაგრამ დაუძლეველი არაფერია. გერმანიაში რომ მივფრინავდით, ხანგრძლივი ტრანსფერი გვქონდა, ძილის რეჟიმი აერია და თვითმფრინავში დაიწყო ტირილი. ეს ბუნებრივია, დისკომფროტი იყო და სხვები რომ არ შეეწუხებინა, მშობლის ფაქტორი ჩაირთო. მალევე დამშვიდდა და მშვიდობიანად ვიფრინეთ.

– ახსენე, საჭიროა, ცოლ-ქმარმა დრო დაუთმოს მარტო მოგზაურობასო. რამდენად მნიშვნელოვანია ეს წყვილისთვის?

– ვფიქრობ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. წყვილმა ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე უნდა დაუთმოს დრო საკუთარ თავს და განმარტოვდეს, ეს საჭიროც არის. აქ არ ვგულისხმობ აუცილებლად უცხოეთში გამგზავრებას ან რაიმე მსგავსს. მე და ჩემი მეუღლე ყოველ საღამოს, ბავშვის დაძინების შემდეგ, განვმარტოვდებით და იმ დღის ამბებს განვიხილავთ. წყვილს უნდა ჰქონდეს თავისი პირადი სივრცე, რომ ისაუბრონ და აზრები გაცვალონ. უცხოეთში თუ არა, საქართველოში ორ კვირაში ერთხელ მაინც ვცდილობთ ერთი დღით სადმე გასვლას და დროის ერთმანეთისთვის დათმობას. ეს ბავშვზეც კარგად მოქმედებს, რადგან მშობლების ჯანსაღი ურთიერთობა დადებითად აისახება პატარებზე.

– წლებთან ერთად რა შეიცვალა თქვენს ურთიერთობაში?

– განწყობის თეორიას აქვს დიდი მნიშვნელობა, თუნდაც ის, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს, ესეც წყვილზეა დამოკიდებული. ხშირად გაუაზრებლად აქვთ ამ ცვლილებების მოლოდინი და მას, ძირითადად, უარყოფით კონტექსტში განიხილავენ – რომ, თითქოს, წლების გასვლის შემდეგ გრძნობა ისეთი მყარი აღარაა, როგორც თავიდან და ასე შემდეგ. ამ მოსაზრებას კატეგორიულად უარვყოფ. ურთიერთობა ნებისმიერ ეტაპზე იცვლება, მთავარია, შენ როგორ შეხედავ მას. 2 წლის წინ ჩვენს ცხოვრებაში კირა გაჩნდა და მან სულ სხვა რელსებზე გადაიყვანა ჩვენი ურთიერთობა. ექვსი წელია, მე და ოთო ერთად ვართ, ამ პერიოდის განმავლობაში მხოლოდ უკეთესობისკენ იცვლება ყველაფერი. ალბათ, ამაში ისიც გვეხმარება, რომ ორივე ზედმეტად ემოციურები ვართ და ბევრს ვსაუბრობთ. ზოგადად, მგონია, საუბარს ნებისმიერ ურთიერთობაში დიდი მნიშვნელობა აქვს. როცა ადამიანებს შეუძლიათ, საკუთარი აზრები გაუზიარონ ერთმანეთს, ეს ეხმარება ურთიერთობას, რადგან მათ შორის გაურკვეველი აღარაფერი რჩება. თუმცა, არის შემთხვევები, როცა ჩვენც ვკამათობთ, რაღაცაზე ვერ ვთანხმდებით და ასე შემდეგ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, დღეს იმაზე მეტად გვიყვარს ერთმანეთი, ვიდრე ექვსი წლის წინ.

– როგორც სოციალურ ქსელში შენი პოსტებიდან ჩანს, კირა მამიკოს გოგოა. ხომ არ ეჭვიანობ ხოლმე?

– ამას ხუმრობით ვამბობ ხოლმე, რეალურად ძალიან მსიამოვნებს რომ ასეა. თავადაც მაქვს ეს გამოცდილება, სამწუხაროდ, მამა ცოტა ხნის წინ გარდამეცვალა, მასთან სულ სხვა დამოკიდებულება მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მშობელი ყველაფერს მერჩივნა. ვიდრე დედა გავხდებოდი, მანამდეც ვაღიარებდი მამისა და ქალიშვილის სულ სხვა ურთიერთობას, ეს შეხედულება კირამ და ოთომ კიდევ უფრო განმიმტკიცა, თუმცა ჩემს შვილს მეც ძალიან ვუყვარვარ (იცინის).

– „ჩემი ცოლის დაქალებში“ ეპიზოდური როლი გქონდა, როგორ მოხვდი ქვეყნის ყველაზე ცნობილ სერიალში?

– „ჩემი ცოლის დაქალებში“ ეკა მჟავანაძის დამსახურებით აღმოვჩნდი, მანამდეც ჟურნალისტის რამდენიმე ეპიზოდური როლი მქონდა. ზოგადად, სამსახიობო სივრცეში ბევრი წლის წინ სრულიად შემთხვევით მოვხვდი. რეკლამებში, სერიალებში, კლიპებში, ფილმებში მქონდა ხოლმე ეპიზოდური როლები. სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიხარდა ის, რომ საკვანძო სერიაში მომიწია თამაში.

– პროფესიით თავადაც ჟურნალისტი ხარ და შენს პერსონაჟზე რას გვეტყვი?

– რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ტელე-რადიო ჟურნალისტიკის მიმართულებით ბაკალავრიატი მაქვს დამთავრებული, მაგისტრატურა კი ტურიზმის განხრით გავაგრძელე. რატომღაც, ჩემი ჟურნალისტური კარიერა რეალურ ცხოვრებაში ვერ აეწყო, მიუხედავად იმისა, რომ ამის დიდი სურვილი მქონდა. წლების წინ გაცილებით რთული იყო ამ სფეროში სამართლიანად დაგემკვიდრებინა თავი, თუმცა, ეს დანაკლისი სამსახიობო კუთხით ავინაზღაურე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი