შოუბიზნესი

რა აღიარება მოიპოვა მარიამ ელიეშვილმა ისრაელში და როგორ ჩამოიყვანა მისმა სიმღერამ მამაო ლაპლანდიიდან საქართველოში

№48

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 05.12, 2022 წელი

მარიამ ელიეშვილი
დაკოპირებულია

ულამაზესი, უნიჭიერესი და მუდამ მოღიმარი მომღერალი მარიამ ელიეშვილი ისრაელში ებრაული სიმღერის საუკეთესო არაებრაელ შემსრულებლად აღიარეს.

მარიამ ელიეშვილი: ახლახან დავბრუნდი ისრაელის საკმაოდ გრძელი ტურნედან. 7 ნოემბერს ჩატარდა საერთაშორისო ფორუმი, სადაც მეც გახლდით ჩემს სხვა კოლეგებთან ერთად, ივრითული სიმღერების შესასრულებლად. მსგავსი ფორუმი საქართველოშიც ჩატარდა ცოტა ხნით ადრე და მას ესწრებოდნენ წარმომადგენლები ისრაელიდან, ებრაელები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, იქაური ტელევიზია. როდესაც ჩემი შესრულებული ივრითული სიმღერა მოისმინეს და გაიგეს, რომ არც ებრაელი ვიყავი და არც ივრითული ენის მცოდნე, ჩემით დაინტერესდნენ. ჯერ ტელევიზიაში მიმიწვიეს, შემდეგ ამ ფორუმზე, როგორც ივრითული სიმღერების საუკეთესო არაებრაელი შემსრულებელი. თვითონ ამბობენ, რომ ენის არცოდნის მიუხედავად, უაქცენტოდ ვასრულებ მათ ეროვნულ სიმღერებს. მგონია, რომ მათი კეთილგანწყობა ამანაც დაიმსახურა. ძალიან მიხარია, რომ ეს პატივი მერგო. წლებია, ამ ქვეყანაში დავდივარ. აქამდე შეხება ძირითადად ქართველ ებრაელებთან და ემიგრანტებთან მქონდა. ახლა უკვე მთელი ებრაული საზოგადოების ინტერესი წამოვიდა ჩემი მუსიკალური კარიერის მიმართ. საინტერესო შემოთავაზებები მივიღე და კიდევ ბევრჯერ გავახარებ ჩემს გულშემატკივრებს.

- როგორც ვხვდები, უკვე იქაური ტელევიზიების ხშირი სტუმარიც ხარ, არა? ბეჭდურ მედიაშიც წერდნენ შენ შესახებ.

- კი, ივლისში ვიყავი „მეშვიდე არხზე“. ეს არის ისრაელის ადგილობრივი ტელევიზია, სადაც საკმაოდ მკაცრად ირჩევენ სტუმრებს. იკვლევენ, როგორი დამოკიდებულება აქვს მას მათი ქვეყნის მიმართ და სხვათა შორის, ამ ტელევიზიაში ქალებსაც იშვიათად იწვევენ. როდესაც ჩემი ინტერვიუ გამოვიდა, ბევრი მეკითხებოდა, ამ ტელევიზიაში როგორ მოხვდიო (იცინის). სტატიებიც საკმაოდ ბევრი დაიბეჭდა იმ ღონისძიების მონაწილეების და მათ შორის, ჩემ შესახებ, რაც ძალიან მახარებს.

- ამდენი ადამიანის გული დაიპყარი, ტელევიზია, ბეჭდური პრესა დააინტერესე და ამას დაემატა მოულოდნელი სიურპრიზებიც სასტუმროში: ყვავილები, შოკოლადები...

- ჩემს მუსიკალურ კარიერას თან ახლავს ხოლმე ასეთი მოულოდნელი და საინტერესო სიურპრიზები (იცინის). ჩემი გულშემატკივრები განსხვავებული ხერხებით ცდილობენ ყურადღება მიიქციონ. მახსოვს, ბარსელონაშიც იგივე ამბავი იყო. ამჯერად, ჩემმა თაყვანისმცემელმა სასტუმროშიც გამომიგზავნა საჩუქარი სიურპრიზად. სოციალურ ქსელში ფოტოს რომ დავდებ და ადგილმდებარეობას მოვნიშნავ, სავარაუდოდ, იქიდან მაგნებენ (იცინის). გარეთ ვიყავი გასული ქალაქის დასათვალიერებლად და საღამოს მიმღებში ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი დამხვდა. ასეთი მომენტები განსაკუთრებით მაბედნიერებს. როდესაც ადამიანები ცდილობენ, ყურადღება ისე ეგამოხატონ როგორც შეუძლიათ, ძალიან საინტერესოა. გოგონებს განსაკუთრებულად გვიყვარს ასეთი რამეები (იცინის). დიდი ხანი ვეძებდი ამ სიურპრიზის ავტორს და სოციალურ ქსელშიც ამიტომ გავაზიარე ფოტო, მინდოდა, მადლობა გადამეხადა გამომგზავნისთვის.

- მარტო შენ კი არა, დედაც ძალიან ხშირად იღებს შენი თაყვანისმცემლებისგან გამოგზავნილ ყვავილებს, არა?

- დედაც იღებს და იყო შემთხვევა, როცა მე და დედა სახლში არ ვიყავით და კურიერმა მამაჩემს მიართვა ჩემთვის გამოგზავნილი ყვავილების თაიგული (იცინის). არ უნდოდა, თუმცა ყვავილების უკან დაბრუნებაც არ გამოვიდა (იცინის). დედა ჩემ გვერდითაა ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაზე - ყველა კონცერტზე საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. ასე რომ, ვინც მიცნობს, იცის, რომ ის ყოველთვის გვერდით მიდგას. შესაბამისად, ალბათ, ჩემი გულშემატკივრებიც ცდილობენ, კარგი საქციელით დედაჩემის გულიც მოიგონ (იცინის). ჩემთვის რომ გამოუგზავნიათ ხოლმე საჩუქარი, წერილიც მოუყოლებიათ: ეს კი დედიკოსო და სიურპრიზი მისთვისაც იყო (იცინის). ამაზე ძალიან ვხალისობთ და რა თქმა უნდა, ყველას დიდი მადლობა. ყველას ყურადღება და პატივისცემა დასაფასებელია.

- რამდენადაც ვიცი, საკმაოდ ბევრ ენაზე მღერი?

- კი, საკმაოდ ხშირად მიწევს საქართველოს ფარგლებს გარეთ კონცერტების ჩატარება. შესაბამისად, ქართული სიმღერების გარდა, ყოველთვის ვცდილობ, მსმენელს მათი ეროვნული სიმღერები მათსავე ენაზე შევუსრულო. ამით პატივისცემას გამოვხატავ მათი ერისა და კულტურის მიმართ. ასე რომ, ქართულის გარდა, 15-მდე ენაზე ვმღერი. თითოეულის სწავლის პროცესი განსაკუთრებით საინტერესოა. ესპანური სიმღერები მიყვარს ძალიან, ჩემს ხასიათთან ახლოსაა და საკმაოდ ბევრიც დამიგროვდა რეპერტუარში.

- როგორ შეხვდი კახეთში ფინეთის მიტროპოლიტს და როგორ მოხდა, რომ მან შენი სიმღერა ზეპირად იცოდა, თან უშეცდომოდ?

- ეს განსაკუთრებულად სასიამოვნო ფაქტი იყო, რადგან ეს ადამიანი საქართველოთი სწორედ ჩემი სიმღერის გამო დაინტერესდა. ვგულისხმობ სიმღერას „ჩვენ ახლა ერთურთს“. როგორც მან მითხრა, ერთ-ერთმა სერბმა მამაომ გააცნო ჩემი რეპერტუარი. ის მელომანია და მითხრა, რომ ქართული სიმღერებით სწორედ „ჩვენ ახლა ერთურთს“ - ამ სიმღერით დაინტერესდა და გადაწყვიტა, საქართველოში ჩამოსულიყო. მე მათი მასპინძელი ქართველი მამაო დამიკავშირდა. მასთან ერთად იყო კიდევ ერთი მამაო დანიიდან. უნდოდათ ჩემი გაცნობა და კონცერტზე დასწრება. იმ დღეს კახეთში მქონდა კონცერტი, ჩამოვიდნენ, დაესწრნენ, ახლოს გავიცანით ერთმანეთი. ძალიან მრავალფეროვანი ღონისძიება იყო, სადაც ჩვენს კულტურას კარგად გაეცნენ და აღფრთოვანებულებიც დარჩნენ. მამაომ მომასმენინა როგორ მღეროდა ჩემს სიმღერას, რაც ჩემთვის დიდი სიხარული იყო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი