შოუბიზნესი

ნინო ძოწენიძე: წარმატებასთან ერთად ბევრი ადამიანური თვისება უკანა პლანზე გადადის

№41

ავტორი: ეთო ხურციძე 21:00 21.10, 2021 წელი

ნინო ძოწენიძე
დაკოპირებულია

ბლიცინტერვიუ ნინო ძოწენიძესთან 👇

სახელი: ნინო

გვარი: ძოწენიძე.

პროფესია: მომღერალი.

– მოგონება ბავშვობიდან...

– 6 წლისას კონცერტი მქონდა, სოლისტი ვიყავი - ვიოლინოზე უნდა დამეკრა და ორკესტრი მელოდებოდა. სცენაზე გასვლის წინ ვიოლინო გამიტყდა. მომიწია სხვისი ვიოლინოთი დაკვრა და კონცერტი ისეთი არ გამოვიდა, რისი მოლოდინიც მქონდა... ბევრი საინტერესო, მხიარული და ცოტა მტკივნეული მოგონება მაქვს. ჩემი ბავშვობა ასოცირდება ჩემს ქალაქთან, ქუთაისთან, იმ სახლთან და უბანთან, სადაც ვცხოვორბდით და ყველაზე მთავარი - მამასთან, რომელიც ცოცხალი აღარ მყავს. ჩემთვის დღემდე ემოციურია და მიჭირს ჩემს უბანში, სახლში მისვლა; იმ ადგილას გაჩერება, სადაც ბავშვობა გავატარე...

– მშობლების როლი...

– დიდია ჩემს ცხოვრებაში, განსაკუთრებიუთ 18 წლამდე. ჩემი ბავშვობა 90-იანი წლებში იყო და მოგეხსნებათ, როგორი გაჭირვებული პერიოდი გვქონდა. დედა და მამა ჩემთვის აკეთებდნენ ყველაფერს, შეიძლება თავად რაღაც მოეკლოთ, მაგრამ მე არასოდეს დამაკლებდნენ. ბავშვობიდან ვმღერი, სულ კონცერტები და გასვლითი პროექტები მქონდა. მახსოვს, თუ რამე კეთდებოდა, სადაც თანხა ან ფორმის ყიდვა-შეკერვა იყო საჭირო, ოჯახი ყოველთვის გვერდში მედგა.

– ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი...

– ასევე ძალიან კარგად ვცეკვავდი და სიმღერისა და ცეკვის გარდა, არც არაფერზე მიოცნებია - გადაწყვეტილი იყო ჩემთვის ეს პროფესია. ასე რომ ვფიქრობდი, ცუდია, რადგან დღეს ისეთი დრო დადგა ენთუზიაზმზე თუ ვიმღერებთ მომღერლები. სხვა პროფესიაც რომ მქონოდა, რომელიც კარგ ცხოვრებასთანაა დაკავშირებული, კარგი იქნებოდა - ჩვენს ქვეყანაში თორემ, სხვაგან მომღერლებს ნამდვილად არ უჭირთ.

– ჩემი მეტსახელი...

– ბავშვობაში მეძახდნენ: ჭყიტა, სკვინჩა, უიტნი. „ჭყიტა“ იმიტომ, რომ ლოყა მეჩხვლიტება, „სკვინჩა“ - ცხვირი მეწვებოდა მზეზე, ხოლო იმის გამო, რომ ბავშვობიდან უიტნის სიმღერებს ვმღეროდი ბირჟაზე და ყველგან, შემარქვეს „უიტნი“ - ჩვენი „უიტნიო“, ასე ამბობდნენ ბავშვები.

– ადამიანში ვაფასებ...

– ერთგულებას და სიყვარულის ნიჭს, ასევე მნიშვნელოვანია ნდობის ფაქტორი - რამდენად სანდოა ის. თავად ადამიანობას ვაფასებ ყველაზე მეტად, რომელიც ყველა დადებით თვისებას მოიაზრებს და არა რაღაც ფსევდოს.

– წარმატებული ადამიანი არის...

– ვფიქრობ, წარმატებასთან ერთად ბევრი ადამიანური თვისება უკანა პლანზე გადადის - ავტომატურად ხდება ასე. იმდენ რამეს „ეჯახები“ ცხოვრებაში, იმდენი უსამართლობა გვხვდება, თუ რაღაცაზე თვალი არ დახუჭე და ემოციები ვერ აკონტროლე, წარმატების მიღწევა ყველა სფეროში რთულია. ჩემთვის წარმატებული ადამიანი ნიშნავს ძალიან ჭკვიანს და ემოციურად გაწონასწორებულს. კარგია, ვისაც შეუძლია, ასეთი იყოს.

– მწამს...

– სიყვარულის და იმ ღმერთის, რომელიც ჩვენშია. ასევე, 10 მცნების, რომელსაც უნდა იცავდე, რადგან შენს მორალურ სახეს ასახავს.

– მეშინია...

– უიმედობის, როცა გრძნობ, უპერსპექტივობაა და თითქოს ყველაფერი უცებ გაჩერდა. ახლა გამძაფრებულია ეს უიმედობა. კიდევ, მეშინია იმის, რომ არ გავტყდე, როგორც ადამიანი.

– მაბედნიერებს...

– ჩემი საქმე მაშინ, როცა რეალიზებული, შემდგარი ვარ და ვფიქრობ, რომ რაღაც გავაკეთე. ჩემი შვილის წარმატება და საყვარელი ადამიანების კარგად ყოფნა.

– ვრისკავ...

– არ ვარ რისკიანი. ზოდიაქოთი კურო ვარ და ასტროლოგები ამბობენ: ზარმაცები არიან, თუმცა როცა მოტივაცია აქვთ, მთებსაც გადადგამენო. თუ ჩემს კარიერასა და საქმეში რაღაც წინ მიდის, მაშინ ვრისკავ, მაგრამ ცხოვრებაში - არა. სტაბილურობის მოყვარული ვარ და სიახლეები ცოტა მაშინებს.

– მაკვირვებს...

– დღეს ნამდვილად გასაკვირია სუფთა ადამიანი, რომელმაც უკვე რაღაცას მიაღწია და მაინც კარგ ადამიანად დარჩა. აი, ეს როგორ მოახერხა, მართლა მაკვირვებს.

– ვერიდები...

– კონფლიქტებს. ყოველთვის თავს ვარიდებ სიტუაციის გამძაფრებას, არა მხოლოდ საკუთარი თავის გამო, არამედ ჩემს გარემოცვაშიც. კონფლიქტური ატმოსფერო მაღიზიანებს, ვერ ვჩერდები, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, რაღაცები მოვაგვარო, რომ დაძაბულობა განეიტრალდეს. ზოგჯერ კეთილ ტყუილებსაც კი ვამბობ ამისთვის.

– დღევანდელ საზოგადოებაში დანაკლისია...

– ადამიანობის და ეს ძალიან მტკივნეულია. იმდენად გაბოროტებულია ადამიანების: ტვინი, გონება, გული, რომ ვფიქრობ, როგორ შეუძლიათ, ასე მარტივად ატკინონ სხვას? არ გაუფრთხილდნენ არავის და არაფერს? მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ, რაც ყველაზე მეტად არ მომწონს. ამას არ ვიცი, რა ეშველება. კოვიდმა და სახლში ჩაჯდომამ ეს დეპრესიული ფონი კიდევ უფრო გაამძაფრა და ხალხმა გააფრინა - სტაბილურობას ვეღარ ინარჩუნებენ. რასაც სოციალურ ქსელში ვხედავ, მართლა ვერ ვხდები, ამდენი ნეგატივი როგორ დაუგროვდათ.

– ბედისწერა...

– რაღაც პერიოდი მჯეროდა, რომ, რაც გაწერია, ისე იქნებოდა ყველაფერი. ახლა არ მინდა ამის დაჯერება. მაინც ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული და შეგვიძლია, რაღაცები შევცვალოთ: საკუთარი თვისებებით, სამყაროში კარგი ენერგეტიკის გაშვებით... არ მინდა, ბედისწერის მჯეროდეს.

– მარტოობის განცდა...

– არ მქონია, რადგან მყავს ადამიანები, რომლებიც მავსებენ - მეგობრების გარეშე ყოფნა არ შემიძლია. ბოლო პერიოდში მახასიათებს, 4-5 დღე სახლიდან არ გავდივარ, მაგრამ მარტო არ ვარ, გიგასთან და სანდროსთან ერთად ვარ - კორონამ ძალიან შეცვალა ჩემი ყოველდღიურობა.

– სიცოცხლე არ ღირს...

– სიყვარულის გარეშე, რადგან სიყვარული ყველაფერია. თუ ამის ნიჭი არ გაქვს და სიყვარული არ შეგიძლია, გაბოროტებული ხარ - მარტო საკუთარი თავის სიყვარული საშინელებაა. ამ დიდი გრძნობის გარეშე ალბათ, ვერ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი.

– სიყვარული არის...

– ის, რაც გაგრძნობინებს, რომ ცოცხალი ხარ.

– დრო და სიყვარული...

– ოჯახის წევრების გარდა, შენი არჩევანია, ვის შემოუშვებ საკუთარ ცხოვრებაში. ეს ადამიანები შენთვის მნიშვნელოვანი და ღირებულნი არიან. თუმცა, ამ გრძნობის გაქრობაც შეიძლება. დღეს რომ ვიღაც მიყვარს და ღმერთმა ნუ ქნას, მისი დაკარგვა მომიწია, სულ მარტივადაა ეს შესაძლებელი, თუ ამ გრძნობას არ გაუფრთხილდები.

– ის, რაც უპატიებელია...

– ახლობლებისგან ის, როცა ვიღაც რაღაცას იტყვის ჩემზე და „კბილებით“ არ დამიცავს. თუ ჩემი მეგობარია და მე ამ ამბავს გავიგებ, ძალიან მეტკინება გული - ეს დამოკიდებულება ყველაზე მეტად მწყინს. როცა ადამიანი გიყვარს, შენ გამო ყველაფერზე უნდა წავიდეს, მით უმეტეს, ასეთ დროს.

– შემშურებია...

– შურიანი ნამდვილად არ ვარ. შეიძლება ვინმემ რომ კარგი სიმღერა იმღერა და მომეწონა, ვთქვა, მე რატომ არ გავაკეთე ასეთი-მეთქი, მაგრამ ბოროტად არასდროს შემშურებია. ყოველთვის აღმინიშნავს რაც მომწონებია, დამირეკავს ან პირადად მიმილოცია კონკრეტული ადამიანისთვის წარმატება. კარგი რამ რომ კეთდება, მიხარია, რადგან მეც სტიმული მეძლევა.

– ბოდიშის მოხდა...

– არ მიჭირს, თუ ჩავთვალე, რომ დამნაშავე ვარ. ეს მგონი, კარგი თვისებაა, რადგან შეცდომებს ყველა უშვებს. მთავარია, ისეთი რამ არ შეგვეშალოს, ბოდიშს აზრი აღარ ჰქონდეს.

– ვნანობ...

– იმ სიზარმაცეს, რაც მჭირს და იმ დროს, რომელიც ამის გამო დავკარგე. ახლა უფრო დავაფასე ის თავისუფალი დრო და გამოუყენებელი შესაძლებლობები. საქმის გადადება მჩვევია: ხვალ, ხვალ და აი, იმ გაფლანგულ დროს ვნანობ.

– არასდროს დამავიწყდება...

– პროექტ „ერთი-ერთში“ რომ გავიმარჯვე - ყველაზე მაგარი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში და ასევე, ჩემთვის დაუვიწყარია, შვილის დაბადება.

– მოვლენა, რომელმაც შემცვალა...

– მამის გარდაცვალებამ. იმ დროს მივხვდი, რომ ცხოვრებაში რის გამოსწორებაც შეიძლება, არ ღირს ნერვიულობად. რასაც უკვე ვეღარ შველი და მომხდარია, ესაა ყველაზე დიდი უბედურება. 20 წლის ვიყავი, მამა რომ დაიღუპა, არც დიდი და არც პატარა. ბევრი რამ გადავაფასე მაშინ და დღემდე მაქვს განცდა: ყველაფერს ეშველება, რაც ჩვენს ხელშია და გამოსავალი აუცილებლად მოიძებნება, თუ საქმე სიკვდილს არ ეხება.

– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...

– არაჩვეულებრივი პედაგოგი მყავდა, მარინა ტყაბლაძე და ხშირად მეუბნებოდა: როცა სცენაზე დადგები საკუთარი თავის გჯეროდესო. ეს კარგად დამამახსოვრდა და არა მხოლოდ სცენაზე, ყოველთვის უნდა გჯეროდეს და გიყვარდეს საკუთარი თავი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი