შოუბიზნესი

ნინი წიკლაური: სიცარიელიდან ცხოვრების დასაწყებად წავედი

№23

ავტორი: ქეთი მოდებაძე 22:00 15.06, 2022 წელი

ნინი წიკლაური
დაკოპირებულია

მომღერალი ნინი წიკლაური ექვსი წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. მოგეხსენებათ, ნინიმ ოჯახი შექმნა, მეორე ნახევართან ერთად ცხოვრება ამერიკაში გააგრძელა და მას შემდეგ საქართველოში არ ჩამოსულა.

ნინი წიკლაური: ექვსი წელია, საქართველოში არ ვყოფილვარ, ახლა პირველად ჩამოვედი და ამან ჩემში საოცარი ემოციები გამოიწვია. ენით აღუწერელი სიხარული და ბედნიერება განვიცადე, როცა ჩემი თვითმფრინავი საქართველოში დაეშვა. წავედი ერთი და ჩამოვედით სამნი. ამერიკაში ორი შვილი გავაჩინე და სამივემ ერთად, პირველად ვიმგზავრეთ საქართველოს მიწაზე ფეხის დასადგმელად. მთელი ეს წლები ამ დღეს განსაკუთრებულად ველოდი. ყველაზე მეტად ბებიასა და დედასთან შეხვედრაზე ვოცნებობდი, ყველაზე მეტად ეს ორი ადამიანი მენატრებოდა და მათთან ჩახუტებამდე წუთებს და წამებს ვითვლიდი. ამ გრძნობის გადმოცემა წარმოუდგენელია, მაგრამ ემიგრაციაში მყოფი ადამიანები კარგად გამიგებენ. სულ ვადანაშაულებდი ჩემს თავს, იმის გამო, რომ ბებო და დედა ჩემ გარეშე მყავდა დატოვებული. ეს უფრო რთულს ხდიდა ჩემს ემოციურ მდგომარეობას და სულ ამ მომენტზე ვფიქრობდი, მაგრამ ჩვენმა შეხვედრამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

– ნანობ, რომ ამერიკაში წახვედი?

– მიზეზი, რის გამოც ამერიკაში წასვლას არასდროს ვინანებ, ჩემი შვილების მომავალია. ყოველ შემთხვევაში, მე ამ ეტაპზე მგონია, რომ ამერიკაში დაბადება და ცხოვრება მათთვის სარგებლის მომტანი იქნება. ამერიკა არის ქვეყანა, სადაც ბავშვებს ძალიან უფრთხილდებიან და ამიტომ ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. მეორე მხრივ, სინანულს ვერ დავარქმევ, მაგრამ გული მწყდება იმაზე, რაც აქ დავტოვე. გული მწყდება, რომ საქართველოდან წასვლის გადაწყვეტილება მივიღე. ამაში არავის ვადანაშაულებ. ჩემს ქვეყანაში ყოველთვის დაფასებული ვიყავი, ხალხისგან სიყვარულს ვგრძნობდი, ადამიანებისგან კეთილგანწყობა მოდიოდა და აქედან დაუფასებლობის შეგრძნებით ან ვინმეზე გაბრაზებული ნამდვილად არ წავსულვარ. პირიქით, ზედმეტად მაფასებდნენ და ზედმეტადაც მცემდნენ პატივს. გული მხოლოდ იმიტომ მწყდება, რომ ეს სიყვარული და პატივისცემა დავტოვე და წავედი. წავედი ახლის საძიებლად. სიცარიელიდან ცხოვრების დასაწყებად წავედი. ეს რთული იყო, იმიტომ, რომ აქ, ბავშვობიდან მოყოლებული, მიცნობენ. მე სცენაზე, მაყურებლის თვალწინ გავიზარდე, ეს ჩემი ისტორიაა, რომელსაც ვერასდროს წავშლი და მასთან გამოთხოვება ძალიან რთული აღმოჩნდა.

– თუმცა, აქ დაბრუნების შემდეგ, ყველაფერი ისე გაგრძელდა, თითქოს, არც წასულხარ, არა?

– კი, ასეა და ამისთვის მინდა, ყველას განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა. ჩამოსვლის დღიდან ყველა ტელევიზია, რადიო, ჟურნალი, ადამიანები, საოცარ ყურადღებას იჩენენ ჩემ მიმართ და ყველანაირად მიწყობენ ხელს კარიერის გაგრძელებაში. თითქოს, ისევ ის, ექვსი წლის წინანდელი ნინი დამაბრუნეს. ამით საოცარი ბედნიერება მომანიჭეს. ყველაფერი ძალიან უცნაურად მოხდა. ამერიკიდან საქართველოში რომ მოვფრინავდი, ფიქრისთვის დიდი დრო მქონდა და მთელი გზა ამაზე ვფიქრობდი: ნეტავ, როგორ დამხვდებიან, როგორ მიმიღებენ? ნეტავ, დამიძახებენ სადმე? როგორ გაგრძელდება ყველაფერი?.. აქ ჩამოსულს, ფაქტობრივად, კითხვების დასმა აღარ მაცალეს და პირდაპირ დამაბრუნეს იმ წერტილში, რა წერტილშიც ვიყავი წასვლისას. ახლა თავს ისე ვგრძნობ, თითქოს აქედან არასდროს წავსულვარ. აღმოჩნდა, რომ ყველას ვახსოვარ, ახსოვთ ყველა ჩემი სიმღერა. ამაზე მეტი ბედნიერება მომღერლისთვის არაფერია. მე ვახსოვარ ჩემს მსმენელს, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ამდენი წელია, თავი არ შემიხსენებია.

ამერიკული ცხოვრება ძალიან რთულია, მით უმეტეს, ოჯახთან ერთად. წარმოუდგენელი იყო, თან ოჯახისთვის მიმეხედა, თან სიმღერები ჩამეწერა. ეს ვერანაირად გამოვიდოდა. მით უმეტეს მე ბავშვებს მარტო, დამხმარის გარეშე ვზრდი.

– როგორი ნინი დაბრუნდა ექვსი წლის შემდეგ?

– პირველ რიგში, დაოჯახებული და დედა. ყოველთვის მქონდა უნარი, თავი სხვა ადამიანების ადგილას წარმომედგინა, მაგრამ დედობა ისეთი ძლიერი შეგრძნება ყოფილა, როგორსაც წარმოდგენაშიც ვერ დავუშვებდი. ორი არაჩვეულებრივი ბიჭის დედიკო ვარ და ამან ჩემი შინაგანი მე შეცვალა. გავხდი უფრო მზრუნველი, უფრო მეტად მოწესრიგებული, უფრო მეტი დავალება მივეცი საკუთარ თავს იმისთვის, რომ უკეთესი ვიყო, რაც ჩემი შვილებისთვისაა საჭირო. მინდა, უფრო მეტად შემდგარი ვიყო. მინდა, რომ საიმედო და მისაბაძი მშობელი ვიყო, რათა საბასა და ილიას მეტად გამოვადგე. აქედან გამომდინარე, ნინი შეიცვალა, მაგრამ ჩემში ის ბავშვური ნინიც ცხოვრობს, რომელიც აქედან წავიდა.

– ამერიკაში განცდილმა სირთულეებმა, უფრო სენსიტიური არ გაგხადა?

– ამ სირთულეების დროს ჩემმა მხიარულმა ხასიათმა და შინაგანმა ადამიანობამ მიშველა. მადლობა ღმერთს, დღემდე შემიძლია, ყველანაირი პრობლემა სიმშვიდითა და ღიმილით გადავლახო. ღიმილი არის გამოსავალი ნებისმიერი პრობლემის დროს. მას სინათლემდე მიჰყავხარ, რაც გამოსავლის პოვნაში გეხმარება. ვგრძნობ, რომ მოღიმარი და დადებითი აურის მქონე ნინი ისევ ცოცხლობს ჩემში და შეიძლება, დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე წინათ. რაც შეეხება სენსიტიურობას, კი, ბევრი სირთულე იყო და ამან იმოქმედა. ერთხელ, ჯერ კიდევ წლების წინ, ლევან წულაძემ მითხრა: როცა იღიმი, შენს თვალებში დიდი სევდა ჩანსო. სახლში რომ მოვედი, ბებიას ვუთხარი, მგონი, ჭოლა ცოტა მკითხავია, რაღაცები გამოიცნო-მეთქი. მაშინ, მით უმეტეს, ცოტა პატარა ვიყავი, მაგრამ ჩემს პოზიტიურ ხასიათს, სევდა ყოველთვის თან სდევდა. თუმცა, მაშინაც და ახლაც, ვცდილობ, ის ჩემმა ღიმილმა დამალოს.

– ამერიკაში როგორ უმკლავდებოდი მონატრებას?

– მე იქ ბევრი მეგობარი მყავს, რომელიც მეუბნება, კარგი, რა, როგორ უნდა მომენატროს საქართველოში დანგრეული სახლი, როცა აქ ძალიან კომფორტულად ვცხოვრობ?! ადამიანს გააჩნია. მე პირიქით ვარ. მე სადაც დავიბადე და გავიზარდე, სადაც ახლა ვარ, თბილისის ერთ-ერთი ძველი უბანია. ჩემი სახლი ორ საუკუნეზე მეტი ხნისაა, აბსოლუტურად არაკომფორტულია, შედარებაც რომ არ შეიძლება, მაგრამ მე მიყვარს აქაურობა, ეს ჩემი ისტორიაა და შეუძლებელია, ის კომფორტულმა ვილამ შემიცვალოს. უკეთესი პირობები აქაურობას ვერ დამავიწყებს, ეს გამორიცხულია. ამიტომ ყოველ წამს მენატრებოდა და ასე იქნება მთელი ცხოვრება. თუმცა, პატარა ბავშვების გამო რთულია, ამერიკიდან საქართველოში ჩამოსვლა – ძალიან ძნელია ორი ბავშვის 12 საათი ჰაერში გაჩერება, მაგრამ ახლა ცოტა წამოიზარდნენ და იმედია, უფრო ხშირად მოვახერხებთ ჩამოსვლას. ამჯერად ერთი თვე დავრჩებით და ვგეგმავ, რომ ახალ წელს დავბრუნდე. მუსიკალური თვალსაზრისითაც გარკვეული გეგმები მაქვს და მინდა, აქ განვახორციელო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი