შოუბიზნესი

ნიკოლას ქანთარია: ბავშვობიდან ვამსხვრევ სტერეოტიპებს და ჩემთვის სულერთია, ვინ როგორ გაიგებს ამას – ეს უბრალოდ სიყვარულია

№47

ავტორი: ქეთი მოდებაძე 22:00 01.12, 2021 წელი

ნიკოლას ქანთარია
დაკოპირებულია

ბრენდ „ნიკოლასის“ ახალი კოლექცია სიყვარულს ეძღვნება. „სიყვარული სიყვარულია“ – ამ ფრაზაში ნიკოლას ქანთარიამ ყველანაირი სიყვარული გააერთიანა და ამით ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე რთულ პროცესებს გამოეხმაურა.

ნიკოლას ქანთარია: ახალი კოლექციის შექმნას სამი თვე მოვანდომე. ძალიან შემტკივა გული იმ ყველაფერზე, რაც ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში ხდება და ვფიქრობ, რომ ახლა ყველაზე მეტად სიყვარული გვჭირდება. ამიტომ, ჩემს ახალ კოლექციას დავარქვი „ლავ იზ ლავ“, ანუ სიყვარული სიყვარულია. ამ ფრაზას არატრადიციული ორიენტაციის სიყვარულისკენ მივყავართ, მაგრამ რეალურად ეს კოლექცია მე ყველა ადამიანის ყველანაირ სიყვარულს მივუძღვენი. მოგეხსენებათ, რომ ბრენდ „ნიკოლასისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური მესიჯები. ამჯერად ჩვენ გვინდა ვთქვათ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, როგორი კანის ფერი გაქვს, რა სქესის ხარ და წარმომავლობით – საიდან, მთავარი სიყვარულია.

– როცა საქმე პირდაპირ თუ ირიბად ლგბტ თემას ეხება, ხშირია სკანდალები. როგორ ფიქრობ, რას გამოიწვევს შენი ეს მესიჯი?

– მე პროპაგანდას არაფერს ვუწევ, უბრალოდ, ვამბობ, რომ სიყვარული სიყვარულია და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისი ძალა იგრძნოს. არავის აქვს უფლება, სხვას სიყვარული დაუშალოს. რა მნიშვნელობა აქვს, რომელ ქვეყანაში ვცხოვრობთ, დღეს როგორი ამინდია ან რა ორიენტაციის ვართ, მთავარია, რომ ჩვენ ვართ ადამიანები, ჩვენ შეგვიძლია, ვიგრძნოთ სიყვარული და გავუზიაროთ ეს იმ ადამიანს, ვინც ამას იმსახურებს. გარშემო უამრავი პრობლემაა და მოდი, სიყვარული მაინც შევირგოთ. მე ვიცი, მხოლოდ იმიტომ რომ კოლექციას ასეთი სახელი ჰქვია, შეიძლება, მსგავს სიყვარულს მიაწერონ, მაგრამ ყველა ადამიანს თავისი აღქმა აქვს და მე ჩემს მომხმარებელს ვაძლევ უფლებას, ისე მიიღოს ეს მესიჯი, როგორც თვითონ უნდა. განუვითარებელ და არაინფორმირებულ ადამიანს მე ვერაფერს ვასწავლი, მან რა უნდა გაიგოს ჩემი კოლექციისგან?! მე საქმეში მთელ გულსა და სულს ვდებ და მჯერა, რომ „ნიკოლასისნაირი“ ბრენდი, რომელსაც ყველა ვერ ჩაიცვამს, მაგრამ თავისი მომხმარებელი ჰყავს, აუცილებლად უნდა იყოს საქართველოში. გაჩერებას ნამდვილად არ ვაპირებ. ვიღაცის ნასროლი ტალახი, როცა შემდგარი და ჩამოყალიბებული პიროვნება ხარ, ნაკლებად გაინტერესებს. იქიდან გამომდინარე, რომ სტერეოტიპებს მე ბავშვობიდან ვამსხვრევ და დღემდე ასე გრძელდება, ჩემთვის სულერთია, ვინ როგორ გაიგებს ამას. ეს, უბრალოდ, სიყვარულია...

– უსვრიათ შენთვის ტალახი?

– უსვრიათ კი არა, გადაუვლიათ. ათი წლის წინ, როცა მე ეს საქმიანობა დავიწყე, მოდის სფერო ჯერ კიდევ არ იყო ასეთი განვითარებული, მაგრამ მაშინაც კი მეგონა, რომ ჩამყლაპა კონკურენციამ. ეტაპობრივად გავზარდე ჩემი ბრენდი და ახლა მგონია, რომ ათი წლის შვილი მყავს, რომელსაც მუდმივად ვავითარებ. როცა საკუთარ სახელსა და ხელწერას ტოვებ, ტალახი კი არა, ადამიანებმა რაც უნდათ, ის გესროლონ. გაქვს ძალა და ზურგი, რომ ყველაფერს გაუმკლავდე. მე ყველაფერს დამოუკიდებლად ვაკეთებ, თუმცა ძალიან ბევრი უხამსი შემოთავაზება მიმიღია და დღემდე ასე გრძელდება. მასწავლიდნენ, როგორი უნდა ყოფილიყო ბრენდი „ნიკოლასი“, რის სანაცვლოდ გახდებოდა მსოფლიო მასშტაბის, მე რა უნდა გამეკეთებინა ამისთვის, მაგრამ მე ადამიანობა და სული არასდროს გამიყიდია. არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, ვისი ყიდვაც შეიძლება. პირველივე დღიდან ძალიან ცუდი შემოთავაზებები მქონია, უცდიათ ჩემი ფულით ყიდვა, მაგრამ როცა აღზრდილი, გაზრდილი და ჩამოყალიბებული ხარ, შეგიძლია, დამოუკიდებლადაც მიაღწიო მიზანს და ბრენდი „ნიკოლასი“ დღეს ნამდვილად არის შემდგარი, კარგი, მოხმარებადი, კეთილი და ხალხისთვის საყვარელი ბრენდი.

– რთულია ცდუნებას არ აჰყვე...

– ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანი გაყიდულა. კი, ამაში დიდი ცდუნებაა. როცა შეგიძლია, ყველაფერი მარტივად მიიღო, რატომ უნდა იშრომო?! მაგრამ ფულით, რომელიც მარტივად იმიტომ იშოვე, რომ გიყიდეს, სიამოვნებას ვერასდროს მიიღებ. ერთხელ გიყიდიან, ორჯერ და მესამედ შენთვის ფულიც აზრს დაკარგავს და მიღწევაც – „გაგიტრუხდება“, ამ დროს, უბრალოდ, ლეში ხარ და მეტი არაფერი. ვიცნობ და ძალიან მეცოდებიან ასეთი ადამიანები. ჩემ ირგვლივ ასეთებს არ ვაჩერებ, ვერ ვენდობი. ბევრი ჩავარდნა და კრიზისული პერიოდი მქონია, დავცემულვარ, მაგრამ ავმდგარვარ და თავიდან გამიკეთებია. ძალიანაც რომ გამიჭირდეს, მირჩევნია, ჩემი საქმე მივატოვო, ვიდრე ვინმეს ჩემი გული და სული მივყიდო. ვიშრომებ და ისე გავაკეთებ ყველაფერს.

სიყვარულს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ადგილი უჭირავს. სიყვარულს მშობლების მიმართ, ისინი ჩემთვის ყველაფერია, სიყვარულს ყველაზე მაგარი მეგობრების მიმართ, საყვარელი საქმის მიმართ... რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ეს თითქმის არ მაქვს, რადგან საკუთარი თავისგან მაქსიმუმს ვითხოვ. მინდა, ფიზიკურად თუ პიროვნულად ჩემი თავის საუკეთესო ვარიანტი ვიყო, შესაბამისად, ამას ძალიან დიდ დროს ვუთმობ. უაზრო ურთიერთობებისთვის არ მცალია. ყველაფრის სიყვარულით ვარ დაკავებული, გარდა პარტნიორულისა. იმიტომ, რომ მერე ვხვდები ხოლმე, თურმე, საერთოდ არაფერი ყოფილა ის სიყვარული, რომელიც ადრე სიყვარული მეგონა და თურმე, ადამიანს, რომელიც ერთ დროს გეუბნებოდა, რომ შენ მისთვის საუკეთესო ცხოვრების მეგზური ხარ, შეუძლია, ეს სიტყვები სხვასაც უთხრას. ასევე, შენც შეგიძლია ეს სიტყვები სხვას უთხრა. სიყვარულის არსებობას არ უარვყოფ, ვიცი, რომ ძალიან მაგარი გრძნობაა და მე ის აუცილებლად მეწვევა, თან ზოდიაქოს თანახმად, დროც მაქვს და ძალიან დიდ სიყვარულს ველოდები, თუმცა არასდროს ვეძებ, ყველაფერი თავისით უნდა მოვიდეს. კი, წარსულში სიყვარული იყო, აღარ არის და ბედნიერად იცხოვროს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რთულია, დაკარგო ადამიანი, რომლის იქითაც თითქოს სხვა გზა არ გაქვს. მე არასდროს დამიშვია შეცდომა ურთიერთობაში და თუ ვინმე ჩემი ცხოვრებიდან არის წასული, აუცილებლად უნდა წასულიყო, ესე იგი ძალიან მაგრად ჩაისვარა. არ მჯერა სიყვარულის დასრულების მერე მეგობრობის, არ მინდა ვხედავდე, ჩემი ერთი პერიოდის სიყვარული როგორ არის სხვასთან. ეს შეიძლება, მეგობრობის გარეშეც გაიგო, მაგრამ ეს შენთვის უკვე აღარაფერს ნიშნავს, იმიტომ, რომ უკვე სხვა ლეველზე ხარ გადასული და ცოტა გეცოდება კიდეც, სიბრალულიც გიჩნდება მის მიმართ. ხომ შეიძლება, შენც შეგიყვარდეს სხვა და იგივე სიტყვები გაუმეორო, მაგრამ მე ასეთი ტიპი არ ვარ. რა კონტექსტითაც ერთ ადამიანს ვუხსნი სიყვარულს, მეორესთან ანალოგიურ დამოკიდებულებაში არასდროს ვიქნები. ყველა ურთიერთობაში სხვადასხვანაირი ვარ. მე თვითონ ვქმნი ძლიერ სიყვარულს და მერე მევე ვასრულებ. თუ ძლიერი ხარ, ამას შეძლებ თუ არა და შეგიძლია, ყოველთვე სხვადასხვა გყავდეს, როგორც ჩემს ყოფილებს ჰყავთ და დღემდე უბედურები არიან (იცინის). არ ვარ ის ტიპი, რომელსაც შეიძლება, ვინმესთან ერთჯერადი ურთიერთობა მქონდეს, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მსურველი არის. ადამიანი იმიტომ არსებობს, რომ საკუთარი თავი და სხეული დააფასოს. ვიღაცისთვის ერთჯერადი ადამიანი არ უნდა იყო და არც ის უნდა იყოს შენი ერთჯერადი ადამიანი.

– ალბათ, რთულია შესაბამისი პარტნიორის პოვნა, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ესთეტი ხარ?

– ყველა ადამიანი, ვინც ჩემს ცხოვრებაში იყო, თითქოს არასრულფასოვნების კომპლექსით იყო შეპყრობილი. რადგან ნიკოლასს ასეთი ვიზუალი აქვს, თავს უვლის, კარგად აცვია და შემდგარია, ყველაფერს მიაღწია, რისი მიღწევაც საქართველოში შეიძლება, ჰგონიათ, რომ მე მათ ვაკნინებ. მე ჩემი საქციელით არავის დავჩაგრავ და მით უმეტეს, პირად ურთიერთობაში ჩემთან მყოფ ადამიანს არ დავაკნინებ, მაგრამ თვითონ გამოაქვთ ხოლმე ასეთი დასკვნა და ეს ძალიან ცუდი მომენტია. ვიღაცებს ძალიან ძაბავს ჩემ გვერდით ყოფნა. მათი აზრით, არ არიან იმ დონის, რა დონეც მე მაქვს. მაგრამ ჩემს სახლში, ბაღში და ჩემს სამყაროში თუ გამიცნობს ადამიანი, დაინახავს, რომ ძალიან განსხვავებული ვარ იმ ნიკოლასისგან, რომელსაც თქვენ შეიძლება სოციალურ ქსელებში იცნობდეთ. თითქოს განდიდების მანიით შეპყრობილ, ძალიან მოვლილ, მუდმივად განახლების პროცესში მყოფი ნიკოლასის გარდა, არსებობს მეორე ადამიანი – ნიკო ქანთარია, რომელიც ზედმეტად და ბევრად მარტივად ცხოვრობს. არ ვარ ისეთი პომპეზური, როგორიც ვჩანვარ, ეს ყველაფერი – მხოლოდ იმისთვის, რომ ბრენდი „გაიყიდოს“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი