შოუბიზნესი

ნატო დუმბაძე: უნდა არსებობდეს კონტროლი, რადგან ადამიანის ფსიქიკაზე ასეთი ზეწოლა ცუდად მოქმედებს

№36

ავტორი: ნონა დათეშიძე 16:00 13.09, 2021 წელი

ნატო დუმბაძე
დაკოპირებულია

ბოლო დროს კოვიდპანდემიასთან და აცრებთან დაკავშირებით ხალხში არაერთგვაროვანი აზრი მუსირებს. სოციალურ ქსელში არაერთი სტატუსი გვხვდება, სადაც კომენტარებში ხშირად ესხმიან თავს ერთმანეთს და შეურაცხყოფას აყენებენ. ფაქტია, პანდემიამ მოსახლეობის უმეტეს ნაწილში ფსიქიკური პრობლემები, შიშები და პანიკა გამოიწვია. პროდიუსერი ნატო დუმბაძე საკმაოდ სოციალური ადამიანია და მის სტატუსებს ხშირად შეხვდებით მისსავე „ფეისბუკგვერდზე“. თუმცა, როგორც თავად ამბობს, აზრის გამოხატვის გამო „თავდასხმის მსხვერპლი“ არასოდეს გამხდარა. ის რეგულაციებსაც ზედმიწევნით იცავს და საკუთარ თავსაც – შექმნილი სტრესული სიტუაციიდან.

ნატო დუმბაძე: თებერვალი რომ დგება, უკვე ბედნიერი ვარ, ვიცი, სულ მალე ჩემი საყვარელი სეზონი – ზაფხული მოვა. მიყვარს ცხელი დღეები. კვარიათში სასტუმრო მქონდა დაჯავშნილი, ყოველ წელს იქ ვისვენებ, გულით მინდოდა წასვლა, თუმცა, ჯავშანი გავაუქმე. შექმნილი ეპიდსიტუაციის ფონზე, მერჩივნა, ეს სეზონი, დასვენების გარეშე, სახლში უსაფრთხოდ გადამეგორებინა. ზოგადად, მეც და ჩემი ოჯახიც პირველივე დღიდან ვიცავთ ყველანაირ რეკომენდაციას, პირბადე იქნება, ხელის დამუშავება თუ დისტანცია. ისეთი მდგომარეობა და უიმედობაა, დაინფიცირების სურვილი ნამდვილად არ გვაქვს, ამიტომ, ყველა მობილიზებული ვართ. წელს, ძირითადად, საქართველო დავათვალიერე „ტიკ-ტოკით“ (იცინის). იმდენი ბევრი კარგი და ლამაზი ადგილი ვნახე და აღმოვაჩინე, ვხუმრობ: ვირტუალურად დავისვენე-მეთქი (იცინის). სოციალური ქსელით ტურისტების გადაღებული უამრავი ლამაზი ადგილი რომ ვნახე, თითქოს ხელახლა აღმოვაჩინე ჩემი ქვეყანა და დავგეგმე – როგორც კი პანდემიის პერიოდი დასრულდება, ფეხით მოვივლი ყველა ადგილს. არ შეიძლება, ეს სილამაზე არ ვნახო, უფლება არ მაქვს.

– სოციალური და კომუნიკაბელური ადამიანი ხარ. არადა, გამოდის, ძირითადად, სახლში ჩაიკეტე?

– გარეთ, ჰაერზე გავდივარ, სულ სახლში არ ვარ. ღია სივრცეში დისტანციის დაცვით ვხვდები მეგობრებს. ასე რომ, ჩაკეტილები და შეშინებულები არ ვართ. როცა იცავ რეკომენდაციებს, დაცულიც ხარ და „შეიარაღებულიც“. „შეიარაღებაში“ ვგულისხმობ პირბადეს და ანტისეპტიკურ ხსნარს, რითაც ყოველდღიურად მიწევს გადაადგილება. რასაც ვუყურებ, ხალხის უმრავლესობა, პანდემიისა და შექმნილი სიტუაციის ფონზე, სტრესშია. ნახევარ მილიონზე მეტი დაინფიცირდა და ეს ნამდვილად ცუდი შედეგია. ყველა ოჯახიდან ავადმყოფობაზე საუბრის ხმა გამოდის. ვცდილობ, არ ავყვე ამ შიშს და ვფიქრობ, უნდა არსებობდეს კონტროლი, რადგან ადამიანის ფსიქიკაზე ასეთი ზეწოლა ცუდად მოქმედებს. სულ მესმის, პრივილეგიები აცრილებისთვის უნდა დავაწესოთო და დღეს ყველაზე მაგარი პრივილეგია ხალხისთვის ბანკის პროცენტის დაწევა იქნება, სულ მცირე, ერთი წლით მაინც. მათ ჯანმრთელობაზე ფიქრს, ჯიბეზე ფიქრს თუ მიაყოლებს მავანი, აი, მაშინ იქნება შედეგი და არა 10%-იანი ფასდაკლებები რესტორნებში. კარგია, თუ აიცრება ხალხი, კარგია თუ ლეტალობა ნულ ნიშნულამდე დავა. წარმატებით ჩაიარა იმუნიზაციამ, მაგრამ წამოვიდა ახალი შტამი, მერე წავა ბრძოლა ისევ აიცერით, რომ არ მოკვდეთ და არ გადავდოთ ერთმანეთს... ავიცერით დავიბუსტეთ, მოვიდა ახალი შტამი, ისევ გადავიბუსტეთ და ჩნდება კითხვა: როდემდე? მე, ალერგიულმა, როდემდე უნდა ვიკეთო აცრები, რომელზეც გრიპის აცრაც კი არ არის რეკომენდებული? ევროპაში, მაგალითად, ალერგიული ხალხი, რომელსაც უტარდება კვლევა გათავისუფლებულია აცრის ვალდებულებისგან. აქ კი ეს კვლევა არ არსებობს. ჰოდა, გადავალ და იქ ვიცხოვრებ პირადად მე, სხვა გზას ვერ ვხედავ.

– თუმცა, ბევრი ალერგიული ადამიანი აიცრა და გართულება არ მოჰყოლია.

– გავიგე, რომ აიცრა ალერგიული ხალხი, გავიგე რომ წარმატებით ჩაიარა და ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ მთელი გულით. მაგრამ მე მეშინია, ხომ მაქვს უფლება? ჰოდა, მეშინია! არანაირი ანტივაქსერი არ ვარ და მხოლოდ ჩემს პრობლემაზე ვამახვილებ ყურადღებას. არავის გეწყონოთ, ვინც პერმანენტულად სიკვდილს ან ნეგატივს აზიარებთ, პირადად მე ვეღარ ვუძლებ ამას, ეს მე ფსიქოლოგიურ ტერორს მიწყობს. არ მინდა, ეწყინოს ვინმეს, მაგრამ მომიტევეთ, აქამდე გაგებით ვეკიდებოდი, ახლა კი, უკვე ვერანაირ გაგებაში ვეღარ ვსვამ, როცა ჩემი ფსიქიკა ზიანდება და რატომ დავიზიანო? ძალიან არ მსიამოვნებს დილიდან ისტერიკის კითხვა, ამას სააგენტოები და ტელევიზია ისედაც აშუქებს, ვხედავ, თუმცა მერე არასოდეს აღარ ჩერდება, ვინაიდან შიარდება მეგობრების კედლებზეც და ეს, სიგიჟეა უკვე. დავაკვირდი, აიცრება თუ არა ვინმე მეორე დღესვე, ფოტოთი ვხვდები. მერე მიდის დევიზები და მოწოდებები: „აიცერით, ბნელებოოოო....“ ასე რომ მოუწოდებენ, რამე ტრენდია? რას იკმაყოფილებენ ამით? თქვე ნათელ მირონმდინარეებო, გეყოფათ ხალხის შემკობა-შეურაცხყოფა, მით უფრო, თუ „სიბნელეა“, თქვენ ამ ეპითეტებით ვერ „გაანათებთ“. ისევე, თქვენზე მეტყველებს ის, თუ როგორ განერვიულებთ ის ხალხი, ვისაც ბნელს ეძახით და არა მარტო ბნელს. ვფიქრობ, თავისუფალი არჩევანი უნდა ჰქონდეს ყველას და როცა ტვინი მზად იქნება და შიში დაძლეული, თავად გადაწყვეტს, გაიკეთოს თუ არა აცრა. არავის აქვს უფლება, ვინმეს რამე მიუთითოს. ყველა ადამიანი ინდივიდია და თავად უნდა გადაწყვიტოს.

– სოციალურ სივრცეში, საკმაოდ მძიმე ფონია. როგორ გადაგაქვს ეს სიტუაცია და სტრესს როგორ უმკლავდები?

– საკმაოდ მძიმე ფონია და ვცდილობ, ჩემ გარშემო ისეთი აურა შევქმნა, ჩემს ფსიქიკაზე ნაკლებად იმოქმედოს უარყოფითად, თუნდაც, იმ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა სტატუსებმა, სტატიებმა თუ კომენტარებმა. არ შეიძლება, ყველაფრის წერა. გასაგებია, რომ ძალიან ცუდი მდგომარეობაა, მაგრამ ამაზე ზედმეტად აპელირება და ადამიანების ტვინებზე მანიპულირება დანაშაულია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი